პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში - გზაპრესი

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

1-ლ აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორ კოკო როინიშვილის სპექტაკლის - "ორთა ბოდვა" პრემიერა გაიმართა. დრამატურგისა და მწერლის, აბსურდის თეატრის წარმომადგენლის, ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის მხატვარი ბარბარა ასლამაზი, ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე, მუსიკალური გამფორმებელი კი ზურაბ გაგლოშვილი გახლავთ. სპექტაკლში როლებს ირაკლი გოგოლაძე და თეკლა ჯავახაძე ასრულებენ.

კოკო როინიშვილი, რეჟისორი:

- პიესა ციფრული თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შევარჩიე. ავტორებს შორის ერთ-ერთი ეჟენ იონესკო იყო. ბუნებრივია, მნიშვნელობა ჰქონდა პიესის შინაარსსაც. ის მოგვითხრობს ბედნიერების მაძიებელი უბედური წყვილის შესახებ. გარეთ ომია, წყვილი კი სახლშია ჩაკეტილი და ჩვენ მათ რუტინას სახლის კედლებს მიღმა ვუყურებთ. მიხარია, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მომცა საშუალება, სპექტაკლი ამ სცენაზე დადგმულიყო.

- პიესა ქართულ რეალობას მოარგეთ?

- არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ქართული რეალობაა. მთლიანი სამყაროს პრობლემა გახლავთ. პიესა ეხება არჩევანს - როცა გარეთ ომია, შენ უნდა აირჩიო ომში ჩაერთვები, თუ სახლში ჩაიკეტები. ნამუშევარი სიცოცხლის ამაოების პრობლემასაც ეხმაურება. ეჟენ იონესკო დეპრესიული პიროვნება გახლდათ არაჩვეულებრივი იუმორით და თავის დეპრესიასაც ამ ფორმით გადმოსცემდა. ეს ხერხი გვეხმარება სამყაროს სხვა თვალით შევხედოთ.

- ეჟენ იონესკო აბსურდის დრამის წარმომადგენელია. ამ ჟანრს, როგორც რეჟისორი, თქვენც გამოარჩევთ?

- ცნობილია, რომ ეს პიესა ძიების პროცესშია დაწერილი. რეპეტიციებისას ჩვენც ძიების პროცესში ვიყავით. ვფიქრობ, მთავარ ხაზს სწორად გავყევით. აღმოვაჩინეთ და ვთქვით ის, რისი გადმოცემაც იონესკოს სურდა. დიდხანს ვფიქრობდი, რომელი პიესა ასახავს ისეთ პერიოდს, რომელშიც უნებლიეთ აღმოვჩნდით (არა მხოლოდ პანდემიის გამო). ეს პიესა 1962 წელსაა დაწერილი. დღევანდელი გადმოსახედიდან, 60-იან წლებში ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე დღეს არის, სულიერ მარტოობას ახალ ტექნოლოგიებსა თუ გაჯეტებში მალავენ. არის კი ეს ტრაგედია?! იქნებ პირიქით?! იქნებ უნდა ვიცინოთ იმაზე, თუ რა დაუნდობლად გვამასხარავებს სამყარო?! ავყვეთ ბასრ იუმორში ცხოვრებას, რომელიც იონესკოს აზრით, სრულიად ამაოა?! იქნებ ზუსტად იმ აზრს გავურბივართ, რომ ამაოა ცხოვრება და ამიტომაც ვართ მუდმივად აბსურდულ რეალობაში და თავს ვირთობთ?!

- ირაკლი, სპექტაკლზე მუშაობის პროცესში თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის ახალი რა იყო? აბსურდის დრამასთან მანამდე გქონიათ შეხება?

GzaPress

ირაკლი გოგოლაძე, მსახიობი:

- ახალი იყო ჟანრის თვალსაზრისით. კლოუნადაში მითამაშია, აბსურდში - არა.

- თქვენი შეფასებით, ქართველი მაყურებლისთვის ეს ჟანრი საინტერესოა?

- თუკი მაყურებლის ემოციებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, სპექტაკლი მოსაწონი აღმოჩნდა.

- სპექტაკლი დატვირთულია ფიზიკური მოძრაობებით. აქედან გამომდინარე, რაიმე კურიოზულს ხომ არ გაიხსენებთ?

- ერთ-ერთ ეპიზოდში ჩემი პარტნიორი ბოთლს მირტყამს. სულ მეშინია, ნამდვილ ბოთლში არ აერიოს. აქედან გამომდინარე, ფხიზლად და ფრთხილად ვარ, რომ არ გავაბრაზო და სამაგიერო ამ ფორმით არ გადამიხადოს (იცინის)...

- პანდემიის შემდეგ პრემიერა უფრო მეტად საგრძნობი და ემოციურია?

- დეკემბრამდე სულ ვმუშაობდი და პანდემიისგან გამოწვეული უმოძრაობა თითქმის არ შემხებია. თუმცა, ნამდვილად იგრძნობოდა, რომ მსახიობებიც და მაყურებელიც მონატრებულია სპექტაკლებს.

შორენა ლაბაძე