დიდი არტისტული ოჯახის უბერებელი ქალბატონის საუკუნე - გზაპრესი

დიდი არტისტული ოჯახის უბერებელი ქალბატონის საუკუნე

სიცოცხლის ბოლო წლებშიც სცენაზე იდგა და მონაწილეობდა: რუსთაველის თეატრის დადგმაში "მოხუცი ჯამბაზები" და სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლში "აქ, ამ სავანეში". სხვათა შორის, ასაკშიც კი იმდენად კარგად თამაშობდა ჭადრაკს, რომ კომპიუტერში აითვისა სპეციალური პროგრამა (ნიკუშა თავაძემ ასწავლა), სადაც ცნობილი პარტიებია ჩაწერილი და ორ დღეში მოუგო ისეთ დიდოსტატს, როგორიც კარპოვია.

არაჩვეულებრივ მსახიობს არასოდეს მოჰკლებია ხალხის სიყვარული. მედეა ჩახავას მაისში 100 წელი შეუსრულდებოდა.

დიდი მსახიობი ქალბატონის მოგონებას მის ქალიშვილთან - მაკა მახარაძესთან საუბრით ვიწყებთ.

- როგორი ემოციები ჰქონდა დედას ვარსკვლავის გახსნის დღეს?

- ვარსკვლავის გახსნა ყველას სიამოვნებს, მაგრამ წუხილიც ჰქონდა: ამ ასაკში კი არა, ახალგაზრდებს უნდა უხსნიდნენ ვარსკვლავსო, - მათთვის არის ეს სტიმული, თორემ როცა უკვე 85 წელი გისრულდება, დაფასებული ხარ და ყველა მხრივ სითბოსა და სიყვარულს გრძნობ, აზრს კარგავსო. მას ჰქონდა უხვად მაყურებლის სიყვარული და ეს იყო მისთვის მთავარი. თუმცა, რა თქმა უნდა, სიამოვნებდა ვარსკვლავის გახსნა.

- კინოგადაღებებზე თუ დაჰყავდით ხოლმე ბავშვობაში?

- ხშირად, როცა პატარები ვიყავით. მაგალითად, მე და ივიკო წაგვიყვანა ფილმ "გლახის ნაამბობის" გადაღებაზე. "ბაში-აჩუკის" დროს მახსოვს, ოთარ კობერიძის ზურგზე გავატარე მთელი ის პერიოდი... განებივრებული ვიყავი. ამ ფილმის გადაღებისას ივიკო დედას ძუძუზე ჰყავდა.

- ქალბატონი მედეას შემოქმედებითი საღამო ხშირად იმართებოდა.

- მართლაც, ხშირად იწვევდნენ და დედას ძალიან უყვარდა შემოქმედებითი საღამოები, სადაც ნატო (მურვანიძე, შვილიშვილი. - ავტ.) დაჰყავდა ხოლმე. ერთი გამორჩეული ისტორია არსებობს, რომელსაც გაგრძელება ჰქონდა. "ბაში-აჩუკი" სახალხო ფილმია და ძალიან უყვართ. ყოფილი მსახიობი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ზორა ეგუტია, წლების განმავლობაში პიონერთა სასახლის მხატვრული კითხვის სექციის ხელმძღვანელი, მეუბნებოდა, ამ ფილმს ყოველ ჯერზე თითქოს პირველად ვუყურებ, ვტირი და ყველა ემოცია ისევ და ისევ მეორდებაო. ფილმის გადაღებიდან 25 წელი რომ გავიდა, მსახიობებმა ტურნე მოაწყვეს საქართველოში და ბოლოს ხულოში ჩავიდნენ: დედა, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე და დოდო ჭიჭინაძე. დღეს ასეთი რამ არ ხდება, სხვანაირი ცხოვრებაა და ხალხიც სხვაგვარად ვართ მომართული. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დედა ხშირად ახსენებდა ხულოს და ქალბატონ ეთერს, რომელიც მას სწერდა მისალოც ბარათებს ყოველ 8 მარტს, ახალ წელს... ამ ბარათებს დედა სათუთად ინახავდა. ძალიან თბილი მიწერ-მოწერა ჰქონდათ. მთელი ცხოვრება სულ ხულო მესმოდა. დედა გვთხოვდა, ბათუმში როცა იქნებით, აუცილებლად ხულოში ჩადითო. გავიდა მრავალი წელი და როგორც იქნა, 2015 წელს ხულოში ჩავედი, უკვე გზებიც მოწესრიგებული იყო. ბათუმში ვიყავი ტელესპექტაკლის გადაღებებზე, ერთი თავისუფალი დღე გვქონდა, რეჟისორ კოტე აბაშიძეს, ჩემს პარტნიორებს - ვანო იანტბელიძესა და გია აბესალაშვილს ვთხოვე, ხულოში წამიყვანეთ-მეთქი. გვიმასპინძლა ხულოს თეატრის მთავარმა რეჟისორმა, როინ სურმანიძემ, კაფეში ვისხედით. როინს ვუთხარი ამ ქალბატონის სახელი და ისიც, - მგონი, გაზეთის რედაქციაში მუშაობდა-მეთქი. ცოტა ხანს იფიქრა და მერე თქვა: ვიცი, ვინც არის - ეთერ დეკანაძეაო. დაურეკა და სთხოვა: სასწრაფოდ მოდით, თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო. ჩვენი შეხვედრა ჰგავდა ორი დაკარგული ადამიანის პოვნას - ორივე ცხარე ცრემლებით ვტიროდით. არ ელოდა, იქ თუ ვიქნებოდი, ტელეეკრანიდან მიცნობდა. საოცარი სილამაზის, ნატიფი, განათლებული ქალბატონი გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება, რისთვისაც მადლობას ვეუბნები ორივეს.

