უსახური თოჯინებით ასახული დღევანდელი საზოგადოების სახე - გზაპრესი

უსახური თოჯინებით ასახული დღევანდელი საზოგადოების სახე

შენობაში შესასვლელ კარს შეაღებ თუ არა, თოჯინები გეგებებიან, მერე კიბე-კიბე თეთრ ღრუბლებზე იწყებ სიარულს და ამ ფარფატით მინიატიურულ სამყაროში ხვდები. მარცხნივ ჭრელი ქალაქია, მარჯვნივ დერეფნის ბოლოს კი ის სივრცე, სადაც პატარებს და არა მარტო მათ, მასპინძლები თეატრის მრავალფეროვან სამყაროში მოგზაურობას ჰპირდებიან. სანამ წითელი სავარძლებით აღჭურვილ დარბაზს მაყურებელი დაიკავებს, მოსაცდელად შეგიძლია ლამპიონებით განათებულ ოთახში ჩამოჯდე, კედლებზე გამოფენილი ნახატები, ქანდაკებები და ის ნივთები დაათვალიერო, რომლებიც ახალი თაობისთვის ვინტაჟია, ხოლო ზრდასრულებს ბავშვობაში აბრუნებს...

თბილისის თოჯინების თეატრი, სადაც თაობები გაიზარდა, დავით აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროცესში შენობის გარეშე დარჩა. ბოლო წლების განმავლობაში, საკუთარი კედლების არქონის გამო, თოჯინების თეატრს სხვადასხვა სივრცეში უწევდა ფართის ქირაობა და სპექტაკლების წარმოდგენა. მას შემდეგ, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი გახდა, სპექტაკლებს "აბრეშუმის თეატრში" წარმოადგენდნენ. დავით აღმაშენებლის 136-ში, რომელიც მანამდე ელენე ახვლედიანის ბავშვთა ნახატების გალერეის მისამართი იყო, 2 წლის წინ თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა დაიდო ბინა. ამ ეტაპზე სწორედ ქუჩის წინა მხარეს არსებული სამი სართულია თოჯინების თეატრის მიერ ათვისებული, ხოლო მის უკან ეზოს სივრცეში მშენებლობის დასრულების შემდეგ, თეატრს გაცილებით დიდი შენობა ექნება. სანამ ეს მოხდება, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მოეწყო დარბაზი, რომელშიც მაყურებელს უმასპინძლებენ.

ნიკოლოზ საბაშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- თითქმის საუკუნოვანი თოჯინების თეატრი თავის ახალ ათვლას იწყებს. სეზონს 7 ახალი სპექტაკლით საკუთარ ბინაში ვხსნით. პანდემიის პერიოდში, სახლების მაგივრად, ჩვენ თეატრში ჩავიკეტეთ და ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ - ინტერიერით დაწყებული, რეკვიზიტით დამთავრებული. ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი გივი სარჩიმელიძის სახელობის ექსპერიმენტულ დარბაზში წარმოვადგენთ დღისა და საღამოს სპექტაკლებს, რაც გულისხმობს, რომ რეპერტუარი იქნება როგორც მხოლოდ საბავშვო სპექტაკლებით დატვირთული, ისე უფროსი ასაკის მაყურებელზე გათვლილი +18. გარდა ამისა, მინდა მხატვრული ფორმით ეს თეატრი იყოს ის ადგილი, სადაც წარმოდგენილი იქნება ისეთი სპექტაკლებიც, რომლის სანახავად ადამიანები ოჯახებით ივლიან და ყველა თაობის მაყურებელი ისიამოვნებს. რადგან ჩვენი დარბაზი მცირე რაოდენობის მაყურებელს იტევს, როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს, ბავშვებს შენობის წინ არსებულ ეზოში, ღია სივრცეში ვუმასპინძლებთ. მოვაწყობთ ამფითეატრის მსგავს სცენას და ეს იქნება როგორც ჩვენი სტუმრებისთვის განსხვავებული გარემო, ისე თეატრისთვის საინტერესო გამოწვევა.

- თუ შეიძლება, თეატრის 7 ახალ სპექტაკლზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, რომლის ნახვის საშუალებაც აპრილის შუა რიცხვებიდან ექნება მაყურებელს. …

- რეპერტუარში იქნება: ბახვა წერედიანის და ჩემი საბავშვო სპექტაკლი "ცირკი პანდემიის პერიოდში", რომლის თოჯინების ავტორი და მხატვარი თავად ბახვა გახლავთ; ასევე, ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ გაგლოშვილის სპექტაკლი "საგზაო ნიშნები", რომლითაც ბავშვებს ვასწავლით მოძრაობის წესებს; გვექნება ჩვენი თეატრის მთავარი რეჟისორის, თამაზ იმნაძის სპექტაკლი "მიფრინავენ წეროები" და მალხაზ გაბუნიას "სოფლის მაშენებლები"; წარმოვადგენთ ჩემს სპექტაკლს - იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას", რომლის გათამაშებაც მაყურებლისთვის პანდემიის დაწყების გამო ვერ მოვასწარით.

