მსახიობის კინოეპიზოდი, რომელიც ყველას ახსოვს - გზაპრესი

მსახიობის კინოეპიზოდი, რომელიც ყველას ახსოვს

დედის თხოვნით, ჯერ მუსიკალური ტექნიკუმი დაამთავრა და მერე აისრულა ოცნება - თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. თავს ბედნიერ, ძლიერ და ძნელად დასამარცხებელ ქალბატონად მიიჩნევს. არ არის შურიანი, ბოროტი, ცუდი არავისთვის გაუკეთებია, სხვას არ შეჰყურებს ხელებში, საკუთარი თავის იმედი აქვს, შრომა უყვარს, ბევრს ეხმარება... ასმათ ტყაბლაძე ამბობს, რომ ბედი ჰქონდა, რადგან ისეთ მსახიობებთან და რეჟისორებთან მეგობრობდა, რომლებმაც თეატრალურ თუ კინოხელოვნებაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.

ჯილდო

- ჩემთვის უდიდესი ჯილდო იყო მეგობრობა სესილია თაყაიშვილთან, სოფიკო ჭიაურელთან, მზია მახვილაძისა და თენგიზ აბულაძის ოჯახთან, თამარ სხირტლაძესა და კოტე თოლორაიასთან, გიგა ლორთქიფანიძესთან... არაჩვეულებრივი რეჟისორი და პიროვნება - მედეა კუჭუხიძე შესანიშნავი პედაგოგიც იყო. როცა თეატრალურში ვსწავლობდი, ის პარალელურ ჯგუფს ასწავლიდა. მარჯანიშვილის თეატრში მუშაობისას, ყველაზე ხშირად მედიკო კუჭუხიძე და გოგი თოდაძე მაკავებდნენ სპექტაკლში. ბატონ გიგასთან და მის მეუღლესთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. გიგა უშუალო და კეთილი პიროვნება იყო. თეატრთან ჩემი დავის დროს, ოთარ მეღვინეთუხუცესთან დიდი შემოქმედებითი მეგობრობის მიუხედავად, გიგა სასამართლოში ჩემს დასაცავად ორჯერ წამოვიდა, იმდენად მართალი ადამიანი იყო.

თეატრში შესრულებულ როლებზე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდად არაფერი მითამაშია. ძირითადად კომედიურ, გროტესკულ-სახასიათო როლებს ვასრულებდი. განსხვავებული როლი ვითამაშე კოტე მახარაძის დადგმაში "სამშობლო", სადაც ხევსური ქალი ვიყავი, რომელსაც შვილები დაუხოცა მტერმა, რის შემდეგაც ჩემი გმირი ყველას კლავს. ეს ჩემს ხასიათსა და ბუნებაში ზის, ხევსურულ-მთიულური ფესვები მაქვს. ცუდად რომ მომექცევა ადამიანი, არ შემიძლია გვერდი ავუარო, პასუხი უნდა გავცე. ხალხს ვერ დავხოცავ, ეს გამორიცხულია, მაგრამ დანაშაულზე მივუთითებ. ისე, ჯვარი გვწერია და, შვილს ნუ შეეხება ნურავინ, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ! იქ უკვე ხმალი და ხანჯალი დამჭირდება (იცინის). სხვათა შორის, ხმალი მაქვს, რომელიც ეკუთვნოდა დედაჩემის პაპის პაპას. ის იყო სამასი არაგველიდან ერთ-ერთი და მეფე ერეკლემ დააჯილდოვა იმით, რომ გადასახადებისგან გაათავისუფლა. ის ხმალი, პაპაჩემი ივანე ჯარიაშვილი როცა დაიჭირეს პოლიტიკური რეპრესიების დროს (7 წელი მიუსაჯეს), სანამ სახლში კონფისკაცია მოხდებოდა, ჩვენებმა გადამალეს. დუშეთის სახლში რემონტს რომ ვაკეთებდი, მუშებმა მითხრეს, აქ რაღაც ხმალი გდიაო. არ ვიცოდი, თურმე სარდაფში ყოფილა დამალული. ასე ვიპოვე.

