თინათინ მღვდლიაშვილისა და სერგო ფარაჯანოვის დაუვიწყარი შეხვედრა
პოეზიის ქალღმერთი და დედოფალი, ლექსთა მხატვარი და ხატვის მელექსე, სახალხო პოეტი, სამშობლოს ცრემლშეუშრობელი ჭირისუფალი, ქართლის ცხოვრების მემატიანე, ქართველი საფო - ეს იმ ეპითეტების ნაწილია, რომლითაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად შეამკო თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი და ხატთა შემამკობელი.
დაიბადა 1955 წლის 7 აპრილს, სამხედრო ოფიცრის, ალექსანდრე მღვდლიაშვილის ოჯახში. მის ლექსებზე შექმნილია არაერთი ცნობილი სიმღერა: "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", "ხმალი ავლესოთ, ქართველებო", "ქართველები შეარიგე, მერაბ", "ბედის ვარსკვლავო", "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", "საგალობელი სამებას"... მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მის მიერ შემკობილი ხატები კი დაბრძანებულია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. გამოცემული აქვს 25-მდე პოეტური კრებული, გარდა ამისა, გახლავთ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
თინათინ მღვდლიაშვილი:
- შეიძლება ითქვას, არ დარჩენილა წოდება, რომელიც ხალხს არ მოუნიჭებია ჩემთვის. 2014 წლის 28 დეკემბერს წმინდა ილია მართლის სახელობის პრემია "ივერია" მომაკუთვნეს ნომინაციაში "პოეზიის დედოფალი". 2015 წლის 7 აპრილს კი, ჩემს დაბადების დღეს, ხარებას, "გალაკტიონის" პრემიით დამაჯილდოეს. სხვა არაერთი სპეციალური პრემია მაქვს მიღებული, თუმცა ყველაზე საპატიო მაინც 2014 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობისაა. ახლახან, პანდემიის დროს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ოქროს მედლით დამაჯილდოეს ჩემ მიერ შექმნილი ორი "ანბანთქებისთვის". ეს ღონისძიება ჩატარდა "რუსთავის აკადემიურ ქალაქში", მისი პრეზიდენტის, გარი ჩაფიძის და ორი საოცარი ქალბატონის ორგანიზებით. ორივე ემიგრანტია - ბელგიის "ქართული სახლის" პრეზიდენტი ანა ბალამწარაშვილი და ათენის "ქართული სახლის" პრეზიდენტი დარეჯან ღამბაშიძე. მოდი ასე ვიტყვი, რომ ხალხის სიყვარული და შემოქმედებითი წარმატება ჩემი ცხოვრებით, პრინციპებით, ზვიად გამსახურდიასა და დამოუკიდებელი საქართველოს უღალატობის, სამშობლოს სიყვარულის გამო დავიმსახურე და ეს მართლაც მეამაყება. მძიმე ხვედრია, იყო პოეტი საქართველოში, - პრემია არ გულისხმობს ფულად ჯილდოს, არადა, სიამაყის გრძნობასთან ერთად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია არსებობისთვის. არასდროს მქონია ოფიციალური სამსახური, არ ვიცი, რას ნიშნავს ხელფასი. 30 წელია, ქართველი ხალხის დახმარებით და წყალობით ვქმნი, რაც მაქვს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩემი ერისთვის. ქართველმა ხალხმა მომიყვანა დღემდე, განსაკუთრებით - ქართველმა ქალებმა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ, ისინი არიან ყველაზე კეთილშობილები და გულიანები, მე ეს ხალხი მიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
- თქვენ აქტიურად მონაწილეობდით ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. დაესწარით პირველი პრეზიდენტის დაკრძალვასაც გროზნოში და როგორც მითხარით, საპატიო ყარაულშიც კი იდექით. გასახსენებელი ალბათ ბევრი გაქვთ.
- საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებამ თავზარი დაგვცა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ შემაძრწუნებელ ინფორმაციას არც კი ვიჯერებდით. 1994 წლის თებერვალში სპეცრეისით თბილისი-გროზნო ჩეჩნეთის დედაქალაქში გავემგზავრეთ. მოხდა საოცრება, 4 ქალბატონს მოგვეცა უფლება და გვერგო პატივი, წუთიერად დავმდგარიყავით პრეზიდენტის სასახლესთან საპატიო ყარაულში. ჩემდა საამაყოდ, ერთ-ერთი მათგანი მე გახლდით. ეს კადრი ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო და უნდა აღინიშნოს, რომ უნიკალური ფოტოა, ვინაიდან გადაღება აკრძალული იყო. სამწუხაროდ, ირაკლიმ ვერ მოასწრო იმ კადრის გადაღება, როდესაც ჩემი პატარა შინდისფერი წიგნი ვაჩუქე ჩეჩნეთის პრეზიდენტს, ჯოხარ დუდაევს.
