რას ფიქრობს გია კორკოტაშვილი დღევანდელ საქართველოზე - გზაპრესი

რას ფიქრობს გია კორკოტაშვილი დღევანდელ საქართველოზე

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ქართული მისიის" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ერეოდა. მას თანამედროვე საქართველოში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ყველას გაგვიგონია ცნობილი გამონათქვამი - თევზი თავიდან ყარსო: რაც ზემოთ ხდება, იგივე მეორდება საზოგადოების ქვედა ფენებში. ჩვენს ხელისუფლებას თავი სათანადოდ ვერ უჭირავს, ყველა დემოკრატიაზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, ვინ ვისი ან რისი მსახურია, კაცმა არ იცის. ფაქტი ჯიუტია: ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მოსახლეობა მშიერია, უმრავლესობამ "ქართული ოცნებისადმი" რწმენა დაკარგა, მაგრამ ვერც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს, მარტივი მიზეზის გამო - ეს იყო სიძულვილზე, ადამიანების ჩაგვრასა და წართმევაზე დამყარებული ძალა. ცხადია, ხალხმა ამ სიძულვილს ვერ გაუძლო და ეს ძალა შინ გაისტუმრა. ამაში საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილიც დაეხმარა და მისდამი ნდობაც ამით იყო განპირობებული.

- მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ნდობაც გაუქრა...

- ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხს რასაც დაჰპირდა, თითქმის არაფერი შეუსრულა... ხალხს მათი ტყუილებისა უკვე აღარ სჯერა. არადა, ისე უტეხად ატყუებენ, რომ საოცარია პირდაპირ! ეტყობა დაავიწყდათ იგავი პატარა ბიჭზე, რომელმაც იმდენჯერ იცრუა - მგელი მოდის, მგელი მოდისო, - მგელი მართლა რომ მოვიდა, აღარავინ მიეშველა. იმდენი უძახეს ამ ხალხს, იმდენი ტყუილი თქვეს, რომ ყველაფრის იმედი დაუკარგეს. ყველას გვახსოვს, ფერდაკარგული ბიძინა რომ გამოვიდა და დაგვპირდა, ყველაფერი კარგად იქნება, სულ მალე ისეთ დემოკრატიას ავაშენებთ, ევროპასაც გავაკვირვებთო... ხომ გავაკვირვეთ?! "ოცნებამ" მოსამართლეებიც ჯიბეში ჩაისვა და პროკურორებიც. შეცდომები კი დაუშვეს, მაგრამ ახლა გამოსწორდნენო... ასე თუ ვიმსჯელებთ, "ნაციონალებიც" ამტკიცებენ, რომ გამოსწორდნენ. უცნაურია, ჩვენი ხელისუფლება ცრუობს, მაგრამ ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებს. ალბათ იმით, რომ უამრავი ადამიანი ფულით ჰყავს მოსყიდული, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს. უამრავი ფული ჰქონდათ მუამარ კადაფის და სხვებსაც, მაგრამ ცხოვრება სავალალოდ დაასრულეს.

- როგორ ფიქრობთ, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ამდენი მილიონერი თანამდებობის პირი რატომ გვყავს?

- მე არავის მილიონები არ მშურს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, საქართველოს ბიუჯეტით მარტო 5-10 კაცი არ გამძღარიყო? ხომ შეიძლებოდა, საარსებო წყარო საზოგადოებასაც ჰქონოდა და ხალხს ერთმანეთი არ დაეჭამა? არავის ინდულგენცია არ უნდა ჰქონდეს, კეისარს კეისრისა უნდა მივაგოთ და მონას - მონისა: ორივეს - "ოცნებასაც" და "ნაციონალებს" იმის გამო უნდა მოვთხოვოთ პასუხი, რაც დაშავებული აქვთ და ქვეყანაში სამართალი აღვადგინოთ.

- თუ გჯერათ, რომ "ნაციონალები" გამოსწორდნენ?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა პრეტენზია "ნაციონალურ მოძრაობასთან" აღარ უნდა გვქონდეს, რადგან თავის დროზე ჩვენი ბედი და არჩევანი "ოცნებას" მივანდეთ. ორი რამ მოვითხოვეთ: სამუშაო ადგილები შექმნილიყო და ადამიანს ოჯახის რჩენის საშუალება ჰქონოდა. ისინიც გვპირდებოდნენ, რომ აშენდებოდა ასი ქარხანა, რომ იქნებოდა თითქმის უპროცენტო სესხები, რომ სოფლის მეურნეობა აყვავდებოდა... ეს დაპირებები სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ქართველმა კაცმაც დაიჯერა, რომ მოვიდა "თეთრი გიორგი", რომელიც მართლა ქართულ საქმეს ემსახურება. მით უმეტეს, ეს იყო კაცი, რომელსაც "ფორბსის" მილიარდერებს შორის ბოლო ადგილი ნამდვილად არ ეკავა. სამწუხაროდ, დაპირებები დაპირებად დარჩა, მოსახლეობასა და მმართველ ძალას შორის პირველი ბზარი სწორედ ამის გამო გაჩნდა.

- ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არ გამომზეურებულაო, - ამტკიცებენ...

- აბა, რა გითხრათ?.. ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი კარგია, მაგრამ ადამიანი შვილებს პალმის ფოთლებს ხომ არ აჭმევს?! ხალხი გაღარიბდა, სამაგიეროდ, "ოცნების" წევრებმა დიდი ფული იშოვეს. რა განსხვავებაა ახლა "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის? ისინი უფრო დესპოტები იყვნენ და ადამიანებს აწამებდნენ, ესენი კი ტკბილი სიტყვით, ლამაზად ღუპავენ ქვეყანას! თუ ასე ვიმსჯელებთ, სააკაშვილსაც შეუძლია თავისი გაკეთებული საქმეები გაიხსენოს: თუნდაც, პოლიციის რეფორმა, კრიმინალის აღმოფხვრა, რეესტრის მუშაობის სრულყოფა - ამის გამო მიშა ხშირად ამბობს, საქართველოში პროგრესი შემომქონდაო, მაგრამ ესენი რას მიიჩნევენ პროგრესად, ნამდვილად არ ვიცი. მე იმ ადამიანების რიგს ვეკუთვნი, ვისაც "ნაციონალებთან" ომში თავი გაწირული ჰქონდა, არსად ვმუშაობდი, 4 შვილის მამას ხელფასიც არ მქონდა, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ვთქვა: ხომ ფაქტია, რომ ვერც საგარეო და ვერც საშინაო ასპარეზზე საქართველომ წინ ვერ წაიწია და ერთ წერტილზეა გაყინული?! ეს რისი ბრალია, იცით?.. ივანიშვილი ნამდვილ პატრიოტებზე არ არის დაყრდნობილი. თავისი სიჯიუტით თუ ვინმე მოეწონება, მხოლოდ მას ენდობა და ვინც მოეწონა, ყველამ უმტყუნა, - ეს თავადაც აქვს ნათქვამი. გამოდის, რომ პოლიტიკოსთა შეცდომების გამო, ჩვენ ვიტანჯებით.

GzaPress- ნებისმიერი კრიზისიდან ყველაზე კარგი გამოსავალი არჩევნებია. თქვენი აზრით, ხომ არ აჯობებდა, დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები?

- როცა ჩემპიონი ხარ და ერთხელ დამარცხებული მოწინააღმდეგე მეორედ პაექრობაში გიწვევს, არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ მგონი, "ოცნებას" უკვე გამარჯვების იმედიც არა აქვს. მას დრო სჭირდება, რომ ხალხი თავისკენ მოაბრუნოს და კეთილად განაწყოს. სამწუხაროდ, უკვე იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ხალხის განწყობა არც მიკვირს. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი: რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა თავისთავად ნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნები მართლა გააყალბეს და ამიტომ იკავებენ თავს. ისე, არც არის გამორიცხული, რომ ასეა: მე ძალიან ცოტა ხალხს ვიცნობ, რომელიც "ოცნების" ან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. სიმართლე ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ დადის. ამიტომ, სახელმწიფოს მართავენ ადამიანები, რომლებსაც ელექტორატის 25-27%-ის მხარდაჭერა აქვთ. ამათ სულ სათავეში უნდათ ყოფნა, რაც ქართველი ხალხის ბრალიცაა: უმეტესობა ფიქრობს, ყველაფერი უჩემოდაც გამოვაო. უთქვენოდ არაფერი გამოვა, ძვირფასო მეგობრებო, საქვეყნო საქმეში თითოეული ადამიანი თუ არ ჩაერთო და თავისი გული არ ჩადო, ჩვენს შვილებს გაპარტახებულ, გაუბედურებულ, გაუპატიურებულ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება!

- დღეს ბევრი ამბობს: უცხოელები ჩვენს საქმეში ასე აქტიურად არ უნდა ჩაერიონო...

- საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ გამორიცხულია, რუსეთი ჩვენს შინაურ საქმეში არ ჩაერიოს. რა, ამერიკა ნაკლებად ერევა?.. ხელისუფლებას ჭკუა-გონება უნდა ეყოს და საქართველო რუსეთ-ამერიკის საომარ პოლიგონად არ აქციოს. სწორედ აქ არის საჭირო დიდი ცოდნა და დიპლომატია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სათავეში ძალიან სუსტი დიპლომატები და კიდევ უფრო სუსტი პატრიოტები არიან. რაც შეეხება ხალხს, რომელიც ამტკიცებს, რუსული არაფერი გვჭირდებაო, - რუსულ ხორბალს, რუსულ გაზს ან საწვავს ხომ კარგად იყენებთ? მარტო სიტყვით გინდათ ამ გიგანტთან ბრძოლა! რუსებს ომს რომ ვერ მოვუგებთ, ამაზე ლაპარაკი არც არის საჭირო, ამიტომ სხვა გზები უნდა გამოვძებნოთ. ამ ძალასთან მხოლოდ მოლაპარაკების გზა თუ გაჭრის... მე ერთი რამ მაინტერესებს: ომი რომ დაიწყოს, ვინც ახლა ხმამაღლა გაჰყვირის, საომრად თუ წავა? მავთულხლართებთან შარვლის ჩახდით თუ დადებენ კარგ შედეგს, კი ბატონო, მე წინააღმდეგი არა ვარ, ვეტყვი, - ძმებო, თქვენ ყოფილხართ ყველაზე მაგრები-მეთქი, მაგრამ რაღაც არ მგონია, გაბრაზებით, შეღრენით ან რუსებისთვის უკანალის მიშვერით საქართველომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ისევ ლავირებით, ჭკვიანური და მოფიქრებული სტრატეგიით თუ მივაღწევთ რამეს.

- რადგან სიტყვა რუსებთან ურთიერთობაზე ჩამოვარდა, როგორ შეაფასებთ რეაქციას, რომელიც ცნობილი ჟურნალისტის - პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოჰყვა?

- როგორც ჟურნალისტი, პოზნერი ძალიან მომწონს, მაგრამ როგორც პიროვნება, ქართველებისთვის მიუღებელია: მისი სიტყვები - აფხაზეთი საქართველო არ არისო, თითოეული ჩვენგანისთვის უსიამოვნო იყო, თუმცა, ამ ამბავს პოლიტიკური სარჩულიც რომ ედო, ფაქტია. მეორე მხრივ, პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელი იყო. საინტერესოა, რატომ გაახმაურეს მისი სტუმრობა და ვინ იყო ამ უჭკუობის სულისჩამდგმელი? არ იცოდნენ, რომ პოზნერი ჩამოდიოდა? არ იცოდნენ, რომ ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამი?.. ესეც იცოდნენ, მაგრამ მაინც შემოუშვეს. თქვე დალოცვილებო, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ამ გაღიზიანებულ ხალხს ცხვირ-პირში არ მიახალოთ. წავიდეს, რაც უნდა, ის აკეთოს, იქეიფოს, მაგრამ ამის აფიშირება საჭირო არ არის.

- ახალგაზრდები ყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, რომ რუსი სტუმრები კომენდანტის საათის დროს ქეიფობდნენ...

- ჩემი მოსაზრება ასეთია: კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს... თან, საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენი პურმარილი თუ მოგწონს, ჩამოდი და მიირთვი, მაგრამ არც ის ვარგა, გარეთ საქართველოზე ჭორაობდე და აქ მარტო ხაჭაპური, ელარჯი და მწვადი გაინტერესებდეს. მეორე მხრივ, ეს ამბავი სერიოზული პროვოკაცია აღმოჩნდა: "გოსდუმა" მეორე დღესვე გამოვიდა და თქვა: ამ ფაქტმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოში ყოფნა ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ უნდა ავკრძალოთ ჩვენი ტურისტების იქ ჩასვლაო. ამ ვაი-პატრიოტებმა, მავთულხლართებთან ჩახდილები რომ დგანან და რუსებისთვის უკანალის ჩვენება პერფორმანსი ჰგონიათ, ეს ხომ უნდა გაითვალისწინონ?! სამწუხაროდ, საბოლოო შედეგებზე არავინ ფიქრობს და ამ სავალალო სიტუაციაში ბევრმა ქართველმა სინდისი ფულზე გაყიდა.

ხათუნა ჩიგოგიძე