GzaPress

მზია და თენგიზი

- იდეა, რომ "ნატვრის ხეში" მეც მიმეღო მონაწილეობა, რეჟისორს სესილია თაყაიშვილმა მიაწოდა. ბატონ თენგიზს უთხრა: ასმათი არ მოგწონს? არ გინდა გადაიღოო? დაეთანხმა - კარგი აზრია, ზუსტად ვიცი, ასმათს რა ეპიზოდში გადავიღებო. უბედნიერესი ვიყავი, როცა ბატონმა თენგიზმა დამირეკა და ფილმში თამაში შემომთავაზა. ბევრს დღემდე ახსოვს და მოსწონს ფრაზა "მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე", რომელსაც ფილმში შეთეს ვეუბნები... შესანიშნავი მსახიობი და საოცარი ქალბატონი მზია მახვილაძე, ბატონი თენგიზის მეუღლე, ჩემზე გაცილებით უფროსი იყო, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ჩვენს ახლო მეგობრობას. თენგიზთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ მის მიმართ მოკრძალებით ვიყავი. საერთოდ, ჩვევა მქონდა - ყველას ღამით ვურეკავდი და მთელი ღამე ტელეფონზე ვლაპარაკობდი, მათ შორის იყო მზიაც. თუ თენგიზი მიპასუხებდა, მორიდებით ვეუბნებოდი, მზიასთან მინდა საუბარი-მეთქი. ერთი-ორჯერ გავუთიშე - დაბნეულობისგან მომივიდა. შესულა მზიასთან და უთქვამს: შენი გიჟი გირეკავსო (იცინის), მიცნო!.. თენგიზი რომ ცუდად გახდა, ხშირად დავდიოდი სანახავად. ერთხელ შესვლისთანავე გავუღიმე და მოვიკითხე. მზიამ სიტყვა შეაგება: აბა, ვინ არის, თენგიზ, თუ იცნობო? მაშინ თითქმის აღარ ლაპარაკობდა, ჩემი სახელი ვერ გაიხსენა და თქვა: ვინც არის, კარგი ვინმეაო. ეს სიტყვები ჩემ მიმართ ითქვა, რასაც თენგიზისგან ბოძებულ ჯილდოდ მივიჩნევ.

GzaPress

სესილია

- მეამაყება, რომ მასთან დიდი სიახლოვე მქონდა. სესილია საოცრად მოწესრიგებული ადამიანი იყო. დაგვიანება არ უყვარდა. თუ სადმე მატარებლით უწევდა წასვლა, სადგურში სამი საათით ადრე მივიდოდა, თუ სპექტაკლი რვა საათზე იწყებოდა, ოთხი საათიდან თეატრში იყო. სესილია და მე ყველგან ერთად დავდიოდით. ერთხელ რუსთაველის თეატრში "ყვარყვარე თუთაბერის" გასინჯვაზე ვიყავით. ცნობილმა მსახიობმა ჰკითხა სესილიას, როგორ მოგეწონაო? - ბრწყინვალეაო, უპასუხა. - რადგან შენ ასე ამბობ, ე.ი. უნდა ვნახოო. ყველასთვის ცნობილია, რომ სესილია ხელოვნების მეტრად ითვლებოდა. მე აღმოვჩნდი "შუამავალი" სესილიასა და თეატრს შორის. ყოველ საღამოს მეკითხებოდა: გოგო, რა ხდება თეატრშიო? იმ პერიოდში მის მეზობლად გადავედი საცხოვრებლად. კარს ღიას ტოვებდა და მელოდა, როდის მივიდოდი, რომ თეატრის ამბები მომეყოლა. თუ მისვლას ვერ შევძლებდი, ტელეფონით ვსაუბრობდით.

თეატრში პატარა ხელფასი გვქონდა და რადგან კარგად ვქსოვდი, ნაქსოვებს ვყიდდი, რაშიც სესილია მეხმარებოდა. დამირეკავდა და მეტყოდა: ასმათო, სამი ქუდი და ორი შარფი!.. კოტე მახარაძეს, თენგიზ არჩვაძესა და ზურაბ ლაფერაძეს ჯემპრები მოვუქსოვე და ვაჩუქე. ქუდი და შარფი, ორივე ერთად, შემეძლო ერთ საღამოს მომექსოვა. ხშირად გასვლითი სპექტაკლის დროს, გზაში, ავტობუსში ვქსოვდი.

