"ლოკდაუნის დროს ყველანი ხელფასის 50%-ს უწყვეტად ვიღებდით"
ქუვეითი ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფოა ნავთობისა და გაზის, ოქროს მარაგის მხრივ. ერთი ქუვეითური დინარი ამერიკულ დოლარს სამჯერ, ხოლო ქართულ ლარს ცხრაჯერ აღემატება. მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონს შეადგენს და აქედან ქუვეითის მოქალაქე დაახლოებით მილიონ-ნახევარია, დანარჩენი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრირებულები არიან.
სახელმწიფო სისტემა - აბსოლუტური მონარქია, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი 50-კაციანი შემადგენლობით. ქვეყანა 5 ადმინისტრაციულ გუბერნიადაა წარმოდგენილი. პანდემიის პერიოდში ქუვეითის სახელმწიფომ განათლებისთვის 64 მილიონზე მეტი ქუვეითური დინარი გამოყო ელექტრონული სწავლების დანერგვის მიზნით, რამაც 2019-2020 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს შემოსავალი 6,2 პროცენტით გაზარდა. სრული კონტროლით მიმდინარეობს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე ქუვეითში დასაქმებული ემიგრანტების ვაქცინაციის პროცესი.
ამჯერად ქუვეითში მცხოვრებ ქართველს - თიკო რაიბულს გავესაუბრეთ. ის თელავში დაიბადა, ერთ თბილ, მოსიყვარულე და ტრადიციულ ოჯახში. 12 წელია, რაც ქართველებისთვის უცნობ, ეგზოტიკურ ქვეყანაში - ქუვეითში ცხოვრობს და მუშაობს. პროფესიით კოსმეტოლოგია.
- ყველაფერი სპონტანურად, თავისთავად მოხდა. პირველად აქ 12 წლის წინ, როგორც ტურისტი, ჩემს ბიძაშვილთან, ლელა სვიმონიშვილთან ჩამოვედი. ის ექიმი გახლავთ, სტომატოლოგია, 15 წელია აქ ცხოვრობს და თავისი პროფესიით წარმატებით საქმიანობს. მასთან ხშირად ჩამოვდიოდი, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთ-ერთი სტუმრობისას კოსმეტოლოგიის დარგში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა გაჩნდა. ტრენინგი ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში გავიარე, ეს წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა ჩემთვის. სამუშაოს ძიება როგორც კი დავიწყე, მალევე მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილ ჟარალლაჰ German Specialized Clinic-დან. ამ კლინიკაში 1 წელი ვიმუშავე, როგორც ლაზერული ეპილაციის სპეციალისტმა, შემდეგ კი გადავედი Bella Clinic-ში იგივე მიმართულებით და დღემდე აქ ვარ დასაქმებული.
მთლიანობაში, ლელას წვლილი დიდია ჩემს წარმატებაში. მისი მხარდაჭერა იყო მოტივაცია, უშიშრად მიმეღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყანაში ცხოვრებაზე.
- როგორია მანდ შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- დასვენების დღე, რა თქმა უნდა, ხმამაღლა სიმღერით იწყება, ჩვეულებრივი სამუშაო დღე კი ჭიქა ყავით, ჩემი ფისოს გამოკვებით და აუცილებლად ზარით საქართველოში. ვრეკავ მშობლებთან, შემდეგ ვემზადები და მივდივარ სამსახურში. ყოველ დილას პოზიტიურად, ენერგიულად ვიწყებ, მთელმა დღემ რომ მერე კარგად ჩაიაროს. ზოგადად, მხიარული ადამიანი ვარ.
- როგორ აისახა პანდემია შენს საქმიანობაზე?
- 4 თვე სახლში ვისხედით, სამუშაოს გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით - ემიგრანტებისთვის. შენი ქვეყნისა და ოჯახისგან შორს ეს ყველაფერი უფრო რთული გასაძლებია. რაც შეეხება საქმიანობას და კრიზისს, ეს სხვა და ჩვენი ქვეყნის ფონზე, ნაკლებად ვიგრძენით. ქვეყნის ხელისუფლების ბრძანებით, სრული ლოკდაუნისას, ყველა, ვინც ვმუშაობთ, ხელფასის 50%-ს უწყვეტად ვიღებდით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადიდან გაგვათავისუფლეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ საკითხზე უხერხულია დავიწუწუნო. დღემდე არ არის მოხსნილი შეზღუდვები, მოქმედებს კომენდანტის საათიც, მაგრამ კლინიკები ჩვეულებრივი დატვირთვით ვმუშაობთ.
კარგი ქუვეითელი მეგობრები მყავს: ძირითადად ჩემი კოლეგები, ასევე სამსახურს გარეთ შეძენილები. ასევე, ჩემი რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც უკვე საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.
რაც მთავარია, აქ მცხოვრები ქართველები ერთ გუნდად ვართ შეკრული, ერთმანეთი გვეიმედება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ქუვეითში, ქალბატონ თამარს და ბატონ სოსო გამგონიძეს გამოჩენილი ყურადღებისა და სითბოსთვის.
- საქართველოში დაბრუნებას ალბათ არ აპირებ...
- რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა როდის მოვახერხებ, ამას ზუსტად ვერ ვიტყვი. ალბათ, დარწმუნებული რომ ვიყო, ჩემს ქვეყანაში მექნება განვითარებისა და წინსვლის იგივე თუ არა, მიახლოებითი შანსი მაინც, ამ გადაწყვეტილების მიღებას დავაჩქარებდი. სამწუხაროდ, დღეს ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მაგრამ იმედი და სურვილი დიდი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება, დასტაბილურდება და ყველა ქართველისთვის საუკეთესო საცხოვრებელი და სამუშაო პირობები საქართველოში იქნება. სადაც უნდა ვცხოვრობდეთ და ვსაქმიანობდეთ, ყველაზე ბედნიერები ალბათ მაინც ჩვენს ქვეყანაში ვართ.
- რას ისურვებ როგორც სპარსეთის ყურეში მცხოვრები ემიგრანტი? რა საჭიროებები გაქვთ?
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილიც და საჭიროებაც ამწუთას პანდემიას უკავშირდება. მინდა რაც შეიძლება მალე აღდგეს შეზღუდვების გარეშე მიმოსვლა, უპრობლემოდ რომ შევძლოთ საქართველოში, ოჯახებში ჩამოსვლა და შვებულების ჩვენს ქვეყანაში გატარება. ამაზე მნიშვნელოვანი სურვილი და საჭიროება, ამ ეტაპზე, სხვა არაფერია.
- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?
- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ახალგაზრდებს ვურჩიო, მაქსიმალურად კარგი განათლება მიიღონ, იყვნენ მიზანდასახულები და პროგრესულები, იშრომონ ბევრი და სჯეროდეთ წარმატების! იღბალს ვუსურვებ მათ. გამართლებოდეთ და სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩენილიყვნენ - ხშირად ეს ბევრი რამის განმსაზღვრელია.
ლილიანი სპეციალური კორესპონდენტი ქუვეითიდან