თელაველი მხატვრის კომფორტის ზონა
ძველი ნივთები ახალ სიცოცხლეს იწყებს, თანამედროვე კი სხვადასხვა ფერით, ფიგურითა და ორნამენტით ირთვება. ფიქრობს, რომ როგორც მხატვარმა, ყველა ჟანრში და ყველა მიმართულებით უნდა სცადოს თავისი ძალები, უკვე წლებია, ასე იქცევა და სწორედ ამიტომაა მარი ლევაშენკოს შემოქმედება ასეთი მრავალფეროვანი.
- ბავშვობიდან მახსოვს, რომ შინ გვქონდა რეპროდუქციები, მხატვრების ალბომები, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვათვალიერებდი. მართალია, ჩემს ოჯახში მხატვარი არავინ ყოფილა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ყველა იყო ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული. ხატვა 2 წლიდან დავიწყე და მას შემდეგ არც გავჩერებულვარ. სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით დავამთავრე. მამა - თამაზ ლევაშენკო ხელოვნებაში დიდად გარკვეული არ ყოფილა, მაგრამ მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. მეუბნებოდა, მოვა დრო და საქმეში შენს სიტყვას აუცილებლად იტყვიო. შეიძლება სახელგანთქმული მხატვარი არა ვარ, არც მაქვს ამის ამბიცია, მაგრამ ის მსიამოვნებს, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. რაც შეეხება დედას - ნათელა მწითლავიშვილი მუსიკის მასწავლებელია. პარალელურად კარგად ხატავს, ქარგავს, ქსოვს, თუმცა არ განავითარა თავისი უნარ-ჩვევები. ვფიქრობ, არც სათანადოდ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. რაც თავი მახსოვს, სულ სხვადასხვა ნივთს აკეთებდა და ყველას ჩუქნიდა. დედამ მაქსიმალურად შემიწყო ხელი, რომ თელავში სამხატვრო სკოლა დამემთავრებინა და შემდეგ აკადემიაში ჩამებარებინა. იმ პერიოდში ჩემს კლასელთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა, სწავლას ვამთავრებდი, როცა დაოჯახება და საბერძნეთში გამგზავრება გადავწყვიტეთ. იქ დიდი ხნით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 2 წელიწადში უკან დავბრუნდით და თელავში დავსახლდით. 9 წლის შემდეგ შეგვეძინა შვილი. ახლა იოანე 3 წლისაა.
- თქვენ არა მხოლოდ ნახატებს ასრულებთ, არამედ სხვადასხვა ნივთზეც ხატავთ...
- დიახ. ბისერებით მაქვს მოქარგული ჩანთები, ბოთლები და ღვინის ბოცები კი მოხატული, რომლებიც შემდეგ სანათებად ვაქციე, ასევე - ძველი ხის სკივრები, ყუთები, ავეჯი. ბევრ რამეს მზის სხივიც არ უნახავს. ზოგი დაწყებული მაქვს და ვეღარ ვასრულებ, რადგან თელავში შესაბამისი მასალები არ იყიდება, თბილისში ჩასვლას კი ხშირად ვერ ვახერხებ. ძველი ნივთებისადმი არ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც ბევრს, თითქოს ასეთ ნივთებს პატრონის აურა დაჰყვება, ამიტომ ყოველთვის, როცა რამეს ვნახავ, მინდა, თან წამოვიღო და ახალი სიცოცხლე შევძინო. ერთხელ, პაპაჩემის ხელსაწყოების ჩასალაგებელი ყუთი, რომელიც ჭიებისგან იყო შეჭმული, განვაახლე და მოვხატე. ახლა იქ საღებავს ვინახავ, ვიზუალურად ძალიან ლამაზია. ჩემოდნები და სკივრებიც მაქვს მოხატული. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დიდ ბებიას უკრაინიდან ჰქონდა ჩამოტანილი. უამრავი ფენა საღებავი ჰქონდა წასმული, ძლივს მოვაშორე, განვაახლე და მოვხატე. ასეთ ნივთებს ძირითადად, ახლობლები მითმობენ, მხოლოდ ერთი-ორი მაქვს ნაყიდი. ერთხელ დედამ ძველი მაგიდა მიყიდა და მოვხატე. ასევე შევიძინე წიგნების კარადა, რომელიც ჭურჭლის შესანახ კარადად გადავაკეთე და შინ მაქვს.