გასახსენებელი მართლაც ბევრია... გაგეცინებათ, მაგრამ 1956 წლის მიტინგზეც ვარ ნაყოფი: თვეების ვყოფილვარ, როდესაც ჩემს დას (18 წლით უფროსია ჩემზე) წავუყვანივარ ვითომ გასასეირნებლად. სინამდვილეში, მიტინგზე წასვლა ნდომებია და რადგან მშობლები უარს ეტყოდნენ, ასეთი გადაწყვეტილება მიუღია. მადლობა ღმერთს, რომ 9 მარტს, იმ ხოცვა-ჟლეტის დროს, მტკვრის სანაპიროზე არ აღმოვჩნდით. ყოველთვის ვამბობ, რომ სამჯერ დავიბადე - პირველად ქალაქ ქუთაისში 1955 წლის 7 აპრილს, მეორედ მაშინ, როდესაც მოვინათლე ქუთაისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში (ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე იყო), მესამედ კი 1989 წლის 25 თებერვალს. ეს არის ანექსიის, გლოვის დღე, ჩემთვის კი - დაბადების, როგორც მოქალაქის, პოეტისა და ხელოვანის. იმ სამგლოვიარო მიტინგზე მეც ვიყავი. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ჩვენი დარბევა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ჩაგვიკეტეს უნივერსიტეტის კარი, უნდოდათ, ვარაზისხევში ჩავერეკეთ და რა ტრაგედიაც მოხდა 9 აპრილს, ის 25 თებერვალს მომხდარიყო. ეს გეგმა ალბათ იმიტომ გადაიდო, რომ უფრო მასშტაბურ დარბევას აპირებდნენ. ასე მეტ შიშს ჩანერგავდნენ ხალხში. 25 თებერვალს, მერაბ კოსტავას გარდა, ყველა იმდროინდელი ლიდერი დაპატიმრებული იყო. ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ მერაბ კოსტავა "გამოგვთხოვა" და დაგვპირდა, თუ დავიშლებოდით, ყველა პოლიტპატიმარი იმ დღესვე გათავისუფლებული იქნებოდა. მახსოვს, უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. შუქიც გამორთეს, აქა-იქ კანტიკუნტად სანთლებიც აინთო. ჩანთაში 8 თებერვალს დაწერილი ლექსი მედო, "დავით მეფეს", რომელზეც მოგვიანებით დაიწერა ცნობილი სიმღერა "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება". კიბეზე გაჭირვებით ავედი, მიკროფონთან მისვლის საშუალება მომეცა და ქართველებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ლექსი წავიკითხე. სწორედ მაშინ უთქვამს ზვიად გამსახურდიას: დაიმახსოვრეთ, ეს გოგონა თინათინ მღვდლიაშვილია, ქართული პოეზიის მომავალი ვარსკვლავი და მშვენებაო. ეს ამბავი წლების შემდეგ მთაწმინდაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე ბრძანა ექიმმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ. ამ სიტყვებმა გამახარა. სხვათა შორის, ეს ლექსი 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პრეზიდენტის ნებართვით, საზეიმო მიტინგზეც წავიკითხე. ეს არის უმთავრესი "მეფე ლექსი" ჩემს შემოქმედებაში.
- სოციალურ ქსელში 2019 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულმა ლექსმა, რომელიც ცოტნე გამსახურდიას მიუძღვენით, თურმე მასზე განსაკუთრებულად ემოციურად იმოქმედა და აატირა...
- ექსპრომტად დავწერე: "ოდეს ზვიადს ესროლეს,/ ოდეს ჯვარზე აცვეს.../ ნეტავ, რა ემზეება/ ავაზაკის გამჩენს?!./ ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვებ/ საქართველოს ნარჩენს.../ წუხელ, ცოტნე კი არა,/ საქართველო დაჭრეს!" გავიდა დრო, ქალბატონი ანა ჯაბაური დამიკავშირდა და ცოტნესთან საუბარი შემომთავაზა (მართალია, ცოტნეს საუბარი არ შეუძლია, მაგრამ გონება ნათელი აქვს და რასაც ეუბნებიან, მშვენივრად ესმის). ვინც ცოტნეს იცნობს, მას კარგად მოეხსენება, რომ ეს ლომივით კაცი მტირალა არ გახლავთ, მაგრამ ამ პატარა ლექსმა თურმე აატირა და ანას ლექსის ორჯერ წაკითხვა სთხოვა...
