"სიყვარული არის სრული ბედნიერება!" - გზაპრესი

"სიყვარული არის სრული ბედნიერება!"

21-ე საუკუნეში მედიკოსების ფასდაუდებლობა კიდევ ერთხელ გახდა ნათელი. მიუხედავად იმისა, რომ საყვედურები და პრეტენზიებიც ხშირად ისმის ექიმების მისამართით, სადავო არაა, რამდენად დიდია თეთრხალათიანთა მისია.

ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, შეეხება ქუთაისელი მედიკოსების ოჯახს. შორენა ჯანაძე რადიოლოგია და მისი შრომითი ბიოგრაფია ისეთივე სუფთაა, როგორიც სტერილური ხალათი...

- ქალბატონო შორენა, რთულია მოიძებნოს ვინმე, ვინც ქუთაისში თქვენს ოჯახს არ იცნობს და დადებითად არ გაფასებდეთ. რას იტყვით საკუთარ თავზე?

- საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ოჯახის მთავარი კრედო და არსი იყო, არის და იქნება სიყვარული, თანაგრძნობა, ზრუნვა, პატივისცემა! შესაბამისად, ეს ადამიანებში იწვევს ადეკვატურ რეაქციას სიყვარულისა და პატივისცემის სახით. გამომდინარე პროფესიიდან, ზრუნვაც და თანაგრძნობაც იმაზე მეტისთვის გამოგვიცხადებია და დავხმარებივართ, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებს. ეს დადებითი დამოკიდებულებაც ამის ბრალია...

- ლეგენდად დადის თქვენი სიყვარულის ამბავიც სავარდო და სამაისო ქალაქში...

- ჩვენი სიყვარული დაიწყო საავადმყოფოში (იღიმება). სამოქალაქო ომის გამო მამამ კატეგორიულად მომთხოვა, ქუთაისში დავბრუნებულიყავი და მიმეტოვებინა თბილისში ძალიან კარგი კლინიკა, კარგი პერსპექტივები. წამოვედი ავტოქარხნის მედსანნაწილში, რეანიმაციის განყოფილებაში და იქ დამხვდა მამუკა, უკვე ექიმი. მე გამოუცდელი და სწავლას მოწყურებული ინტერნი ვიყავი და ასე დავმეგობრდით. მერე უკვე თანდათან აღმოვაჩინეთ ერთმანეთის ის თვისებები, რომლებიც უფრო მეტ ემოციებს იწვევდა, მეტ დამოკიდებულებას, მეტ სიახლოვეს და ეს ყველაფერი გადაიზარდა ძალიან ლამაზ და ძვირფას გრძნობებში! ჩვენ 1993 წლის ნოემბერში დავიწერეთ ჯვარი. ომი ახალი დამთავრებული იყო. უშუქობა, უგაზობა, ქარი, წვიმა, სიცივე, ომი, დევნილები და ამ დროს ჩვენ ვბორიალობთ ქალაქის ქუჩებში. გვიყვარს ერთმანეთი და დავქორწინდით. როგორც დუმბაძის ნაწარმოებში, ზუსტად ისე დაგვცინოდნენ შემდეგ ამის გახსენებაზე: თუ ომი იყო, ქარი იყო და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რა გიხაროდაო?!. მართლა ასე იყო ჩვენი ამბავი! სიყვარული არის სრული ბედნიერება და როცა ცხოვრობ სიყვარულით, ესაა ღვთის წყალობა!

- ახლა კი თქვენს მეუღლეზე მოგვიყევით.…

- მამუკა ნემსიწვერიძე, გმირი ექიმისა და სიცოცხლის ელჩის წოდებით, აწ გარდაცვლილი, ჩემთვის და ძალიან ბევრი მისი კოლეგისთვის იყო სრულად განსახიერება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ექიმი. ახლა, როცა ის აღარაა, შემიძლია მასზე უფრო მეტი ვისაუბრო, რის უფლებასაც ცოცხალი არავითარ შემთხვევაში არ მომცემდა. ის იყო მუდმივ სწავლაში, ყოველთვის მოწინავე თავის დარგში. ბევრმა იცის, რაოდენ განსაკუთრებულია რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგია. მამუკასთვის უპირობოდ, როგორც დარგი, უპირატესი იყო რეანიმაცია. მიუხედავად ტიტანური შრომისა, აქ ის ნახულობდა ზუსტად იმ სიამოვნებას, რასაც განიჭებს პროფესიული გამარჯვებები! რეანიმაციას ესაჭიროება რაღაც კიდევ მეტი, აი, რაღაც ის, რაც თან დაგყვა უფლისგან. რეანიმაცია არის, გრძნობდე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს და გრძნობდე ამ მომეტში დახმარების სიზუსტეს, რომ გაიმარჯვოს სიცოცხლემ! ეს მას ჰქონდა უფლისგან მომადლებული, რასაც ემატებოდა დაუღალავი შრომა. მუდმივი ჩართულობა სხვადასხვა წამყვან კლინიკასთან, ექიმების გამოცდილებებთან, ფლობა მანიპულაციების სულ აძლევდა იმის უფლებას, რომ ემუშავა პაციენტთან მშვიდად, ზედმეტი ფორიაქის გარეშე. მის გვერდით დგომა და მუშაობა უდიდესი კომფორტი იყო. ის პაციენტის საწოლთან ომობდა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით! არ შორდებოდა არც ერთი წუთით... იცოდა თქმა, ხანდახან ზუსტად იმ წუთის მართვა წყვეტს ყველაფერსო!.. ერთხელ, როცა ჩემი მეგობარი სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან, მან დამირეკა და მითხრა: ყურებში სულ მესმოდა მამუკას ხმა!.. და ვგრძნობდი, რომ სიცოცხლესთან ეს ხმა მაკავშირებდაო!

