იპოვა თუ არა ექიმმა ვანო ონიანმა "დაკარგული სამოთხე" გარდაბანში - გზაპრესი

იპოვა თუ არა ექიმმა ვანო ონიანმა "დაკარგული სამოთხე" გარდაბანში

"ყველა ადამიანი დაკარგული სამოთხის ბედნიერებას ეძებს და ესწრაფვის. ამის პოვნას კი თითოეული თავისებურად და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას ცდილობს. აქედან გამომდინარე, მონასტერში იქნება ეს თუ სხვა გარემოში, ადამიანს ამოძრავებს სურვილი, მცირედით მაინც განიცადოს სამოთხისეული სიხარული. ბუნებისა და სიმშვიდისაკენ ლტოლვა ადამიანის თანდაყოლილი თვისებებია. ბუნებისადმი მისწრაფება სიკეთის, მშვენიერების, სიმშვიდისაკენ მისწრაფებაა", - ეს ფრაზები გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში რიგითი ფერმერისგან მოვისმინე. აღმოჩნდა, რომ წარმოშობით სვანი, თბილისიდან გარდაბანში გადასული ვანო ონიანისთვის, რომელიც ღორებს, ძროხებს, ცხვრებს, ცხენებს, 5 ჰექტარზე გაშენებულ მაყვალსა და მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურში მოყვანილ მარწყვს უვლის, ფერმერობა მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობა და ბიზნესი არ არის. რა გავლენა მოახდინა წარმატებულ მეწარმეზე საქართველოს უახლესი ისტორიის პერიპეტიებმა, რატომ შეაჩერა არჩევანი ფერმერულ საქმიანობაზე და იპოვა თუ არა "დაკარგული სამოთხე" საფერმო მეურნეობაში, ამას მისივე გულწრფელი ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ბატონო ვანო, ფერმერული საქმიანობა მებოცვრეობით დაიწყეთ. რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს მიმართულება?

- როცა მე ვიწყებდი, მაშინ ბოცვრები თითქმის არავის ჰყავდა. ფერმის გაქირავების მიზნით განცხადება გავავრცელე. რატომღაც, ასე დავწერე - გამოსადეგია როგორც მეფრინველეობის, ისე მებოცვრეობისთვის-მეთქი, რადგან ოჯახისთვის მხოლოდ ბოცვერი მყავდა. ერთი ფერმერი დაინტერესდა, რომელსაც იმ პერიოდში ყვარლის რაიონში ყველაზე ბევრი ბოცვერი ჰყავდა. რეალიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით სურდა, ფერმა ქალაქთან ახლოს ჰქონოდა და საქმის საზიაროდ დაწყება შემომთავაზა. ტერიტორია, ფაქტობრივად, გავავსეთ. თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ მალე დაავადება გაჩნდა და ბოცვრების უდიდესი ნაწილი დაიხოცა. ამ ადამიანმა ფერმა დატოვა. დავრჩი გადარჩენილი ბოცვრების მცირე რაოდენობითა და ბევრი ვალით. უკან დახევას ისევ გარისკვა ვამჯობინე და საქმეში კვლავ აქტიურად ჩავები. გოლიათი ჯიშები მყავდა, რაც მაშინ იშვიათობა იყო.

- ბოცვრებიდან მსხვილფეხა პირუტყვზე გადასვლა რამ განაპირობა?

- ფეხი მოვიტეხე, მოძრაობა არ შემეძლო. დამხმარეც არავინ მყავდა. მაშინ ჩემი უმცროსი შვილი, გიო 12 წლის იყო. იმ პერიოდში ბოცვრებს ის უვლიდა. მალე დამირეკეს და ცხოველების გალიებიანად გაყიდვა შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი, რადგან ზოგადად, სიახლეებისკენ ვისწრაფვი და ახალი საქმის დაწყებაც მსურდა. ამჟამად ღორები, ძროხები, თხები და ცხენები მყავს. ბოლო დროის ტენდენციის მიხედვით, მოთხოვნა ცხიმის ნაკლებად შემცველ ხორცზეა. შესაბამისად, ძირითადად, ბეკონის ჯიშის ღორებს ვამრავლებ.

