თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრება, რომელიც ხელოვნებისთვის ბრძოლას ჰგავს... - გზაპრესი

თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრება, რომელიც ხელოვნებისთვის ბრძოლას ჰგავს...

თვითნასწავლი მხატვარი შოთიკო სახოკია ალბათ ერთადერთი არ არის, ვისაც თავისი პროფესია ტვირთად ექცა. შეგუებულია აზრს, რომ მხატვრებს ყოველთვის უჭირდათ ამ ქვეყანაში, მით უფრო, იმ ყოველდღიურობაში, რაც ახლა ჩვენ გარშემო ხდება. ზოგი ამის გამო ალმაცერადაც კი უყურებს და მის გატაცებას არასერიოზულად აღიქვამს. ეს თვითნასწავლ ხელოვანს მეტ მოტივაციას აძლევს, ძალები სხვა მიმართულებითაც მოსინჯოს...

- მთელი ცხოვრება ვხატავ. რაც თავი მახსოვს, ხელში ხან ფანქარი მეჭირა, ხან ფუნჯი, ხან ესკიზებს ვაკეთებდი, თაბაშირზე მუშაობითაც დავინტერესდი... თუმცა, რადგან მძიმე პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ, ჩემი ნიჭის განვითარების შესაძლებლობა არ მქონდა და ჩემთვის ვერთობოდი. ერთხელ, სკოლის პერიოდში, ხატვის გაკვეთილი გაგვიცდა. კლასში 44 ბავშვი ვიყავით და რომ არ გვეხმაურა, როგორც ხდება ხოლმე, სხვა საგნის, გეოგრაფიის 82 წლის მასწავლებელი შემოვიდა. როდესაც ნახა, როგორ ვხატავდი, მკითხა, სადმე დადიხარო?.. არა-მეთქი. ჩემი მშობლები დაიბარა, - ამ ბავშვს ნამდვილად აქვს ხატვის ნიჭი და მიხედეთო... მძიმე წლები იყო, ამისთვის ვის ეცალა?! ერთადერთი, რაც ოჯახთან ერთად შევძელი, სენაკის 4-წლიან სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. იქ უფრო გრაფიკას მასწავლიდნენ, მაგრამ არასდროს გამომიყენებია. რაც ვისწავლე, ძირითადად მაინც - ჩემით, პრაქტიკული გამოცდილებით... ყოველთვის ვიცოდი, რომ რეგიონში ხატვით, თანაც თვითნასწავლს, რაღაც დიდი მიღწევები არ მექნებოდა, მაგრამ ამ საქმისთვის თავი არასდროს დამინებებია.

GzaPress

- რატომ ფიქრობდით, რომ მიღწევები არ გექნებოდათ?

- იმიტომ, რომ ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის უამრავ ენერგიას და ზოგჯერ ცხოვრების ხალისს ართმევს ადამიანს... პაუზები მქონია. როდესაც შვილს, ოჯახს დასჭირდა, ქვეყნიდანაც წავსულვარ, - თურქეთში ფიზიკურად ვმუშაობდი, რადგან სხვა გზა არ იყო და იქ ხატვისთვის ვიღას ეცალა, მაგრამ ჩემი საქმე ყოველთვის მენატრებოდა. მთელი დღის მუშაობისგან დაღლილ-დაქანცულს, ღამე მესიზმრებოდა, როგორ ვიდექი მოლბერტთან და ვხატავდი... ეს ბევრს არ ესმოდა, არც ახლა ესმით. როდესაც ვგრძნობ, ჩემი "ახირების" გამო ალმაცერად მიყურებენ, ვცდილობ, ხასიათი არ გავიფუჭო. ჩემი მოკრძალებული ნახატების მიმართ დამოკიდებულება არ უნდა მწყინდეს. ბუმბერაზი მხატვრების, თუნდაც ნიკალას ნიჭის არ სჯეროდა ხალხს დიდხანს. ასე იყო სულ და ასე იქნება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ თავი იმ საქმეს მივუძღვნათ, რაც გვიყვარს.

- და მაინც, როგორც თქვით, ხატვისთვის თავი არასდროს დაგინებებიათ.

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე უამრავ სირთულეს ვაწყდები, პატარ-პატარა შეკვეთები მაინც მაქვს. ერთხელ გამოფენაც გავმართე და ოცნება ავიხდინე... ჩემს რაიონში ყველამ იცის, რომ თავად ვცდილობ რაღაცას და ამ საქმესაც ვერ ვეშვები. 2018 წელს, იმ სკოლის დირექტორმა, სადაც ჩემი შვილი სწავლობს, შემომთავაზა გამოფენის მოწყობა. ვუთხარი, მარტო ამის ორგანიზება ძნელია-მეთქი... დახმარება შემომთავაზა და სენაკის გალერეაში, სამდღიანი გამოფენა გავაკეთეთ. თითქმის ყველა ნახატს მოვუყარეთ თავი, რომელიც ოდესმე ვინმესთვის მიჩუქებია ან მიმიყიდია. ისეთი განცდა იყო, თითქოს შვილები მესტუმრნენ. ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეები გახლდათ.

მაშინ მეგონა, ასე გავაგრძელებდი და კიდევ მოვაწყობდი გამოფენებს, მაგრამ ჩვენს რეალობაში, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ცხოვრობ, საქმე ყოველთვის არის და ხელოვნებას ბევრ დროს ვერ უთმობ... ამას ემატება ისიც, რომ გამოფენის მოწყობას ფინანსები სჭირდება. რამდენიმე წლის წინ თაბაშირზეც ვცადე მუშაობა. ფანქრით ვაკეთებ ესკიზებს და შემდეგ ვამუშავებ, ანუ ბარელიეფი გამომყავს. ესეც ჩემით ვისწავლე. ვცადე და გამომივიდა... თუ ხეზე მუშაობის დროს სიღრმეში ჩადიხარ და ისე გამოგყავს ფორმები, ამ შემთხვევაში პირიქით არის - სიბრტყიდან ზემოთ ამოგყავს სხვადასხვა გამოსახულება. საინტერესო საქმეა, ოღონდ შრომატევადი და ხარჯიანი.

