მინიატიურული ნივთების სამყარო
ბექა ოქიტაშვილი:
- მინიატიურული ნივთების დასამზადებლად დიდი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობაა საჭირო. ამბობენ, ამ საქმით გატაცებული ყოფილა ჩემი დიდი პაპა, დედის მხრიდან, რომელიც ძალიან ახალგაზრდა დაღუპულა სამამულო ომში. თავდაპირველად, დანების კეთება დავიწყე და მერე ავეჯზე გადავედი, რაშიც ირაკლი ახვლედიანი დამეხმარა, ხელსაწყოები მომცა. ირაკლი მხატვარია, ფერმწერი, ამზადებს უნიკალურ მინიატიურულ ნივთებს, რომლებიც დახვეწილი და ორიგინალურია. მართლაც საოცარ ნაკეთობებს ქმნის. ისე, ბავშვობიდან მიყვარდა ჩხირკედელაობა, ხისგან რაღაცებსაც ვამზადებდი. ალბათ 10-12 წლის ვიქნებოდი, მეზობლის კაცს რომ ვუყურე, ფანდურებს ამზადებდა, მომეწონა და შინ მისულმა მეც ვცადე. ჩემდა გასაკვირად, პირველივე ცდაზე გამომივიდა, თუმცა, ვერ იყო დახვეწილი და სუფთა ნამუშევარი. მაშინ ოქრომჭედლის "სვარკაც" ვიყიდე და ბეჭდების კეთება დავიწყე. ხშირად მეუბნებიან, ალბათ ხატვაც გეხერხებაო. არასდროს არაფერი დამიხატავს. როდესაც შეკვეთას ვიღებ, ფოტოებს მიგზავნიან და ყოველგვარი ნახაზის გარეშე ვაკეთებ.
- რამდენიმე ავეჯის კომპოზიცია გაქვთ შექმნილი. როგორ ჩნდება იდეა?
- ხანჯლებსა და დანებს უცებ ვამზადებ, ნაკლები ფიქრი სჭირდება, მაგრამ ავეჯსა და ოთახის ინტერიერის შექმნაზე მუზის გარეშე ვერ ვმუშაობ. ვინმესგან კი არ უნდა გადაიღო იდეა, თუნდაც საავტორო იყოს ნამუშევარი, თვითონ უნდა მოიფიქრო რამე ახალი და განსხვავებული. შეიძლება, უცებ რამე მომაფიქრდეს ან რაღაც მომეწონოს, ვთქვათ, ავეჯი, რომელიმე ოთახის განლაგება და მსგავსის შექმნა მომინდეს. სხვა ჩანაფიქრი მაქვს თავიდან და მუშაობის პროცესში სულ სხვაგან მივდივარ. რა იქნება საბოლოო შედეგი, არასდროს ვიცი.
- ძირითადად, რა მასალას იყენებთ?
- ვერცხლს, მელხიორს, ფერად ლითონს, ხეს, სპილოს ძვალს, კამეჩის რქას - ძირითადად, ამ მასალას ვიყენებ. საკმაოდ ძვირია - მაგალითად, დაახლოებით 4.000 დოლარამდე ღირს ნახევარი კილო სპილოს ძვალი და შესაბამისად, ძვირია ნაკეთობებიც. რთულია მინიატიურების დამზადება, მაგრამ ამავე დროს, სასიამოვნოც, რადგან გიყვარს ეს საქმე. ეს სირთულე უფრო მეტ აზარტში გაგდებს - როგორ გაართმევ თავს და რა გამოგივა საბოლოოდ. მარტოს მიყვარს მუშაობა, ყურადღება რომ არ გამეფანტოს. კერძო სახლში ვცხოვრობ და სახელოსნო ეზოში მაქვს, განცალკევებით, განმარტოების საშუალება რომ მქონდეს. რასაც აქ უყურებთ, ჩამოსხმული არაფერია, თითოეულ დეტალს ხელით ვამზადებ. ერთმანეთზე ვადუღებ მასალას და ვიდრე ცხელია, ხელით ვანიჭებ ფორმას. თან მეორეს, მსგავსს ვერ ვაკეთებ, როგორც უნდა მოვინდომო. ავეჯის დამზადებას დროც მეტი სჭირდება. ამ მინიატიურების გარდა, დამბაჩებიც გავაკეთე, ჩემს პატარა შვილს კი ხისგან დავუმზადე სათამაშოები, ნატურალური, უსაფრთხო და ძალიან მოსწონს.
- ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაუკვირდათ, თქვენი გატაცების შესახებ რომ გაიგეს?
- მხოლოდ მათ კი არა, ბევრს გაუკვირდა და მოეწონა ჩემი მინიატიურული ავეჯი. დაინტერესდნენ კიდეც. ძირითადად, მაინც დანები და ხანჯლები იყიდება. რაც შეეხება ავეჯს, იაფად ვერ გაყიდი, ძირითადად, კოლექციონერები ინტერესდებიან.
ნინო ჯავახიშვილი