მეწისქვილე გურული გოგო, ბიბლიოთეკა წისქვილში და ისტორია, რომელიც საუკუნე-ნახევრის წინ დაიწყო
წლების წინ, წყლის წისქვილები თითქმის ყველა სოფელში იყო, შემდეგ ელექტროწისქვილებმა ჩაანაცვლა და მეწისქვილის საქმეც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. გურიაში, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურში, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მდინარე აჭისწყალზე, 150-წლიანი ისტორიის მქონე წისქვილში, დოლაბი ისევ დატრიალდა. წინაპრების მიერ სულჩადგმული საქმე ეკა სალუქვაძემ გააცოცხლა. მეწისქვილე გურული გოგო ჩემი რესპონდეტი გახლავთ.
- ლიხაური ჩემი მშობლიური სოფელია, აქ დავიბადე და გავიზარდე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, სამ დასა და თანატოლებთან ერთად მდინარეზე დავდიოდი, ვერთობოდი, მაშინ ტელეფონი და ვირტუალური ურთიერთობები არ იყო, წრეში ბურთს, კლასობანას ვთამაშობდი, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ბავშვობა მქონდა.
- დღეს 3 შვილის დედა ხართ. როდესაც თქვენსა და თქვენი შვილების ბავშვობას ერთმანეთს ადარებთ, წარსულში მეტ ხიბლს პოულობთ?
- რა თქმა უნდა, მინდა ჩემს შვილებსაც ცოცხალი ურთიერთობები ჰქონდეთ. ვცდილობ, თავადაც ხშირად ვეთამაშო, უფროსი 11 წლის არის, მომდევნო - 7-ის და უმცროსი - 6-ის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს ეკონომიკურად არასდროს უჭირდა, მშობლებმა შვილებს შრომის სიყვარული პატარაობიდანვე ჩაგვინერგეს. დედა მუსიკის პედაგოგი იყო, მამაც სულ მუშაობდა, მძღოლი გახლდათ, 10 წელია, რაც გარდაიცვალა. მამა გადაზიდვების საქმეში იყო ჩართული, ტრაილერი ჰყავდა და სულ რეისებში დადიოდა. ოჯახში მეოთხე გოგო ვარ, თურმე მამა ბიჭის დაბადებას ნატრობდა და მე რომ გავჩნდი, როგორც ბიჭს, ისე მზრდიდა. მანქანის შეკეთებაშიც კი ვეხმარებოდი. რადგან პატარა ვიყავი, მე და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, თორემ შვილები თანაბრად ვუყვარდით. მამას რეისებშიც კი დავყვებოდი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, ევროპაშიც დადიოდა. ერთხელ ერევანშიც გავყევი. მახსოვს, ისეთი დიდი სიცხე იყო, გზაში ძალიან გავწვალდი. მეუბნებოდა, არ უნდა წამომეყვანეო, მაგრამ მერე მითხრა, - ხედავ, ფული როგორი საშოვნელია, ოჯახის შენახვა რამდენად რთულიაო?! მამა საჭესთანაც ხშირად მსვამდა.
- ტრაილერის საჭესთან?
- არა, მსუბუქ მანქანას ვატარებდი, თუმცა ტრაილერიც არაერთხელ გამიტარებია. მართვის მოწმობა ახლახან ავიღე. ბილეთებს ალღო იმდენად კარგად ავუღე, დროის უქმად კარგვა არ მიყვარს და მეგობრებს ვუთხარი, გასწავლით-მეთქი, 4 გოგოს ვამეცადინებდი და ოთხივემ მართვის მოწმობა აიღო. მერე სახელი "გამივარდა", კარგად ამეცადინებსო და მეზობლები, ახლობლები მაკითხავდნენ, ჩვენც გვასწავლეო (იცინის).
- მიამბეთ, მეწისქვილე როგორ გახდით?
- წისქვილი ჩემი დიდი ბაბუის, მამაჩემის მამის საკუთრება იყო, კომუნისტებმა ჩამოართვეს. შემდეგ მოხდა ამ წისქვილის პრივატიზაცია და მამამ და ბიძამ შეისყიდეს. წლების განმავლობაში, გაჩერებული იყო. მამა 10 წელია გარდაიცვალა, ბიძაჩემი მუდმივად ლიხაურში არ არის და... ძალიან მინდოდა, ეს წისქვილი ამემუშავებინა და უფლის წყალობით შევძელი.