- უკრაინული წარმომავლობის გვარი გაქვთ. როგორ მოხვდნენ თქვენი წინაპრები კახეთში?
- საქართველოში პაპის პაპა ჩამოვიდა. სამხედრო იყო. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ დიდად საამაყო ადამიანი არ ყოფილა. მართალია, დაბადებისას მე და ჩემი და ლევაშენკოებად დაგვწერეს, მაგრამ 90-იან წლებში ოჯახის წევრებს, ძირითადად მამიდას, სამსახურში პრობლემა შეექმნა. მათაც და ჩვენც გვარი გადაგვიკეთეს და ოთარაშვილები გავხდით. სკოლა და სამხატვრო აკადემია დამთავრებული მაქვს, როგორც მარი ოთარაშვილს. 30 წლამდე ამ გვარს ვატარებდი. ჩემი და იურისტია და დღემდე ოთარაშვილია. მასაც უნდოდა გვარის დაბრუნება, მაგრამ თავისი პროფესიით უკვე იცნობენ და ახლა რთულია. მე მქონდა ამის საშუალება და დავიბრუნე. რეალურად, ლევაშენკოც კი არა, ლევჩენკოები ვყოფილვართ, მაგრამ არასაკმარისი საბუთების გამო, ამ გვარის აღდგენა ვერ მოხერხდა. მამაჩემი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მართალია, მთელი ცხოვრება ოთარაშვილი იყო, მაგრამ ანდერძად დატოვა, საფლავის ქვაზე ჩემი ნამდვილი გვარი დამაწერეთო, რაც შევუსრულეთ კიდეც.
- რამდენად არის შესაძლებელი, თელავში თქვენი ნამუშევრები სხვადასხვა გამოფენასა თუ ღონისძიებაზე გამოფინოთ?
- ახლახან თელავში გაიხსნა გალერეა "სხივი", სადაც ჩემი რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი. მისი მფლობელი, იქაური გარემო მომეწონა და ნამუშევრების გადაცემაზე სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტობის დროს ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში მქონდა გამოფენა. ერთხელ აღდგომასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზეც გავიტანე ნამუშევრები, მაგრამ შემდეგ ვთქვი, რომ ამას აღარ ვიზამ. არა იმიტომ, რომ თელავში გამოფენის გამართვას არ ვკადრულობ, უბრალოდ, ჩემი აზრით, აქ საზოგადოების ინტერესი ამ სფეროს მიმართ ნაკლებია, მეგობრებმა და ნათესავებმა კი ისედაც იციან, რას ვაკეთებ. პანდემიის პერიოდში და მანამდეც, რამდენიმე ახლობელმა სასტუმრო გახსნა და ჩემი ნახატები, სანათები შეიძინა. იყვნენ ისეთებიც, ვინც კახური თემატიკის ნივთებს ეძებდა, მაგრამ მე ასეთ თემებზე არ ვმუშაობ.
- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თქვენს ნამუშევრებს რომ გადახედო, ვერ იტყვი, რომ მათი "წარმომავლობა არის კახეთი". ვაზის, ყურძნისა და მსგავსი თემატიკის ფიგურებს ვგულისხმობ, რითაც მასობრივად გამოირჩევა ამ კუთხეში შექმნილი ნივთები. ამას სპეციალურად გაურბიხართ თუ უბრალოდ არ გსურთ, იყოთ ბანალური?
- სპეციალურად არ გავურბივარ, უბრალოდ მგონია, ეს უკვე კლიშეა და არ მინდა, მეც მივყვე. თელავში მოქმედი მხატვრების უმეტესობა ტრადიციულად ხატავს ერეკლე მეფის ძეგლს. მას დიდ პატივს ვცემ, როგორც მეფეს, მაგრამ კატეგორიულად არ ვხატავ: უკვე მილიონჯერ დაიხატა და არ არის აუცილებელი, ეს კიდევ მოხდეს (იღიმის). უზომოდ მიყვარს კახეთი, თელავი, თორემ აქ არ ვიცხოვრებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ მსგავს თემებზე უნდა ვხატო.
