ცხოვრება ნაჩუქარი სიცოცხლით - გზაპრესი

ცხოვრება ნაჩუქარი სიცოცხლით

გიორგი ხვედელიძისთვის შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, უნდა მოინდომო და თუ მოინდომებ, შესაბამის ძალასა და უნარსაც გამონახავ მიზნის მისაღწევადო, - აღნიშნა საუბრისას. გიორგი პარაფეხბურთელია, ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობით არის დაკავებული. 50 წლისაა, ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. წარმოშობით ჭიათურიდან ვარ. მშობლები დღესაც ჭიათურაში ცხოვრობენ. რუსულ ჯარში ვმსახურობდი, სვერდლოვსკში, შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, 6 თვეში კი ისევ სვერდლოვსკში წავედი, რაღაც საქმის წამოწყება მინდოდა. სწორედ იქ მოხდა შემთხვევა, რომელმაც 20 წლის ასაკში მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, - მატარებლიდან ჩამოვვარდი და ფეხზე გადამიარა. კონკრეტულად რა და როგორ მოხდა, არ მახსოვს, შოკი მქონდა. იქაურმა ექიმებმა დიდი როლი შეასრულეს ჩემს გადარჩენაში. 2 კვირა გონზე არ მოვსულვარ. 5 ლიტრამდე სისხლი გადამისხეს. რომ გავიღვიძე, მარჯვენა ფეხი მოკვეთილი მქონდა. დავბრუნდი ქუთაისში და იქ გავიარე რეაბილიტაციის კურსი, თუმცა მაშინ არავის ეცალა ჩვენთვის, შშმ პირებისთვის: აფხაზეთის ომი, გაჭირვება, არც შუქი, არც წყალი, არც გაზი...

- 20 წლის ასაკში განსაკუთრებით რთულია შეეგუო ასეთ მდგომარეობას. როგორ გაუმკლავდით პრობლემებს?

- 6 თვე დამჭირდა, რომ გადამელახა ფსიქოლოგიური პრობლემები. 6 თვე ეზოშიც კი არ ჩავსულვარ, არ ვიცი, რისი მრცხვენოდა, ფანჯრიდან ვუყურებდი მეზობლებს და ჩასვლას ვერ ვბედავდი. რთული პერიოდის გადალახვაში ძალიან დამეხმარნენ მშობლები და ოჯახის წევრები. ის კი არა, მალე სხვებსაც ვეხმარებოდი დეპრესიის დაძლევაში. წლების წინ ერთი ახალგაზრდა გოგო გავიცანი საპროთეზოში. საერთოდ არავის სცემდა ხმას. მშობლები და ბიძა ახლდნენ. მე დაველაპარაკები-მეთქი, ვთხოვე მათ. - პასუხს მაინც არ გაგცემსო, - მითხრეს. მაინც ვცდი-მეთქი და გამომივიდა: 5 წუთში იმ გოგომ მისამართიც მომცა. ისიც ჭიათურელი აღმოჩნდა. რამდენჯერმე ვესტუმრე. დედამისმა მითხრა, - შენ რომ მოდიხარ, სულ კარგ ხასიათზეა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო? - სამსახური დააწყებინეთ-მეთქი, ვურჩიე. მართლაც, ერთ-ერთ ასოციაციაში დაიწყო მუშაობა. გათხოვდა კიდეც და ორი შვილი ჰყავს. მე ფეხბურთელი ვარ, მყავს გუნდი, დიდებისაც და პატარებისაც. როდესაც სხვადასხვა ქალაქში დავდიოდი მოთამაშეების შესაკრებად, ზუგდიდში ერთ მისამართზე მივედი. ჩემს მეგობრებს არც კი დაელაპარაკნენ, მაგრამ მე მომისმინეს. ადვილად შევდივარ კონტაქტში, მათნაირი რომ ვარ, ჩემსას უფრო იჯერებენ და მენდობიან.

დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო ელექტრონიკის განხრით, მერე - საბუღალტრო-ეკონომიკური. ამასობაში დავქორწინდი, 1995 წელს. გვყავს 2 შვილი - უფროსი გოგონა გერმანიაში სწავლობს, ბიჭი 19 წლისაა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

GzaPress

ნანი მარგველაშვილი, მეუღლე:

- 17 წლისა გავთხოვდი. ჩვენი შეხვედრა ალბათ ბედისწერა იყო. ჩემი და ჰყავს ცოლად მის ნათესავს და მათი საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. გაცნობიდან მალევე, დაახლოებით 2 თვეში გავყევი. ბევრს უკვირდა ჩემი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე არ შემშინებია, ძალიან რისკიანი და მებრძოლი ვარ, დაბრკოლებები არ მაშინებს.

