"ნიუ-იორკის "ეკო-არტ-გამოფენამ" ქართველი ხელოვანი შეარჩია"
ნიკა გოგიაშვილი დაახლოებით 6 წელია, რაც ბელგიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი და ჟურნალისტი დღეს ხელოვნების სფეროში მუშაობს. მისი ნახატები, სკულპტურები სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ასევე მართავს მაღაზიათა დიდ ქსელს ბელგიაში...
უცხო ქვეყანაში ახალ პროფესიებს შეჭიდებული 29 წლის ემიგრანტი წარმატებისკენ მიმავალი საკუთარი გზის შესახებ გვიამბობს.
- საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ თსუ-ში - ჟურნალისტიკის. კრიმინალური ჟურნალისტიკის სწავლა მინდოდა. სწავლის პარალელურად ყოველთვის ვმუშაობდი. ისეთი ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლე: ნანუკა ჟორჟოლიანთან, გია ჯაჯანიძესთან და მაია სტეფნაძესთან ვიმუშავე. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან მოგეხსენებათ, საქართველოში კარიერის აწყობა ადვილი არ არის, მათ კი შანსი მომცეს, რომ ჩემს კარიერაზე მეზრუნა. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა და მომავალშიც ასე იქნება.
- საქართველოდან ბელგიაში ჟურნალისტიკაში ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრეთ?
- ბავშვობიდან ჩემი საოცნებო პროფესია ჟურნალისტობა იყო, თუმცა პარალელურად, ყოველთვის დაინტერესებული გახლდით მოგზაურობით. მინდოდა, მსოფლიო მენახა... ბავშვობიდან ვხატავდი, ხელოვნება მაინტერესებდა... სამწუხაროდ, საქართველოში ხელოვნების მიმართულებით განვითარება ვერ მოვახერხე. რატომღაც ახალგაზრდები ორიენტირებულები ვართ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში ჩავაბაროთ, ვისწავლოთ და დიპლომები ავიღოთ. თითქოს ეს ჩვენთვის ერთადერთი იდეა-ფიქსია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა. მინდოდა, მეტი მესწავლა, მენახა, ამიტომ მაგისტრატურაში სწავლის ბოლო პერიოდში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ქვეყანას დავტოვებდი. პლუს, ძალიან მინდოდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მეცხოვრა - სხვა ქვეყნების, ენების, კულტურის, რელიგიის გაცნობა ადამიანის შინაგან სამყაროს ძალიან ავითარებს. საქართველოდან ჩემი გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო.
- ხელოვნების სფეროში როგორ დაიმკვიდრეთ თავი?
- მართალია, ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში არ ჩამიბარებია. ბელგიაში ხელოვნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ანტვერპენი, სადაც საცხოვრებლად ჩამოვედი, ხელოვნების გულია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით გალერეას, ხელოვნების აკადემიას, სკოლას და ა.შ. ბევრი ახალგაზრდა ანტვერპენში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის, რომ ისწავლოს და ხელოვნებაში თავისი უნარ-ჩვევები განავითაროს. ბელგიის სახელმწიფო ახალგაზრდა არტისტებს ძალიან უწყობს ხელს... უბრალოდ, ჩემს ნახატებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. საზოგადოება მალევე დაინტერესდა. პირველი შეკვეთა სწორედ სოციალური ქსელიდან მივიღე: სასტუმროების ძალიან პოპულარული ქსელი შემეხმიანა და ბრიუსელში, ახალგახსნილი სასტუმროსთვის ნახატების შექმნა დამიკვეთა. ჩემთვის ეს დიდი შოკი იყო, რადგან ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი... გამიმართლა. ამის შემდეგ მეტი მოტივაცია გამიჩნდა. რა თქმა უნდა, ხატვა მონდო მებით გავაგრძელე. პირველ შეკვეთას სხვა შემოთავაზებები მოჰყვა... დღეს ბელგიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ გალერეებთან ვთანამშრომლობ. სხვადასხვა კერძო კოლექციონერი დაინტერესდა, მაგალითად - ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ბელგიაში ძალიან ცნობილი ადამიანია.
- თქვენი შემოსავლის წყარო ბელგიაში ჩასვლისთანავე ხელოვნება გახდა თუ იყო პერიოდი, როცა სხვა საქმით გიწევდათ თავის რჩენა?
