"ბიოლოგიური დედა კი ვიპოვე, მაგრამ მამის ვინაობას ასაიდუმლოებენ" - გზაპრესი

"ბიოლოგიური დედა კი ვიპოვე, მაგრამ მამის ვინაობას ასაიდუმლოებენ"

"დავიბადე 1987 წლის 14 ოქტომბერს, რკინიგზის სამშობიაროში. ბიოლოგიურმა დედამ დაბადებისთანავე უარი თქვა ჩემზე. თურმე, ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის - ეს ვიცი იქ მომუშავე პერსონალისგან. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც არ უნდა გაზრდილიყო ბიოლოგიური დედის ოჯახში. მას ჰქონდა მძიმე მშობიარობა და ამის შედეგად, თავზე მქონია ჰემატომა. ოჯახმა, რომელსაც თურმე შვილად უნდა ავეყვანე, ამის გამო დამიწუნა. ამიტომაც, ბავშვთა სახლში გადასაყვანად მამზადებდნენ", - მიყვება ნინო დოკვაძე, რომელმაც ბიოლოგიური დედა იპოვა, მაგრამ უმალავენ ბიოლოგიური მამის სახელს და ამას ცხადია, ვერ ეგუება... მკაცრად გასაიდუმლოებული ამბის გაგება რომ უნდა, ამაში ნინოს ვერავინ დაადანაშაულებს, მით უმეტეს, რომ ეს საიდუმლო მასაც ეხება...

- იმ ოჯახმა, ვისაც უნდა აეყვანეთ, უარი თქვა თქვენზე, მაგრამ სხვა მშვილებელი ოჯახი გამოჩნდა და როგორც ამბობთ, ბედნიერი ბავშვობაც გქონდათ...

- დიახ, ჩემი გამზრდელი მშობლები რიგში იდგნენ, რომ ბავშვი ოფიციალურად აეყვანათ. დედა არის პედიატრი. იმ სამშობიაროში, სადაც მე დავიბადე, მისი კურსელები მუშაობდნენ და მათ უთხრეს ჩემზე, ასეთი და ასეთი ბავშვია, ხომ იცი, ეს სამშობიარო ტრავმაა და გაივლის. ძალიან ცოდვაა, ბავშვთა სახლში უნდა წაიყვანონ და იქნებ გენახათო. გამზრდელმა დედამ ხომ იცოდა, რომ ჰემატომა მართლაც არ იყო საშიში და შეაგროვეს ყველა საჭირო საბუთი, რათა შინ წავეყვანე. რა თქმა უნდა, ალბათ ადვილად გაატანეს ჩემი თავი, რადგან "დაბრაკული" ბავშვი ვიყავი და მადლობა ღმერთს ამისთვის - ამ ადამიანების გვერდით მართლა ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ლაღად მაცხოვრებდნენ. ვიყავი ერთადერთი შვილი და მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს ყველაფერში. მამა ინჟინერ-მშენებელი იყო, ყოველთვის თანამდებობაზე მუშაობდა და 90-იან წლებშიც არ მიგრძნია სიდუხჭირის გემო.

- როდის გაიგეთ, რომ სხვა ბიოლოგიური დედ-მამა გყავდათ?

- ბავშვობაში სულ მესმოდა, ვიღაცები რომ ჩურჩულებდნენ, ეს აყვანილიაო; უფრო სკოლაში, პარალელურკლასელებისგან, ზოგჯერ უფროსებისგანაც, მაგრამ ვცდილობდი, ეს ყველაფერი გულთან არ მიმეტანა. ჩემსა და მშობლებს შორის იყო დიდი ასაკობრივი სხვაობაც (50 წლის ასაკში ამიყვანეს) და ცხადია, ეჭვს ესეც მიძლიერებდა, მაგრამ არაფერს ვამბობდი. ბოლოს, 23 წლის ასაკში, როცა უკვე 4 შვილი მყავდა, დედას დავუსვი ასეთი შეკითხვა: "ვინ გამაჩინა?" ამ თემაზე ლაპარაკი ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო, ახლდა ნერვიულობაც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, სიმართლისთვის თვალი უნდა გამესწორებინა...

გამზრდელმა მშობლებმა არაფერი დამიმალეს. უბრალოდ, დედამ მთხოვა, მოყოლა გამიჭირდება და ცოტა დრო მომეცი, ყველაფერს დაგიწერო. ზუსტად 4 თაბახის ფურცელი აივსო ჩემი ისტორიით. ძალიან ემოციური წერილი იყო. ეჭვი ხომ სულ მქონდა, მაგრამ როცა სიმართლე გავიგე, მაინც გამიჭირდა ყველაფრის "გადახარშვა". ძნელია გააცნობიერო, რომ რეალურად, წლების მანძილზე ტყუილში გიცხოვრია.