GzaPress

- შეკვეთები გაქვთ?

- ხან მაქვს, ხან - არა. ზოგი თაბაშირის ბარელიეფს მიკვეთს, ზოგიც - ნახატს, სხვადასხვა შინაარსით... სენაკი პატარა ქალაქია, აქ ჩემი ნამუშევრების შესახებ ახლობლები უზიარებენ ერთმანეთს აზრს და ასე იგებენ ჩემი არსებობის შესახებ. ძირითადად, ის ადამიანები მიკვეთენ, ვისაც თავიდანვე სჯეროდათ ჩემი და ნახატებიც მოსწონდათ. მიუხედავად იმისა, აკადემია და შესაბამისი სასწავლებელი არ მაქვს დამთავრებული, რაღაცის შექმნა შემიძლია. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ყოველდღიურად მიწევს ამის დამტკიცება, ეს არის ჩემი საქმე და როცა შეყვარებული ხარ მასზე, ეს სტიმულს გაძლევს, ხანდახან დამოუკიდებლად ისწავლო უფრო მეტი... თუმცა, როდესაც შეუკვეთავთ სურათი ან ბარელიეფი, ყოველთვის კმაყოფილი დარჩენილან. ეს ძალიან მეხმარება - კარგი ხელი ჰქონიაო, იტყვიან და ერთს მეორე მოჰყავს. მხატვარს ყოველთვის, ყველა ქვეყანაში უჭირს თავის გატანა და საქართველოში - მით უმეტეს. ზეთის საღებავში ვხატავ, ეს კი ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ რაღაც ფასი რომ დავადო, ვიცი, ვერ გადაიხდიან და გაჩუქება მომიწევს. ვინმეს რომ მოეწონება და ფასის გამო ვერ ყიდულობს, ძალიან განვიცდი: ჩემი ნახატით დაინტერესდა, უნდა მიხაროდეს და ხელცარიელი როგორ გავუშვა, ბოლოს და ბოლოს, კიდევ დავხატავ-მეთქი, - ვფიქრობ და ვჩუქნი, ვერ ვაწყენინებ... ამიტომ ჩემი სურათების უმეტესობა გაჩუქებული მაქვს. ყველა ნამუშევარი მიყვარს და გასაჩუქებლად კი არა, გასაყიდად მენანება, მაგრამ ჭკუა ჯერჯერობით ვერ ვისწავლე.

- ესე იგი, ბევრი ხარჯიც გიწევთ ხოლმე...

- დიახ, ზოგჯერ მიწევს სხვა, პირადი ხარჯები გვერდზე გადავდო და ამისთვის ფული არ დავიშურო... ზოგისთვის ესეც ცოტა გაუგებარია - როდესაც გარშემო ამდენი პრობლემაა, ხატვისთვის როგორ უნდა იცლიდეო?! ძნელია ყველას აუხსნა, რომ შიგნიდან რაღაც გაწვება და მოსვენებას არ გაძლევს, ვიდრე მოლბერტთან არ დადგები ან უბრალოდ ხელში ფუნჯს არ აიღებ. სახლის საქმეებით დაქანცულს, დაძინების ნაცვლად, ღამე მუშაობაში გამითენებია, ეს არის ჩემი დასვენება. სასურველი ფერების გონებაში პოვნა და შემდეგ მისი ტილოზე გადმოტანა, წარმოსახვითი სამყაროს "გაცოცხლება" არის ბედნიერება, რომელსაც ამქვეყნად ბევრი რამ ვერ შეედრება.

- ჟანრებიდან განსაკუთრებულად რომლები გიზიდავთ?

- პორტრეტი სულ რამდენჯერმე დამიხატავს. ვიდრე მომავალ მეუღლეს შევირთავდი, მანამდე დავხატე ერთხელ და შემდეგაც, უკვე როდესაც ცოლ-ქმარი ვიყავით. არც მყავს ისეთი მოდელები, რომ ტილოზე გადავიტანო და ჩემი ფანტაზიით, წარმოსახვით, ისევ პეიზაჟის დახატვა მირჩევნია. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც იმას ვხატავ, რასაც მუზა მკარნახობს... შეკვეთით დამიხატავს პორტრეტებიც, თუმცა, ჩემი მეუღლის გარდა, ყველა ფოტოდან გადახატულია.

- როგორც ვიცი, მეუღლე ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს, არა?

- მეუღლე ამჟამად ემიგრაციაშია, რაც ძალიან მაწუხებს. ჩემი ნახატებიდან მიღებული შემოსავალი ოჯახისთვის არასტაბილურია. ალბათ ოდესმე შევძლებ და შევცვლი, გავაფერადებ იმ რეალობას, რომელიც მისი უცხოეთში წასვლით ნაცრისფერი გახდა... ბევრჯერ მიფიქრია, - მეც სხვებივით რომ შემეძლოს, ამისთვის დრო არ დავკარგო, სხვა თემაზე შემეძლოს გონების გადართვა, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი. ვცადე და ვერ შევძელი... არც მაქვს იმის ამბიცია, რომ მსოფლიო დონის შედევრებს ვქმნი, უბრალოდ, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს და სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია.

ლალი პაპასკირი