პიცის საუკეთესო მცხობელი იტალიაში - გზაპრესი

პიცის საუკეთესო მცხობელი იტალიაში

ვალერი სახიაშვილი 16 წელია, ემიგრანტია. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მოუწია იმ ტვირთის ზიდვამ, რასაც ემიგრანტული ბავშვობა ჰქვია. ამბობს, რომ გრძელი და მძიმე გზა გაიარა და რომ არა კულინარია, ალბათ სირთულეებს ვერ დავძლევდიო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსგან შორს გაიზარდა, ქართული ენისა და საქართველოს სიყვარული არ განელებია. ფიქრობს, დრო მოვა და მის პატარა ქვეყანას აუცილებლად შეიყვარებს მთელი მსოფლიო.

- რთული იყო ენის ბარიერის გამო, მოვწყდი ახლობლებსა და მეგობრებს, ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი, მაგრამ ვიბრძოდი. ენა მალე შევისწავლე და კულინარიულ სკოლაშიც ჩავირიცხე. ბავშვობიდან მომწონდა ცომზე მუშაობა და ამის შანსი რადგან მომეცა, გამოვიყენე კიდეც. რომ არა სამზარეულო, ალბათ იმ მძიმე დღეებს ვერ გადავიტანდი.

- მიუხედავად იმისა, რომ 16 წელია ცხოვრობთ იტალიაში, ქართული ენა არ დაგვიწყებიათ. ეს დედის დამსახურებაა?

- რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის ქართულად მესაუბრებოდა. არ ვთვლი, რომ კარგად ვლაპარაკობ ქართულად, ბევრი სიტყვა დამავიწყდა, მაგრამ ვცდილობ, არ დავივიწყო არც ენა და არც სამშობლო. ჩემი პატარა ქვეყანა ყოველთვის ჩემს გულშია, მიყვარს ქართველები და ვცდილობ მათთან მეგობრობას.

- თქვენ მიერ მომზადებულმა პიცამ არაერთხელ მოიპოვა იტალიაში აღიარება. თუ იციან, სადაური ხართ?

- როდესაც კონკურსში ვმონაწილეობ და ჟიურის წინაშე წარვდგები, ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ პატარა ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია. ქართული დროშა სულ თან მაქვს, ვცდილობ ყველას გავაცნო ჩვენი ქვეყანა.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი უცხოეთში?

- ალბათ ღვინო. იცით, რომ იტალიაში უამრავი სახეობის ღვინო მზადდება, თუმცა როდესაც ქართული დააგემოვნეს, აღფრთოვანდნენ. აღიარეს, რომ საფერავი საუკეთესოა.

- პირველი კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვეთ, 2013 წელს ჩატარდა. მოგვიყევით ამ კონკურსზე. ვიცი, რომ ბევრი იტალიელი მონაწილეობდა და კონკურენციის პირობებში გამარჯვების შანსი ნაკლებად გქონდათ.

- დიახ, ეს პირველი მასშტაბური კონკურსი იყო ჩემთვის, 4000 ადამიანი მონაწილეობდა. მართლაც მინიმუმამდე იყო დაყვანილი გამარჯვების შანსი, მაგრამ მესამე ადგილი დავიკავე. რა თქმა უნდა, ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის.

- ახლახან ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულიც თქვენ გახდით.

- დიახ, პირველ ადგილზე გავედი. ჩემს პიცაში გავაცოცხლე მივიწყებული ტრადიციები და გამოვიყენე ძველი ფქვილები, რომლებსაც ახალი თაობა თითქმის არ იყენებს. ასევე, ბეკონი და თევზეული (კიბოს ჩხირები), გამხმარი სოკო ფხვნილის სახით. ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჟიური იყო ძალიან მკაცრი და კრიტიკული. კონკურსი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მონაწილეს თავისი გუნდი ჰყავდა, სამი ან ოთხი ადამიანით დაკომპლექტებული, მხოლოდ მე ვიყავი მარტო, საკუთარი თავის იმედად. ჯერჯერობით არ მყავს ჩემი გუნდი, ალბათ სამომავლოდ მეყოლება.

- გარდა იმისა, რომ ამზადებთ საოცარ პიცებს, სხვა რითი ხართ დაკავებული, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- დატვირთული გრაფიკი მაქვს. გარდა იმისა, რომ ვამზადებ პიცებს, იტალიაში მაქვს პურის საცხობი. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი გამომცხვარი პური იტალიაში უკონკურენტო იყოს. პურის მოსამზადებლად ვიყენებ ნატურალურ პროდუქტებს და ისეთ ფქვილს, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ და რომელიც საუკეთესო გემოს გვაძლევს. მყავს მოსწავლეები და ვასწავლი პიცის მომზადებას.

- თუ გიფიქრიათ საქართველოში დაბრუნებასა და თქვენი საქმიანობის იქ გაგრძელებაზე?

- რა თქმა უნდა, მიფიქრია, მინდა ხშირად ჩავიდე საქართველოში და მქონდეს შესაძლებლობა, უკეთ გავეცნო ქართულ პროდუქტებს; მინდა ქართულ-იტალიური პიცა გავაკეთო და საქართველო კიდევ უფრო წარმოვაჩინო ამ კუთხით. ვგეგმავ, საქართველოში იტალიური პიცერია გავხსნა. ბევრი გეგმა მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით.

- თუ გიფიქრიათ, საქართველოში რომელიმე კულინარიულ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა?

- არა, მე გამიჭირდება ქართული კერძების ისე მომზადება, რომ ქართველ მზარეულებს კონკურენცია გავუწიო. სახლში კი ვამზადებ ქართულ კერძებს, მაგრამ ეს არ არის პროფესიულ დონეზე. ქართული სამზარეულო ძალიან მდიდარია, ბევრი ნატურალური პროდუქტი გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, რომ საქართველოში ჩავიდე და ეს ყველაფერი შევისწავლო.

- როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო - იღბალი თუ ბევრი შრომა?

- ალბათ ორივე. მე ვერ გეტყვით, რომ რაღაცებში არ გამიმართლა, თუმცა ნამდვილად ბევრს ვშრომობ წარმატების მისაღწევად. კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათს ვისვენებ და იმ დროსაც სამსახურზე ფიქრში ვატარებ. ასე რომ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ბედიც შენს მხარეს უნდა იყოს.

ფიქრია რობაქიძე

სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან