მირონ ხერგიანის ცხოვრების უჩვეულო ეპიზოდები - გზაპრესი

მირონ ხერგიანის ცხოვრების უჩვეულო ეპიზოდები

მისი შემოქმედება მოიცავს პოეზიას, მოთხრობებს, პუბლიცისტიკას, ნარკვევებს... შთაგონების წყარო უპირველესად მშობლიურ მხარეს - სვანეთს უკავშირდება. მის ნაწერებზე ამბობენ, რომ ის ქმნის არა საკითხავს, არამედ - სააზროვნოს.

მირონ ხერგიანი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრიტიკა-პუბლიცისტიკის განყოფილებას მწერალთა კავშირში, იყო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე. ბევრი სევდიანი და მძიმე ამბის "დამტევი", თავმდაბალი და ემოციური ადამიანი, ბატონი მირონი თავისი ცხოვრების ეპიზოდების თანაზიარს გვხდის.

- მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადეთ და მესტიაში გაიზარდეთ. ის დრო გაიხსენეთ.

- ბავშვობას როცა ვიხსენებ, მეტირება და ის პატარა ბიჭი მეცოდება, მე რომ ვიყავი ოდესღაც. მაშინდელ გაჭირვებას რა აღწერს?! პირველ კლასში დედაჩემის ფლოსტებით წავედი სკოლაში, გამოწკეპილი გოგო-ბიჭები დამცინოდნენ. თუ სხვები პიონერთა ბანაკებში ან სხვაგან ისვენებდნენ და ერთობოდნენ, მე მხოლოდ ერთადერთხელ ვიყავი ბანაკში და მაშინაც არ გამიმართლა: ცელქობისას მაინცდამაინც ჩემი "ლეჟანკის" ბრეზენტი ჩაიფხრიწა და ბანაკიდან გამომაბუნძულეს... იქიდან დავიწყებ, რომ მამაჩემი, პირტიტველა ჭაბუკი, სხვა სვანებთან ერთად წაიყვანეს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე. არადა, იმ პერიოდში ბევრი სვანი ზუგდიდშიც კი არ იყო ნამყოფი და რუსული კი არა, ქართულიც არ იცოდნენ. მის გვერდით იყო ერთი მესტიელი სვანი - ქვიტი ჯაფარიძე, რომელიც თვალწინ მოუკლეს და მანვე დამარხა... მამაჩემი ომიდან დაჭრილი დაბრუნდა, რაღაცნაირად ლოცვა-ვედრებით ჩამოუღწევია მესტიაში. ეს არის დაახლოებით 1915 წელი. ომს გადაურჩა, მაგრამ მასაც, სხვებივით, ომზე არანაკლებ დუხჭირ ცხოვრებასთან უწევდა გამკლავება. არ ვიცი, მამამ პირველი ცოლი როდის მოიყვანა, მაგრამ მათ 60 წლამდე ისე მიაღწიეს, შვილი არ შესძენიათ. მამა თავისი ასაკისთვის ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდა. მეუღლეს ეთქვა: ჩემი გამოისობით უძეოდ რატომ უნდა გადაშენდე, ცოლი მოიყვანე, შვილებს გაგიჩენს და ბავშვების აღზრდაში მეც დავეხმარებიო. "ჩემი უფროსი დედა" - ასე ვეძახი იმ სულმნათ ქალბატონს, დიდებული გვარის შვილს, ელისაბედ ნაკანს, რომელიც იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული, ყველასგან დაფასებული პიროვნება და თბილისში ქალთა პირველი ყრილობის მონაწილეც გახლდათ. ამის ამსახველი ფოტოსურათები, სამწუხაროდ, შემდგომში ხანძარმა სახლთან ერთად გაანადგურა.

GzaPress

- ძალიან უცნაურია: არ გაეყარა პირველ ცოლს და მეორე მოიყვანა?

- ასეთი რამ სვანეთში მანამდე მართლაც არ მომხდარა. თავიდან ელისაბედის მხარემ შეიცხადა, ითაკილეს, სიძემ ეს როგორ გვაკადრაო?! ქალმა თავისიანებთან, ასე ვთქვათ, შიდა ომი გადაიტანა. მისი ინიციატივა იყო და თავისას მიაღწია. დედაჩემმა - ქეთევან მარგიანმა ექვსი შვილი გააჩინა. პირველი დაიღუპა, მე მეორე ვარ. ოთხ ძმასა და ერთ დას ორი დედა გვზრდიდა. როგორც იტყვიან, "კამანდუიუშჩი" (მეთაური) მე ვიყავი (იცინის). ბავშვები სიყვარულში ვიზრდებოდით. როგორი ამბავია: ორი დედა გვეფერებოდა! უფროსი მუხლზე დაგვისვამდა, გვეთამაშებოდა, ლექსებს გვასწავლიდა...

იდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, გაჭირვება, უბედურება. მამაჩემი და "უფროსი დედა" უკვე მოხუცებულები იყვნენ. წვრილშვილდახვეულ ოჯახს არაფერი ებადა და როგორც უფროსი შვილი, რამენაირად რომ შევშველებოდი, პატარა ბავშვი (6-7 წლისა) მოჯამაგირედ წავედი. არდადეგებზე სახლს მოშორებული, მთელი ზაფხული თხებს ვმწყემსავდი. ას სულზე მეტი იყო. თხების მწყემსვა თუ რა ჯოჯოხეთური შრომაა, ცოტა ვინმეს თუ ეცოდინება. იმ კაცმა, ვისი მოჯამაგირეც ვიყავი, ჩემი შრომის საზღაურად, ოჯახს მეწველი თხა მისცა და მიხაროდა, რომ უმცროს და-ძმებს საზრდო გავუჩინე. თუმცა, შინ დაბრუნებულს, დამწუხრებულმა მშობლებმა საზარელი ამბავი დამახვედრეს: თხა პირველივე კვირას, კოლმეურნეობის ბოსტანში გადაძრომისას, ღობის სარებზე წამოგებულა და გაგუდულა, ხორცითაც ვერ ესარგებლათ. ასე რომ, სამთვიანი შრომა და წვალება სულ წყალში ჩამეყარა... მესტიაში ქუჩის დასუფთავების სამსახურის ჩამოყალიბებისთანავე, ჩემი მშობლები მეეზოვეებად გაფორმდნენ. სისხამ დილით მეც მივყვებოდი დასახმარებლად და თან, თანაკლასელებს ვემალებოდი. სკოლის დამთავრებამდე სამი თვით ადრე, ოთხმოც წელს გადაცილებული მამა გარდამეცვალა. ჯალაბს არანაირი საარსებო საშუალება არ ჰქონდა და ნათესავებმა მირჩიეს, ჩემი მომდევნო ორი ძმა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის ბავშვთა თავშესაფარში ჩამებარებინა. ჩემი მოსწრებიდან გამომდინარე კი, პედაგოგები მაგულიანებდნენ, უმაღლეს სასწავლებელში მეცადა ბედი.

ბავშვთა სახლში წარსადგენად აღმასკომმა სათანადო შუამდგომლობა მოგვცა და ძმები სამოცი მანეთის ამარა დავადექით ჩვენთვის უცნობ, უშორეს გზას. მატარებლით გრაკალის სადგურში ჩამოვედით, იქიდან ლამის თხუთმეტი კილომეტრი ფეხით ვიარეთ. როგორც იქნა, ახალქალაქის ბავშვთა სახლამდე მივაღწიეთ, მაგრამ დირექტორმა პეტრე მალანიამ საბუთები უკან დაგვიბრუნა: განათლების სამინისტროს შუამდგომლობა აკლია, რის გარეშეც ბავშვებს ვერ მივიღებო. რა უნდა გვექნა? უკვე გვიანი იყო, თბილისში წასვლას ვერ მოვახერხებდით. სხვა გზა არ გვქონდა, ღია აივნის იატაკზე მკლავები გავშალე და პატარები ჩამოვიწვინე. მეორე დღეს თბილისში კითხვა-კითხვით მივაგენით სამინისტროს. იქ საჭირო საბუთი დროულად გაგვიკეთეს, მაგრამ იმ დღესვე მატარებლით უკან დაბრუნება ვერ ხერხდებოდა. ღამის გასათევად ამჯერად, კულტურის მუშაკთა სახლის (მსახიობის სახლი) წინ მდებარე სკვერს შევაფარეთ თავი. ღამე იქ გავათენეთ. წლების შემდეგ, ამ შენობაში მწერალთა კავშირის ყრილობა იმართებოდა. მანქანა ეზოში დავაყენე, გამახსენდა აქ გათენებული ღამე და ცრემლები წამომივიდა...

- არაერთი წიგნი გაქვთ გამოცემული. განსხვავებულად მაინც რომელი მიგაჩნიათ?

- ეს არის "ოქროს ჭედილა ანუ სვანური აზმანი" (მინდორში ნიავს გაკიდებულო...), სადაც შესულია ლექსები, ავტობიოგრაფიული ეპიზოდები, გარდაცვლილი უფროსი ვაჟიშვილის - გიგის ნახატები და ასევე ლექსები. ვეცადე, ყველაფერი გულწრფელად და შეულამაზებლად გადმომეცა... დედისა და გამზრდელი მანდილოსნის მიმართ სიყვარული ასე გამოვხატე: მამას პირველი მეუღლის ფოტო წიგნის სატიტულო გვერდზე დავიტანე, დედაჩემისა - ბოლოში. მამაჩემის ფოტოსურათი ავიღე გერმანელების მიერ სვანეთისადმი მიძღვნილი ფოტოალბომიდან, სადაც მამა შემთხვევით მოხვდა.

- ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა სად დაიწყეთ?

- უნივერსიტეტში იმ წელსვე ჩავირიცხე. სტიპენდია 29 მანეთი მქონდა. იმ ხუთი წლის განმავლობაში მესტიიდან მხოლოდ ერთი დახმარება - ათი მანეთი მივიღე, ისიც ნათესავმა ხარიტონმა გამომიგზავნა. სტუდქალაქში ვცხოვრობდი. ყოველ შაბათ-კვირას ძმებს ვაკითხავდი ბავშვთა სახლში. მათთვის ერთი კანფეტი ხომ მაინც უნდა ჩამეტანა! ჩემი სტიპენდია, ცხადია, ძალზე მწირი იყო. იმხანად, სასურსათო მაღაზიების პროდუქტებით მომარაგება გამთენიისას იწყებოდა. მივდიოდი მაღაზიების დირექტორებთან და ვთხოვდი, მუშად ავეყვანე. მხოლოდ ორმა გამიმართა ხელი - გაწეული შრომის საზღაურად 2-3 მანეთს მჩუქნიდნენ. ამის შესახებ სტუდქალაქში არავინ იცოდა. 9 საათისთვის უკვე ლექციებზე გავრბოდი. მტვირთავებად, ძირითადად, ქურთები მუშაობდნენ. ერთ დღეს, ერთ-ერთმა მითხრა: დღეს დაისვენე, ბრინჯის ტომრებია მოტანილი და შენ ვერ ზიდავო. შევეცოდე: ბრინჯის ტომარა დაახლოებით 80 კილოგრამამდე აღმოჩნდა, მაგრამ არ შევეპუე, ზურგზე მოვიგდე და ისე სწრაფად შევაცუნცულე მაღაზიაში, ყველას გაუკვირდა... ქურთების, მშრომელი და პატიოსანი ხალხისადმი მადლიერების გრძნობა დღემდე მომყვება.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ჟურნალ "პიონერში" კორექტორად ამიყვანეს. ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა. ზაფხული იდგა, სტუდენტური არდადეგები ახალი დაწყებული იყო. სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში მარტოდ ჩარჩენილს, ახალი ნაოპერაციები გამირთულდა და აუტანელ ტკივილებს ვებრძოდი. უეცრად კარზე კაკუნი მომესმა. გავაღე და ხელთ უცნობი კაცი შემრჩა. სიმონ შამფრიანი აღმოჩნდა, შესანიშნავი საბავშვო პოეტი, მანამდე პირადად არ მენახა. რაღაცები უკვე გამოქვეყნებული მქონდა, რედაქციაში დაინტერესებულან და ბატონი სიმონი რედაქტორს, ქალბატონ ბაბულია შელიას ჩემთვის სამუშაოს შესათავაზებლად გამოეგზავნა. სრულიად უპატრონოს და მიუსაფარს, უცნობი კეთილი ადამიანებისგან ყურადღება არ მომკლებია. როგორ დამავიწყდება გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის, დავით მჭედლიშვილის მამობრივი მზრუნველობა, როცა ასევე მოულოდნელად, მოსკოვის გარეუბანში სტუდენტურ ჯგუფს მივლინებით გამაყოლა და ჰონორარებსაც მიხდიდა - გაზეთში გაგრძელებებით, ჩემი ნარკვევები იბეჭდებოდა. ასევე დიდებულმა პიროვნებამ - გიორგი ნატროშვილმა წამიყვანა თავისთან ჟურნალ "მნათობში", სადაც წლები კრიტიკა-პუბლიცისტიკის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, იმავე სექტორს ვკურირებდი მწერალთა კავშირშიც. ბედნიერი ვარ, რომ იმხანად სიახლოვე მქონდა ისეთ ჭეშმარიტ ერისკაცებთან, როგორებიც იყვნენ: რევაზ ჯაფარიძე, მუხრან მაჭავარიანი, იოსებ ნონეშვილი, ელგუჯა მაღრაძე, არჩილ სულაკაური, მურმან ლებანიძე და სხვები. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდია მივაცილე მწერალთა კავშირიდან სახლში, როცა მისი მძღოლი არ მოვიდა. მადლობელი ვარ ტარიელ ჭანტურიასი, მისგან ბევრი კეთილი სიტყვა და შეგულიანება მახსოვს, განსაკუთრებით - რომან "კლდის ვეფხვთან" დაკავშირებით.

