ვინ არის ძირძველი ქუთაისელი და თეატრის სინდის-ნამუსი - გზაპრესი

ვინ არის ძირძველი ქუთაისელი და თეატრის სინდის-ნამუსი

ქუთაისს ყოველთვის ჰყავდა კოლორიტები, რომელთა სახელები ხალხის სიყვარულთან ასოცირდება. რამდენიმე მათგანს ქალაქმა ძეგლი დაუდგა და ამით გამოხატა მათ მიმართ პატივისცემა. ქუთაისში "ბაღის კიდეზე" დღესაც იკრიბებიან ქუთაისელები და გამორჩეულ პიროვნებებზე საუბრობენ. ამჯერად დათო ლიკლიკაძე იმათ იხსენებს, ვისაც კარგად იცნობდა.

"ქუჩაში ჩერდებოდნენ და "ყაყაჩოს" უმღეროდნენ"

- ოთარ მამფორიას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ვმეგობრობდით. ოთარი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. მერე მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა. მშობლიურ ქალაქს სიბერეში დაუბრუნდა. 1994-1995 წლები იდგა, როცა ქალაქის მაშინდელ მერს, თემურ შაშიაშვილს ოთარმა უთხრა, რომ ქუთაისში უნდოდა დაბრუნება, ამ ქალაქში მინდა მოვკვდეო. იმწუთას დაფაცურდა ქალაქის ხელმძღვანელობა და ქუთაისის ცენტრში, იმ სახლში, სადაც ცხოვრობდნენ შესანიშნავი პოეტი ლილი ნუცუბიძე, არაჩვეულებრივი მწერალი და მსახიობი ნესტან კვეიძე და სხვა მწერლები, მათ მეზობლად მისცეს პატარა მყუდრო ბინა. 18 წლის აქტიური ჟურნალისტი ვიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ ისტორიულ პიროვნებასთან ვურთიერთობდი და გვერდიდან არ მოვცილებივარ მას. სიცოცხლის ბოლომდე მის ლოგინთან ვიჯექი და საუბრებიდან ყველაფერს ვისრუტავდი. მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, რომ ვიდეოები ან ფოტოები გადაგეღო. ტელევიზიაში ვმუშაობდი და არაერთი სატელევიზიო ინტერვიუ ჩავწერე მასთან. ოთარის ქალიშვილთან, ნინოსთანაც ვმეგობრობდი. ნინო სულ მეუბნებოდა, მამას უყვარხართ და ძალიან უხარია, როცა მოდიხართო. ოთარი ასე ამბობდა ჩემზე, - ეს ლიკლიკაძის ყმაწვილიო...

სხვათა შორის, ოთარ მამფორიას ბოლო იუბილეზე, რომელიც თბილისში რუსთაველის თეატრში გადაუხადეს, მას თან ვახლდი. აქაც, ქუთაისში რომ აღნიშნეს მწერლის დიდი იუბილე, მის გვერდით ვიყავი. ცხადია, ოთარ მამფორიას მთელი ქუთაისი დიდ პატივს სცემდა. ერთი მისი ცნობილი ხუმრობა პირადად მომისმენია. ქალაქის ხელმძღვანელობა მწერალს ეუბნებოდა, ძეგლი უნდა დაგიდგათო. მოგეხსენებათ, რა წლებია - სიცივე, უშუქობა, გაჭირვება და სამჯერ რომ უთხრეს ამის შესახებ, ოთარმა თქვა: ძეგლი კი არა, "ფეჩი" დამიდგითო (იცინის). საოცარი იუმორი ჰქონდა, ბოლომდე ხუმრობდა. დგას დღეს ქალაქში მისი ძეგლი. ოთარ მამფორიას ქუჩაში რომ დაინახავდნენ, ახალგაზრდები ჩერდებოდნენ და უმღეროდნენ მის ლექსზე დაწერილ სიმღერა "ყაყაჩოს" ("დღისით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყვავილებს ვდარაჯობ"), მისთვის ქალაქის ბარდები გიტარაზე უკრავდნენ. გასაოცარი წლები იყო, ქუთაისმა სიბერე გაულამაზა ოთარ მამფორიას.