GzaPress

- გარდა მსხვილფეხა საქონლისა, ჩართული ხართ კენკროვანი კულტურების მოყვანის პროცესშიც...

- მამა კომუნისტური რეჟიმის დროს მარტყოფში მუშაობდა. აქ სამოყვარულო ფერმერული მეურნეობა ჰქონდა და იმ დროიდან ვცდილობდით მის შენარჩუნებას. სტუდენტი ვიყავი, როცა ისრაელიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, კარგი იქნებოდა, თუ საქართველოშიც მოხერხდებოდა სათემო მეურნეობების შექმნაო. გულისხმობდა ისრაელში არსებული ე.წ. კიბუცების ტიპის სათემო მეურნეობებს. მაშინ ვუთხარი, მეურნეობა მაქვს და ვეცდები განვავითარო-მეთქი. 2008 წლის ომმა რაღაცები გადააფასა. სწორედ ომის შემდეგ გადავწყვიტე ამ საქმეში აქტიურად ჩავრთულიყავი. ცარიელი ტერიტორია მქონდა და მეგობრებმა მაყვლის გაშენება მირჩიეს. შენდება სათბურიც, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიაზე იმუშავებს და იქ მარწყვს მოვიყვანთ. სახელმწიფო ჩართულობით 20% დაფინანსდა, 80%-ზე კი კერძო ფინანსები დაიხარჯა. მიხარია, რომ კარგად აღმოცენდა, კარგ მოსავალს ველოდებით, თუმცა, მაფიქრებს რეალიზების პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით მებაღეებს მხარდაჭერა აღმოუჩინა, კენკროვანი ბაღები ბევრმა გააშენა. შესაბამისად, გაიზარდა პროდუქციის რაოდენობა, რაც უკვე ჭარბია ადგილობრივი ბაზრისთვის. პირობის მიხედვით, ექსპორტირება უნდა მომხდარიყო, თუმცა, ამის მოლოდინი აღარ არის.

- შეფერხება პანდემიასთანაა დაკავშირებული?

- პანდემია არაფერ შუაშია, ტვირთების მიმოსვლა არასოდეს გაჩერებულა. თუკი თავიდან კილოგრამი მაყვლის ღირებულება შვიდი ლარი იყო, ახლა, როცა უკვე ბაზარზე ჭარბი პროდუქცია, კილოგრამის ღირებულება ორ ლარზე ჩამოვიდა. უამრავმა მებაღემ ბაღი უკვე გაყიდა. ნერგები შარშან დავრგეთ. წელს 3-4 ტონას ველოდებით, მომავალ წელს 10-15 ტონის გათვლა გვაქვს, შემდეგ კი უკვე 50 ტონას ავიღებთ. ამ რაოდენობას, საქართველოს ბაზარი, ბუნებრივია, ვერ აითვისებს. მაშინ გადამუშავებაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ცალკე ბიზნესია და დამოუკიდებლად მიდგომას გულისხმობს.

- სათბურში მარწყვის მოყვანა რატომ გადაწყვიტეთ?

- მარწყვი ბევრად მოთხოვნადია, ვიდრე მაყვალი. ამჟამად კილოგრამის ღირებულება რვა ლარია. გარდა ამისა, მარწყვის მოკრეფა უფრო ადვილია, მასაც მეტი აქვს და ერთეულ ტერიტორიაზე, მაყვალთან შედარებით, მეტი შეგიძლია მოიყვანო. მაყვალი საკრეფადაც რთულია. მუშახელის გამო თვითღირებულება ერთი ლარით იზრდება. თანაც, უფრო ფაქიზია და სწრაფად რეალიზებას მოითხოვს. მცირე ხნით მაინც რომ შეინახო, ამისთვის სამაცივრე მეურნეობაა საჭირო, ამ მხრივ უკვე ჩიხში ვართ.