- ემიგრანტების უმეტესობას თავდაპირველად ალბათ, გარკვეული დანაზოგი აქვს. სხვა ქვეყანაში ყველაფერი ისეთი ლამაზი არ არის, როგორც შეიძლება, შორიდან ჩანდეს... ბელგიაში ცხოვრების პირველი თვეები განსაკუთრებულად მძიმე იყო - ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება, ნულიდან დაწყება მიწევდა, თუმცა ეს ჩემთვის ტრავმა არ ყოფილა, პირიქით - მოტივაცია გახლდათ. ვხატავდი, ვცდილობდი, ჩემი "სივი", ნამუშევრები ყველგან გამეგზავნა, ქალაქებში ფეხით დავდიოდი, გალერეებში შევდიოდი და ვეკითხებოდი, ახალი არტისტების პოვნით დაინტერესებული თუ იყვნენ?.. ზოგ შემთხვევაში გამიმართლა, ზოგში - არა... ამჟამად ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ ჩემი ხელოვნება არ არის, რადგან ასევე, მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის შვედური კომპანიის კრეატიული და ვიზუალ-მენეჯერი ვარ ბელგიაში. მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს ვმართავ. ჩემი საქმე ბევრ კრეატიულ ასპექტს მოიცავს, რაც ასევე საინტერესოა.
- ეკოპრობლემების თემაზე შექმნილი თქვენი ნამუშევრების შესახებ გვიამბეთ.
- ბოლო წლებში დავინტერესდი როგორც პიროვნული განვითარებით, ასევე - მსოფლიოში არსებული სიტუაციით: რა პრობლემები, ამოცანები გვაქვს, როგორ შეგვიძლია, ჩვენი პიროვნება განვავითაროთ, როგორ დავეხმაროთ კაცობრიობას, რომ ჩვენი გარემო უკეთესი იყოს... ამ საკითხებზე ფიქრისას გამიჩნდა იდეა, შემექმნა კოლექცია, რომელსაც ამ თემებს მივუძღვნიდი. 6 ნამუშევარი შევქმენი, რომლებიც გარემოს დაბინძურებას, გლობალურ დათბობას და საერთოდ ეკოსისტემას ეძღვნება. ამერიკაში, ნიუ-იორკში, ეკოხელოვნების ფორუმი ყოველწლიურად იმართება, რომელიც სწორედ მსგავს საკითხებს ეძღვნება. ეს გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არტისტებს (მხატვრებს, მუსიკოსებს...) არჩევს. წელს გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები აარჩიეს. პირველი შემთხვევაა, როცა ნიუ-იორკის ეკო-არტ-გამოფენამ, რომელიც 20 წელზე მეტია იმართება, ქართველი ხელოვანი შეარჩია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო! ეს უზარმაზარ წარმატებას ნიშნავს, რადგან ფაქტობრივად, არის პასუხი იმ ენერგიაზე, დროსა და ემოციებზე, რასაც არტისტები ჩვენი ნამუშევრების შექმნაში "ვდებთ"... მინდა ამ კოლექციით საზოგადოებამდე ის სათქმელი მივიტანო, რომ ყველამ საკუთარი ყოფა-ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ, რათა ჩვენ მიერ გადადგმული პატარა ნაბიჯით მომავალში დიდი შედეგი მივიღოთ, - ჩვენი ეკოსისტემა, ჩვენი სამყაროს ამჟამინდელი სიტუაცია გავაუმჯობესოთ... ამ ნამუშევრების გარდა, სხვადასხვა კოლექციას ვქმნი. ახლაც ახალი კოლექციის შექმნით ვარ დაკავებული. ჩემი გამოფენის გახსნა ანტვერპენში მაისში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო, რადგან სამწუხაროდ, აქ ყველაფერი დაკეტილია. იმედია, სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე, რა თქმა უნდა, კერძო დაკვეთებზეც ვმუშაობ - სასტუმროებისთვის, კერძო კოლექციონერებისთვის. მათ შორისაა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი რიკ კამერონი, რომელიც ჩემი ხელოვნებით დაინტერესდა და დამიკვეთა, რამე ქართული შემექმნა. მან საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცის. სწორედ მისთვის ილია ჭავჭავაძის იდეაზე (მისი წიგნებით, ტექსტებითა და იდეოლოგიით) აბსტრაქცია შევქმენი. დღეს ჩემ მიერ შექმნილი ნახატი რიკ კამერონის კერძო კოლექციაშია. ხატია ბუნიათიშვილს მისთვის შექმნილი პორტრეტი ბრიუსელში, სოლო კონცერტზე გადავეცი. თებერვალში შევქმენი სკულპტურა - შიცილიან შუმმერ ("ზაფხული სიცილიაზე"), რომელიც გაყიდვაში ჩაშვებიდან 3 კვირაში მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გაიყიდა. იდეა - პანდემიის და მსოფლიოს ჩაკეტვის პირობებში ხალხისთვის დადებითი, სასიამოვნო მოგონებების ხელოვნების გზით გაზიარება იყო. ეს სკულპტურა იტალიური კულტურისა და ხელოვნების ინსპირაციით შევქმენი... გასულ თვეში ჟურნალების - "ვოგისა" და "მარი კლერისგან" ინტერვიუსთან დაკავშირებული შემოთავაზება მივიღე, რაც ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევა და წარმატებაა. ინტერვიუ მაისში გამოქვეყნდება, რომელშიც ვსაუბრობ, რა გზა გავიარე ქართველმა ახალგაზრდამ საქართველოდან ბელგიაში, ემიგრაციის პირობებში ჩემთვის უცხო პროფესიებს როგორ შევეჭიდე... ინტერვიუს თემა ხელოვნება, კარიერა და ის წარმატებები იყო, რასაც ჩვენი მაღაზია ჩემი მენეჯერობის პერიოდში აღწევს.
- თქვენი სამომავლო გეგმები ჩვენს ქვეყანას უკავშირდება?
- აუცილებლად ჩემი ყველა გეგმა მაინც საქართველოს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოსგან შორს ვარ, ქართული ხასიათი, იდეები ჩემს თითქმის ყველა ნამუშევარში ჩანს... მინდა საქართველოში არტ-ლოკაცია შევქმნა, სადაც დამწყებ არტისტებს უსასყიდლოდ მივცემ საშუალებას, ნამუშევრები შექმნან, რადგან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხელოვანებს საშუალება არა აქვთ, სამუშაო ადგილი ჰქონდეთ ან სამუშაოდ საჭირო მასალები შეიძინონ. ამ გზით მინდა, საქართველოში ხელოვნებას პოპულარიზაცია გავუწიო: წარმოიდგინეთ, ჩემ მიერ შექმნილი სივრცე არტისტებისთვის ყოველთვის ღია იქნება, განსაკუთრებით - დამწყებებისთვის, რადგან კარგად ვიცი, როგორი რთულია, საქართველოში ხელოვნებაზე ფიქრობდე, ნამუშევრების შექმნა გინდოდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებდე...
რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება და წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ ალბათ ესეც ერთ-ერთი მოტივაციაა, საკუთარ თავს შეეჯიბრო და გამოცადო - სამშობლოსგან შორს თავის დამკვიდრებას შეძლებ თუ არა. ოჯახისგან შორს ყოფნა ადვილი არ არის: მუდმივად მენატრება მეგობრები, ოჯახის წევრები, აღმზრდელი ბებიები, რომლებიც სულ მელიან...
დედაჩემი - მანანა გიგინეიშვილი ჩემთვის ყოველთვის მთავარი მოტივატორი გახლდათ და სულ ასე იქნება, რადგან მან ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მხარში მედგა, მაგრამ განსაკუთრებით - დედა: ნებისმიერ წამოწყებაში, იდეაში მხარს მიჭერდა... დედა ჟურნალისტი გახლავთ. ბავშვობაში, სახლში რომ ვისხედით და შუქი გვენატრებოდა, დედა რადიოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობდა. როცა ჩვენი ქვეყანა ნაცრისფერი იყო, ჩვენი ბავშვობა - ძალიან ერთფეროვანი, დედა თავისი მუშაობის სტილითა და მოტივაციით იბრძოდა და თავის საქმეში წინ მიიწევდა... მისი ასეთი შემართების შედეგია, რომ დღეს ჩემთვის გადაუდგმელი ნაბიჯი და გადადებული საქმე არ არსებობს...
ეთო ყორღანაშვილი