ჭრელი გარემოს ფერადი მასპინძელი
ძველ თბილისში უამრავი არქიტექტურული მარგალიტია, რომელსაც ზოგჯერ ისე ჩავუვლით გვერდს, ვერც ვხვდებით, რომ საუკუნოვანი კედლების მიღმა შეიძლება ისეთი გარემო დაგხვდეს, რომელიც სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებს და დღეს გაგიფერადებს...
ბროწეულის ხე
კარზე გამოსახულია ბროწეულის ხე - 7 ნაყოფით, შეაღებ და ხვდები ორიგინალურ ინტერიერში, სადაც უამრავ სამკაულსა და დეკორატიულ ნივთთან ერთად, კედლებზე გამოფენილი მასპინძლის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები უნდა ათვალიერო. ჭერზე ვან გოგის ნახატია - აყვავებული ნუში, იატაკზე ვინტაჟური სტილის ორნამენტი. როგორც კარის, ისე გალერეის დიზაინი მის მფლობელს ეკუთვნის, რომელსაც ნაწილობრივ შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე და ამავდროულად იტალიური ხელოვნების სიყვარულით არის შთაგონებული. ამას სამუშაო ოთახის კედელიც ადასტურებს, სადაც რაფაელის ერთ-ერთი ფრესკა მთელ სიგრძე-სიმაღლეზეა დატანილი.
ბუხრის ერთ ნაწილში, ივან და მარიებისა და სხვა მცენარეების თაიგულია "ჩასმული", ოთახში დგას ძველებური ხელნაკეთი კამოდი, რომელსაც მასპინძელი დეკუპაჟის ტექნიკით ამუშავებს და ავეჯი სულ მალე დასრულებულ სახეს მიიღებს. შეხვედრისას მხატვარ-დიზაინერი და გალერისტი ირინა ხარატიშვილი თავისივე ნახელავი გულსაბნევითა და ბეჭდით წარმოგვიდგა, რომელიც ნამდვილად ვერ დატოვებს მნახველს გულგრილს.
ბავშვის შთაგონება - უილტ დისნეის მულტიპლიკაცია
გეოლოგი მამა და ეკონომისტი დედა შვილის გატაცებას დიდად არ იწონებდნენ, თუმცა, ფაქტია, რომ მან თავისი გაიტანა. გამზრდელი ბებია ქსოვდა და ქარგავდა, ისევე როგორც უკრაინული ქალბატონების უმრავლესობა. მიიჩნევს, რომ სწორედ მისი გავლენით შეუყვარდა თავადაც ხელსაქმე. სკოლამდელ ასაკში და მერეც, პლასტილინით ძერწვით იყო გატაცებული, 12 წლიდან კი უკვე იცოდა, რომ მხატვარი გახდებოდა. დისნეის მულტფილმების გავლენით მის პერსონაჟებს ხატავდა. პირველი ხატვის პედაგოგი იყო ფერმწერი გულიკო კიკალეიშვილი, შემდეგ თემო ქუთათელაძესა და მადლენა ბაიდოშვილთან გადიოდა გაკვეთილებს. მოდელირებაში დიპლომი ლიდია ავალიანთან დაიცვა, შემდეგ კი დიზაინერ-დეკორატორობითაც დაინტერესდა და ეს კურსიც დახურა.
მიხეილი...
ირინა ხარატიშვილი მეორე კურსზე დედა გახდა. მიხეილი იმ დროს დაიბადა, როცა ქვეყანაში არც შუქი იყო, არც გაზი და ყველა თვითგადარჩენაზე გახლდათ ორიენტირებული. ცხადია, იმ დროს პროფესიულ რეალიზებას ვერ ახდენდა. იყო შინ, შვილს უვლიდა და პარალელურად, საქსოვი ძაფებით შექმნა ნაქარგების დიდი კოლექცია. "ცოტა რომ გამონათდა", სამხატვრო სკოლაში დაიწყო მუშაობა პედაგოგად, სადაც ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას 6 წელი ასწავლიდა, ხოლო შემდეგი 9 წელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაატარა. ბავშვებთან ურთიერთობას სასიამოვნოდ იხსენებს, თან იმ პერიოდში მშობლებისგან ხშირად ესმოდა სასიამოვნო კომპლიმენტი: "ჩემი შვილი თქვენ გამო დადის ხატვაზე" და ეს ორმაგად სასიხარულოს ხდიდა პატარებთან ურთიერთობასა და სწავლების პროცესს.