- ქალბატონ მედეას თავისი დაბადების დღე უყვარდა?

- კი, უყვარდა და ყველაფერს თვითონ აკეთებდა, კერძების მომზადებაში "მხეცი" იყო. 15 მაისს დაიბადა, მაგრამ ადრე, ჩემს ბავშვობაში, 17 მაისს იხდიდა ხოლმე, - შენთან ახლოს რომ ვიყოო (19 მაისი). ბოლო წლებში უკვე 15-ში აღნიშნავდა, მაგრამ 17-შიც ულოცავდნენ. იტყოდა ხოლმე, ეს შეიძლება ჩემი ბოლო დაბადების დღეაო. ამის გაგონება შვილისთვის ძნელია და ვაჩუმებდით. ყველანი ვიკრიბებოდით და ახლაც დედას სახლში შევიკრიბეთ მის დაბადების დღეზე.

GzaPress

"სპექტაკლი არ ყოფილა, რომ მედიკოს არ გავეცინებინე"

თამარ სხირტლაძე:

- მედიკოს, რა თქმა უნდა, ვიცნობდი, მაგრამ ერთად მუშაობამ სხვა სიახლოვე მოიტანა. მანამდე მას ვხვდებოდი, ძალიან მიყვარდა და ამას ისიც ემატებოდა, რომ მისი ვაჟის, მარჯანიშვილის თეატრის არაჩვეულებრივი რეჟისორის - თემურ ჩხეიძის ყველა სპექტაკლში ვმონაწილეობდი და მედიკო პრემიერებზე მოდიოდა. მისი შვილი ჩემ მიმართ ასე რომ იყო განწყობილი, ამან მე და მედიკო უფრო დაგვაახლოვა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ერთ სპექტაკლში ვითამაშეთ. გვიხაროდა, გვსიამოვნებდა მუშაობა, ბედნიერები ვიყავით.

...ამის გახსენება ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვერ გამოვტოვებ. ჩემი შვილი ავად გახდა, განწირული იყო და გარდაიცვალა. მეუღლეს ვუმალავდით შვილის ავადმყოფობის ამბავს, ამიტომ მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა. დავრეკე თემურთან და მედიკოსთან, - ვეღარ მოვალ და შემცვალეთ-მეთქი. აქ მედიკომ უდიდესი როლი ითამაშა, როგორ შემიძლია ამის დავიწყება?! თემურმაც კატეგორიულად მითხრა: საერთოდ, თუ ხელს აიღებ მსახიობობაზეო... ჩემგან წარმოუდგენელი იქნებოდა პროფესიისთვის თავის დანებება. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, აი, ვასაძემ რომ თქვა: "ნეტავ, იქ თეატრი არის?!." - რაც მერე გაიმეორა ბევრმა მსახიობმა. აკაკი ვასაძემ შვილი დაკრძალა და მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა. ერთადერთი შვილი დავკარგე, ჯერ ორმოცი არ იყო გასული და რეპეტიციაზე წავედი. მედიკომ მგონი, ამოცანად დაისახა თუ რა იყო, არ ვიცი: რომ მივიდოდი, მაშინვე ჩემს დარდებსა და ტკივილზე ვიწყებდი საუბარს, ისიც ამყვებოდა, მაგრამ ხუთ წუთში სიცილს ვიწყებდი. რაზე ვიცინოდი, არ მახსოვს, მაგრამ მედიკოს გადავყავდი სხვა რელსებზე. ვერ აგიხსნით, როგორ აკეთებდა. ამის გამო რაღაცნაირად მივეტმასნე და სახლში რომ ვბრუნდებოდით, აუცილებლად ტელეფონით ვსაუბრობდით, თითქოს დიდი ხნის უნახავი მყავდა. ჩემზე უფროსი გახლდათ და ვთვლიდი, რომ არ იყო საჭირო ზედმეტი ფამილიარობა. დამირეკავდა და მეტყოდა, - აბა, შენ კი არ დარეკავ... მე ვიწყებდი, - რა ვქნა, ქალბატონო მედიკო... - და ის დამასწრებდა, - არ გინდოდა გაგეღვიძებინე, ხომ?..