- ფერმერულ მეურნეობაში ოჯახის წევრებიც ჩართული არიან?

- მეუღლე მასწავლებელია. უფროსი ვაჟი, ოთო ჩინეთიდან ახლახან პანდემიის გამო დაბრუნდა. თავდაპირველად იქ საბავშვო ბაღში, მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი წამყვან მასწავლებლად სკოლაში აღმოჩნდა. უმცროსი ვაჟი, გიორგი აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას შეისწავლის. ყველაზე მეტად ამ საქმეში სწორედ მე და გიორგი ვართ ჩართული.

- პროფესიით ექიმი ფერმერი როგორ გახდით?

- ჩემი წარსული, პროფესია და კონკრეტული მისწრაფება-გამოცდილებები ნამდვილადაა დაკავშირებული დღევანდელ საქმიანობასთან. სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე 1988 წელს ჩავირიცხე. სამოქალაქო ომის დროს მე-9 საავადმყოფოში ექთანად ვმუშაობდი. ომის მთელმა სიმძიმემ ჩვენ თვალწინ ჩაიარა. დასახიჩრებული და ნარკომანიით განადგურებული ადამიანები, თავდასხმები, გაუკაცრიელებული, მედიკამენტებისაგან დაცლილი, ჩაბნელებული სამედიცინო დაწესებულებები - ამ დროს მუშაობა, მართლაც, ომში ყოფნის ტოლფასი იყო. მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული ყოველგვარი ხარჯი, მათ შორის, ექიმის გასამრჯელოც, პაციენტის დასაფარი იყო. 1994 წელს, როცა ინსტიტუტი დავამთავრე, კლინიკებში ელემენტარული პრეპარატებიც კი არ იყო. სამაგიეროდ, სამედიცინო დაწესებულებები განუსაზღვრელი რაოდენობის ნარკოტიკით მარაგდებოდა. ეს ბინძური პროექტის ნაწილი გახლდათ. კლინიკებიდან ნარკოტიკის გადინება ადვილად ხდებოდა იმ ახალგაზრდებში, ვინც მაშინ წმინდა პატრიოტული სულისკვეთებით სამხედრო ფორმირებებში იყვნენ გაწევრებული. მაშინ გაჩნდა საქართველოში მასობრივი ნარკომანია, რომელიც დღემდე სხვადასხვა ფორმით გრძელდება. თავდაპირველად სანიტრად, შემდეგ ექთანად და უფრო გვიან - რეანიმატოლოგად ვიმუშავე. რომ დავოჯახდი, საექიმო საქმიანობა შევწყვიტე და იმდროინდელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე დავინიშნე.

- 9 აპრილის მონაწილე ხართ. თქვენი შეფასებით, თუ შეცვალა რამე ამ დღემ ქართველების და პირადად თქვენს ცნობიერებაში?

- ვფიქრობ, ცხრა აპრილმა საზოგადოებაში დიდი ფერისცვალება შემოიტანა. მართალია, მოგვიანებით ამ პროცესმა სამოქალაქო ომის სახით მახინჯი ფორმები შეიძინა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ერის სულიერი გამოღვიძება მაშინ დაიწყო. საზოგადოებაში რელიგიური მარცვალი გაღვივდა, სასულიერო პირებმა ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩენა დაიწყეს. პირადად ჩემი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისადაც 9 აპრილის შემდგომი პერიოდი იქცა. აქციებში ვმონაწილეობდი. მოგეხსენებათ, მიტინგები სამ ადგილას - რუსთაველზე, სამედიცინო ინსტიტუტსა და ტელევიზიასთან იმართებოდა. მე ინსტიტუტთან ვიყავი. სამივე ტერიტორია დაარბიეს, თუმცა, სასწავლებელთან გამართულ აქციაზე მონაწილეები, შედარებით მსუბუქად დაშავდნენ. მოგვიანებით სამედიცინო ინსტიტუტში დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი მობრძანდა და ლექცია-ქადაგების ფორმით გვესაუბრა. ამ საუბარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მალე დავითგარეჯას მიმდებარედ სამხედრო პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით გამოსვლები დაიწყო. პროცესში აქტიურად ჩავებით სტუდენტები. ტაძრები მიწით იყო ამოვსებული და ჩვენ გამწმენდ სამუშაოებშიც აქტიურად ვერთვებოდით. პირველად მაშინ ვნახე და პირადად გავესაუბრე სასულიერო პირებს. მალე სამსახური მივატოვე და მონასტერში წავედი. უკვე შვილი მყავდა, გიორგი. რამდენიმე ფაქტორის გავლენით, საბოლოოდ, კვლავ ერში აღმოვჩნდი. მონასტრის შემდეგ უფალმა მეორე შვილი, ოთო მაჩუქა.