- მგონი, ბოლო დროს ფერწერაზე უფრო ხართ გადართული...
- დიახ, ასეა, ვხატავ, რადგან ძველი ნივთების მოპოვება ძალიან ჭირს. არადა, ვიცი, თუნდაც თელავის მიდამოებში, ოჯახებში უნიკალური ნივთები აქვთ. რომ გაიგებენ, მოხატვას ვუპირებ, ისე არავინ დათმობს და შეძენა კი ნამდვილად ძვირი ჯდება. შინ ბევრი ასეთი განახლებული ნივთი მაქვს, ვეღარ ვატევ. არაერთხელ მქონია საბჭოთა ავეჯის განახლების შეკვეთა და ამას სიამოვნებით ვასრულებ. სხვათა შორის, არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი ნახატი გავყიდე, ვიდრე ოდესმე.
- აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო თემაც გაჩნდა თქვენს ნამუშევრებში...
- საერთოდ, ნამუშევრებს სეზონური მოვლენებისა და მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით ვხატავ. ახალი წელი, ზამთარი, გაზაფხულის დადგომა - ეს ყველაფერი ჩემს ნამუშევრებში აისახება. ვგიჟდები ახალ წელსა და ზამთარზე. ძალიან ბევრი თვლის, რომ ამ სეზონს ყველაზე კარგად ვხატავ. მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რაც გიყვარს, შეიძლება ის ყველაზე კარგად გამოგდიოდეს.
- ანუ "ზამთრის მხატვარს" გეძახიან...
- კი, ეს ბევრმა აღნიშნა (იღიმის). არ ვფიქრობ, რომ კომერციული მხატვარი ვარ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ხალხს "დავუმუღამე", რომ ნამუშევრებს მოახლოებული დღესასწაულების ან სეზონების მიხედვით ყიდულობენ. მეც ვცდილობ, არსებული დროის შესაფერისი ნამუშევარი ყოველთვის მქონდეს. რასაკვირველია, თემის შესაბამისი განწყობა მაქვს, თორემ სხვაგვარად ვერ დავხატავ.
- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულები რომელია?
- უზომოდ მიყვარს ახალი წელი. სანამ ჩემი შვილი გაჩნდებოდა, ეს ჩემი დაბადების დღე იყო - 3 დეკემბერი (იღიმის). ახლა კი 24 მაისია - ჩემი შვილის დაბადების დღე.
- როგორია თქვენი ერთი დღე?
- მთელი დღე შინ ვარ და ვხატავ. არასდროს მიქმნის ეს დისკომფორტს, რადგან მხატვარი ვარ და ვთვლი, რომ ჩემი სამუშაო ეს არის. რთულად აღსაზრდელი შვილი არ მყავს და მასთან ერთადაც ვახერხებ მუშაობას. ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა შარშან ბოთლები მქონდა მოსახატი. საკმაოდ ბევრი იყო - დაახლოებით 200, რომელიც 2 თვის განმავლობაში მოვხატე. კალთაში ბავშვი მეჯდა და ისე ვმუშაობდი. დაძაბულობისა და დაღლილობისგან ხელები მიბუჟდებოდა, მაგრამ კარგი გამოცდილება დავაგროვე. ჩემი საქმე მიყვარს. სხვა სამსახური არასდროს მქონია და არც მიძებნია. დედაჩემს ყოველთვის უნდოდა, სამხატვრო სკოლაში ან სადმე სახელმწიფო დაწესებულებაში მემუშავა, მაგრამ მე ამის სურვილი არა მაქვს, არ შემიძლია. რამდენიმე მოსწავლე მყავდა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ არც პედაგოგობაა ჩემი საქმე. საერთოდ, რთული ხასიათი მაქვს და ყველანაირად ვერიდები ასეთ რაღაცებს (იღიმის).
- არა მგონია, ეს რთული ხასიათის გამოვლინება იყოს, უბრალოდ, იმდენად კომფორტულად გრძნობთ თავს თქვენს სამყაროში, სადაც დროს თავად ანაწილებთ და თავისუფლების განცდა გაქვთ, რომ არ გინდათ ყოველდღიურ რუტინულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი... წარმატებას გისურვებთ!..
- გმადლობთ!
ანა კალანდაძე