რა ათქმევინა ინგლისის დედოფალს მიხეილ ხერგიანის ოსტატობამ - გზაპრესი

რა ათქმევინა ინგლისის დედოფალს მიხეილ ხერგიანის ოსტატობამ

მრავალ უცხოელს აღუწერია და გამოუქვეყნებია საკუთარი შთაბეჭდილებანი საქართველოსა და ქართველების შესახებ. გერმანელ ფილოსოფოსს - იმანუილ კანტსაც, რომელიც მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, ცნობილია იმითაც, რომ საკუთარ კენიგსბერგს არ გასცილებია მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, მაგრამ მის გონს საქართველო და ქართველები არ გამორჩენია და საკმაო აღმატებულობით გვახასიათებს. მკითხველს ვთავაზობთ არქიტექტორ ნუგზარ ჩართოლანის საინტერესო ნაამბობს იური ბურლაკოვზე (და არა მარტო მასზე)...

ნუგზარ ჩართოლანი: "საქართველოზე შეყვარებული ერთ-ერთი განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ იური ბურლაკოვი: იალტელი ინჟინერ-ენერგეტიკოსი, მთამსვლელი, პუბლიცისტი და მწერალი. იური დაბადებულია 1930 წელს, ჩვენთვის კარგად ცნობილ ქალაქ გეორგიევსკში. ენერგეტიკოსობის პარალელურად, პუბლიკაციისა და ალპინიზმისათვისაც მიუყვია ხელი. მან იალტაში საფუძველი ჩაუყარა კლდეზე ცოცვის უაღრესად პრესტიჟულ ასპარეზობას. ამ ასპარეზობაში მრავალგზის გამარჯვებული გამხდარა ჩვენი საამაყო მამულიშვილი და ლეგენდად ქცეული მთამსვლელი მიხეილ (ჩხუმლიან) ხერგიანი. სწორედ იალტაში მოხდა იურის ლიტერატურული ნიჭიერებისა და მისი მუზის, ვირტუოზული კლდეზე ცოცვის დიდოსტატის - მიხეილის თანხვედრა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სავსე იყო ურთიერთპატივისცემით, უსაზღვრო სიყვარულითა და უანგარო ერთგულებით.

სწორედ მიხეილი გახდა იურის შემოქმედებითი მუზა და მასზე დაწერილმა წიგნმა გაუთქვა სახელი პირადად იურისაც. წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა მოსკოვში, თარგმნილია ქართულად და ჩეხურადაც. ქართულად თარგმნილი წიგნის სახელწოდებაა - "მთის რაინდი" და გამოცემულია 1981 წელს.

იური ბურლაკოვმა სრული სიცხადით დაინახა და აღწერა მიხეილის ბევრისთვის უხილავი სულიერება, პირადული განცდები, ყოფაცხოვრებითი უფაქიზესი ეპიზოდები და ასევე, მიხეილის მშობლიური კუთხის - სვანეთის სილამაზე, სადაც მან არაერთი წელი იცხოვრა სწორედაც რომ მიხეილის გამო. იცხოვრა ისე, როგორსაც იმსახურებდა ხერგიანის ზეადამიანური კაცობა და ჯადოქრული პროფესიონალიზმი. ყოველივე ეს ატყვია მიხეილზე დაწერილ პუბლიცისტურ რომანს, რომელიც გაჟღენთილია მოვლენების საოცარი ცოდნითა და მწერლური ალღოთი; ალღოთი, რომელიც ერთეულების ხვედრია: დაანახვო მკითხველს ის, რაც ჩვეულებრივი მოკვდავისათვის შეუმჩნეველია; დაანახვო ცოცხალი, ცხადში მომხდარი და არსებული. ასეთი რამ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნების ხელწერაა. გამორჩეული შემოქმედის ინტუიცია სწვდება ადამიანისა და მოვლენების ისეთ სიღრმეებს, რომელიც შემდგომ ხდება ზოგადსაკაცობრიო და ადამიანთა მოდგმის კეთილგანწყობის კატალიზატორი არსებულზე.

იური ბურლაკოვი გადმოგვცემს დიდი მიხეილის (ჩხვიმლიანის) დაბადებას, განვლილ გზას და საბედისწერო დასასრულსაც. განცვიფრებას იწვევს ამ უცხოტომელის ისეთი სიღრმისეული ხედვა, საქართველოს ერთ-ერთი უაღრესად თავისებური და სპეციფიკური ეთნო კუთხის მიმართ, რომელიც მხოლოდ ცოდნით რომ ვერ მიიღწევა, თუ არ გახდი იქაური, თუ თავდავიწყებით არ შეიყვარე იქაურობა, თუ სიგრძე-სიგანით არ განიცადე და გაიზიარე იქაური ჭირ-ვარამი.

მიხეილის კლდეზე ცოცვის ვირტუოზულებას ნებისმიერი მნახველი მოჰყავდა აღტაცებაში და ყოველივე ამის მხილველ, აღფრთოვანებულ, სიტყვაძუნწ, უმკაცრეს შემფასებელს, ინგლისის დედოფალს უნებურად წარმოათქმევინა, ასევე უკვდავი შეფასება, მიხეილ ხერგიანის კლდეზე ცოცვის ოსტატობაზე "კლდის ვეფხვიო". ასეთი მაგიური დონის ოსტატი იყო მიხეილი, განგაცვიფრებდა, გაგაოგნებდა! სწორედაც, რომ ამ განცვიფრების განცდას უნდა გადმოცემა და ცოცხლად შობა, რომელიც იარსებებს საუკუნოდ. აი, ესაა უკვდავება უკვდავ ადამიანზე, სამარადჟამო არსებობისათვის ნაშობი.

ასე აღვიქვი და გავიგე იური ბურლაკოვის რომანის არსი და ღვაწლი მიხეილ ხერგიანზე, რომანის არქიტექტურა, წიგნი უკვდავ ადამიანზე. გალაკტიონს რომ დავესესხოთ - "თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ". ასეთი სიყვარული შობს უკვდავ ნაწარმოებს უკვდავ ადამიანზე, რომლისთვისაც უცხოა პათეტიკურობა.

მადლობის მეტი რა გვეთქმის იური ბურლაკოვის მისამართით, რომელმაც თავისი ლომის წილი პატივი დასდო ჩვენს საამაყო, უკეთილშობილეს ადამიანსა და ვარსკვლავივით გაელვებულ ფანტასტიკურ ალპინისტს - მიხეილ ხერგიანს!

ყოველივე ამასთან ერთად, იური ბურლაკოვმა დააფუძნა და დაგვიტოვა მიხეილ ხერგიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი მესტიაში, ლაღამის უბანში, (ცნობისათვის - მიხელი დაიბადა მესტიის ლანჩვალის უბანში), სადაც ყმაწვილკაცობის შემდგომი პერიოდი გაატარა მიხეილმა, რომლის მოწესრიგებას იურამ არაერთი წელი შეალია, სადაც პირველი დირექტორიც თვითონ იყო რამდენიმე წელი. ამჟამად, ამ მისიას მიხეილის ძმისშვილი და მოსახელე მიშა ხერგიანი აგრძელებს".

როლანდ ხოჯანაშვილი