"ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს, აღსაზრდელზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნო..." - გზაპრესი

"ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს, აღსაზრდელზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნო..."

ტაეკვანდოს ეროვნული ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, წლის საუკეთესო მწვრთნელად არაერთგზის დასახელებული ბათუმელი აკაკი ცენტერაძე სპორტის არცთუ იოლ სახეობაზე, აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე, როგორც ამბობს, ძმაკაცის დედამ შეიყვანა და მას მერე სპორტისთვის არ უღალატია... ბევრი გამარჯვებისა და ამით მოგვრილი სიხარულის გარდა, იმედგაცრუებისა და ხელის შეშლის მცდელობებიც ჰქონია, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია და მიზნის მიღწევას ჯიუტად ცდილობდა... თუმცა, გამუდმებული ბრძოლით ძლიერებიც იღლებიან და დღეს ბატონი აკაკი ამერიკაშია...

- ტაეკვანდო აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთ-ერთი ოლიმპიური სახეობაა. ბავშვობაში კიოკუშინ კარატეზე და პარალელურად, აკრობატიკაზე დავდიოდი, მაგრამ ერთხელ, როცა თბილისში წავედი შეჯიბრებაზე, იქ ახლობელმა მიმიყვანა ტაეკვანდოზე და ძალიან მომეწონა, ამ სახეობაში ფეხებით უფრო მეტს მუშაობ და ამან მიმიზიდა... ვინაიდან ბათუმში ტაეკვანდოს სკოლა არ იყო, თბილისში გავაგრძელე სწავლა, თან პარალელურად, თურქეთში, რიზეში ჩავდიოდი. თურქებს ამ სახეობაში ძალიან ძლიერი, ერთ-ერთი წამყვანი სკოლა აქვთ, არაერთი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ჰყავთ გაზრდილი და მათთან ვემზადებოდი. მერე უკვე სურვილი და ამბიციაც გამიჩნდა, ბათუმელებსაც ჰქონოდათ სპორტის ამ სახეობის შესწავლის საშუალება და 18 წლიდან აქტიურად დავიწყე ამაზე ზრუნვა.

- ვინ გირჩიათ თურქეთში წასვლა?

- ვინაიდან საქართველოში ისე კარგად არ იყო განვითარებული სპორტის ეს სახეობა, ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ მიქაძემ მირჩია თურქეთში ჩასვლა, სადაც 4 ძმა, გვარად ტატოღლები ავარჯიშებდნენ ახალგაზრდებს ტაეკვანდოში. ისინი ქართველობდნენ, - ჩვენ ტატიშვილები ვართ, უბრალოდ, ჩვენმა წინაპრებმა რაღაც მიზეზის გამო შეიცვალეს გვარიო. საოცარი ადამიანები არიან. მათი რჩევა-დარიგებები და იქ მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარა.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

- როგორც მწვრთნელს, აღზრდილი მყავს ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები, რაც უდიდესი წარმატებაა. 2009 წელს, გურამ კუტუბიძე ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და ეს პირველი მედალი გახლდათ ტაეკვანდოში, რომელიც საქართველოში ჩამოიტანეს. შემდეგ კიდევ 2 მედალი ავიღეთ ევროპის ჩემპიონატზე, ისევ კადეტებსა და ახალგაზრდებში: 2015-სა და 2017-ში ზურაბ კინწურაშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა, ანუ ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. ეს დიდი წარმატება გახლდათ ჩვენთვის...

- თქვენს პირად წარმატებებზეც იქნებ გვითხრათ რაიმე....

- საქართველოს მრავალგზის აბსოლუტური ჩემპიონი ვარ, საერთაშორისო ტურნირების მონაწილეც, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიე, როგორც მწვრთნელმა და იცით, ეს როდის მოხდა? როცა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ჩემპიონატზე, სადაც თამაშდებოდა ოლიმპიური ლიცენზია ახალგაზრდებში (ბუენოს-აირესში ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები), მესამე ადგილი აიღო ზურაბ კინწურაშვილმა. სამწუხაროდ, მერე ისე მოხდა, რომ ბუენოს-აირესში ჩემ ნაცვლად, სხვა წაიყვანეს...

- მიზეზი რა იყო?

- არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს თავისი "ლუბიმჩიკები" ჰყავდა და ჩემს ნაცვლად, კინწურაშვილთან ერთად, ბუენოს-აირესში გაუშვეს კაცი, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი არ ჰყავდა გაზრდილი. ჰოდა, დავკარგეთ ოლიმპიური მედალი. გამოცდილება რომ არ აქვს მწვრთნელს და წარმოდგენა, ვის ხვდება მისი სპორტსმენი, ის ვერასდროს გააკეთებს ტაქტიკურ სვლებს, ვერ მისცემს სწორ რჩევას - ეს კი ბევრს ნიშნავს სპორტსმენისთვის.

- ალბათ ძალიან განაწყენდით...

- სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ მომინელებია, მაშინ ოლიმპიურ ჩემპიონატზე რომ არ წამიყვანეს. შეიძლება მწვრთნელი ისე დაბერდეს, ისე დაამთავროს კარიერა, საერთოდ ვერ მოხვდეს ოლიმპიურ თამაშებზე, იმდენად რთულია იქამდე მიღწევა. მე ეს შევძელი, ლიცენზია ავიღეთ, საგზური მოვიპოვეთ, ველოდი წასვლას და... რადგან ვერ წავედი, ამის გამო დიდხანს ვიყავი დეპრესიულ მდგომარეობაში. ყველაფრისთვის თავის დანებება მინდოდა, მაგრამ იმდენად მიყვარს სპორტი, მთელი ჩემი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ და იმდენად ბევრი შრომა მაქვს მასში ჩადებული, რომ ვერც წარმომიდგენია, სხვა რა უნდა გავაკეთო...

GzaPress

- აჭარაში ტაეკვანდოს ფედერაციას ჩაუდექით სათავეში...

- 2002 წელს მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ აჭარის ტაეკვანდოს ფედერაცია. აჭარის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი 2002-დან 2020 წლამდე, თან ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდით, აგრეთვე ჩემი კლუბი - "ნოკაუტი" მქონდა. 2013-ში ვიყავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჭაბუკებში, 2015-ში - ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი და 2020-შიც ვიმუშავე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად, მერე კი ამერიკაში წამოვედი.

- რატომ, რადგან ხელშეწყობა არ გქონდათ?

- სიმართლე გითხრათ, ხელშეწყობა არასდროს გვქონდა. ვინმეს ჩემთვის დახმარება რომ გაეწია, საქართველოდან წასვლაზე არასდროს ვიფიქრებდი, ჩემს გეგმებს გავყვებოდი და ბევრად კარგი შედეგები ექნებოდა ეროვნულ ნაკრებს, ვიდრე დღეს აქვს. მით უმეტეს, რომ სპორტსმენები ენთუზიაზმით სავსე და ძალზე მონდომებულები არიან.

- იქნებ გაიხსენოთ თქვენი ყველაზე რთული ბრძოლა...

- ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე მანჩესტერში. ფეხი მქონდა დაზიანებული და რთული ბრძოლა გაიმართა. სამწუხაროდ, მაშინ წავაგე...

- სპორტის ამ სახეობაში ასაკი თუა შეზღუდული?

- არა, აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. სანამ ფორმაში ხარ, შეგიძლია იბრძოლო...

- რატომ მაინცდამაინც ამერიკა?

- ამერიკაში 2020-ში ჩამოვედი. 2016-შიც მქონდა კარგი შემოთავაზება ნიუ-იორკიდან, მაგრამ მაშინ, გამომდინარე იქიდან, რომ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ვემზადებოდით, უარი ვთქვი... აი, ახლა კი ამ შანსს ვერ გავუშვებდი ხელიდან, რადგან საქართველოში მიზნის მიღწევას დიდი ალბათობით, ვერ მოვახერხებდი...

