"თუ შევძლებ და ერთ მოხუცს მაინც ვიხსნი ამ ძალადობისგან, ბედნიერი ვიქნები" - გზაპრესი

"თუ შევძლებ და ერთ მოხუცს მაინც ვიხსნი ამ ძალადობისგან, ბედნიერი ვიქნები"

ხშირად ამბობენ, რომ ემიგრანტები ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ, მაგრამ ეს ზოგიერთისთვის უბრალოდ გამონათქვამია... რომის მახლობლად არსებული ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის მეპატრონე გახლავთ ქალბატონი ნინო, იტალიელ მეუღლესთან ერთად. ამ თავშესაფარში რამდენიმე მოხუცი ცხოვრობს და მათი ოჯახები სოლიდურ თანხას იხდიან იმისთვის, რომ მშობლები მშვიდ და სიბერისთვის შესაფერის გარემოში იმყოფებოდნენ.

ჩვენ დაგვიკავშირდა სალომე ხარბედია, რომელიც თავშესაფარში მუშაობდა. - იმის გამო, რაც იქ ხდება, იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა და წამოვსულიყავიო, - გვითხრა მან. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომემ გვიამბო, გადავწყვიტეთ, თავშესაფრის მეპატრონეს დავკავშირებოდით და შევთავაზეთ, ჩვენთვის საკუთარი პოზიცია გაეზიარებინა. მან ძალიან უხეშად გვიპასუხა: 19 წელია, იტალიაში ვცხოვრობ და ვერიდები ქართველებთან ურთიერთობას; თქვენ ხართ შანტაჟისტები და ამისთვის სასამართლოში გიჩივლებთ; მე ვარ იტალიის მოქალაქე და ყველაფრის უფლება მაქვსო... ალბათ დაავიწყდა ის ფაქტი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა არ აძლევს ძალადობის უფლებას იმავე ქვეყნის მოქალაქეებზე. სალომე ხარბედიასთან კი ასეთი საუბარი შედგა:

- ქალბატონო სალომე, როგორ მოხვდით ამ თავშესაფარში სამუშაოდ?

- ოჯახის ახლობელმა უთხრა დედას, რომ დამხმარე სჭირდებოდათ და გვეცადა, იქნებ ორივე მხარე დავინტერესებულიყავით. დედამ დარეკა, მივედი და იმ დღესვე ამიყვანეს.

- გაიარეთ თუ არა შესაბამისი გასაუბრება, მოგთხოვეს თუ არა მოხუცებთან მუშაობის გამოცდილება?

- არა, არანაირი გასაუბრება არ გამივლია, არც დახასიათება მოუთხოვიათ და არც გამოცდილება. თქვენ წარმოიდგინეთ, "კოვიდის" ტესტიც არ გამიკეთებია, ისე დავიწყე მუშაობა.

- რა დრო იმუშავეთ და რა გახდა სამსახურის დატოვების მიზეზი?

- ორი დღე ვიმუშავე. ორ დღეში გავხდი იძულებული, სამსახური დამეტოვებინა. ვერ ვიმუშავებდი იქ, სადაც მოხუცებზე ძალადობენ, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!

- რას ნიშნავს მოხუცებზე ძალადობა? გვიამბეთ, რა ხდებოდა მოხუცთა თავშესაფარში.

- პირველივე დღეს აღმოვაჩინე, რომ ქართველი გოგონა, რომელიც მომვლელად მუშაობდა, მოხუცებზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. როდესაც ვკითხე, ასე რატომ იქცეოდა, მიპასუხა, ალცჰაიმერი აქვთ და ხვალ აღარ ემახსოვრებათ, ამათ ასე თუ არ მოვექცევით, ხვალ თვითონ გვცემენო. არადა, ეს არის თავშესაფარი, რომელიც საუკეთესო პირობებს სთავაზობს ოჯახის წევრებს მათი მოხუცებისთვის, მათთან ხშირად მოდიან შვილები და ოჯახის წევრები, თუმცა, მოხუცები მათთან არაფერს ამბობენ. მე მაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტებიც.

- სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი თუ აუხსენით მეპატრონეს?

- რა თქმა უნდა. მას ვუთხარი, რომ მოხუცებზე ძალადობას არ შევეგუებოდი. მთხოვა ერთი ღამით დარჩენა, რომ ჩემი შემცვლელი მოეძებნა.

- რა რეაგირება მოჰყვა თქვენს ნათქვამს?

- იმ დღიდან, რაც ავლაპარაკდი, დაიწყო მუქარა. ჩემთან და დედასთან ხორციელდებოდა მუქარის შემცველი ზარები. იძულებული გავხდი, ქალაქი დამეტოვებინა და საცხოვრებლად სხვაგან გადავსულიყავი. იტალია კრიმინალების ქვეყანაა და არცთუ ისე ძნელი წარმოსადგენი იყო, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა.

- მას შემდეგ, რაც თქვენ მიმართ მუქარის ზარები განხორციელდა, მაინც არ გაჩუმდით და უშიშრად საუბრობთ ამ ფაქტებზე, რატომ არ წახვედით პოლიციაში?

- დიახ, მიუხედავად მუქარისა და შანტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემის სააშკარაოზე გამოტანით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიმშვიდე და ცხოვრება საფრთხის წინაშე დავაყენე, არ გავჩუმდი და არც ვაპირებ, გავჩუმდე. პოლიციაში ვერ მივედი იმის გამო, რომ არალეგალი ვარ ამ ქვეყანაში. მე კი სამსახური მჭირდება. აქ ჩამოვედი, რომ სწავლის თანხა შევაგროვო. ამერიკის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ფული მჭირდება იქ წასასვლელად. თუ პოლიციაში მივალ, შეიძლება დეპორტაცია გამიკეთონ. ამიტომ თავს ვიკავებ, თუმცა, გაჩუმებას არ ვაპირებ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ჩემივე ფაქტებით მივიდე პოლიციაში და საჩივარი შევიტანო მათ წინააღმდეგ.

- რისთვის იბრძვით, რა არის თქვენი ბრძოლის მიზანი?

- ჩემთვის მოხუცი სიწმინდეს ნიშნავს. ჩვენც დავბერდებით, მეც მყავს დედა და არ მინდა დედაჩემი მოხვდეს იმავე გარემოში. როდესაც შვილი მშობელს ათასობით ევროს უხდის უზრუნველი და მშვიდი ცხოვრებისთვის, შენ რა უფლებით სცემ მათ?! ამ მოხუცების უკან ოჯახები დგანან და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რა პირობებში ცხოვრობენ მათი მშობლები და რაში იხდიან ყოველთვიურად ათასობით ევროს. ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია, შევცვალო ამ მოხუცების ბედი. თუ შევძლებ და ერთ მოხუცს მაინც ვიხსნი ამ ძალადობისგან, ბედნიერი ვიქნები.

ფიქრია რობაქიძე