"უკვე იმდენი "გზა" მაქვს ნაყიდი, მგონი, მეწილეობაც მეკუთვნის" - გზაპრესი

"უკვე იმდენი "გზა" მაქვს ნაყიდი, მგონი, მეწილეობაც მეკუთვნის"

ავთო კაშია ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი გახლავთ. უკვე რამდენი წელია, ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება, "გზას" ყიდულობს და იმავე დღეს მირეკავს შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. 80 წლის პირველ მაისს გახდა, პროფესიით იურისტია, ვიცე-პოლკოვნიკი. სამტრედიაში, სოფელ ბაშში დაიბადა და გაიზარდა. განსაკუთრებულად უყვარს იქაურობა. თვლის, რომ იქ ყველაზე ალალი, შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.

- მამა და ბიძა ტყუპისცალები იყვნენ. ჯარში, რა თქმა უნდა, ერთად გაიწვიეს, მაგრამ ისე მოხდა, ბიძაჩემი დაავადდა და "გააკომისიეს". თურმე მამაჩემი მეთაურმა დაიბარა და უთხრა, ტყუპი ძმის დაცილების უფლება არ გვაქვს, ამიტომ ორივეს გათავისუფლებთ სამხედრო სამსახურისგანო. პოლიკარპეს კი ასე უპასუხია: მე ვრჩები, რადგან სამშობლოსთვის უნდა ვიბრძოლო, ჩემს ძმას კი სანდო ადამიანს გავაყოლებ და სახლში მშვიდობით მიაცილებენო. მართლაც ასე მოხდა. ბიძაჩემი დაბრუნდა, გამოჯანმრთელდა კიდეც და კოლმეურნეობის თავმჯდომარეც იყო 12 წლის განმავლობაში. მამამ კი ომიდან 1944 წელს მოიწერა ბოლო წერილი, ნოვოროსიისკში ვიბრძვიო, გვატყობინებდა. ამის შემდეგ აღარაფერი გვსმენია, დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბევრჯერ მქონდა მცდელობა, გამერკვია, სად იყო დაკრძალული. რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ პოლიკარპე ბარნაბას ძე კაშიას საფლავი აღმოაჩინეს ქერჩში. ვემზადებოდი კიდეც იქ წასასვლელად, მაგრამ მამას სეხნია აღმოჩნდა, ბათუმიდან. შემდეგ ვიპოვე ამ კაცის შვილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა დიდი სურვილი აქვს, საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავიდეს ქერჩში და მამის ცხედარი ბათუმში გადმოასვენოს...

ასე რომ, დედამ ობლობაში, გაჭირვებით დაგვზარდა შვილები - მე და ჩემი ორი ძმა. უმაღლესის დამთავრების შემდეგ მეც დავოჯახდი. მეუღლე პროფესიით ფილოლოგია, გვყავს ქალ-ვაჟი და შვილიშვილები.

- ბატონო ავთო, ამჟამად რას საქმიანობთ? ვიცი, რომ ასაკს არ ეპუებით და კვლავაც აგრძელებთ აქტიურ ცხოვრებას.

- მოსკოვში დავამთავრე მილიციის სპეციალური სასწავლებელი. იქვე შემომთავაზეს სამსახური, მაგრამ დედაჩემის დაჟინებული თხოვნით დავბრუნდი საქართველოში და ჩოხატაურში დავიწყე მუშაობა. სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ვიყავი 4 წელი. მიუხედავად სხვადასხვა წინადადებისა და შემოთავაზებისა, არ წავსულვარ დედაქალაქში, რადგან ჩემი რაიონი ძალიან მიყვარდა. 36 წელი ვიმუშავე შინაგან საქმეთა ორგანოებში და კაციშვილი ვერ იტყვის, რომ უკანონოდ, უსამართლოდ მოვექეცი ვინმეს. უდანაშაულო კაცი არასდროს დამისჯია. ბევრმა განსაცდელმა გადაიარა ჩემს თავზე, არ მომკლებია დაჭრა და შეტაკებები... ერთხელ შემოვიდა შეტყობინება, ამა და ამ სოფელში ყაჩაღები ხალხს ძარცვავენო და გამოძახებაზე გავედით. ჩვენ მაინც ვერ გავიმეტეთ დამნაშავე, მან კი თვალის დახამხამებაში დანით 3 კაცი დაგვჭრა. ბოლოს მაინც დავაკავეთ და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არ დამავიწყდება კიდევ ერთი ამბავი: რაიონის განყოფილების უფროსმა, რობერტ კოხრეიძემ დამიბარა. ოთახში დამხვდა ვახტანგ ჯაფარიძეც, რომელიც შს სამინისტროში მუშაობდა. ჩოხატაური თუ კარგად იცი, ჩვენი მეგზური უნდა გახდე, ოზურგეთელი ყაჩაღი მდინარაძე უნდა ავიყვანოთო. ეს მდინარაძე თავზე ხელაღებული ყაჩაღი იყო, ყველგან შეიარაღებული დადიოდა და ხალხს აწიოკებდა. გეგმა დავსახეთ და ღამის 2 საათზე გავედით სამტრედიიდან ისე, რომ ჩოხატაურის ადგილობრივ მილიციას არაფერი შევატყობინეთ. მანქანები სოფლიდან მოშორებით დავტოვეთ და გზას ფეხით გავუყევით. მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა იმ წელს ფეხბურთში, ამ ყაჩაღს ფეხბურთის ყურებაში ჩასძინებოდა და ვერ გაიგო ჩვენი მისვლა, თორემ ალბათ ყველას დაგვხოცავდა, ისეთი მარჯვე და დაუნდობელი იყო. მძინარეს დავადექით თავზე, ბალიშის ქვეშ გამზადებული ხელყუმბარა ვუპოვეთ... ისეთი პროფესია მქონდა, მუდმივად სიკვდილს ვუყურებდი თვალებში. ვიცე-პოლკოვნიკის ჩინით გავედი დამსახურებულ პენსიაზე. ამჟამად სამტრედიის ვეტერანებს ვემსახურები უანგაროდ - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. შეძლებისდაგვარად ვეხმარები მათ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, ზემდგომ ორგანოებთან ერთად.

- "გზის" ერთგული მკითხველი ხართ. რა მოგწონთ, რა შენიშვნები გაქვთ?

- წლების განმავლობაში სისტემატურად ვყიდულობ და ვკითხულობ თქვენს ჟურნალს. ვხუმრობ ხოლმე, უკვე იმდენი "გზა" მაქვს ნაყიდი, მგონი, მეწილეობაც მეკუთვნის-მეთქი. ძალიან მომწონს, ყოველთვის ობიექტურები ხართ, საინტერესო სტატიებს ბეჭდავთ, აქტუალურსაც, არც ისტორიასა და წარსულს ივიწყებთ, არც ხელოვნებას, არც სპორტს. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ხუთშაბათი და როდის გავეცნობი სიახლეებს თქვენი ჟურნალის საშუალებით. რადგან მომეცა შესაძლებლობა, მინდა თქვენს რედაქციას და მთელ საქართველოს მივულოცო ჩავლილი დღესასწაულები - აღდგომა და გიორგობა, თითოეულ ოჯახს სიკეთესა და ღვთის წყალობას ვუსურვებ!

ნინო ჯავახიშვილი