"გრიგოლ ტყაბლაძე ბევრს მამაჩემი ეგონა"

- ინსტიტუტში წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და ჩემი გრიმის პედაგოგს, გიორგი სარჩიმელიძეს ძალიან მოვწონდი. მან ჩემი ფოტოები, გრიმითა და გრიმის გარეშე, თავის წიგნში შეიტანა. გიორგი სარჩიმელიძეს ერთი აჩემება ჰქონდა: ჭიათურის თეატრის მსახიობი გრიგოლ ტყაბლაძე მამაჩემი ეგონა. ყველა ლექციაზე მეკითხებოდა, როგორ არის მამაშენიო? ვეუბნებოდი, მამაჩემი არ არის-მეთქი, მაგრამ ვერ ვაგებინებდი. ბოლოს ვუთხარი, ბიძაჩემია-მეთქი. სარჩიმელიძე მაინც იმავეს იმეორებდა. ვიფიქრე, რომ ყოველ ჯერზე ახსნას აზრი არ ჰქონდა და ვასწრებდი, - მამაჩემმა მოკითხვა შემოგითვალათ-მეთქი. სხვათა შორის, ასე ეგონა ბევრ ადამიანს. პირადად ბატონ გრიგოლს არ შევხვედრივარ, მის შვილს - კი. სურვილი ყოველთვის მქონდა. მისი შვილისგანაც ვიცი, რომ თვითონაც სიმპათიით იყო განწყობილი ჩემ მიმართ, მაგრამ შეხვედრა არ მოხდა. ეს ჩემი მინუსია. ბრწყინვალე მსახიობს, გრიგოლ ტყაბლაძეს ქართული თეატრის ჟან გაბენსაც ეძახიან.

"ჩემი ჯგუფელი გია ფერაძე"

- უნიჭიერესი და საოცარი ადამიანი გია ფერაძე ჩემი ჯგუფელი იყო. არაჩვეულებრივი იმპროვიზაციის უნარის მქონე, ინსტიტუტში უკვე პოპულარული მოვიდა. მე ისე ვიზრდებოდი, ჩემს სახლში გინება და ცუდი სიტყვები არასოდეს გამიგონია. გია კი ზოგჯერ იმისთანას იტყოდა, რომ ვეუბნებოდი, - ეს როგორ შეიძლება, ასე რატომ თქვი-მეთქი?!. ყოველთვის შენიშვნას ვაძლევდი. მან "დიდაქტიკოსი" დამარქვა. სულ ცდილობდა, რაღაც ფოკუსი ჩაეტარებინა ჩემთვის. რვეულივით ბლოკნოტები გვქონდა, რომლის მარჯვენა გვერდზე როლი გვეწერა, ხოლო მარცხენა ცარიელი იყო, იქ როლთან დაკავშირებული შენიშვნები უნდა ჩაგვეწერა. ერთ დღესაც, გავდივართ რეპეტიციას პედაგოგის თანდასწრებით და გია არასწორ რეპლიკებს ამბობს. მე ზეპირად ვიცი ჩემი როლი. ვეუბნები, - გია, არასწორად მპასუხობ-მეთქი. - არა, შენ გიწერია არასწორად, ჩაიხედე რვეულშიო. ავიღე ჩემი რვეული, გადავშალე და გავოგნდი: გიას ყველა ცარიელ გვერდზე დიდი ზომის ფალოსი დაუხატავს. ამის დანახვაზე გავწითლდი. - აბა, აჩვენე როლიო - გიას უნდა, რომ რვეული არაჩვეულებრივმა პედაგოგმა ალექსანდრე მიქელაძემ ნახოს. რა თქმა უნდა, პედაგოგი ყველაფერს მიხვდა, მან შესანიშნავად იცოდა გიას ხუმრობების ამბავი. ბევრი ვიცინეთ, რვეული დავხიე და როლი თავიდან გადავწერე. უკვე ინსტიტუტს ვამთავრებდით, როცა ერთხელ რაღაც უწმაწური სიტყვა წამომცდა. გია მაშინვე მომიბრუნდა: აი, გასწავლე თუ არაო?!.