მამუკა იყო ძალიან კარგი მასწავლებელი. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგი ანესთეზია-რეანიმაციის რეზიდენტურის კურსის. ვთვლი, რომ მან აღზარდა ლამის მთელი თაობა. დღეს უკვე წარმატებულად მუშაობენ მისი აღზრდილი საუკეთესო ექიმი-რეანიმატოლოგები. მამუკას შეეძლო ცოდნის გადაცემა ყოველგვარი ანგარების გარეშე, კეთილად, სიყვარულით, პატივისცემით მომავალი კოლეგებისადმი! ამაში დამემოწმებიან მისი აღზრდილები. განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც იყო დაარსებიდან, მთლიანად მისი შექმნილია. 2006 წელს, როცა ჯერ კიდევ სრულად რევოლუციური ცვლილება მოხდა ქუთაისის სამედიცინო სისტემაში და შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი კახა ნურალიძის ხელმძღვანელობით, მამუკას დაევალა კრიტიკული მედიცინის განყოფილების შექმნა. ის თავად მონაწილეობდა ყველა აპარატის დამონტაჟებაში, უწვრილეს დეტალებამდე შეისწავლა ამ აპრატურის ფუნქციები და ამ აპარატურის მართვა აიყვანა ხელოვნების დონეზე. ამ განყოფილებას მამუკა ნემსიწვერიძის სახელი მიენიჭა და მინდა, მადლობა გადავუხადო კლინიკის ხელმძღვანელობას...

- თუ გყავდათ ისეთი პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?

- რადგან რადიოლოგი ვარ, უმეტესწილად დასამახსოვრებელი პაციენტები მყავს. როგორ უნდა დაგავიწყდეს პაციენტი, რომელმაც არ იცოდა თავისი რთული დაავადების შესახებ, შენ აღმოუჩინე დროულად და დაეხმარე შესაბამისად სწორი დაკვალიანებით?! ასეთი, საბედნიეროდ, ბევრია. თუმცა არის მდგომარეობა, როცა აღარ შეგიძლია არაფერი...

- რას გვეტყვით კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით?

- ყველას ვურჩევ რეკომენდაციების გათვალისწინებას. ვიდრე შეიქმნებოდეს "კოვიდის" საწინააღმდეგო მედიკამენტი, მანამდე ავირჩიოთ ვაქცინაცია. ვაქცინაციაზე პროგრესული, კეთილშობილი და ძვირფასი რამ კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია! ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსებისა და მიკროორგანიზმების ოკეანეში და ამ ოკეანეში უსაფრთხო ცურვაში სწორედ ვაქცინაცია გვეხმარება! სრულიად დარწმუნებული ვარ, "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბერში რომ გვქონოდა, მამუკა ახლა ცოცხალი იქნებოდა... საყვარელი ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი კი არაფერია!

P.S. საკუთარ თავზე საუბარი ქალბატონ შორენას არ უყვარს. ინტერვიუს ეს მინაწერი კი რეალობაა და ჩემს რესპონდენტზე ირიბად მაინც მიანიშნებს მკითხველს: ერთხელ ქუთაისის საოპერო თეატრში ცნობილი ქუთათურის იუბილეს აღნიშნავდნენ. ვიდრე ღონისძიება დაიწყებოდა, არაერთი ადამიანი საუბრობდა დარბაზში მყოფ მარაოიან ქალბატონზე, ბუნებრივია - დადებითად. მაშინ გავიცანი ღიმილით, მოკრძალებითა და თავაზიანობით გამორჩეული შორენა ექიმი, რომლისთვისაც მეუღლისთვის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვა "მიყვარხარ" ზოგჯერ ცრემლია, ზოგჯერ კი - ზეცამდე ატანილი სიხარული...

როლანდ ხოჯანაშვილი