"ყველა არსება მიყვარს, თუნდაც ისინი, რომლებისაც მეშინია" - გზაპრესი

"ყველა არსება მიყვარს, თუნდაც ისინი, რომლებისაც მეშინია"

13 წლის ანა უზნაძის მიერ შესრულებულმა ინოლა გურგულიას სიმღერამ - "შენთან" ერთ დღეში მიიქცია საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება. 19 მარტიდან დღემდე, ანას ნამღერს ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე უკეთ გამეცნო ეს პატარა გოგონა. ჩვენი დიალოგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი და იმედია, მკითხველსაც იგივე შთაბეჭდილება დარჩება...

- მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. მთელი ცხოვრება მუსიკა მესმის. მამაჩემი, ლოტბარი დავით უზნაძე ცნობილი ვოკალური ანსამბლის - "ფესვებისა" და "შვიდკაცას" ხელმძღვანელია. დედა - თამარ ესებუა პროფესიით მომღერალია, თეატრალური აქვს დამთავრებული. მყავს 10 წლის ძმა - ანდრია. მან ახლახან გამოხატა სიმღერისადმი ინტერესი. მანამდე მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში ვმღეროდით. რაც თავი მახსოვს, მამას რეპეტიციები შინ ჰქონდა. სულ იქვე ვიჯექი, ვუსმენდი და ასე უცაბედად შემომესწავლა რაღაცები (იღიმის). მამამ ჩემი ხმა რომ მოისმინა, იფიქრა, რომ შეიძლებოდა განვითარებადი ყოფილიყო და ამრიგად დავიწყე სიმღერა. ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სკოლაში დავდივარ. ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი, 4 წელი დავასრულე. ვინაიდან ფორტეპიანო დიდად არასდროს მიყვარდა, ერთი წლის წინ ვოკალურ ფაკულტეტზე გადასვლა გადავწყვიტე და ახლა იქ ვსწავლობ.

- პირველად როდის გამოაქვეყნე შენი ნამღერი ინტერნეტში? და აქვე გკითხავ, ახალგაზრდობა ძირითადად ინგლისურენოვან სიმღერებს მღერის, რატომ გადაწყვიტე ქართული სიმღერით გადაგედგა პირველი ნაბიჯი?

- 19 მარტს გავავრცელე ინოლა გურგულიას კომპოზიცია - "შენთან". რა თქმა უნდა, ქართულის გარდა, მუსიკის კუთხით ვეხები ინგლისურ, ესპანურს და ფრანგულს, მაგრამ ვინაიდან ქართული ტრადიციული ოჯახიდან ვარ, პირველი და მომდევნო სიმღერებიც მინდოდა ქართული ყოფილიყო. ქართველი კომპოზიტორებიდან განსაკუთრებით მიყვარს ინოლა გურგულია.

- მისი შემოქმედებიდან ეს სიმღერაა შენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, ასე ვიტყოდი, რადგან ინოლა გურგულიას ყველა სიმღერა მიყვარს.

- სიმღერებს გიტარის თანხლებით ასრულებ. როგორც ვიცი, ახლახან დაეუფლე ამ ინსტრუმენტზე დაკვრას...

- დიახ. სახლში ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს. გიტარაზე დაკვრის შესწავლას, სულ მომავლისთვის ვდებდი. პანდემია რომ დაიწყო, გზები ჩაიკეტა და ყველანი შინ ვისხედით, მაგ დროს მამას ვთხოვე აკორდიკა ესწავლებინა. შემდეგ დავიდე წიგნები და ასე, ნელ-ნელა, რამდენიმე თვეში დაკვრა ვისწავლე. ამჟამად სამ ინსტრუმენტზე ვუკრავ: გიტარა, ფორტეპიანო და უკულელე. მომავალში ვფიქრობ, ქართული საკრავები შევისწავლო. შინ საკრავების პატარა კოლექცია გვაქვს, სადაც ნახავთ: ჩონგურს, ფანდურს, ჭუნირს... ასევე მინდა კალიმბაზე დაკვრა შევისწავლო.

