"მინდა ახალი შევქმნა და ჩემი ემოციები გადავიტანო თითოეულ ნამუშევარში"
და საათების მოხატვა გადაწყვიტა. მიაჩნია, რომ დრო ძალზე სწრაფად გადის, ამიტომ უმჯობესია ბევრი ნამუშევარი შექმნას, დადებითი ემოციები გასცეს და ამით ადამიანებს სიხარული მიანიჭოს. "ბროწეულების ბაღი", "ოკეანეთი", "კესანე", "ვარდისფერი გაზაფხული", "ძველი დროით", "სვანეთი მზის გულია", "აფრიკელი პატარძალი" და სხვა არაერთი ულამაზესი ხელნაკეთი საათი უკვე ბევრ ოჯახს ამშვენებს.
- პროფესიით ისტორიკოსი ვარ. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ერთხანს ამ პროფესიითაც ვიმუშავე. მერე გავთხოვდი და შვილის გამო სამსახურს თავი დავანებე. ვარჩიე, ბავშვი თვითონ გამეზარდა. ანდრია ახლა უკვე 6 წლისაა. ეს პერიოდი კარგი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავფიქრებულიყავი, რისი კეთება მინდოდა. მასწავლებლის გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი. პანდემია რომ დაიწყო, რაღაცნაირად ვეღარ მოვახერხე და საბოლოოდ გადავიფიქრე. ფუნჯი და ხატვა იმდენად ჩემი გახდა, რომ მასწავლებლობაზე უარი მათქმევინა.
- რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ხისგან საათები შეგექმნათ და მოგეხატათ?
- ერთხელ, როდესაც ანდრია ხატავდა, მეც მივუჯექი და დაღლილმა, საუბრის თავიც რომ არ მქონდა, ჩემთვის დავიწყე რაღაცის ხატვა. მამა პროფესიით არქიტექტორია და უცხო არ იყო ფუნჯი, მოლბერტი, რადგან ის ხატვითაც იყო გატაცებული. იმდენი ნახატი გვქონდა სახლში, გალერეა გეგონებოდათ. მან ბოლო პერიოდში სამსახურს თავი დაანება და აბსტრაქციების ხატვას მიჰყო ხელი. სხვათა შორის, საზღვარგარეთიდან ძალიან კარგი გამოხმაურებაც აქვს. როგორც ჩანს, ხატვის ნიჭი გენში მქონდა და არ დაიკარგა, არადა, ადრე არასდროს მიცდია, სურვილიც კი არ მქონდა. თან მეგონა, არ გამომივიდოდა, რადგან სწორ ხაზსაც კი ვერ ვუსვამდი. სადაც უნდა ვყოფილიყავით, გონებაში სულ გეგმებს ვაწყობდი, ახლა ჩემი რომ იყოს ეს სახლი, ინტერიერს ასე შევცვლიდი, ამას აქ დავდგამდი, ასეთ ფერებში გავაკეთებდი და ა.შ. მახსოვს, ყაყაჩოები დავხატე. ვინ იქნებოდა პირველი შემფასებელი, თუ არა ანდრია?.. როგორც კი დაინახა, მაშინვე აღნიშნა, უი, რა ლამაზი ნახატიაო!.. მერე ჩემმა მეუღლემ ნახა და მასაც მოეწონა, მამასაც ვაჩვენე: - როგორ მოგწონს-მეთქი? - ლამაზია, ვინ დახატაო? - იკითხა. - რომ გითხრა, მე დავხატე, ძალიან გაგიკვირდება-მეთქი? მართლა ყველანი გაოცებულები დარჩნენ. თავდაპირველად მინანქრისგან მინდოდა მინიატიურების გაკეთება, მაგრამ ამისთვის სახელოსნო მჭირდებოდა, მინანქარზე სახლში ვერ ვიმუშავებდი და გადავწყვიტე, საათების მოხატვა მეცადა. როდესაც სახლისთვის საათის ყიდვა დამჭირდა, ჯერ ერთი, ძალიან ძვირი ღირდა და თანაც, ყველა შაბლონური იყო. მერე, როცა გვერდი გავხსენი, იმდენი გამოხმაურება მოჰყვა და იმდენი მწერდა, რომ ამან კიდევ უფრო დამაფიქრა - რისი კეთება მინდოდა სინამდვილეში? ხშირად ხდება, რომ შენთვის სასურველი საქმე ერთია და რეალურად სულ სხვა რამის კეთება გიწევს ადამიანს. ამ შემთხვევაში სასურველი და რეალური ერთმანეთს დაემთხვა. ასე მექცა ჰობი საქმედ, ჩემს ოჯახს ეს ძალიან მოსწონს. მამა, შვილი და მეუღლეც ჩემი ნამუშევრების შემფასებლები არიან, რჩევებსაც მაძლევენ და მეც დაინტერესებული ვარ მათი აზრით. მახსოვს, აუქციონზე რომ დავდე ჩემი პირველი ნამუშევარი "ყაყაჩოები", რამდენიმე მეგობარიც დავიმატე იმ გვერდზე და მომწერეს, რა ღირს თქვენი საათიო? მივწერე, ეს მე, ქეთი ვარ-მეთქი. მათ ძალიან გაუკვირდათ.
- როგორია სამუშაო პროცესი და მასალად მხოლოდ ხეს იყენებთ?
- ჩემი სამუშაო დღე იწყება ღამის 11 საათიდან, იმის შემდეგ, რაც ბავშვს დავაძინებ. თითოეულს სახელს ვარქმევ, ეს მათთვის პასპორტივითაა. უკვე 21 სახეობა მაქვს შექმნილი, განსაკუთრებით "სიცოცხლის ხე" მოსწონთ. ამ საათმა ყველა რეკორდი მოხსნა. როგორც ჩანს, მწვანე და ოქროსფერმა მზემ ყველას სახლი გაათბო... ერთ საათზე ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი მიფიქრია. თავდაპირველად ჩანახატებს ვაკეთებ, როგორ და რა ფერი აჯობებს, რომ უკეთესი გამოვიდეს. ისეც მომხდარა, რომ ერთი რამ დამიწყია და საბოლოოდ სხვა გამოსულა. აი, მაგალითად, ჩიტების ბაღს ვხატავდი ერთ-ერთ საათზე და "ბროწეულები" გამომივიდა. ზოგჯერ სულ უმნიშვნელო რაღაც გამხდარა ინსპირაცია და გადმომიტანია ნახატში. რაც შეეხება მასალას, მთავარია, ხე იყოს კარგად გამომშრალი, დეფორმაცია რომ არ განიცადოს. ჩემთვის სასურველი ფორმისა და ზომისას ვაჭრევინებ ხელოსანს. ჯერ იგრუნტება, აკრილის საღებავით ვღებავ და ბოლოს დამცავი ფენა ესმება, რომელიც დაზიანებისგან იცავს. საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ მომწონს, რასაც ვაკეთებ და არ ვიღლები. არ მინდა, საიდანღაც გადმოვიხატო, რაღაც ახალი მინდა შევქმნა და ჩემი ემოციებიც თითოეულ ნამუშევარში გადმოვცე, რადგან სიახლე მნიშვნელოვანია.
ნინო ჯავახიშვილი