GzaPress

"ბედნიერი ვარ, რომ ლილი ნუცუბიძის მეგობარი მერქვა"

- ძალიან ცნობილ ეპიზოდს გავიხსენებ. თვითონ ქალბატონი ლილისგან ვიცი და არსად დაწერილა ამაზე, პირველად ვამბობ. ცნობილ მოქანდაკეს, ვალიკო მიზანდარს ლილი დასიზმრებია ეროტიკულად, ვითომ ერთად იყვნენ. ჰოდა, ვალიკოს ეს სიზმარი მოუყოლია ქუთაისელებთან. ოღონდ ამ დროს თვითონ "ღრმა" ასაკშია, ლილი კი ახალგაზრდა გოგოა. ლილის ყურამდეც მიაღწია ამ სიზმრის ამბავმა. ერთ დღესაც, მიდის ქალაქის ცენტრში, რესტორან "თოლიას" ცნობილ კიბესთან და იქვე დგანან ვალიკო და ქუთაისელები. ლილის დანახვაზე სიზმარი გაახსენდათ და სიცილი აუტყდათ. ქალი მიხვდა სიცილის მიზეზს და ვალიკო მიზანდარს მიუბრუნდა: ისემც რა ვუთხრა მიზანდარს, მაგი ვერაფერს მიზამდაო!.. არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. როგორც ოთართან, ლილისთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. ბედნიერი ვარ, პოეტის ახალგაზრდა მეგობარი რომ მერქვა. ლილის უამრავი ლექსი აჟღერდა და გაჰიტდა. მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია და ვინ არა, ჩასაფრებულები იყვნენ, ლილი ახალ ლექსს როდის დაწერდა. რამდენიმე სიმღერას დავასახელებ: "შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება", "საყვარელო მამულო", "ოღონდ გიყვარდე", "ქვეყანა ჩემი მგონია", "ჰარალე", "შენი ერთადერთობით", "სიმღერა ქუთაისს"... ამბობდნენ, სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულზე ლექსებს რა აწერინებდაო? რა და, სულ შეყვარებული იყო! საკმაოდ ხნიერ ასაკშიც ეწვია მას სიყვარული - ლილის მუზა ჰყავდა, ერთ ახალგაზრდა კაცზე იყო შეყვარებული... შესანიშნავ პოეტ ქალბატონს იწვევდა ყველა სკოლა, ყველა ქალაქი, ყველა რაიონი და საოცარი შეხვედრები იმართებოდა. ლილი გვერდიდან არ მიცილებდა, სულ თან დავყვებოდი. თბილისში დიდი იუბილე მოუწყვეს, სადაც ანა კალანდაძე ჩავწერე, რომელიც ლილიზე საუბრობდა. პატარა ფილმს ვაკეთებდი და ყველაფერს ვიღებდი. იმ საღამოზე პირველად გაჟღერდა სიმღერა ლილის ლექსზე, ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი - "ბილიკ-ბილიკ მინდორზე მობრძანდება ანა..." ორი დიდებული პოეტი ქალი როგორ უსმენდა ამ ლამაზი სიმღერის პრემიერას, ესეც გადავიღე. თბილისში ვის აღარ შევხვდი ლილის წყალობით! თუ ვინმეს თბილისის ბოჰემა და კოლორიტი ერქვა, ყველა ჩავწერე. ის ფილმი შენახული მაქვს. ერთხელ ლილის შვილიშვილი, თამუნა კვარაცხელია ზის რესტორანში, სადაც ვიღაც გოგო შეხტა მაგიდაზე, ლექსი დავწერეო, თქვა და წაიკითხა - "მე ახლა ვხვდები, რატომ სვამენ ღვინოს კაცები". გადაირია თამუნა, ლილის ლექსია, და იმ გოგოს ჰკითხა: შენი დაწერილია, ხომ, ეგ ლექსიო?.. - აბა ვისიაო? - იმან არ დაიხია უკან. თამუნამ უთხრა, ვისი ლექსიც იყო... თეთრ ხიდს ასეთი წარწერა ამშვენებს: "მაშ, გაუმარჯოს ბებერ ქუთაისს, საიმერეთოს ლამაზ დედოფალს. ლილი ნუცუბიძე".