- თქვენ არაჩვეულებრივად ხატავთ და სწორედ ხატვას უკავშირდება დაუვიწყარი შეხვედრა სერგო ფარაჯანოვთან, რაც მოგვიანებით, დოკუმენტური მოთხრობის - "ნახატი არ გააჩუქო!" - დაწერის მიზეზიც გახდა. მომიყევით ამ შეხვედრის შესახებ და იმის შესახებაც, როგორ და როდის დაიწყეთ ხატვა.
- მუდმივად ძიებაში ვიყავი. ვალერიან სულაკაური და ერლომ ახვლედიანი მირჩევდნენ, სცენარისტი გავმხდარიყავი, მე კინორეჟისურისკენ გამირბოდა თვალი. 1987 წელს, სრულიად მოულოდნელად, ხატვა დავიწყე: ჩემი ცხოვრების იმჟამინდელი თანამგზავრი მხატვარი გახლდათ და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ მხატვრები, მათ შორის მარინე უჯმაჯურიძე. მას ძალიან მოსწონდა ჩემი აპლიკაციები და ერთხელ, როდესაც მიშა იაშვილთან და ქეთი ახობაძესთან ერთად იყო ჩვენთან, გადამეკიდა, გინდა თუ არა, "ნატურაში" დამხატეო. ჩემდა გასაკვირად, მშვენიერი პორტრეტი გამომივიდა. მას შემდეგ ფუნჯისთვის ხელი არ გამიშვია და 1988 წლის 2 დეკემბერს გამომცემლობა "მერანის" საგამოფენო დარბაზში პერსონალური გამოფენაც მოვაწყვე. გამოფენის დასრულებამდე ერთი დღე იყო დარჩენილი, უეცრად კარი გაიღო და ვიღაც კაცი შემოვიდა, თან ორი ქალი შემოჰყვა. ზეთმა დამიძახაო, ჩაიბურტყუნა კაცმა და ნახატების თვალიერება დაიწყო. ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: - შენი ნახატებია? ზეთი მეგონა... - აკვარელი და გუაშია-მეთქი, - ვუპასუხე და უცებ მივხვდი, რომ ჩემ წინ სერგო ფარაჯანოვი იდგა. - უკაცრავად, თქვენ სერგო... - წინადადება აღარ დამამთავრებინა, ფარაჯანოვი ვარ და ვხედავ, აკვარელია, კარგი ნახატებია, მაგრამ ამ ბიჭს ფეხები რატომ მოაჭერი? ფეხები ან უნდა იყოს, ან არა, მომწონს და…არ მომწონს. იაპონიაში ახლახან გამოფენაზე გაიმარჯვა ერთმა ნახატმა, ამაზე მეტი დონე კი არ იყოო... რამდენი ხანია ხატავო? - ამითაც დაინტერესდა და რომ ვუპასუხე, - რატომ მპასუხობ, ვისი რა საქმეა, ხატვა როდის დაიწყე, ასეთი გულახდილობა რა საჭიროა?! ბავშვობის მეგობრებსაც პირზე უნდა დაადგე, ვხატავდი და თქვენ არ იცოდით, ვინც იცის, რომ ერთი წელია ხატავ, იმასაც უთხარი, რომ ჩუმად ხატავდიო. მერე, - ყიდი ნახატებსო? - მკითხა. - არა, ბატონო სერგო, რას ბრძანებთ, მეგობრებს ვხატავ და ვჩუქნი-მეთქი, - დავიმორცხვე. - რატომ ჩუქნი, მდიდარი ხარ? "შუბა" რომ გაცვია, თავი მდიდარი გგონია? ნახატი არ უნდა გააჩუქო, ნახატი უნდა გაყიდო. კაცმა ფული უნდა გადაიხადოს, ცოტა ჯიბეზე ხელი გაიკრას, რომ ნახატის ფასი გაიგოს. აი, ეს პატარა ნახატები 300 მანეთად უნდა გაყიდო, დიდები - რვაასად და მეტადაც, თან - ჯერჯერობით; გაჩუქებულ ნახატს ვინ დააფასებს? დაკიდებენ კედელზე და მორჩა... რამდენ ხანში ხატავ? - 2-3 დღეში, ხანდახან. - ხომ გითხარი, პასუხს ნუ მცემ-მეთქი? ვისი რა საქმეა, რამდენ დღეში ხატავ ნახატს? - მკითხეთ და... - მე გეკითხები, მაგრამ შენ რად მპასუხობ, რა, "აჩოტებს" მაბარებ? უნდა თქვა, თვეების მანძილზე ვხატავო, თორემ იოლი ეგონებათ, ასეთები არიან, გაიგე? აი, სულ "კრასკებში" მაქვს ხელები დასვრილი. ეჰ, ცუდად ვარ, ნათესავი მომიკვდა, თავი მოიკლა... ზეთმა დამიძახა, თორემ აქ შემოსვლის თავი სად მქონდა? ზეთში უნდა ხატო, ზეთში არ გინდა ხატვა? იცი, რა გითხრა? ერთ მხატვართან გაგიშვებ, ეტყვი, სერგომ გამომგზავნა-თქო. 2-3 გაკვეთილი გჭირდება, მეტი არა, ძალიან ნიჭიერი ხარ. მე გამეცადინებდი, მაგრამ ამის თავი სადა მაქვს?!. ხომ დაიმახსოვრე, რაც გასწავლე? - ნახატი არ გააჩუქო, ამხანაგებთან ცოტა ილაპარაკე და ზეთში ხატე...