GzaPress

- "კლდის ვეფხვი" - მიხეილ ხერგიანი თქვენი ნათესავი იყო?

- ჩემი ბიძაშვილი იყო. მიხეილი მთელმა მსოფლიომ 1961 წელს გაიცნო, როგორც უმამაცესი ალპინისტი, "კლდის ვეფხვიც" მაშინ შეარქვეს. ამ ეპიზოდს მოგიყვებით. ინგლისის ალპინიზმის ფედერაციის მიწვევით, საბჭოთა კავშირიდან ოთხი მთამსვლელი ჩავიდა ბრიტანეთში. მასპინძლებმა სტუმრებს მათი ოსტატობის სადემონსტრაციოდ, შეუვალი და დაუძლეველი კედელი შესთავაზეს. ჯგუფის უფროსმა წევრმა, ცნობილმა მთამსვლელმა იოსებ კახიანმა ყველაზე უმცროსს - მიხეილს გადახედა. სხვებიც მას მიაჩერდნენ და ისიც უთქმელად შეუდგა გზას. თავიდან საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ტრასა თანდათან გართულდა, დამრეცი კედელი უარყოფით დაქანებაში გადაიზარდა, არადა, უთოკოდ და უმეწყვილოდ უარყოფითი კედლის დაძლევა თითქმის წარმოუდგენელია. რა უნდა ეღონა, უკან გაბრუნებულიყო?.. სწორედ ამ წუთში თვალწინ დაუდგა მშობლიური ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში დაგდებული საჯილდაო ქვა, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ბევრჯერ შეჰბმია. ძალა მიეცა, სიპ ზედაპირზე ხელი კიდევ ერთხელ მოაფათურა. მომცრო ღრეჭო აღმოაჩინა, შუათითით ჩამოეკიდა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. მერე ისევ ფათური, ისევ ძებნა... კიდევ... და აი, დაუძლეველი კლდის თავზეც აღმოჩნდა! მიშასთან ბავშვობიდანვე ახლო ურთიერთობა მქონდა, რამაც საშუალება მომცა, წიგნში მისი ცხოვრებისეული მომენტები დეტალურად ამესახა, რამაც გარკვეულწილად რომანის პოპულარობაც განაპირობა. წიგნი რუსულად ასიათასიანი ტირაჟით გამოიცა მოსკოვში. მაშინ, როცა არარუსი მწერლების წიგნები 20 ათასზე მეტი იშვიათად თუ იბეჭდებოდა. ინგლისური თარგმანი დიდებულ ქალბატონს, პროფესორ ცისანა გაბუნიას ეკუთვნის, რომელმაც დანანებით მითხრა: წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე სწორედ ამგვარი ლიტერატურა უნდა გაჰქონდეთ და არა ის მდარე პროდუქცია, რომელიც არ იმსახურებსო. ამაზე გული მწყდება, მაგრამ ეტყობა, პატრონიც უნდა გყავდეს.