GzaPress

"მას მთელი ქუთაისი ესალმებოდა"

- ილო ფოტოგრაფი ძალიან კოლორიტული კაცი იყო. ძირძველ ქუთაისელად ის ითვლება, ვისაც აქვს სახლში, მის ატელიეში გადაღებული ფოტო. მეც მაქვს ფოტო 3X4-ზე. ილო ქუთაისელების უფასო ფოტოგრაფი გახლდათ. რამდენჯერ მივსულვართ მასთან ფოტოს გადასაღებად სკოლის პერიოდში და არასოდეს აუღია ფული. სამაგიეროდ, მასთან მიდიოდნენ საჩუქრებით, გაზეთში გახვეული "პოლლიტრა" (არყის ნახევარლიტრიანი ბოთლი. - რედ.) ან ღვინო მიჰქონდათ. ილოს მთელი ქუთაისი ჰყავს გადაღებული, ყველა ოჯახში ინახება ფოტო 3X4-ზე. მის კარზე მუდმივად ეწერა: "მოვალ ათ წუთში". ეს იმას ნიშნავდა, რომ ქუთაისშია ან ჯანსუღ ჩარკვიანი, ან ნოდარ დუმბაძე... შემოუარეს ილო ფოტოგრაფს, შიგნით სხედან და ქეიფობენ. კარი არ გაიღებოდა დიდხანს, თუ კარგად არ დააკაკუნებდი. ილოსთან მიდიოდნენ არა მარტო მწერლები, მსახიობები, მომღერლები, ასევე - პარტიული მუშაკები, რაიკომის მდივნები. მასწავლებელთა სახლის კიბის ქვეშ (ნიკალასავით) ჰქონდა სტუდია-სახელოსნო. იქ დღეს ილოს ძეგლი დგას. ქალაქმა უბრალო ფოტოგრაფს ძეგლი დაუდგა. ეს პრაქტიკულად ქუთაისის ძეგლია. ილო ქართველი ებრაელი იყო, უდიდესი სიყვარული ჰქონდა ქართველი ებრაელებისა, მაგრამ ქალაქი ვერ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისი ნათესავი ისრაელში წავიდა. ყოველთვის ამბობდა: მდინარე იორდანეზე რომ გამიდო თეთრი ხიდი, მაინც არ მინდა, ამ თეთრ ხიდს რიონზე უნდა ვუყუროო. სალამს ეტყოდა ვინმე და კაცი თავს ისე დახრიდა, გეგონებოდა, ტროტუარზე დაკრავსო. ძალიან მორიდებული და წყნარი ადამიანი იყო. ყველას ასე მიმართავდა: თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთო! მას მთელი ქუთაისი ესალმებოდა. ილოს ყველა იცნობდა.

