"ქართული ასოები გავიცან ფოტოებზე და ძალიან მიხაროდის"
საქართველოში ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა 400 წლის წინანდელ, ისტორიული უიღბლობით გამოწვეულ ქართველთა ბედზე, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს საკუთარი ქვეყნის მიწა-წყალი და ოჯახებიანად, სრულიად უცხო მიწაზე - შორეულ სპარსეთში - ხორასნის და მაზანდარანის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ფერეიდანში გადაასახლეს. ამაზე არაერთხელ დაწერილა, თქმულა და ეს, არც პირველი მცდელობა იქნება და არც უკანასკნელი, კიდევ ერთხელ ჩავხედოთ თვალებში მწარე ისტორიულ რეალობას.
თანამედროვე პირობებში არაფერია კონტაქტების დამყარებაზე ადვილი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ესაუბრები ადამიანებს, რომლებიც "მწარე" ქართულით გესაუბრებიან; ეს ორმაგად "მემწარება", რადგან ერთია, რომ იყენებენ ისეთ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა დღეს საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმა თითქმის არ ვიცით (რაც ცალკე კვლევის საგანია) და მეორეა სირცხვილის და სინდისის ქენჯნის განცდა იმის გამო, რომ ამ საოცარ ადამიანებს ჯერჯერობით ვერაფერი მოვუხერხეთ ისეთი, რაც მათ ოთხსაუკუნოვან ქართულ და ამავე დროს, სპარსულ ცხოვრებას ცოტა გაამარტივებდა, უფრო მეტად დააახლოებდა საკუთარ სამშობლოსთან და ტკივილს გაუნელებდა.
ფერეიდნელ ქართველებს შორის ვხვდებით წარმატებულ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ და ტოვებდნენ სპარსეთის ისტორიაში, გადასახლებიდან დღემდე. პირველი დიდი ქართველი, რომელმაც სპარსეთის შაჰის კარზე უდიდეს წარმატებას მიაღწია და მეორე პირად დაინიშნა - ალავერდი ხან უნდილაძეა, რომლის ბრწყინვალე და დიდების შარავანდედით მოსილ ცხოვრებას მარადიულ ლაიტმოტივად გასდევს საქართველოზე ფიქრი. მის მიერ აგებული ხიდი კი, რომელიც 33 თაღისგან შედგება, სხვა არაფერია, თუ არა ქართული ანბანის სადიდებლად, მის მიმართ მუდმივი ენერგეტიკული კავშირის დადასტურების კლასიკური ნიმუში, რომ არაფერი ვთქვათ არქიტექტურულ ღირებულებებზე, რომელიც ასე ეამაყებათ თავად სპარსელებს.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თორელში" - ეს წარწერა შორეულ ფერეიდანში მცხოვრები ქართველის სახლის შესასვლელზეა გაკეთებული.
აბოლყასემ აჰმადი სწორედ ის ერთ-ერთი საამაყო ქართველია, რომელმაც მთელი მისი ცნობიერი ცხოვრება საქართველოზე ფიქრს და სიყვარულს მიუძღვნა. ის ქართველებში სულიერებისა და პატრიოტული სულისკვეთების გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს, რაც წინაპართაგან დანატოვარი დიდი საქმის გაგრძელებაა. იმ პირთათვის, ვინც ფერეიდნელი ქართველების შესახებ მუშაობს, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს მისი არსებობა, რადგან ბატონი აბო, ამ კუთხით საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად გვსურს ეს ღირსეული ქართველი უფრო ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ, ვინაიდან ის უდავოდ იმსახურებს საქართველოს მხრიდან ყურადღებას, რაც მან თავისი საქმიანობით დაამტკიცა.
დაიბადა 1972 წლის 18 ივლისს, ფერეიდანში, ჰეიდარ აჰმადის და ფათემე ყასემის ოჯახში. ბავშვობიდან იზრდებოდა უდიდესი მოწიწებით დაკარგული სამშობლოს მიმართ, რომელიც მხოლოდ საუკეთესო სიზმარში ენახა და აი, მისი თავდაუზოგავი შრომის და დიდი მეცადინეობის შემდეგ, 2018 წლის მაისში ის ნანატრ სამშობლოს - საქართველოს ეწვია, სადაც გულთბილი დახვედრა მოუწყვეს ქართველმა ენათმეცნიერებმა, ქართველოლოგებმა და ლექსიკოგრაფებმა. მოინახულა თითქმის ყველა ის ადგილი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა და გულდაწყვეტილმა დატოვა საქართველო, ისევ და ისევ უკან დაბრუნების იმედით.
აბოლყასემ აჰმადმა მოგვწერა შემდეგი წერილი (სტილი მაქსიმალურად დაცულია):
"ვიყავ პაკისტანის საზღვარზე. ერთი მარტყოფელი მეგობარი მყვანდა, ამას ჰქონდა ქართული ანბანის წიგნი. ძალიან გამიხარდა, როგორც ამ დღეს სარკეში დავინახე ჩემი სამშობლო საქართველო. დაიჯერებთ? ქართული ასოებსა არ ვიცნობდი, ქართული ასოები გავიცან ფოტოებზე და ძალიან მიხაროდის, დღედაღამით დავჭრეტევდი ემ წიგნსა და ცოტა-ცოტად ვისწავლე ანბანის ასოები.
ამ დღეს მე გადავწყვიტე ვისწავლო ქართული დედა ენა და აი მერე, გავიგე ფერიდანში ვინ იცოდა ქართულად წერა-კითხვა და დავიწყევით მეგობრობა მე და ბატონმა საიდ მულიანმა. დამეხმარა არა მარტო მე, სხვებსაც ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას.
ამ დღემდე მეძინა. მე მაშინ გემემეღიძა, გავიგე და დავიწყევ სიტყვების მოგროვება. ჩავიწერე მასალები, რაღაც ვკითხევდი ჩემი სოფელის დიდი კაცებსა, დიდი დედაკაცებსა და დიდი იმედი მქონდის, რომ კიდევ ბევრი ადამიანი საქართველოსყენ ჩამოვა ფერიდანში".
ამჟამად ბატონი აბო მუშაობს ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, აგროვებს ძველ ქართულ სიტყვებს, რომელზეც დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ საუბრობდნენ ქართველები და მეორე, ცდილობს აღადგინოს ქართული სოფელი თორელი და აქციოს ის ეთნოგრაფიულ მუზეუმად, ვფიქრობ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ დარჩება ამ გულმხურვალე ქართველის მონდომება შესაბამისი ყურადღების მიღმა, რადგან ეს ჩვენთვის უდიდესი მონაპოვარი იქნება, როგორც ეთნოგრაფიული, ასევე ენათმეცნიერების კუთხით.
P.S. აბოლყასემის წერილი სავსეა უდიდესი ტკივილითა და სიყვარულით, ამდენად ვფიქრობდით, მთლიანად დაგვებეჭდა ტექსტი, მაგრამ საბოლოოდ ასეთი ფორმით შემოგთავაზეთ, ვინაიდან წერილის სრული ვარიანტი წარმოადგენს სერიოზულ საკითხავ მასალას და იმედს ვიტოვებთ, რომ საშუალება მიეცემა, მის მიერ მოძიებულ და შექმნილ ლექსიკონთან ერთად, გამოიცეს გარკვეული ავტობიოგრაფიული პასაჟის სახით, როდესაც დაასრულებს აღნიშნულ პროექტზე მუშაობას.
ლილიანი "გზის" სპეციალური კორესპონდენტი