"ვცდილობ შვილებს მივცე ის, რაც მათ ასაკში მე მაკლდა" - გზაპრესი

"ვცდილობ შვილებს მივცე ის, რაც მათ ასაკში მე მაკლდა"

28 წლის ოლგა ხურცია იტალიაში ცხოვრობს და შვილებისგან შორს ყოფნის ტკივილს სოციალურ ქსელში აქტიურობით იკლავს, "ტიკტოკერია". ერთი შეხედვით ხალისიანი და მოკისკისე ოლგას უკან პატარა და მორცხვი გოგო იმალება, რომელსაც ბედმა არცთუ ისე გაუღიმა. მარტოხელა დედა იძულებული გახდა, შვილები ძიძისთვის მიებარებინა და მათთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად უცხო მიწაზე წასულიყო. "არ მინდოდა, ჩემს შვილებს ისეთი ბავშვობა ჰქონოდათ, როგორიც მე და ჩემს დედმამიშვილებს გვქონდა და ამიტომ გავხდი იძულებული, ემიგრაციაში წამოვსულიყავი", - მითხრა საუბრისას. ბევრი შეთავაზების მიუხედავად, პირად ცხოვრებაზე საუბარი დღეს პირველად გადაწყვიტა. "მირჩევნია, ისევ ერთი მხიარული გოგონა დავრჩე ჩემი მაყურებლისთვის", - ამბობს.

- უკვე სამი წელია, ემიგრაციაში ვარ. ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ორი შვილი მყავს გასაზრდელი და მათთვის უკეთესი მომავლის მისაცემად საქართველოში ვერაფერს მოვახერხებდი, დღეში 10 ლარად მუშაობით მხოლოდ მათ გამოკვებას შევძლებდი. რისი შესაძლებლობაც მე არ მქონდა, მინდოდა, ჩემი შვილებისთვის მიმეცა. ვფიქრობდი, წავალ საზღვარგარეთ, ფულს იოლად ვიშოვი და მალე დავბრუნდები-მეთქი. ხომ იცით, როგორც ჩანს ეს საქართველოდან, აქ ჩამოსულს კი სხვა რეალობა გხვდება - უმძიმესი შრომის ფასად გიწევს ოჯახის შენახვა. მე პირდაპირ შევენარცხე მწარე რეალობას, მხოლოდ თვეში ერთხელ, ერთი საათით ვახერხებ სახლიდან გასვლას, ისიც იმისთვის, რომ შვილებს ფული გავუგზავნო.

- დედაც ემიგრანტი გყავთ და თქვენ იცით, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი დედის შვილი. ახლა უკვე ისიც იცით, როგორია იყო ემიგრანტი დედა. რა განსხვავებაა ამ ორ შეგრძნებას შორის და ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- ძალიან რთულია, იყო ემიგრანტი დედის შვილი. იცი, რომ დედა ძალიან მძიმე შრომის სანაცვლოდ, გამომუშავებულ უკანასკნელ "კაპიკებსაც" კი ოჯახში გზავნის, მაგრამ უძლური ხარ, ვერ უმსუბუქებ შრომას. მე დედის გამოგზავნილ ფულზე არასოდეს ვყოფილვარ დამოკიდებული და დღემდე განვიცდი, დედა სახლში რომ გზავნის მთელ თანხას. ასევე რთულია იყო ემიგრანტი დედა და იცხოვრო შვილებისგან შორს იმ შიშით, რა იქნება, როცა დაბრუნდები, ისევ ეყვარები თუ არა შვილებს... ალბათ ეს შიში ყველა ემიგრანტ დედას აქვს. მეშინია და ხშირად ვფიქრობ, ხომ არ მექცევა ეს წასვლა სადარდებლად და ხომ არ დადგება ის დღე, როდესაც საკუთარ თავს ვკითხავ, ღირდა თუ არა ეს ამად?!

- მძიმე ბავშვობა გქონდათ, ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდით და დედას ფიზიკურ შრომაში ხშირად ეხმარებოდით, თქვენთვის საკვები რომ ეყიდა...

- დიახ, ასე იყო. არ მქონდა ახალი ტანსაცმლის ყიდვის ფუფუნება. საკვების საყიდლად ჯართს ვაგროვებდით. ბევრჯერ მრცხვენოდა სკოლაში დახეული ფეხსაცმლით წასვლა და შიმშილიც გამომიცდია, მაგრამ ამაში დედას არ ვადანაშაულებ, ის ყველაფერს აკეთებდა, არანაირ შრომას არ თაკილობდა, რომ ჩვენთვის საჭმელი ეყიდა. ალბათ ეს უნდა გამოგვევლო, რომ დღემდე მოვსულიყავი. ვთვლი, რომ ამან გამაძლიერა კიდეც.

- ყოფილხართ თუ არა სკოლაში ბულინგის მსხვერპლი და მოქმედებს თუ არა ეს ბავშვის ფსიქიკაზე?