GzaPress

ოინი

- მიყვარდა სხვების გათამაშება და ყველას ანკესზე წამოგებას ვცდილობდი. ერთხელ კუკური (ზურაბ) ლაფერაძეს საოცარი რაღაც გავუკეთე. იტალიაში გასტროლებზე მივდიოდით და მატარებლით ვიმგზავრეთ სამი დღე, თბილისიდან მოსკოვამდე. ზესტაფონში მატარებელი რომ გაჩერდა, ხალხმა უამრავი პურმარილი (ხაჭაპურები, გოჭები, ღვინო...) მოგვაწოდა. ეს ქალაქი გიჟდებოდა მარჯანიშვილის თეატრზე, უყვარდა იმიტომ, რომ უშანგი ჩხეიძე, ტარიელ საყვარელიძე და მსახიობების ლამის ნახევარი ზესტაფონიდან იყვნენ. მოკლედ, ჩვენი კაცები დათვრნენ. ვხედავ, მძინარე კუკურის შიშველი ფეხები უჩანს და ხელები მკერდზე უდევს. ვფიქრობ, რა ვქნა? თამარ სხირტლაძეს ვუთხარი: შენ ხომ სულ ლაქი გისვია, წითელი ფერი არა გაქვს-მეთქი?.. მომცა. კუკურის ფეხისა და ხელის ფრჩხილებზე წითელი, ხასხასა ფერის მანიკიური წავუსვი. ჩვენი კუკური, არაჩვეულებრივი, დადებითი პიროვნება, ყველანაირად რომ ენდობოდი, ასეთი კაცი იყო. მასთან ძალიან შეხუმრებული და ახლო მეგობრები ვიყავით. მთელი თეატრი ელოდება კუკურის რეაქციას. გაიღვიძა, შეხედა ფრჩხილებს; იფიქრა, მომეჩვენაო. დააკვირდა და უცბად იღლიებში დამალა ხელები. ფეხზე წინდებს ჩაიცვამს, მაგრამ ხელებს რა მოუხერხოს?!. კიდევ შეხედავს, ისევ დამალავს, მეჩვენება თუ რა არისო?.. მსახიობები სიცილით იხოცებიან. კუკურიმ დაიწყო გინება. მივედი და ვეუბნები: ვის აგინებ, რაც შენ დედაჩემის ხაჭაპურები და ხინკლები გიჭამია, დედაჩემს აგინებ-მეთქი?! - არა, დედაშენს როგორ შევაგინებ, იცი, რა, პირადად შენ გაგინებო (იცინის). მერე მეუბნება: მამა, სად ვიშოვო ახლა ხელთათმანები, როგორ შევავსო დეკლარაცია საბაჟოზე, ვიღაცას მამათმავალი ვეგონები, ეს რა საშინელებააო!.. - გინდა, მოგაშორო-მეთქი? - შორდება, მამა?.. - გაუკვირდა. ერთ ფრჩხილზე რომ მოვაცილე ლაქი, მითხრა: - კი ბატონო, მოსკოვამდე შეგიძლია, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ წამისვაო (იცინის). ასე შევთანხმდით.

ფარული სურვილი

- თეატრში ჩემი ადგილისთვის ბრძოლის დროს ყველა სამართალდამცავ ორგანოს შევეხე და ბევრი უზნეობა თუ უსამართლობა ვნახე. ამის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობის ფარული სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ხმამაღლა არ გამიმჟღავნებია. ეს გადაწყვეტილება ჩემმა მეზობლებმა, მეგობრებმა, ახლობელ-ნათესავებმა მიმაღებინეს, - ბრძოლის უნარი გაქვს და კარგი კანდიდატი იქნებიო. როცა დეპუტატი ხდები, პირველ რიგში, საკუთარ კეთილდღეობაზე კი არ უნდა ფიქრობდე და ზრუნავდე, არამედ - ხალხზე. ჩემი დეპუტატობის შემთხვევაში, ნამდვილად ასეთი პარლამენტარი ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ მოხდა. ალბათ ყველაფერი ღმერთის ნებაა. აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ვაგრძელებ, ეს ჩემი სტილია, ამას ვაკეთებ დღეს და გავაკეთებ ხვალ.

ნანული ზოტიკიშვილი