მოკლედ, მშობლებმა რაც იცოდნენ, ყველაფერი მიამბეს ბიოლოგიურ დედაზე. ის არის ბაღდათის რაიონიდან, სოფელი მეორე ობჩა. მითხრეს, რომ მქონდა სახელი და გვარი: "თამარ მშვილდაძე". დედ-მამა მაქსიმალურად მხარში ამომიდგა და სოციალურ ქსელში დავიწყეთ ჩემი ბიოლოგიური დედის ძებნა. ვწერდი ყველა მშვილდაძეს, ამა და ამ ადამიანს ვეძებ, დედაჩემის კლასელი იყო და ხომ არ იცნობთ-მეთქი? გამომეხმაურა ერთი ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაც მომცა ბიოლოგიური დედის ძმის ნომერი. დავურეკე ბიძას. დაინტერესდა, - მე ყველა მის კლასელს ვიცნობ და შენ ვისი შვილი ხარო? დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და სიმართლე ვუთხარი. დიდი პაუზის მერე დამპირდა, ცოტა ხანში დაგირეკავო. მართლაც, იმავე საღამოს დამიკავშირდა და 2 დღის შემდეგ, ძალიან თბილად შემხვდა კიდეც. მითხრა, დედაშენი რუსეთშია გათხოვილი, ორი შვილი ჰყავსო. რაღაც დროის და ბევრი თხოვნის შემდეგ, როგორც იქნა, მომცეს მისი ნომერი. დავურეკე...

GzaPress

- როგორ ჩაიარა თქვენმა პირველმა საუბარმა?

- არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ... მითხრა, რომ საკუთარი ნებით არ დავუტოვებივარ და დამპირდა, როცა საქართველოში ჩამოვალ, ყველაფერს მოგიყვებიო, მაგრამ... გადიოდა დღეები, თვეები და სულ უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მისთვის ზედმეტი ვარ. მე თუ არ შევახსენებდი თავს, არც მირეკავდა... მე კი ყოველი დარეკვისას ვთხოვდი, მამის ვინაობა ეთქვა, მაგრამ რატომღაც, დღემდე მიმალავს. ხან რას მიყვებოდა მასზე, ხან - რას. საბოლოოდ, იმდენი ვერსია მოვისმინე მათი გაცნობისა და ურთიერთობის შესახებ, რომ ძალიან დავიბენი... ფაქტია, რაღაც აქვს დასამალი.

- მასთან შეხვედრა მოახერხეთ?

- კი, ოღონდ პირველი დარეკვიდან წლების შემდეგ... როცა მის შესახებ უკვე ვიცოდი და თან ბიძასთანაც მქონდა ურთიერთობა, თურმე მამა გარდაეცვალათ, მაგრამ ამის შესახებ რომ გავიგე, უკვე დაკრძალული იყო... რაღაც პერიოდის შემდეგ ნათესავმა მითხრა, დედა ჰყოლია ცუდადო... თურმე საავადმყოფოში იწვა, აპარატზე შეერთებული. ძალიან მეწყინა, ესეც რომ არ შემატყობინეს. მინდოდა ბიოლოგიური ბებიის გაცნობა, ის კი ისე უნდა წასულიყო იმ ქვეყნად, რომ ეს ვერ მომეხერხებინა? ამიტომ, გაბრაზებულმა ბიძას დავურეკე, - ეს ამბავი გავიგე და ნახვა მინდა-მეთქი. აზრი არ აქვს, მაინც არაფერი ესმის და ტყუილად არ ჩამოხვიდეო (ქუთაისში იწვა). ვუთხარი, - ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ თუ რამე მოხდება, მეც გამაგებინეთ, ბოლოს და ბოლოს, ბებიაჩემია-მეთქი. რაღაც პერიოდის შემდეგ დამირეკეს, გარდაიცვალაო. - შეიძლება, ჩამოვიდე? პრობლემას ხომ არ შეგიქმნით-მეთქი? - მინდოდა, ბებია უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა. მითხრეს, როდის იყო პანაშვიდი და დაკრძალვა. ჩავედით დაკრძალვის დღეს მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვობის მეგობარი. ვგრძნობდი, ხალხი როგორ მაკვირდებოდა. ძალიან მძიმე იყო ის 15 წუთი, რაც იქ დავყავი, მერე კი წამოვედით. მთხოვეს დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემი ბიოლოგიური დედა არ ჩამოსულა... მეორე წელს გავიგე, სააღდგომოდ ჩამოდისო და აეროპორტში დავხვდი ჩემს ქალიშვილთან ერთად. მისთვის ეს სიურპრიზი იყო. თავის ვაჟებთან, ანუ ჩემს ძმებთან ერთად ჩამოვიდა. სულ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. ძმებთან არ წარმადგინა, მაგრამ დამპირდა, რომ კიდევ მნახავდა...