- ძალიან კარგი, გამართული ქართულით საუბრობ. სკოლაში როგორ სწავლობ? ლიტერატურა გიყვარს?

- კი, რა თქმა უნდა, ლიტერატურა პატარაობიდან მიყვარს. მაქვს სხვადასხვა ჟანრის კოლექცია და ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ამაზე დედა ზრუნავდა, სულ ყიდულობდა სხვადასხვა წიგნსა და ენციკლოპედიას. ამან გამოიწვია ლექსიკის გამდიდრება და სიტყვათა მარაგი. რაც შეეხება სკოლას, საბუნებისმეტყველო საგნები განსაკუთრებით მიყვარს.

- ამ ეტაპზე რას კითხულობ?

- ჟოზე სარამაგუს "სიბრმავეს". გარდა ამისა, ბოლო ხანს უფროსებისთვის განკუთვნილ კლასიკას ვეხები. ვგულისხმობ სერიას: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

- ისევ მუსიკას მივუბრუნდები, როცა საზოგადოების წინაშე წარდგენა გადაწყვიტე, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჰკითხე აზრი, თუ ეს დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო?

- მთელი ცხოვრება მინდოდა გვერდი შემექმნა, სადაც დავდებდი ქავერებს, ხალხი ნახავს და ჩემს ჭიას გავახარებ-მეთქი. რამდენიმე მეგობრის სურვილი იყო, გადამეღო ვიდეო და ერთ დღესაც, ჩავწერე. ღამის საათები იყო, ამიტომ ვიფიქრე, ვიდეოს ჯერ მამას ვუჩვენებ, აზრს ვკითხავ და მერე ავტვირთავ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. როცა ვიდეო სოციალურ ქსელში განვათავსე, მეორე დილას უკვე "აფეთქებული" იყო ყველაფერი - კომენტარებითა და გაზიარების რაოდენობით (იღიმის). თავდაპირველად სიმღერა სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე დავდე, მოგვიანებით სპეციალურად გავაკეთე ცალკე გვერდი, სადაც ყველა ახალ ვიდეოს ავტვირთავ.

- ალბათ ასეთ აქტიურ გამოხმაურებას არ ელოდი. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება ვისგან მოისმინე?

- კი, ნამდვილად შოკში ვიყავი. მამას ურეკავდნენ მუსიკოსები, კომპოზიტორები, უცებ ძალიან უცხო გარემოში მოვხვდი. ჩემთვის საუკეთესო მრჩევლები მშობლები არიან, თუმცა, ისინი არასდროს მეტყვიან ისეთ კომპლიმენტს, რომ გამახარონ. მამას უნდა მუდმივად განვვითარდე. ამიტომ ვფიქრობ, ქებაც და ჯანსაღი კრიტიკაც ერთნაირად და დოზირებულად უნდა იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მამა ჩემი საუკეთესო მრჩეველია (იღიმის).

- ვინ არიან ის კომპოზიტორები, რომელთა შემოქმედების შესრულებასაც სამომავლოდ აპირებ?

- გეგმაში მაქვს ინოლა გურგულიას ყველა სიმღერა საფუძვლიანად შევისწავლო და მთლიანი რეპერტუარი გავაკეთო. არ დავფიქრებულვარ აქამდე, მაგრამ ახლა თქვენს კითხვას ასე ვუპასუხებ: რეზო ლაღიძის შემოქმედება, ქალაქური ფოლკლორიც მაინტერესებს და ვაპირებ, ხალხური სიმღერაც შევისწავლო.

- მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობის სურვილი თუ გაქვს?

- პროექტები დიდად არასდროს მხიბლავდა, არც კონკურენცია მომწონს, არც სტრესული გარემო და ვფიქრობ, ეს ჩემი მოწოდება არ არის. თან, მომწონს, როცა რამეს დამოუკიდებლად ვაკეთებ, მაგრამ მომავალში არ გამოვრიცხავ, ვნახოთ.