რაც შეეხება მეექვსე და მეშვიდე სპექტაკლებს, ვმუშაობ ახალ წარმოდგენაზე მსახიობთა ვარსკვლავური შემადგენლობით, დეტალებს ჯერჯერობით არ გავთქვამ და სიურპრიზად შემოვუნახავ მაყურებელს (იღიმის). სეზონს ვხსნით ჩემი საავტორო სპექტაკლით "მე". ეს ჩემთვის საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც როგორც ნაწარმოები და რეჟისურა, ისე მხატვრობა და მუსიკაც მე მეკუთვნის.

GzaPress

- ვინაიდან თქვენს საავტორო სპექტაკლს "მე" ჰქვია, საინტერესოა, ის ერთგვარად ავტობიოგრაფიული დატვირთვისაა თუ ადამიანის ბუნების ეგოისტურ ინსტინქტებსა და მიდრეკილებებს უსვამს ხაზს?

- არა, ავტობიოგრაფიული არ არის. სპექტაკლი სახედაკარგულ საზოგადოებაზეა და ჩემი მხრიდან ერთგვარი პროტესტია ჩვენს ყოფაზე. ეს არავისთვის არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, რადგან ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ ზიზღის, სიძულვილისა და ერთმანეთის უგულებელყოფის ხანაში. ეს გამოიხატება ერთმანეთის არმოსმენასა და გულგრილობაშიც. ადამიანები დაცლილი არიან ემოციებისგან და მხოლოდ დღევანდელი დღით, თავდაცვითი ინსტინქტით ცხოვრობენ. ადამიანური სახე დავკარგეთ და სპექტაკლი მხატვრულადაც ასეა გადაწყვეტილი - თოჯინებს არა აქვთ სახე, ნაკვთები. ბუნებრივია, მე ამ საზოგადოებისგან გარიყული არ ვარ, მისი წევრი გახლავართ და ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებით. თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვინც ცდილობენ ამ ჭაობიდან ამოსვლას და სწორედ ასეთზეა ეს სპექტაკლიც. რამდენად გამოსდის ეს ამ პერსონაჟს, ამას უკვე სპექტაკლში იხილავს მაყურებელი, თუმცა მთავარი იდეაა საკუთარი თავის მუდმივი ძიება, უკეთესობისკენ სწრაფვა, ცვლილების და იმ საშინელებიდან თავის დაღწევის სურვილი, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს თავს დამტყდარი.

- პანდემიის პერიოდში ხატვა და მუსიკის წერაც სცადეთ. ამ სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც თქვენ გეკუთვნით და როგორც აღნიშნეთ, ეს თქვენი პირველი მცდელობაა...

- ალბათ ამას მუსიკალური გაფორმება უფრო ჰქვია და არა - წერა, რადგან მუსიკალური განათლება არა მაქვს. სხვადასხვა სცენის დადგმის დროს რეჟისორები ვეძებთ შესაფერის მუსიკას ან სპეციალურად ვაწერინებთ. პანდემიის პერიოდში მქონდა საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება და საკმარისი დროც იმისათვის, რომ თავად მემუშავა ამ ყველაფერზე. ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა სპექტაკლის მუსიკასთან ერთად თხზვა და - პირიქით. ამიტომ გავბედე და ვნახოთ, როგორი გამოვა საბოლოო ჯამში სპექტაკლი, რომელსაც ჰქვია "მე".

- დაბოლოს, ბავშვი თოჯინების თეატრიდან იწყებს თეატრთან დაახლოებას და ეს სამყარო აუცილებელია პატარებისთვის. როგორი სპექტაკლები სჭირდება დღეს თანამედროვე ბავშვებს?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში ადამიანებთან და გარემოსთან კომუნიკაციის გარეშე, შინ გამოკეტილ როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია თეატრების კარების შეღება. განსაკუთრებით პატარებისთვისაა მნიშვნელოვანი, ისინი ამ სამყაროს მცირე ასაკიდან ვაზიაროთ და თან არსებულ რეალობაში, რეგულაციების სრული დაცვით. თეატრი ადამიანის შინაგან სამყაროს ამდიდრებს და გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს. თეატრის გარეშე საზოგადოება სულიერად ღარიბდება და ამის საუკეთესო მაგალითია დღევანდელობა – რეალობის ანარეკლი (იღიმის).

ანა კალანდაძე