მე და ჩემი შვილი შოკში ჩავვარდით, რადგან ჩემს ძმებსა და ჩემს უფროს ვაჟებს შორის დიდია გარეგნული მსგავსება...

- შეხვედრამ ჩაიარა ჩახუტების, ერთმანეთის მოფერების გარეშე?

- კი, იყო ჩახუტებაც და ცრემლებიც, მაგრამ ამავდროულად, თითქოს რაღაც ბარიერი აღიმართა ჩვენ შორის და ახლა ვხვდები, ეს ბარიერია მამის ვინაობის გაგების სურვილი.

- დაპირება შეასრულა, გნახათ?

- სამწუხაროდ, არა... შორიდან ვისმენდი სხვადასხვა ვერსიას, არც ძმების გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. მგონი, არც იციან ჩემი არსებობა...

ერთ დღეს ბიძაჩემს ვთხოვე: აღარ შევაწუხებ, არც შენ დაგირეკავ, ოღონდ სიმართლე მითხარით-მეთქი. ამის მერე დედა დამიკავშირდა, - ჩემს ძმას ნუ აწუხებ და საერთოდ, რა საჭიროა ამის გარკვევა? მამაშენი იყო რუსი და შენ თუ იმის შიში გაქვს, რომ შენს შვილებსა და მის ახლობლებს შორის რამე არ მოხდეს, გეუბნები, აარიდე ბავშვები რუსის ჯიშსო. დამისახელა კიდეც კაცი ქართული სახელითა და რუსული გვარით. ამ გვარის ლამის ყველა წარმომადგენელს შევეხმიანე და ბოლოს დავრწმუნდი, რომ ასეთი პიროვნება უბრალოდ არ არსებობს...

ჩემი მეგობრის ოჯახის ერთ-ერთი ნაცნობი მუშაობდა ბაღდათის საკრებულოში თუ მერიაში, ზუსტად არ ვიცი. ბიძაჩემის მეგობართან ჩამოუგდია ჩემს ბიოლოგიურ დედაზე ლაპარაკი. იმას უთქვამს, - კი, ვიცით, ჰყავს შვილი და ამ გოგოს მამა არის ზესტაფონელიო. სადაც ამ კაცმა იცის ეს ამბავი, სხვებმაც ხომ იციან ალბათ? მაგრამ ცდილობენ, ყველა გზა მომიჭრან, რათა ვერ დავადგინო მამის ვინაობა...

რომ გავიგე, ზესტაფონელი შეიძლება იყოსო, სოციალურ ქსელში პოსტი დავდე, რომელსაც უამრავი გამოხმაურება და გაზიარება ჰქონდა. ზუსტად 22 საათში მირეკავს ბიოლოგიური დედის ძმა და მთხოვს, - ოღონდ ეს პოსტი აიღე და მე დავურეკავ დედაშენს, სიმართლეს გაგიგებო. დავთანხმდი. წარმოიდგინეთ, სანამ პოსტს ავიღებდი, სამჯერ დამირეკა, - მე რა გთხოვეო?!. ამის მერე, ერთი კვირის მანძილზე ველოდებოდი, რომ სიმართლეს მეტყოდა, მაგრამ ამაოდ...

ახლახან გავიგე, რომ თურმე, ერთ-ერთი ქალბატონი, ოჯახის ახლობელი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და ორი შვილი (აი, რატომ არ ეშინია ღმერთის, ძალიან მაინტერესებს), ურეკავდა იმ ხალხს, ვისაც ჩემი პოსტი ჰქონდა გაზიარებული და აიძულებდა, წაეშალათ. ბიძაც, რომელიც მეგონა, მხარში მედგა, ასევე ურეკავდა ხალხს და ეუბნებოდა: სასწრაფოდ წაშალეთ პოსტი და აღარ ჩაერიოთ ამ საქმეშიო. ძალიან მაინტერესებს, რატომ?