- გიორგი, სპორტით, კონკრეტულად ფეხბურთით წლების წინ დაინტერესდით. ალბათ ესეც დაგეხმარათ, გამკლავებოდით სიძნელეებს, არა?

- ფეხბურთს ხომ არ ითამაშებო, რომ შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ბავშვობიდან ძალიან მოძრავი ვიყავი - ვთამაშობდი ფეხბურთს, ხელბურთს, ვჭიდაობდი კიდეც. ჩამოვაყალიბეთ გუნდი ქუთაისში და მახსოვს, პირველად ზესტაფონის გუნდს შევხვდით, 1998 წელს. მაშინ თბილისსაც ჰყავდა თავისი გუნდი. მერე ისე მოხდა, რომ ნაკრებიც ჩამოაყალიბეს და ინგლისში წაიყვანეს სათამაშოდ. მაშინ არ ვიყავი იმ ნაკრებში. ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, 2010 წელს, ერთი შშმ პირის ინიციატივით გუნდის ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ. მალე შევკრიბეთ ხალხი. პარაფეხბურთში მეკარეს აუცილებლად ზედა კიდური უნდა ჰქონდეს ამპუტირებული, მოთამაშეს - ქვედა. მოკლედ, ბევრ ქალაქში ჩავედით და მოვძებნეთ ასეთი ხალხი. დღეს უკვე 6 გუნდია საქართველოში, ყოველ წელს ტარდება საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სახელობისაა. ჩვენს გუნდს ჰქვია "თბილისი" და საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. ერთადერთხელ აფხაზეთის გუნდს დავუთმეთ გამარჯვება. ახლა ეს გუნდი აღარ არსებობს, დაიშალა. 2015 წელს მოსკოვში ვიყავით მსოფლიოს შესარჩევზე და მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ჩემპიონატი აღარ ჩატარდა. ჩემპიონთა ლიგა წელს თურქეთში ტარდება 23-26 მაისს და ჩვენი გუნდიც მონაწილეობს. წელსვე იქნება ევროპის ჩემპიონატიც, სექტემბერში. ძალიან დიდი პრობლემაა დაფინანსების საკითხი. ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის საწევრო 2.500 ევრო იყო და ყველამ უარი გვითხრა დაფინანსებაზე. ბოლოს ვეტერანთა დეპარტამენტმა გამოყო თანხა, ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთო, ფორმას ჩვენ მოგცემთო, სპორტის სამინისტროც შეგვპირდა დახმარებას.

GzaPress

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ფეხბურთმა?

- ძალიან ბევრი რამ - მებრძოლები, აქტიურები, ძლიერები და უფრო თავდაჯერებულები გავხდით. პატარების გუნდიც ჩამოვაყალიბე. 4 ბავშვი მყავდა და მათგან ორი ახლა საქართველოს ნაკრებშია, ერთი ჩვენს გუნდში თამაშობს, მეორე - ზესტაფონში, ორმა კი თავი დაანება. პატარები წაყვანილი მყავდა ვორონეჟში, იტალიაში, გერმანიაში. შარშან ირლანდიაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა. ყოველ შაბათ-კვირას გვაქვს თამაში, შიდა ჩემპიონატებისთვის ვემზადებით, კვირაობით კი პარაცენტრში ვავარჯიშებ პატარებს. აქტიურ ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ, ძირითადად სამწვრთნელო საქმიანობით ვარ დაკავებული. გარდა ამისა, ხეზე ვმუშაობ, გამოფენაც კი მქონდა. ბაბუას ეხერხებოდა ეს საქმე და როგორც ჩანს, მეც გამომყვა ნიჭი. ძალიან მამშვიდებს იმ საქმის კეთება, რაც მომწონს და მიყვარს. რაც უნდა გვიანობამდე ვიმუშაო და დავიღალო, არასდროს დავიწუწუნებ. ვამზადებ სხვადასხვა ნივთს - საფერფლეებს, თასებს, სარკეებს, ავეჯს. სახლში ბევრი რამ გვაქვს ჩემი ხელით გაკეთებული.

- რა გასწავლათ იმან, რაც შეგემთხვათ?

- ხშირად მიფიქრია ამის შესახებ. ალბათ იმისთვის დავრჩი ცოცხალი, რომ ბევრი სიკეთე ვაკეთო. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ სიცოცხლეს, რადგან ერთი სიცოცხლე უკვე გავიარეთ და ახლა მეორე, ნაჩუქარი სიცოცხლით ვცხოვრობთ.

ნინო ჯავახიშვილი