GzaPress

თეატრის სინდისი და ნამუსი

- ვასო ფხაკაძე იყო თეატრის სინდისი და ნამუსი. ძალიან ახლოს ვიცნობდი. სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. მესხიშვილის სახელობის თეატრის ადმინისტრატორს თეატრის ნულოვან სართულზე ერთი პატარა კაბინეტი ჰქონდა, რომლის კედლებზეც ჩარჩოში ჩასმული უამრავი ფოტო ეკიდა (ალბათ ასი მაინც იქნებოდა). ამ ფოტოებზე გამოსახული იყო ყველა ძირძველი ქუთაისელი კოლორიტი, ვასო ყველასთან ძმაკაცობდა. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ჩვენი თეატრი შექმნა. საკუთარი კაბინეტი მეგობრების უკვდავსაყოფად მოაწყო. უნდა გენახათ, როცა ვასო ბიძია, ეს ზორბა კაცი, ამ ადამიანებზე საუბარს იწყებდა, მხოლოდ ცრემლები კი არ მოსდიოდა, კაცი ტიროდა. რაღაც განსაკუთრებული პიროვნება იყო. 90-იან წლებში ქვეყანა რომ იქცეოდა, მით უმეტეს, "მხედრიონისა" და არეულობების პერიოდში, თეატრს ისე იცავდა, ვერავინ გაბედავდა, რამე დაეშავებინა ან შენობაში შემოსულიყო. ბოლომდე დაიცვა კიდეც. ვასო ფხაკაძისთვის თეატრი იყო სახლი, ის პირველ ადგილზე იდგა. მისი მეორე სახლი ოჯახი იყო, სადაც ცხოვრობდა. თხემით ტერფამდე თეატრალი, სასწაული კაცი იყო. ვინმეს უბრალოდ ფეხი რომ მიედო თეატრის კედელზე, საკმაოდ უხეშად შეეძლო მიემართა. თავდადებული ადამიანი ასე დარაჯობდა თეატრს და საერთოდ ქართულ კულტურას. ვიღაცამ შეიგინა და ვასო წამოენთო, - აქ როგორ შეიძლება გინება, ეს თეატრია შე დედამოტ...ოო! - ამ დროს, თავადაც შეიგინა (იცინის). ეს მისი ცნობილი იუმორია.

90-იან წლებში მშობლები სკოლის ბუფეტისთვის ფულს რომ მატანდნენ, არ ვხარჯავდი და იმით სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთს ვყიდულობდი. ვასომ ეს გაიგო და კაპელდინერებს შემოუთვალა, ჩემთვის ბილეთი არ მოეთხოვათ. მას შემდეგ დღემდე, თეატრში უფასოდ მიშვებენ. ვასო საოცრად თბილი ადამიანი იყო. ბიძი, როგორა ხარო? - ასე მოგიკითხავდა, სულერთია, ბიძად გეკუთვნოდა, ბაბუად თუ ძმაკაცად, ყველას "ბიძის ეძახდა". ვასო ყველა არტისტის ოჯახის წევრი და მეგობარი იყო. თუმცა, მასთან მეგობრობას მოპოვება უნდოდა - ასე იოლი ამბავი არ იყო. თუ ვასოსთან მეგობრობდი, ე.ი. თეატრალი და ქალაქელი იყავი. მას თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.

პოეტის, მწერლისა და დრამატურგის, ოთარ მამფორიას ერთ-ერთ სხარტულა ნათქვამს, რომელიც პირველად მოისმინა მისმა სიყრმის მეგობარმა ოთარ ჭელიძემ, "მამფორიზმი" უწოდა. ოთარ მამფორიას უშრეტი იუმორის სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე "მამფორიზმს".

ჩემი პიესის, "იეთიმ გურჯის" შემოსავლის უმოწყალო დაქვითვების გამო, გაბრაზებულმა ბუღალტერს ვუთხარი: - "კაცო, იეთიმ გურჯი საიქიოდან ფულს მიგზავნის და სააქაოში ცოცხლები მართმევთ?!"

- თუ იცი, როდის ჩამოდის თბილისში გასტროლებზე რუსთაველის თეატრი?!.

- ისეთი ძუნწია, საკუთარ "კაპიკიანს" ახურდავებს!

- დამალევინეთ რამე, თორემ სიფხიზლე ამივარდა თავში!

- სიგარეტს რომ არ ვეწევი, ოპერაციაც კარგად გადავიტანე!

- თუ არ ეწეოდი, ოპერაცია რატომ დაგჭირდა?

- ქალიშვილს მზითევში გაატანე "ვეფხისტყაოსანი"?

- სახლიდან გაიქცა და ვერ დავეწიე, რომ გადამეცა!

- ისეთი ქალი ვარ, თავს ვერ დამანებებ.

- შენ კი არა, ღვინოს და სიგარეტს ერთად დავანებე თავი.

- ბიჭებო, მომისმინეთ, ამიტანეთ ამ სუფრაზე, მთაწმინდაზე ატანას ხომ არ გთხოვთ!

მართლაც დიდი ხელოვნებაა, სამი საათი ილაპარაკო და არაფერი თქვა!

ნანული ზოტიკიშვილი