- ალბათ, ახლაც წერთ. ბოლოს რაზე მუშაობდით?

- რომანი "ლილიტის მძევალი" 2018 წელს გამოვიდა. თითქმის ბიოგრაფიულია და ჩემი გარდაცვლილი ვაჟის - გიგის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. ლილიტი ეფემერული შავი მთვარეა, არასასიამოვნო გავლენების მატარებელი. ჩემი შვილის ბედისწერაც უკუღმა წარიმართა... ძალზე ნიჭიერი, მრავალმხრივი გატაცების ახალგაზრდა იყო. ჯერ კიდევ სტუდენტობისას (თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა) მისმა გრაფიკულმა ნამუშევრებმა, რომელთა უმრავლესობა ტრანსული ხილვების საფუძველზეა შექმნილი და რაღაც იდუმალი ინფორმაციის მატარებელია, თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მხატვართა კავშირმა ერთთვიანი პერსონალური გამოფენა მოუწყო. მისი მეგობრების ინიციატივით გამოიცა ალბომიც და... ყველაფერი აქ შეწყდა: მძიმე ავადმყოფობამ გიგის ტალანტსა და სიცოცხლესაც წერტილი დაუსვა. შვილის სიკვდილი წარმოუდგენელი დარტყმაა მშობლისთვის, ასაკიც თავისას შვრება, მაგრამ ვცდილობ, თავს მოვერიო. მინდა, ჩემი მხატვრულ-პუბლიცისტური წერილების კრებული გამოვცე, რომელთა თავმოყრაში ჩემი მეუღლე დარეჯან შუშანაშვილი მეხმარება. ის ჩემი თანაკურსელია, ისიც ჩემსავით მთიელია (თიანეთიდან), გაჭირვებით, უმამოდ გაზრდილი - სამამულო ომში დაეღუპა. ალბათ ამ მენტალურმა თუ ბიოგრაფიულმა დამთხვევებმაც განაპირობა ჩვენი ურთიერთგაგება.

- დაბოლოს, სვანური ლოცვა გვითხარით.

- სხვათა შორის, ჩვენი გვარის მფარველი ანგელოზი იოანე ნათლისმცემელია და როცა პატრიარქმა მისი ხატი გვიკურთხა, საგვარეულომ ლოცვის დაწერა მე მომანდო, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. თქვენც იმგვარად გაგიმეორებთ: "ქრისტე ამაღლებულო! დალოცე ჩვენი ქვეყანა, ცარგვალქვეშ და მთელ დუნიაზე მყოფი ჩვენებურები, მათ შორის - სვანეთი და ყველა ღირსეული სვანი!.. დაუმკვიდრე ქართველ ხალხს ნანატრი მშვიდობა, აშორე ჭირი და უბედურება, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს იგი - შინაურთაგან თუ გარეშეთაგან. "დიდაბ, დიდაბ ხოშამ ღერბეთს!"

ნანული ზოტიკიშვილი