- შენს მოწოდებად რას თვლი? თავს როგორ დაახასიათებ?

- ჰობიზე გავამახვილებ ყურადღებას. ძალიან მიყვარს ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები და მათი შესწავლით ვარ გატაცებული. ორი სახეობის (განუყრელი და ტალღოვანი) 12-მდე თუთიყუში მყავს და ვამრავლებ, სეზონურად ბარტყები მყავს. ასევე 2 ძაღლი, - კურცხალი და პეკინესი. ორნითოლოგიითა და რეპტილოგიით ვარ გატაცებული. ყველა არსება მიყვარს, თუნდაც ისინი, რომლებისაც მეშინია.

- ალბათ ჯერ ნაადრევია პროფესიულ არჩევანზე ვისაუბროთ, თუმცა, რაღაც მიმართულებები მაინც გექნება დასახული...

- დიახ, ძირითადად 3 რამეს განვიხილავ. ძალიან მაინტერსებს ორნითოლოგია და ვეტექიმობაზე ვფიქრობ. შეიძლება მუსიკასაც გავყვე, თუმცა, თუ პროფესიად არ ავირჩიე, მაინც აუცილებლად ყოველთვის ვიმღერებ. მესამე – 6 წლიდან მაინტერესებს ფსიქოლოგია და სიამოვნებით დავეუფლებოდი საფუძვლიანად. ოჯახი არაფერში მბოჭავს, ყველაფერში თავისუფლებას მაძლევენ, რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანი იქნება, ვინ გამოვალ, მაგრამ დედ-მამას უდიდესი თხოვნაა, რა პროფესიაც უნდა ავირჩიო, მუსიკას თავი არ დავანებო და ასეც იქნება.

GzaPress

- დროს როგორ ანაწილებ?

- რა თქმა უნდა, სასკოლო ცხოვრება რთულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დაკავებული ვარ. ჩემი დღის რუტინა რომ აღვწერო, ასეთია: სკოლის შემდეგ შინ ვბრუნდები, ახლახან მათემატიკის წრეზე დავიწყე სიარული, კვირაში ორჯერ ვოკალზე დავდივარ. თავისუფალ დროს სხვადასხვა საქმეში ვხარჯავ: ჩემს ცხოველებს ვუთმობ, ვკითხულობ, ვმღერი, სოციალურ მედიაში სიახლეებს ვეცნობი ან მეგობრებთან ერთად ვარ.

- მას შემდეგ, რაც შენი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ყველაზე უცნაური შეფასება თუ კომპლიმენტი რა წაგიკითხავს?

- მოკლე თმა მაქვს და ძალიან მაცინებს ის ფაქტი, რომ ზოგს ბიჭი ვგონივარ. წერენ: "რა კარგი ბიჭია". ახლა პირველი ეს გამახსენდა (იღიმის).

- ახლაც და სამომავლოდ, ათასნაირი აზრი იქნება და ამისთვისაც მზად უნდა იყო, ხომ ხვდები? ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ვგრძნობ, რომ შენ ამისთვისაც მზად ხარ...

- დიახ, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ხალხს ჩემი სიმღერა მოეწონა და იმ უამრავ კომენტარს შორის რაც ვნახე, კრიტიკული არც ერთი არ ყოფილა. საერთოდ, საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. ზუსტად ვიცი, რა შეცდომებს ვუშვებ და ცოტა ღვარძლიანი კომენტარიც რომ ვნახო, ეს ჩემზე არ იმოქმედებს.

- ანა, რა თვისება მოგწონს შენში და რა - არა?

- ზარმაცი ადამიანი ვარ, თუმცა, სხვადასხვა "დარგში". მაგალითად, არ მიყვარს ოთახის დალაგება. რაც შეეხება დადებით თვისებებს, მომწონს ის, რომ პატარაობიდანვე მიზანდასახული ვარ. არ მახსოვს რამე ჩანაფიქრი მქონოდა და არ ამსრულებოდეს, თუნდაც წლების შემდეგ (იღიმის).

ანა კალანდაძე