- დიახ, ხშირად მაგრძნობინებდნენ, რომ ღარიბი ოჯახიდან ვიყავი და თავიც ხშირად მიგრძნია გარიყულად. ბევრჯერ სკოლაში წასვლაც არ მინდოდა, თავიდან რომ ამეცილებინა ის დაცინვა, რასაც თანატოლებისგან ვიღებდი. არ მქონდა საშუალება, სკოლაში მასწავლებლისთვის საჩუქარი მიმეტანა ან საჩუქრის ფული დამედო, რის გამოც ძალიან მრცხვენოდა. ბავშვის ფსიქიკას ანგრევს ბულინგი, თავს გარიყულად გრძნობ.

- რას ნანობთ და რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- რას ვნანობ?.. იმას, რომ სათანადოდ არ ვისწავლე. დღევანდელი გადასახედიდან, ფეხშიშველსაც უნდა მევლო სკოლაში და უნივერსიტეტშიც უნდა ჩამებარებინა. ვნანობ, უსახსრობის გამო განათლების გარეშე რომ დავრჩი და ადრეულ ასაკში გავთხოვდი. ალბათ, ამას შევცვლიდი, არ გავთხოვდებოდი და ბევრს ვისწავლიდი.

- შესაძლებლობა რომ გაგჩენოდათ და სათანადო განათლება მიგეღოთ, ვინ იქნებოდით დღეს?

- აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი. თუმცა, განათლების მიღება გვიანი არასდროსაა. ვცდილობ განათლება მივიღო ონლაინგაკვეთილებით, ადამიანის ფსიქოლოგიას და მეცნიერებას ვსწავლობ, ონლაინლექციებს ვუსმენ და თან ვმუშაობ. ძალიან მძიმე სამსახური მაქვს და ვცდილობ ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოვასწრო.

- "ტიკ-ტოკში" 70 000-ზე მეტი "გამომწერი" გყავთ. რატომ დაიწყეთ ვიდეოების გადაღება და იყო თუ არა ეს საკუთარი კომპლექსების დამარცხების მცდელობა?

- "ტიკ-ტოკი" დიდი ხანია მაქვს, თუმცა, 7-8 თვეა, რაც აქტიურად ვშრომობ და "გამომწერებიც" მოვიზიდე. კომპლექსების დამარცხების მცდელობაც იყო, რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, რთული სამსახური მაქვს, სახლიდან ვერ გავდივარ, ფსიქოლოგიურად რთულ ავადმყოფთან ვმუშაობ, "ტიკ-ტოკმა" კი ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომცა. "გამომწერები" ყოველთვის ელოდებიან ჩემს ვიდეოებს და ვცდილობ, ხარისხიანი, ჯანსაღი იუმორი მივაწოდო მათ. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ჩემთვის, მათი სიყვარული მეტ სტიმულს მაძლევს და დადებითი ემოციებით მავსებს.

GzaPress

- თუმცა, ბევრი უარყოფითიც მოდის. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ბევრი უარყოფითი კომენტარიცაა, ეს რეალობაა და უნდა გავიაზროთ, ყველას ვერ ეყვარები, ისევე, როგორც შენ არ გიყვარს ყველა. ერთადერთი, რაზეც ვღიზიანდები და რეაქცია მაქვს, ჩემს ოჯახს და შვილებს რომ ეხებიან, ამ დროს მოთმინებას ვკარგავ. როგორ შეიძლება შეეხო ყველაზე წმინდას და დაუნდობლად მოექცე შენთვის სრულიად უცხო ადამიანს?!

- მოაქვს თუ არა ფინანსური შემოსავალი "ტიკ-ტოკს" და თუ გქონიათ საინტერესო შემოთავაზება?

- ფინანსური შემოსავალი იმ შემთხვევაში მოაქვს, თუ ბევრი "გამომწერი" გყავს. თუმცა, ყველაზე ძვირფასი ჩემთვის, ხალხის სიყვარულია.

- საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი როგორი ხართ?

- საკუთარ თავთან დარჩენილი ოლგა ბევრად განსხვავებულია იმ ოლგასგან, რომელსაც მაყურებელი ხედავს და რომელსაც მეგობრები და ახლობლები იცნობენ. საკუთარ თავთან დარჩენილი ერთი მეოცნებე გოგო ვარ, რომელიც შვილების ჩახუტებაზე, პატარა სახლსა და მიწის ნაკვეთზე ოცნებობს; იმ სახლზე, რომელიც არასოდეს მქონია... მარტო რომ ვრჩები, საკუთარ თავში ვიკარგები და ყოველთვის შვილებზე, მათ გვერდით ცხოვრებაზე ვფიქრობ.

- თუ შეძელით თქვენი შვილებისთვის მიგეცათ ის, რაც თავად არ გქონდათ ბავშვობაში?

- ალბათ კი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ ბევრი მაქვს. მინდა კარგი განათლება, საუკეთესო მომავალი მივცე მათ და ამისთვის თავს არ დავზოგავ. როცა მე მათი ასაკის ვიყავი, მაშინ სხვა ცხოვრება იყო, დედას არ შეეძლო საზღვარგარეთ წასვლა და ჩვენი დატოვება, თორემ ზუსტად ვიცი, ისიც ასე მოიქცეოდა.

ფიქრია რობაქიძე