თოჯინების თეატრი - ადგილი ყველა თაობის მაყურებლისთვის - გზაპრესი

თოჯინების თეატრი - ადგილი ყველა თაობის მაყურებლისთვის

თბილისის თოჯინების პროფესიული თეატრი ახალ სეზონს ახალ მისამართზე პრემიერით ხსნის და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მონატრებულ მაყურებელს ბევრ სიახლეს ჰპირდება. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ 28 აპრილს ახალი სეზონი ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლ "უსახურის" პრემიერით გაიხსნა. თანამედროვე საზოგადოების მანკიერი თვისებების მხილებასა და სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილზე შექმნილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის მუსიკისა და მხატვრობის ავტორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი გახლავთ.

"სპექტაკლი სახედაკარგულ საზოგადოებაზეა და ჩემი მხრიდან ერთგვარი პროტესტია ჩვენს ყოფაზე. ეს არავისთვის არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, რადგან ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ ზიზღის, სიძულვილისა და ერთმანეთის უგულებელყოფის ხანაში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთმანეთს არ ვუსმენთ, ერთმანეთისადმი გულგრილობას ვიჩენთ. ადამიანები დაცლილი არიან ემოციებისგან და მხოლოდ დღევანდელი დღით, თავდაცვითი ინსტინქტით ცხოვრობენ. ადამიანური სახე დავკარგეთ და სპექტაკლი მხატვრულადაც ასეა გადაწყვეტილი - თოჯინებს არა აქვთ სახე, ნაკვთები. ბუნებრივია, მე ამ საზოგადოებისგან გარიყული არ ვარ, მისი წევრი გახლავართ და ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებით. თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვინც ცდილობენ ამ ჭაობიდან ამოსვლას და სწორედ ასეთებზეა ეს სპექტაკლიც. რამდენად გამოსდის ეს ამ პერსონაჟს, ამას უკვე სპექტაკლში იხილავს მაყურებელი, თუმცა მთავარი იდეაა საკუთარი თავის მუდმივი ძიება, უკეთესობისკენ სწრაფვა, ცვლილების და იმ საშინელებიდან თავის დაღწევის სურვილი, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს თავს დამტყდარი", - ამბობს რეჟისორი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ საბაშვილი თეატრალური პრემია "დურუჯის" ორგზის მფლობელია: 2011 წელს წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად დასახელდა სპექტაკლისთვის "ქაღალდის წვიმა", ხოლო 2015 წელს "დურუჯი" საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში გადაეცა სპექტაკლისთვის "1945". თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიით 2019 წელს დაჯილდოვდა, სპექტაკლისთვის "შინელი", ხოლო წელს, 14 იანვარს, თოჯინების პროფესიულ თეატრში ახალი თეატრალური სივრცის შექმნისთვის, გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა.

რეჟისორს განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი სამშობლოში, ასევე ავტორია საერთაშორისო დადგმების: ნიუ-იორკში მის მიუზიკლს "საქართველოს ლეგენდა" წარმოადგენდნენ, ხოლო ლიეტუვაში - "შვლის ნუკრის ნაამბობს".

ახალი სეზონიდან თოჯინების თეატრი ტრადიციული, დილის საბავშვო სპექტაკლების გარდა, მაყურებელს საღამოს სპექტაკლებსაც შესთავაზებს, რომელიც უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული. მათ შორისაა "უსახური" - შესაბამისად, მისი წარმოდგენა საღამოს გაიმართება.

კოვიდპანდემიის გამო არსებული შეზღუდვებისას, თეატრალური წარმოდგენების აკრძალვისას არსებული დრო თოჯინების თეატრმა საკუთარი სივრცის მოსაწყობად გამოიყენა, ამიტომ ეს მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გამორჩეული სეზონია: რადგან მრავალი წლის შემდეგ, ისევ საკუთარ კედლებში შეძლებს მაყურებლის მასპინძლობას. ძველი, ისტორიული შენობა, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სადაც მრავალი თაობა გაიზარდა, 2010 წლიდან თეატრს საკუთრებაში აღარ აქვს, ამიტომ დასს წარმოდგენების გამართვა სხვადასხვა მისამართზე უწევდა.

თოჯინების თეატრის ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის 136 ნომერში, თუმცა პროცესი გაჭიანურდა, ამიტომ, სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით, შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში მოეწყო გივი სარჩიმელიძის სახელობის მცირე დარბაზი და ახლა სწორედ იქ ელიან მაყურებელს.

თოჯინების თეატრის მიმდინარე სეზონში 7 ახალი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება. თეატრისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, სამუშაო პროცესი მუდმივად მიმდინარეობდეს, იყოს აქტიური და ხელი შეუწყოს საზოგადოებას პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევაში. იმედია, თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობის ყველა ჩანაფიქრი ეტაპობრივად განხორციელდება და ამის ხელის შემშლელი ქვეყანაში მუდამ ცვალებადი ეპიდვითარება არ იქნება.

ანა კალანდაძე