GzaPress

- შეხვედრიხართ მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანს, აღმსარებელ-სალოს მამა გაბრიელსაც...

- დიახ, მასთან შეხვედრა რამდენჯერმე მომიხდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრება, რაც ცხოვრებაში მინახავს. მახსოვს, მითხრა, ამპარტავანი ხარო. მეუბნებოდა, დარჩი ჩემთან, არ გინდა სასუფეველში იყოო?! თუ ბერობა გადაწყვიტე, იცოდე, უკვე ბერი ხარო.

- მონასტრიდან დაბრუნებულმა სასულიერო სემინარიაში ჩააბარეთ... ეს მონასტრის დატოვებისგან გამოწვეული "შიმშილის" დათრგუნვის მცდელობა ხომ არ იყო?

- ასე იყო, თუმცა, თეთრი სამღვდელოების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასოდეს მქონია. საბოლოოდ, ჩემს კითხვებზე ეს პასუხი მივიღე - უფალი ყველგან გაკურთხებს, სადაც ღვთისნიერად ცხოვრებასა და უფლის მცნებების შესრულებას შეძლებ. გარკვეული პერიოდი "მიხაილოვის" საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ვმუშაობდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი მისწრაფება და სამუშაო დავტოვე. თავის დროზე ძალიან მაინტერესებდა ფსიქიატრია, ნევროპათოლოგია. მაგრამ მას შემდეგ, რაც რელიგიური გავხდი, ჩემთვის საინტერესო კითხვებზე ისეთი პასუხები მივიღე, ფსიქიატრია სრულიად უმნიშვნელო გახდა. ფსიქიატრია სულის ექიმობაა. სულის მკურნალობა კი კარგი ფსიქოთერაპიის გარდა, ეკლესიაში ხდება. უფლის ძალა და მადლი ჩვენს ფსიქიკაზე უნებურად მოქმედებს. ეკლესია სამკურნალო სახლია.

- თქვენი ფერმაში განმარტოება, გარკვეულწილად, ასკეტიზმისადმი თქვენს მისწრაფებას ხომ არ უკავშირდება?

- მოდი, ასე გიპასუხებთ: ყველა ადამიანი დაკარგული სამოთხის ბედნიერებას ეძებს და ესწრაფვის. ამის პოვნას კი თითოეული თავისებურად და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას ცდილობს. აქედან გამომდინარე, მონასტერში იქნება ეს თუ სხვა გარემოში, ადამიანს ამოძრავებს სურვილი, მცირედით მაინც განიცადოს სამოთხისეული სიხარული. ბუნებისა და სიმშვიდისაკენ ლტოლვა ადამიანის თანდაყოლილი თვისებებია. ბუნებისადმი მისწრაფება სიკეთის, მშვენიერების, სიმშვიდისაკენ მისწრაფებაა. ამიტომაა, რომ ვისაც უშუალოდ მიწასთან შეხება არ აქვს, ყვავილს ქოთანში უვლის. გაგიკვირდებათ და, ნარკომანიაც დაკარგული ბედნიერების ძიების სახესხვაობაა, მხოლოდ, ეს უკვე მაცდურისაგან შემოთავაზებული გამოსავალია.

შორენა ლაბაძე