პლასტმასის მილებისგან შექმნილი დეკორატიული ნივთები - გზაპრესი

პლასტმასის მილებისგან შექმნილი დეკორატიული ნივთები

ქეთევან ღიბრაძე ორიგინალური ნივთების ავტორია, რომელსაც სხვადასხვა მასალით ქმნის. პარალელურად ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ფერწერის პედაგოგია და მინანქრის შემსწავლელი ჯგუფიც ჰყავს, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია ტიხრული მინანქრის ტექნიკას დაეუფლოს. ბოლო ხანს ხელოვანმა ახალი მიმართულებით მუშაობა წამოიყო და სწორედ ეს გახდა მასთან დაკავშირების მიზეზიც...

- ჩემს ოჯახში მხოლოდ მე ვხატავ. მამა ფარმაცევტია, დედა ეკონომისტი, ჩემი ძმა ბიზნესით დაინტერესდა. არც ბებია-ბაბუები არიან ხელოვნებასთან კავშირში. ბავშვობიდან მიტაცებდა ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ვქარგავდი, ვაკეთებდი სამკაულს და როგორც ყველა გოგონა, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. ბავშვობაში სულ კაბებს ვხატავდი და მინდოდა დიზაინერი გამოვსულიყავი, თან მასწავლებლობაც მხიბლავდა - გაკვეთილებსაც ვუტარებდი თოჯინებს. დაახლოებით V-VI კლასში ვიქნებოდი, როცა სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა ჩემში ნიჭი შეამჩნია და მირჩია ხატვას სერიოზულად მოვკიდებოდი. მაშინ დედამ ხელოვნების სტუდიაში მიმიყვანა. მოგვიანებით, სკოლის პარალელურად ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ვსწავლობდი. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, სამხატვრო აკადემიაში სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებაზე ჩამებარებინა.

- რას მოიცავს ეს ფაკულტეტი?

- ეს ფაკულტეტი არაერთ მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა: სამკაულის დამზადება, ხესა და ლითონზე მუშაობა, ქანდაკება, ტიხრულ მინანქარსაც ეუფლები, როგორც სამკაულის, ისე დეკორატიული განხრით... რამდენიმე მასალის სინთეზით შექმნილი ნამუშევარი კი ყოველთვის ძალზე საინტერესოა. ამჟამად მაგისტრატურის დამამთავრებელ საფეხურზე ვარ. აქამდე რამდენიმე ქართველ დიზაინერთან ვიმუშავე, როგორც ნაქარგების, ისე მინანქრის მიმართულებით. რამდენიმე თვის წინ კი გადავწყვიტე სრულიად ახალი მასალა გამომეყენებინა და პლასტმასის მილებით დეკორატიული ნივთების შექმნა დავიწყე.

GzaPress

- ამ მასალით შექმნილი ნივთები აქამდე ნამდვილად არ მინახავს. როგორ გაჩნდა იდეა?

- მსგავსი ნივთები საქართველოში მეც არსად შემხვედრია. როგორც მოგახსენეთ, ჩემი პროფესია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მუდმივად ძიების პროცესში ვარ, ახალ-ახალი მასალისგან სულ განსხვავებული ნივთების შექმნა მინდა. რაც შეეხება მილებს, მათი გამოყენება სრულიად შემთხვევით მოხდა. პანდემიის დროს, სოფელში ყოფნისას, მამა წყლის გაყვანილობას აკეთებდა, ამ მასალას რომ ვუყურებდი, მაშინ გამიჩნდა იდეა - ამ მილებისგან რამეს გაკეთება ხომ არ შეიძლებოდა. რამდენიმე ესკიზი დავხატე, საღამოს მამასთან მივედი და იდეის განხორციელებაში დახმარება ვთხოვე. რა თქმა უნდა დამთანხმდა და პირველად ბიჭუნას ფორმის სანათი შევქმენით. შემდეგ ამას სხვა ნივთებიც მოჰყვა: ძაღლი, ღვინის სადგამები, გულის ფორმის სანათები და ა.შ. დღემდე ვაგრძელებ მუშაობას და ვაპირებ სხვა ნივთებიც გავაკეთო.

- მილებისგან შექმნილ თქვენს ნივთებს, პირადად მე კაფე-ბარებსა და მსგავს სივრცეებში მოვიაზრებ, თქვენც ასე ფიქრობთ?

- დიახ, ეს ნივთები შეიძლება რომელიმე სასტუმროს, რესტორნის ან ბარის "სავიზიტო ბარათი" გახდეს. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. პარალელურად სადიპლომო ნამუშევარზე ვმუშაობ, რომელიც რამდენიმე მასალის სინთეზია. ადრე საზღვარგარეთ გამგზავრებას და იქ სწავლის გაგრძელებას ვფიქრობდი, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს ჩემი შესაძლებლობები საქართველოში გამოვავლინო, ამ ხელოვნების მიმართ საზოგადოების ინტერესი გავზარდო და ჩემი შემოქმედებითი გზა განვავითარო.

ანა კალანდაძე