- თუმცა ალბათ გაგიჭირდათ საქმის და იმ სპორტსმენების მიტოვება, რომლებსაც თქვენი იმედი ჰქონდათ.

- რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს 5 წლიდან ვზრდიდი და მართლა ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან ზურაბ კინწურაშვილი, რამაზ წოწონავა, მიხეილ გავრილჩენკო, რომელიც ახლა ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო ბრძოლაზე მიდის და ემზადება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. უბრალოდ, ჩემს მომავალს ვერ ვხედავდი სამშობლოში...

ახლა აქ დროებით, ნაკრების ბავშვებს ვწვრთნი, ისინი ნაციონალური ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ახლახან პუერტო-რიკოში იყვნენ და სამი მედალი ჩამოიტანეს. 4 თვეა, აქ ვარ.

- ტაეკვანდოს საქართველოში რა პერსპექტივა აქვს?

- ვერ გეტყვით... საერთოდ, როცა პურს მეპურე აცხობს, მხოლოდ მაშინ გამოდის ნახელავი გემრიელი... ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ, იმასაც გეტყვით, რომ თუ ამერიკაში დარჩენის უფლებას მომცემენ, ნაკრების მუშაობაში ჩავერთვები. 2028-ში ტარდება ოლიმპიური თამაშები ლოს-ანჯელესში და რამდენიმე ბავშვზე სიამოვნებით გავაკეთებდი აქცენტს, რომ აიღონ ოლიმპიური ლიცენზია...

GzaPress

- თუ ქართველი მებრძოლებიც მოახერხებენ ამ ოლიმპიურ თამაშებში ჩართვას და თქვენს უცხოელ აღსაზრდელებს დაამარცხებენ, იმედია, გული არ დაგწყდებათ...

- (იცინის) პირიქით, ძალიან გამიხარდება, თუ ქართველი სპორტსმენები ლიცენზიის აღებას მოახერხებენ.

- რას ნიშნავს სპორტსმენისთვის, გამარჯვების შემდეგ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნს რომ ისმენს?

- ეს ძალზე დიდი ბედნიერებაა... როცა შენი აღზრდილი მაღალ მწვერვალს იპყრობს, ესეც სასწაული გრძნობაა მწვრთნელისთვის და თითქოს ჩვევად გიყალიბდება მერე, სულ გამარჯვებას ისახავ მიზნად. სხვათა შორის, პირველი ქართველი დამსახურებული მწვრთნელი გავხდი სპორტის ამ სახეობაში. ენთუზიაზმმა და საქმის სიყვარულმა მათქმევინა ბევრ კარგ შემოთავაზებაზე უარი. არადა, მართლა ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ ჩემს ადგილას ბევრი ვერ გაძლებდა, უფრო ადრე წავიდოდა სხვაგან ბედის საძიებლად. ვთვლი, რომ 7 წელი დაკარგული მაქვს, არადა, ამ დროის მანძილზე ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა.

- დაბოლოს, ოჯახზეც მიამბეთ რამე...

- ორი ვაჟი მყავს. უმცროსი 10 წლისაა და სპორტსმენობაზე ოცნებობს, ჩემს სფეროშია და ახლა ჩემი აღზრდილები წვრთნიან მას. უფროსი 11 წლისაა და არქიტექტორობა სურს. მეუღლე ძველი სპორტსმენია, ჩოგბურთს თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო თავი დაანება. ახლა ბათუმის მერიაში მუშაობს, მაგრამ ტაეკვანდოც კარგად იცის. 13 წელი რომ გიყურებს ადამიანი, როგორი რთული საქმეც უნდა იყოს, ისწავლის, აბა, რას იზამს (იცინის).

- წარმატებებს და მალე სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ!

- გმადლობთ... ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, სადაც უნდა ვიყო, ჩემს საქმეს არ ვუღალატებ. ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს, აღსაზრდელზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნო...

ლიკა ქაჯაია