ბოლოს ვთხოვე, "შთაბეჭდილებათა წიგნში" რამე ჩამიწერეთ-მეთქი. - ახლა ძალიან ცუდად ვარ, არ შემიძლიაო და დამპირდა, კიდევ შემოვივლიო, მაგრამ აღარ გამოჩენილა...…
- დღეს ყველაზე მეტად რა გაწუხებთ, რა გტკივათ, როგორც სამშობლოს ჭირისუფალს?
- უსაშველოდ მაწუხებს ჩემი სამშობლოს აწმყო და მომავალი: რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი, შიდა ქართლი, გასხვისებული დავითგარეჯას წმინდა მონასტრები, სამშენებლო მაფიის მიერ დასახიჩრებული თბილისი, ქართველების მიერ არგაგონილი ემიგრაცია უცხო ქვეყნებში, დედამიწის ოკუპაცია ვიღაც უსჯულოთა მიერ, გულგრილობა, გულზვავობა, გონიერი ავაზაკის მიერ გაბოროტებულ ადამიანთა მომრავლება ჩემს ლამაზ, დახატულ სამშობლოში! ჰესების მშენებლობა და მათ მიერ მიყენებული ტრაგედიები მაწუხებს - ის, რაც დატრიალდა სვანეთში, ზემო აჭარაში... ახლა ახალი საწუხარი და სავალალო გამოჩნდა ავად სახსენებელი ნამოხვანჰესის სახით! კაცობრიობის მტრები ჯიჯგნიან ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს! აი, ეს მაწუხებს და მადარდებს, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ, ვნახავთ, ბოლოს ვინ გაიხარებს და გაიცინებს! საქართველო გადარჩება!
- "მე ქართველობის არ მეშინია,/ არ მეშინია, ვიყო პოეტი!/ ოდესღაც ვიყავ მე მაგნოლია,/ მერე განვქალდი და აქ მოვედი". რა არის თქვენი, როგორც პოეტის მთავარი სათქმელი და მისია?
- შარშან ჩემი ახალი კრებული "ლექსები - მზეზე დახეთქილი ბროწეულები" გამოიცა. 29 მარტს, საბერძნეთში, ათენში ამ წიგნის პრეზენტაცია და პოეზიის საღამო იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ჩაიშალა. 7 აპრილს კი, დაბადების დღესთან დაკავშირებით, კინომსახიობთა თეატრში პოეზიის საღამოც ვერ ჩავატარეთ. ყველაფერი გაივლის, მთავარი მაინც სამშობლოა - უმამაცესი მეომრების, რაინდების, მზეთუნახავი ქალიშვილების, კოსმოსური სიმღერების, თავბრუდამხვევი ცეკვების, უძველესი ეკლესია-მონასტრების, ანბანის, ვაზის, ხორბლის, ნოყიერი მიწის, საუცხოო პოეზიის, ქრისტეს კვართის, "ვეფხისტყაოსნის" ქვეყანა! "მე ავირჩიე გზა ეკლიანი,/ შემოვიხვიე ლექსის მანტია,/ მე საქართველოს გავუმიჯნურდი და შევთავაზე, რაც გამაჩნია" - ჩემი ერთი ლექსიდანაა. მრავალი შეცდომა დამიშვია ცხოვრების რთულ და ნარეკლიან გზაზე, როგორც ადამიანს, როგორც ქალს, მაგრამ…სამაგიეროდ, მაქვს მისია, ვემსახურო საქართველოს და ქართველ ერს, გავამხნევო და დავაიმედო ჩემი მრავალტანჯული ხალხი. აი, ამისთვის დავიბადე და მოვევლინე კაცობრიობას. უფალთან ერთი თხოვნა მაქვს, ღირსეულად გამიყვანოს წუთისოფლიდან, რადგან სწორედ გარდაცვალების შემდეგ ფასდები როგორც შემოქმედი, მოქალაქე და მამულიშვილი!
ნინო ჯავახიშვილი