- ამუშავებას წინ დიდი შრომა უძღოდა, არა? როგორც ვიცი, არხიც კი თავად გაწმინდეთ.
- დიახ, ყველაფერი მე და ჩემმა დამ გავაკეთეთ, სისუფთავე ხომ უნდა ყოფილიყო, ამასთან ერთად გალამაზებაზეც ვიზრუნე და წისქვილის წინ ყვავილები დავრგე.
- ჭალაში ჩადგმულ, პატარა წისქვილებს თავისებური მისტიკა აქვს, სხვა აურა ტრიალებს. მოდიან ადამიანები, იფქვება სიმინდი და "იფქვება" ამ მთისა და ბარის ამბებიც. ასეა, არა? ურთიერთობის ფორმებზე მიამბეთ, თანასოფლელები თავიანთ სიხარულს, ტკივილს, ემოციებს გიზიარებენ?
- რა თქმა უნდა, საუკუნის წინ, როცა ბაბუა ამ წისქვილში მუშაობდა, სულ სუფრები იშლებოდა, მჭადი და ღვინო ყოველთვის ჰქონდათ.
- ამას დამატებული გურული ენაკვიმატობა.
- წისქვილი თავშეყრის ადგილი იყო. მამა ფიზიკურად ძლიერი კაცი გახლდათ, ბაბუაც ასეთი ყოფილა, მას ხის მასალა სოფელ აჭიდან მხრით ჩამოუტანია. წისქვილის დიდი არხი საკუთარი ხელით, 30 თანასოფლელთან ერთად გაუჭრია და საქმე რომ დაუსრულებიათ, ამის აღსანიშნავად, დიდი სუფრა გაუშლიათ, ლხინი გაუმართავთ. მამაც ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. ჩვენს ოჯახში მჭადის ფქვილი არასდროს გამოლეულა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც 90-იან წლებში მოხდა, მაშინ 6 წლის ვიყავი: მამა შინ არ იყო, მუშაობდა. მოგეხსენებათ, იმ დროს ქვეყანაში დიდი გაჭირვება გახლდათ, პურიც კი არ იშოვებოდა. ბიძა გვყავდა სტუმრად. მეხუმრა, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი შენ ხარ და გვითამადეო. ღვინით სავსე ჭიქა ამიღია და მითქვამს, ჩვენს პუ... და რადგან პური არ გვქონდა, ასე დამისრულებია, ჩვენს მჭადის ჭამას გაუმარჯოსო! ამ ამბავს მერე დიდხანს იხსენებდნენ და ხალისობდნენ.
ლიხაური ულამაზესი და გურიის ერთ-ერთი ძლიერი სოფელია. თუ სადმე მიწის ნაკვეთი იყო, ყველა შესყიდულია. სიცოცხლით სავსე სოფელია. თვე-ნახევარია, რაც წისქვილი ავამუშავე, თანხას არ ვიღებ ყოველ 10 კილოგრამ სიმინდზე 1 კილოგრამს ვიტოვებ. ვისაც ცოტა მოაქვს, მათგან საერთოდ არაფერს ვიღებ, ეს ტრადიცია ამ წისქვილში ბაბუას დაუმკვიდრებია და მეც ვიცავ. ეს ერთგვარი პატივისცემაა ჩემი წინაპრების მიმართ, ალბათ მათი სულებიც ხარობენ. დედა მეუბნებოდა, მამაშენი უზომოდ ბედნიერი იქნება, წისქვილი რომ აამუშავე და ამ საქმეს ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვაო. წისქვილთან ახლოს, - 100 მეტრში ვცხოვრობ, მირეკავენ და მივდივარ, წისქვილზე პატარა აბრა მაქვს გამოკრული, ტელეფონის ნომერი აწერია.
- თქვენი ნომერი მეც ასე გავიგე.
- აბრა მოგეწონა? ჩემი ხელით გავაკეთე (იცინის). ჩემი წისქვილი იმითაც არის გამორჩეული, რომ იქ პატარა ბიბლიოთეკა მაქვს. 2 წლის წინ, გიორგი კეკელიძემ შემოწირა წიგნები ამ წისქვილს. ისე მოხდა, მე და გიორგი ერთმანეთს ვერ შევხვდით, იმ დროს შინ არ ვიყავი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მას დიდი მადლობა გადავუხადო. რამდენიმე წიგნი თანასოფლელებმაც შემოწირეს.
