"საქართველოში ადამიანის შრომა დაუფასებელია, მით უმეტეს - ხელოვანის" - გზაპრესი

"საქართველოში ადამიანის შრომა დაუფასებელია, მით უმეტეს - ხელოვანის"

მხატვარი რომეო ბლუაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს და გულშემატკივრების დიდ მოწონებასაც იმსახურებს. განსაკუთრებით საინტერესო მისი შექმნილი პორტრეტებია, რომელთაც შავი ფანქრით ასრულებს. ამბობს, რომ ხატვის ნიჭი საკუთარ თავში შემთხვევით აღმოაჩინა და ამის გამო პროფესიაც შეიცვალა. ფიქრობს, რომ საქართველოში მხოლოდ მხატვრობით თავის შენახვა გაუჭირდება, ამიტომ, მხატვრობა და სამსახური ერთმანეთს უნდა შეუთავსოს. საქართველოში ხელოვან ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზება უჭირთ და ამას სოციალური ქსელებით ახერხებენ. ამიტომაც ამბობენ, რომ ინტერნეტის თაობა მოდის. სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად აცხადებს კონკურსებს და უფასო ნახატებით ასაჩუქრებს გამარჯვებულებს. ამბობს, რომ მისთვის ყველა ნახატი შეუფასებელია და გულიც კი სტკენია ხშირად დაუფასებლობის გამო.

- ბავშვობაში ვხატავდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საოცრებებს. ალბათ ყველა ხატავს პატარაობაში და ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც სამხედრო სამსახურიდან დავბრუნდი, სასულიერო აკადემიაში, ტაძრების რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველად მაშინ დავხატე და კარგად გამომივიდა. ისევ ვცადე, დღითი დღე უფრო მომწონდა. საკუთარი თავი ვიპოვე და მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა. პირველად ერთ-ერთი მულტფილმის პერსონაჟი დავხატე. უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე, ამას ისიც დაემატა, რომ პანდემიის გამო ონლაინსწავლებაზე გადავედით.

- ამბობთ, რომ ხატვის გამო პირად ცხოვრებაზეც კი უარი თქვით.

- დიახ, როცა შეყვარებული ვიყავი, მივხვდი, რომ ხატვას მოვწყდი. იმდენი დრო აღარ მრჩებოდა და ხატვა ავირჩიე. როდესაც ვხატავ, სამყაროს მთლიანად ვწყდები, ეს ერთგვარი აზარტია, ვეღარ ვგრძნობ, რა ხდება ჩემ ირგვლივ. შეყვარებულ ადამიანს ამის გაგება გაუჭირდება და მესმის მათი.

- მხოლოდ შავი ფანქრით ასრულებთ პორტრეტებს, რატომ ანიჭებთ უპირატესობას შავ ფანქარს?

- პირველი, თუ შეგიძლია უნაკლოდ ხატო შავი ფანქრით, სხვა ნებისმიერი მასალითაც იმუშავებ, თან შავი ფანქარი იაფია და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეც ავირჩიე.

- მხატვრობით თავის გატანა თუა შესაძლებელი?

- საქართველოში ადამიანის შრომა დაუფასებელია, მით უმეტეს, ხელოვანის. ხშირად მეუბნებიან, ჩვენით გინდა გამდიდრდეო? ამ დროს ძალიან მწყდება გული. ერთი პორტრეტის შესაქმნელად დაახლოებით სამი დღე მჭირდება და ადამიანი, რომელიც პორტრეტს გიკვეთს და თან ასეთ შეურაცხყოფას გაყენებს, მუშაობის ხალისს გიკარგავს.

GzaPress

- რას ნიშნავს თქვენთვის ნახატები?

- ყველა მათგანი მიყვარს და შეუფასებელია ჩემთვის. ხშირად დამიხატავს კიდეც, მაგრამ ადრესატამდე აღარ მისულა - ისე მომწონებია, დამნანებია გასასხვისებლად. ყველა მათგანის შექმნისას ჩემს სულსა და გულს ვდებ.

- ხართ თუ არა კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და დამკვეთის თვალით თუ შეგიხედავთ ნახატებისთვის?

- დიახ, ძალიან კრიტიკული ვარ. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და დიდი გზა მაქვს გასავლელი. ქართველებს ისეთი მხატვრები გვყავდა, მათთან მისვლამდე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ყოველთვის დამკვეთის თვალით ვუყურებ ნახატს, მით უფრო, პორტრეტს.

- საჭიროა თუ არა პორტრეტის შესაქმნელად იმ ადამიანის სულში ჩაწვდომა, რომელსაც ხატავთ. ამბობენ, თვალების დახატვა ყველაზე რთულიაო?

- რა თქმა უნდა, მხატვრისთვის ფუფუნებაა, თუ ხატავს მას, ვის სულსაც იცნობს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ასე არ ხდება - ძირითადად სურათებიდან მიწევს გადახატვა, ხშირად უცხო ადამიანებისაც. მინდა მხატვრებს დაგვიდგეს ის ეტაპი, როდესაც იმის დახატვას შევძლებთ, რაც გვიყვარს და გვინდა.

მინდა წარმატების მწვერვალზე ვიყო და ამისთვის ბევრს ვიშრომებ, შევეცდები სამსახური და ხატვა ერთმანეთს შევუთავსო, თავის რჩენა რომ შევძლო.

ფიქრია რობაქიძე