"საქართველოს სახე 2021" და "გზის" ფავორიტი
ახლახან, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ორგანიზებით, საქართველოში, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფესტივალი ჩატარდა, რომელზეც ჟიურიმ "საქართველოს სახედ" 10 წლის ნუცა გრიგალაშვილი აირჩია. საქართველოს სახელით, ნუცა ანტალიაში, საერთაშორისო ფესტივალზე - "მსოფლიო სახე 2021" გაემგზავრება.
ფესტივალზე არც ერთი ბავშვი და მოზარდი ნომინაციის გარეშე არ დარჩენილა: გამოვლინდა "მომავალი ფოტომოდელი", "მომავალი მოდელი", "ფეშენ მოდელი", "პრინცი და პრინცესა" და ა.შ. ასევე, ჟიურის წევრებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ფავორიტი დაესახელებინათ. ჟიურის წევრებს შორის ჟურნალ "გზის" წარმომადგენელიც გახლდით და ფავორიტად სწორედ ნუცა გრიგალაშვილი დავასახელე. ფესტივალის სხვა მონაწილეებს შორის, პატარა ნუცა მანამდე შევარჩიე, ვიდრე გამარჯვებულის ვინაობას შევიტყობდი...
ნუცა გრიგალაშვილი:
- ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ჩემი ყველა მეგობარი დაჯილდოვდა. მე ორ ნომინაციაში - "ფეშენ მოდელი" და "საქართველოს სახე 2021" გავიმარჯვე. სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელთან, ქალბატონ ეკა მგალობლიშვილთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალზე გავემგზავრები. ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს?..
- ფესტივალზე ღელავდი? გამარჯვებას ელოდი?
- ცოტათი ვღელავდი, მაგრამ სხვა მონაწილეების მსგავსად, გამარჯვებას მეც ველოდი. ბავშვები ერთმანეთს არ ვეჯიბრებოდით. ისინი ჩემი მეგობრები არიან. ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით.
- როგორ ფიქრობ, ჟიურიმ სწორედ შენ რატომ აგირჩია?
- იმიტომ, რომ "კატრინში" რეპეტიციებს არ ვაცდენ, აქტიურად ვმეცადინეობ მარკუს მეტრეველსა და ნინი გრძელიშვილთან ერთად. უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, რომ საქართველოში "მომავალი ფეშენ მოდელის" ტიტული მიმეღო. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში ვასახელებ. "კატრინის" ბავშვები არაერთი ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულები არიან. მინდა ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოს მეც ვუჩვენო. საერთაშორისო ფესტივალზე, ტალანტის ტურში, ეკა მასწავლებელთან, ანასტასია ბაკურაძესთან, მარიამ ბერძენიშვილთან და ჩემს დედიკოსთან - ნათია ბებიაშვილთან ერთად "ლაზურს" ვიცეკვებ.
- ცეკვაზე დადიხარ?
- კი. სამოდელო სააგენტო "კატრინს" სხვადასხვა წრე აქვს: ვოკალის, ქართული ხალხური და მსოფლიო ხალხთა ცეკვების, თეატრალურის და ჟურნალისტიკის. ცეკვის გარდა, ვმღერი კიდეც - ვერიკო ტურაშვილის და ქეთი ორჯონიკიძის მუსიკალურ სტუდიაში დავდივარ, მაგრამ ახლა მაინც გვინდა, რომ მსოფლიოს ქართული ხალხური ცეკვა ვაჩვენოთ. ეს მე და ეკა მასწავლებელმა გადავწყვიტეთ. ცეკვის ნომერში ანასტასია და მარიამიც "ჩავსვით", რადგან ისინი ფესტივალზე საბავშვო ჟიურის წევრებად მიიწვიეს. თან, ფესტივალის წინა წლების გამარჯვებულები არიან. ეკა მასწავლებელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება. მიხარია, რომ ჩემი ულამაზესი დედიკოც გვერდით მეყოლება. საქართველოში, ფესტივალზე დედიკოს დიზაინით შექმნილი კაბა მეცვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო ფესტივალზე, ჩვენთან ერთად, დედამაც იცეკვოს.
- დედა დიზაინერია?
- არა, ეს მისი ჰობია.
- ნუცა, ყოველდღიურად როგორ იმოსები?
- რადგან "კატრინის" ერთ-ერთი სახე ვარ და ნელ-ნელა საქართველოში მეტი ადამიანი მიცნობს, მალე კი მსოფლიო გამიცნობს, ყოველთვის ვცდილობ, სამაგალითო ვიყო, მოწესრიგებული მქონდეს ვარცხნილობა, ჩაცმულობა... ქალბატონი ეკა გვასწავლის, რომ ქუჩაში, სახლში, საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებულები და გამორჩეულად მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ.