მინანქარი
"ერთხელ, წლების წინ, ძველ თბილისში შვილთან ერთად სეირნობისას, ერთ-ერთ გალერეაში შევიარე, სადაც გამოფენილი იყო მინანქრის ნამუშევრები. მაშინ გამიჩნდა სურვილი შემესწავლა ეს ტექნოლოგია. ჩემი მასწავლებელი იყო საოცრად ნიჭიერი ირაკლი მეგრელიშვილი. უკვე 19 წელია, საკუთარი დიზაინით ვქმნი მინანქრის სამკაულს. თავიდანვე არა მხოლოდ მინანქარში ვმუშაობ, არამედ ვცდილობ, ამ ტექნიკასთან ერთად ქვებიც გამოვიყენო... ქალბატონებისთვის ვამზადებ: ბეჭდებს, გულსაბნევებს, სამაჯურებს, გულსაკიდებს, ჯვრებს, მამაკაცებისთვის კი მხოლოდ პერანგის სამაგრები მაქვს გაკეთებული".
პანდემია
ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ შეცვალა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება კორონავირუსის პანდემიამ და ეს თითოეული ჩვენგანის განწყობაზეც აისახება. ცხადია, არც ირინა ხარატიშვილია გამონაკლისი. თუმცა, ბუნებით ოპტიმისტია და სჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს და ძალიან მალე პანდემია ისტორიას ჩაბარდება.
"ამ პერიოდში ყველაზე მეტად ხელოვნება დამეხმარა. როცა ვხატავ, უბედნიერესი ვარ. ვხატავ მაღალფეხება ქალბატონებს და "ვაცმევ" სხვადასხვა სამოსს. ფერადს, ორნამენტებით, ზოგიერთ კაბაში პეიზაჟიცაა და ბოლო ერთი წელია, ამ თემაზე ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში, მინანქარზე არ მიმუშავია და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ხატვამ ბავშვობაში დამაბრუნა. კოსტიუმების გარდა, მიყვარს ჩიტებისა და თევზების ხატვა, ბევრი ასეთი ნამუშევარი მაქვს შექმნილი..."
დღეს და უწინ
"რამდენიმე წლის წინ, ტრადიციული ლურჯი სუფრის თემაზე შექმნილი ჩემი სამკაულის კოლექცია, შეიტანეს კულტურის სამინისტროს სამ კატალოგში. ეს ნიკოლოზ რურუას მინისტრობის დროს მოხდა და ამ პროექტისთვის სპეციალურად შემარჩიეს, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა და გამახარა.
დღემდე 2 პერსონალური გამოფენა მქონდა, ასევე ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამერიკის საელჩოში ნინო სვანაძის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, როდესაც საქართველოს ბუში და მისი დელეგაცია სტუმრობდა, ქართველი მხატვრების შერეულ გამოფენაზე, მინანქარს მე წარმოვადგენდი. ჩემი ნამუშევრები პრეზიდენტის მთელმა აპარატმა შეიძინა და მათ შორის, კონდოლიზა რაისმაც - გულსაბნევი".
რამდენადაც შესაძლებელია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ირინა ხარატიშვილი მაინც აქტიურია. ახლახან სხვა ხელოვანებთან ერთად მონაწილეობდა გამოფენაში "თბილისური პეიზაჟები ღია ცის ქვეშ", თუმცა, ძველებურ დატვირთულ რეჟიმს ალბათ, მაინც პანდემიის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ანა კალანდაძე