"მხატვარი რომ არა, ქირურგი ან მებაღე ვიქნებოდი" - გზაპრესი

"მხატვარი რომ არა, ქირურგი ან მებაღე ვიქნებოდი"

ერთმანეთს სასაუბროდ მხატვრის სახელოსნოში ვხვდებით. უჩვეულო რეალობაა, პირბადეებით ვსხედვართ და მის ინტერესებზე, საქმიანობასა და შემოქმედებაზე ვყვებით. ვათვალიერებ 1 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ნაწილს, რომელიც პანდემიის შედეგია და იქვე იმასაც დავძენ, რომ ეს თემა ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება...

დღეს და გუშინ

მისი დილა ადრიანად იწყება, დაახლოებით 40 წუთს ატარებს ბაღში მცენარეებთან, რწყავს, რგავს, ამრავლებს. მერე ფეხით მიდის სახელოსნოში და ხატვას იწყებს. აქ სახატავად საჭირო ატრიბუტების გარდა, რამდენიმე ნივთის კოლექციას ნახავთ - სხვადასხვა ქვეყანაში ან საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში შეგროვებული ფერადი ქვებისა და ზარების.

გრაფიკოსმა ბოლო ხანს სხვადასხვა ჟანრში იმუშავა: კოლაჟი, აკრილი, შერეული ტექნიკა, ტილო... მის ნახატებზე არა მხოლოდ ფიგურები უნდა ათვალიერო, არამედ ცალკეული სიტყვები და ფრაზებიც იკითხო. ამბობს, ნახატებზე ხშირად ვწერ, პერიოდულად რაღაც-რაღაცებს სულ ვიწერ და მერე ნამუშევრებზე გადამაქვსო. მერე იქვე კედელზე დამაგრებულ ფურცელზე მიწერილ რამდენიმე ფრაზას მიკითხავს: "ღამე უფრო ჩანს", "იჩქარე ნელა", "ძალიან დილა"...

ცოტა ხნით წარსულში ვაბრუნებ და ვეკითხები, თუ როგორ გააკეთა პროფესიული არჩევანი. ბაბუას ახსენებს, ბავშვობაში გურიაში მის გვერდით გატარებული დრო კარგად ახსენდება. სახლების მშენებლობისას ის აივნებსა და სახელურებს ხის მასალით ამკობდა. ხის ორნამენტებს კვეთდა მამაც, თუმცა, ამას თავის პროფესიულ არჩევანს მაინც ვერ უკავშირებს. ბავშვობიდან ყველაზე კარგად რაც გამოსდიოდა, ხატვა იყო და ვახტანგ მეგრელიშვილი ასე ბუნებრივად მივიდა სამხატვრო აკადემიის კარამდეც.

დღეს ბატონი ვახტანგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორია. ძველ და ახალ გრაფიკულ ტექნოლოგიებს ასწავლის. წლების განმავლობაში ბევრი სტუდენტი ჰყავს გაზრდილი. ატარებს მასტერკლასებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, პრინტის ფესტივალის ერთ-ერთი კურატორიც გახლავთ, თუმცა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჩვეული განრიგი თუ გეგმები როგორ დალაგდება, ჯერჯერობით გაურკვეველია.

GzaPress

შთაგონება - პანდემია

ხელოვანებისთვის დამახასიათებელია, დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მიღების მერე, მნიშვნელოვანი მოვლენის მათთვის კომფორტულ სივრცეში ასახვა. ასეა მისთვისაც და არაერთხელ, არა მხოლოდ ცხოვრებისეული მოვლენები, არამედ წიგნი თუ მუსიკა გამხდარა მისი ნახატების ინსპირაციის წყარო. დღეს აფრიკულ მელოდიებს უსმენს და პირველყოფილ ყოფასთან მიახლოებული ბგერებიც სიამოვნებს. ფიქრობს, რომ ეს ხალხი განსაკუთრებით ახლოა ბუნებასთან.

მისი ფუნჯი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასაც გამოეხმაურა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბევრს მუშაობს.

- პანდემია რომ დაიწყო, პირველ ეტაპზე, ისევე როგორც ყველა, მეც ძალიან დაძაბული ვიყავი. სიფრთხილესთან ერთად, გამიჩნდა შიში. ჩემმა ქალიშვილმა 2 ჩაფხუტი მოიტანა, რომელიც მთელ სახეს ფარავს. ერთ-ერთი მე გავიკეთე და უცხო პლანეტაზე ჩასულ, კოსმოსური ხომალდის პერსონაჟი გავხდი. თავზე ჩაფხუტით, ხელებზე ხელთათმანებით აღჭურვილი დავდიოდი ბაზარსა თუ მაღაზიაში. შემდეგ ფილტრიანი ნიღაბი ვიშოვე და ის მეკეთა. შინ შესული დიდხანს ვწმენდდი. მოკლედ, დიდ საქმეში ვიყავი (იღიმის).

ეზოში ბაღი გავაფართოვე. იქ დიდ დროს ვატარებდი. თავდაპირველად ხატვაზე არ ვფიქრობდი, ყოველ საათში ვუსმენდი ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელებისა და სტატისტიკის შესახებ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, სახელოსნოში მივედი, ფუნჯი ხელში ავიღე, წავიდა და წავიდა - ჩაფხუტიანი ტიპები თავისით იხატებოდნენ. ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხატვისთვის ამდენი დრო არასოდეს მქონია. დღემდე ბევრი სხვადასხვა ზომის ნამუშევარი შევქმენი და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ის, რომ ადამიანი თავის სივრცეში ჩაიკეტა, საკუთარ თავთან მარტო დარჩა, დისტანცირება მოხდა სხვა ყოველდღიური საზრუნავისა და საქმისგან, ამან ვეებერთელა შედეგი გამოიღო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლოდ, დიდ აფეთქებებსაც გამოიწვევს მთელ მსოფლიოში.

ჰობი

მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგზაურობას. სადაც დადის, ყველგან ბევრ ფოტოს იღებს. ვახტანგ მეგრელიშვილის თვალით დანახული ესა თუ ის ადგილი, შემდეგ უკვე მის მოლბერტთან იწყებს გრაფიკულ თუ ფერწერულ სიცოცხლეს. შეკითხვაზე, ამჟამად, არჩევნის საშუალება რომ გქონდეთ, პირველი სად წახვიდოდით? მპასუხობს:

- ტიბეტში, სადაც ბევრი ზარის ჟღარუნი და სულიერი ხმებია. დედამიწაზე ყველაფერი სანახავია და ბევრ ქალაქში რამდენჯერმეც რომ იყო ნამყოფი, მაინც არ მოგბეზრდება. ყველგან ვეებერთელა ენერგიით ვიმუხტები. საერთოდ, მოგზაურობა ჩემი ერთ-ერთი ჰობია. მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივართ სხვადასხვა ადგილას. ახლახან დავითგარეჯაში არწივების ბუდეების სანახავად ვიყავით... ძალიან მინდოდა კაპადოკიის ნახვა და მეგობრებს სულ ვეუბნებოდი, გამგზავრება დაგვეგეგმა. შარშანწინ ჩემმა მეგობარმა სტომატოლოგმა ზაზა ხატიაშვილმა ყველაფრის ორგანიზება მოახდინა და სიურპრიზი მომიწყო. ოთხნი წავედით. დავდიოდი ამ საოცარ ადგილას და ვერ ვლაპარაკობდი, მხოლოდ უამრავ ფოტოს ვიღებდი. თბილისში რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, კაპადოკია "დამეხატა", რამდენიმე ნამუშევარი შევქმენი ამ თემაზე.

GzaPress

მხატვარი რომ არა...

- ადრეც და დღესაც ვფიქრობ, მხატვარი რომ არა, კარგი ქირურგი ვიქნებოდი. ჩემს ცხოვრებაში ერთი ეპიზოდი იყო, როცა კლინიკაში ვიწექი და ექიმებს ვთხოვე, ოპერაციაზე დასწრების ნებართვა მოეცათ. ნება დამრთეს, საოპერაციოში შემიყვანეს და დიდი ინტერესით ვუყურე, როგორ ამოკვეთეს ნაღვლის ბუშტიდან კენჭები. ზუსტად არ ვიცი, რისი ექიმი ვიქნებოდი, უბრალოდ, ადამიანების დახმარების მომენტია ძალიან სასიამოვნო და ალბათ ამიტომ მაქვს ეს განცდა... ან ვიქნებოდი მებაღე. თეთრი შურით მშურს ზურა შევარდნაძის. მცენარეებისადმი ჩემი სიყვარული ნამუშევრებზეც ისახება. მიყვარს სადმე ყვავილის ან ნაყოფის ჩახატვა.

ერთ ამბავსაც გავიხსენებ, ესა თუ ის ცხოვრებისეული მოვლენა როგორ შეიძლება აისახოს შემოქმედებაში: 20 წელზე მეტი ხნის წინ, თბილისიდან ბათუმში მგზავრობისას, გაქურდვის მიზნით, მატარებელში ღვინოში "კლოფელინი" ჩამისხეს. დავლიე და გავითიშე. არანორმალურად დიდი დოზა იყო, ძლივს გადავრჩი. კლინიკაში ექიმებმა თქვეს, რომ იმ პერიოდში ეს საკმაოდ ცნობილი გაქურდვის მეთოდი გახლდათ და არაერთი პაციენტი მიუღიათ ასეთივე მდგომარეობაში. ამ ფაქტის შემდეგ, ადამიანების მიმართ ნდობა დავკარგე. მაშინ ნევროპათოლოგმა მირჩია, ის ყველაფერი, რასაც განიცდი, დახატეო და ეს ყველაფერი მართლაც გადავიტანე ფურცელზე. მაშინ ბორბლებზე აწყობილი კომპოზიციების მთელი სერია გავაკეთე და მერე გამოვფინე კიდეც...

საერთოდ, ხშირად ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემი პერსონალური გამოფენები ძირითადად, გერმანიაში იმართება, თუმცა, გამოფენისადმი დიდად არ ვისწრაფვი. არც იმისკენ, თავის ახალ ნამუშევარს მაშინვე "ფეისბუკზე" რომ გამოფენენ ხოლმე. თუმცა ის, რაც ბოლო ერთი წელია შეიქმნა და კიდევ ვხატავ, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა ნახოს. როცა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, თბილისში პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენას გავმართავ.

ანა კალანდაძე