- პროფესია არჩეული გაქვს?
- კი, მოდელობა.
- სააგენტოში როგორ მოხვდი?
- მოდელობა ძალიან მომწონდა. ეს პროფესია ამიტომ ავირჩიე და 2 წლის წინ "კატრინში" მივედი. კასტინგი ჩატარდა. იქაურობა ძალიან მომეწონა. ეკა მასწავლებელმა ამირჩია.
- ალბათ, სკოლაშიც დადიხარ, არა?
- კი, 126-ე სკოლაში დავდივარ. მეოთხე კლასის მოსწავლე ვარ.
- როგორ სწავლობ?
- კარგად. განსაკუთრებულად ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარს.
- სწავლის დისტანციურ რეჟიმს როგორ ეგუებოდი?
- არ მომწონდა, მეგობრებს ვერ ვნახულობდი...
- კიდევ რა გაინტერებს, რამე ჰობი გაქვს?
- სიმღერა, ცეკვა და ხატვა მომწონს.
- ქეთი ორჯონიკიძე და ვერიკო ტურაშვილი რას გეუბნებიან, როგორი მოსწავლე ხარო?
- კარგი. ვერიკო ტურაშვილთან ერთად სიმღერაც - "შენთან ყოფნა მსურს" ჩავწერე. ახლა ქეთისთან ერთად უნდა ჩავწერო.
- ფესტივალზე შენს წარმატებას თანაკლასელები როგორ შეხვდნენ?
- ყველას გაუხარდა. მილოცავდნენ... "კატრინში" მისვლის სურვილი მათაც გამოთქვეს.
- ყველაზე მეტად, ვინ გგულშემატკივრობდა?
- ბებო და დედა. ძალიან ვმეგობრობთ.
- ისინი რას საქმიანობენ?
- დედა არ მუშაობს, უფრო სწორად - ჩემზე მუშაობს (იცინის). ბებოს მცირე ბიზნესი აქვს.
- ახლა საერთაშორისო ფესტივალისთვის როგორ ემზადები?
- ახლა უფრო მეტად ვღელავ. იქ რამდენიმე ტური მაქვს გასავლელი: ტალანტის ტური, სადაც "ლაზურს" ვიცეკვებთ, შემდეგ - როკ-ენ-როლის საღამო... ერთი საღამო ჟიურისთან ინტერვიუს ეთმობა, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართება, ოღონდ - რელიგიური და პოლიტიკური კითხვები აკრძალულია. ასევე გაიმართება: მეგობრობის საღამო, გამწვანების აქცია, საქველმოქმედო საღამო, დიზაინერების "ფეშენ შოუ"... დიზაინერების საღამოზე ეკა მგალობლიშვილის მიერ შექმნილი სამოსი - "ლუსი და ნასტასია კატრინისათვის" მიიწვიეს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ეკა მასწავლებელი "ფეშენ შოუზე" საუკეთესო დიზაინერებს შორის იქნება... შემდეგ ფინალი გაიმართება. დარწმუნებული ვარ, საქართველოში საუკეთესო ნომინაციებით დავბრუნდები!..
ეკატერინე მგალობლიშვილი:
- ფესტივალის თითოეულ სტუმარს და მონაწილეს დიდ მადლობას ვუხდი. როგორც იცით, სხვადასხვა ფესტივალის, სილამაზის და სამოდელო კონკურსის ეროვნული დირექტორი და დამფუძნებელი ვარ, თუმცა ბავშვებს შორის სილამაზისა და სამოდელო კონკურსები ოფიციალური წესით არ ტარდება: ეს არის ფესტივალი, სადაც ყველა პატარა შესაბამისი ნომინაციით, დიპლომითა და გვირგვინით ჯილდოვდება, თუმცა კიდევ, წყნარად, მშვიდად და ლამაზად, განსაკუთრებული სასცენო მონაცემების მქონე ბავშვებს ირჩევენ, რომლებიც უკვე საერთაშორისო ფესტივალებზე მიემგზავრებიან. სანერვიულო არაფერია - ყველაფერს მუშაობა სჭირდება. უკვე 2 წელია, რაც ნუცა "კატრინში" დადის. დადგა დრო, მსოფლიო ფესტივალზე გაემგზავროს, საქართველო ასახელოს და მსოფლიო ფესტივალების წარმომადგენლებმა გაიცნონ!..
ეთო ყორღანაშვილი