ხშირად მოდიან ბავშვები და კითხულობენ. მართალია, პატარა ბიბლიოთეკაა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კარგია. როცა სიმინდს ვფქვავ, მეც ვკითხულობ, პოეზია გამორჩეულად მიყვარს.
- არც სხვაგან მეგულება წისქვილი, სადაც ბიბლიოთეკაა და - არც მეორე მეწისქვილე გოგო, მისაბაძი ადამიანი ხართ.
- გარდა ამისა, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ვარ ჩართული. გოჭს, ქათმებს, კურდღლებს ვზრდი. ფუტკარიც მყავდა, მაგრამ ახლა აღარ მყავს და გული მწყდება. მეფუტკრეობა კარგად ვიცი, ჩემმა მაზლმა მასწავლა. არ მინდა, ეს ცოდნა დაიკარგოს, ფუტკრის შეძენას ვაპირებ. ვცდილობ, შრომა შვილებსაც შევაყვარო, ვასწავლი, რა და როგორ გააკეთონ. ძალიან მიყვარს ეს სოფელი, იმდენად, რომ სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
- არც არასდროს გნდომებიათ?
- არა, ეს სოფელი ყველაზე დიდი ხნით, 20 დღით მაქვს დატოვებული, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და იძულებული ვიყავი, თბილისში გავჩერებულიყავი. ქუჩაში ბევრ უცხო ადამიანს ხედავ, არც არავის იცნობ, გამარჯობასაც არავის ეუბნები, ეს ძალიან ცუდია. სოფელში რომ ჩამოვედი, ფრთები გამომესხა, ბედნიერი ვიყავი. მადლობა უფალს, რომ აქ გამაჩინა, აქედან წასვლა და სხვაგან ცხოვრება ღმერთმა არასდროს დამაჭირვოს!
ჩემს შვილებსაც სულ ვეუბნები და ვუნერგავ იმის რწმენას, რომ რასაც სულით და გულით მოინდომებენ, აუცილებლად გამოუვათ. მონდომებულ ადამიანს უფალი არ ტოვებს, ხედავს და ეხმარება. მინდა, წისქვილი ტურისტებისთვისაც მიმზიდველ ადგილად ვაქციო, სიმინდი დავაფქვევინო, მერე შინ წავიყვანო და იმ ფქვილით მჭადი გამოვაცხობინო.
- მეწისქვილეობა ქალისთვის რთული არ არის? ალბათ, სიმძიმის აწევაც ხშირად გიწევთ.
- მიჩვეული ვარ, რთული ნამდვილად არ არის.
- წყლის წისქვილზე დაფქული მჭადი გამორჩეულად გემრიელია, რატომ?
- ელექტროწისქვილის ქვები ხურდება და ფქვილს ქვის გემო მიჰყვება. ეს გემო საგრძნობია. წყლის წისქვილის ქვა ნელა ტრიალებს. ჩემი ქვები დიდებია და ისე ფქვავს, სიმინდი არ ხურდება. გამორჩეულად გემრიელიც ამიტომ არის.
- დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ!
- მადლობა თქვენ, ლიხაურში სულითა და გულით გეპატიჟებით, კეთილი გული მაქვს, სიმდიდრით ვერავის გავაკვირვებ, მაგრამ სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
- მთავარი სიმდიდრეც ეგ არის, კეთილი გული.
ცნობისთვის, წყლის წისქვილები ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნიდან რომში გაჩნდა. არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც, წყლის წისქვილები პირველად მცირე აზიაში გაჩნდა, ამდენად შესაძლოა კავკასიაში უფრო ადრეც გავრცელებულიყო, ვიდრე - დასავლეთ ევროპაში. წყლის წისქვილი წყლის მიწოდების მექანიზმის მიხედვით, იყოფა ღარისა და კოდის (გვიმის) წისქვილებად. ღარის წისქვილს წყალს საბრუნავ მექანიზმზე აწვდის დაქანებული ღარი. მცირეწყლიან ადგილებში კი წყალი გროვდება ხის ან ქვის კოდში, რომლის ქვედა ნაწილში დატანებული ხვრელიდან წყალი ძლიერად ურტყამს საბრუნავ ბორბალს.
წისქვილს, რომელსაც დიდი საფქვავი ქვები აქვს, დოლაბი წისქვილი ეწოდება, ხოლო მცირექვებიანს - ბუჭულა (გვრიტა).
თამუნა კვინიკაძე