უკვე მივხვდი, ბევრმა იცის წლების წინ მომხდარი ამბავი და მამაჩემის ვინაობაც, მაგრამ ვერ მეუბნებიან.

სხვათა შორის, გამომეხმაურა ადამიანი, რომელსაც უნდოდა ჩემთან შეხვედრა. დროც დავთქვით და დამპირდა, ყველაფერს მოგიყვებიო, მაგრამ მერე დაიკარგა. გამოდის, ვიღაც ყველას აჩუმებს...

- ალბათ ბიოლოგიურ დედაზე ძალიან ბრაზობთ...

- იცით, მადლობელი ვარ მისი, რომ გამაჩინა, სიცოცხლე მაჩუქა. მესმის, არ უნდა წარსულის და იმ ტკივილის გახსენება, რაც გამოიარა, მაგრამ მე ხომ ისეთს არაფერს ვთხოვ, რაც მას ავნებს? მხოლოდ იმის გაგება მინდა, ვინ არის მამა. დარწმუნებული ვარ, დედის ოჯახის წევრებმა, გარშემო მყოფებმა იციან ამ მამაკაცის ვინაობა. ბიოლოგიურმა დედამ, რადგან მამის ვინაობის გამჟღავნებას ვთხოვ, მითხრა, ცხოვრებას მინგრევო. მესმის, ძნელია მისთვის გაიხსენოს ყველაფერი, თუნდაც ის, რომ ორსულად იყო და მერე გახდა იძულებული, მიეტოვებინა შვილი. მესმის, დიდი ტკივილი და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, ახლა კი ჩემი ხმა ამ ყველაფერს ისევ ახსენებს, მაგრამ მეც რა დავაშავე?

GzaPress

- აღმზრდელი მშობლები რას გეუბნებიან?

- მამა გარდაცვლილია, დედა კი დღემდე მხარში მიდგას, მაძლიერებს და ახლა ჩემს შვილებზეც ზრუნავს. საოცარი ადამიანია... დედა და მამა არიან ჩემთვის ყველაფერი! მათ მთელი ბავშვობა ვთხოვდი, ძმა მინდა და იქნებ ბავშვთა სახლიდან წამოვიყვანოთ, გავზარდოთ-მეთქი, რატომღაც მიმძიმდა მარტო ყოფნა...

- ახლა თავად ხართ 5 შვილის დედა... თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ რამე.

- სტუდენტი გახლდით, როცა გავთხოვდი. მეუღლე ექიმია. ბავშვები არიან ჩვენთვის ყველაფერი, ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ძლიერი ოჯახი გვაქვს... ზოგიერთებმა ისიც თქვეს, ახლა იმიტომ ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს, რომ ეტყობა, მატერიალური ინტერესი ამოძრავებსო. მერწმუნეთ, არავისი არაფერი მჭირდება. ჩემი მეუღლე ძლიერი ოჯახის შვილია, თვითონაც სტაბილური შემოსავლით. აღმზრდელმა მშობლებმა მეც მაჩუქეს თავიანთი სახლი და მამამ იმაზეც იზრუნა, რომ მაქვს ჩემი მუდმივი შემოსავლის წყარო. ასე რომ, არავისი არაფერი არ მჭირდება. პირიქით, დედას ისიც კი ვთხოვე, ჩამოსულიყო საქართველოში და ერთ ბედნიერ ოჯახად გვეცხოვრა. ტკივილი, რაც წარსულში იყო, შეიძლება დავივიწყოთ-მეთქი. მინდოდა, ისიც ბედნიერი ყოფილიყო. მას თავის ქმართან და შვილებთან ერთად, მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ! ვამაყობ ჩემი ორი ულამაზესი ძმით, ისინი ხომ ჩემი სულის ნაწილები არიან.

სამწუხაროდ, ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, მოვეკითხეთ მე და ჩემი შვილები. არადა, რაოდენ უსიამოვნოც უნდა იყოს მისთვის, მე ვარსებობ, გავჩნდი და ამას ვერაფერი შეცვლის. ვარ შემდგარი ადამიანი და ძალიან ბედნიერი ჩემი ოჯახით. ერთადერთი, მინდა სიმართლე გავიგო ჩემი წარმომავლობის შესახებ. იქნებ კიდევ მყავს და-ძმა. ვინც უნდა იყოს მამა, გავიცნობ, მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამომეხმაურა, ვინც მხარში მიდგას და ჩემს ამბავს კითხულობს. ასეთ დროს ვხვდები, რომ მარტო არ ვარ.

ლიკა ქაჯაია