მედიკოს დაბადების დღეზე მასთან სახლში არ მივსულვარ. იმდენი უხლოესი ადამიანი ჰყავდა გარშემო, იშვიათად, იმ დღეს იქ სტუმარი ყოფილიყო. თეატრში წინადღეს მიმილოცია ან სხვანაირად, მაგრამ არანაირი დაბადების დღე ჩვენ იმ სიამოვნებას არ მოგვანიჭებდა, რასაც განვიცდიდით, როცა მარტო მე და ის ვიყავით. სპექტაკლის წინ რომ ვემზადებოდით, ჩვენი სარკეები ისე იდგა, ერთმანეთს ვერ ვხედავდით, შეგვეძლო, სარკის უკან ორივე მხრიდან შემოვლა. ჩვენი ნოველა ბოლოს გადიოდა, მანამდე ტექსტის გავლას ვასწრებდით. მედიკო სულ მაჩქარებდა, დროზე დავიწყოთო, ღელავდა ხოლმე. მცირე გრიმი გვჭირდებოდა და მე ვითომ ცხვირს ვიპატარავებდი გრიმით, რაზეც მედიკო მეუბნებოდა: რა გინდა, რას ერჩი მაგ ცხვირს, მშვენიერი ცხვირი გაქვსო. ერთხელ, გრიმის კეთებისას ისევ მაჩქარებს: თამარა, დაიწყო მეორე ნოველა, ტექსტი დროზე გავიმეოროთ, ვერ მოვასწრებთო. სარკის იქიდან მეჩხუბება, მე არ ვჩქარობდი და ვუთხარი: დაწყნარდი, მედიკო, შენ ჩემზე ლამაზი ხარ და მომეცი ნება, ჩემს ცხვირს მივხედო-მეთქი. უეცრად, მეუბნება: ოჰ, დაანებე თავი, შენს ცხვირს მაინც არაფერი ეშველებაო. გავჩუმდი, ხმა არ ამოვიღე, სარკეს შემოვუარე და თავზე დავადექი. ხელი აქვს თავზე შემოდებული და პაპიროსს ეწევა. - რა თქვი-მეთქი? შეხტა, არ ელოდა, მერე სიცილი აუტყდა. - ამდენი წელია, ჩემს ცხვირს აქებ და ეს რა მითხარი, ამის შემდეგ რამეს დაგიჯერებ? მორჩა, ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა-მეთქი. წამოვედი და ჩემს სარკესთან დავჯექი. მედიკო იცინის, იგუდება სიცილით... მერე რამდენჯერმე წამოვაძახე ეს ამბავი და ასე, სიცილით ვიხსენებდით ამ თემას. მედიკოს საოცარი თვისება ჰქონდა - სიტყვას არ იტყოდა სცენაზე, ისე მაცინებდა, მარტო მოძრაობით ახერხებდა ამას, დღესაც გაოცებული ვარ. სპექტაკლი არ ყოფილა, რომ მაგას არ გავეცინებინე, თან - ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება გაცინება.

ღმერთო, ნათელში იყოს მედიკოს სული! ის იყო არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, უტკბილესი და უსაყვარლესი პიროვნება - ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. მაგან გადამარჩინა და თეატრიც შემარჩინა. რომ წამოვსულიყავი, ახლა დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი.

GzaPress

საოცარი პიროვნება

ჯემალ ღაღანიძე:

- მედეა ჩახავასთან განსაკუთრებულად ვმეგობრობდი. ჩემი დებიუტი რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლ "ფილოსოფიის დოქტორში" შედგა, სადაც მედიკო მთავარ როლს ასრულებდა. იგი უკვე გამოცდილი არტისტი იყო, მაგრამ ისეთი თავმდაბალი, რომ ახალგაზრდა მსახიობები არ ვიძაბებოდით. გულშემატკივრის პოზიციიდან შეეძლო, კოსტიუმში რაღაცა შეესწორებინა ან კარგი რჩევა მოეცა. მედეა ჩახავა და მე მეზობლად ვცხოვრობდით. დიდი სიყვარული და პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის მიმართ, ძალიან ვახლობლობდით. მედიკო, კოტე მახარაძე და მე ხშირად თეატრში ერთად მივდიოდით... მედეა ისეთი მეოჯახე ქალბატონი იყო, ვხუმრობდი ხოლმე, - მათი დამხმარე ქალი მარუსია დილით მედეას ეკითხება, საუზმე მზად არისო?.. დილის 7 საათიდან იწყებოდა მედეას დიასახლისობა და ყველაფერს ასწრებდა.

"ღალატში" გაიანეს როლს ასრულებდა. მისი კისკისი ისმოდა კულისებიდან, მერე შემოდიოდა სცენაზე - ასე იყო მიზანსცენა გადაწყვეტილი. როცა "მოხუც ჯამბაზებში" ვთამაშობდით და მედიკო სპექტაკლში კისკისს იწყებდა, სულ მახსენდებოდა მისი გაიანეს დროინდელი ახალგაზრდული ხმა, რომელიც არ შეცვლილა. საოცარი პიროვნება იყო. ამქვეყნად ერთი განაწყენებული ადამიანი არ ჰყოლია. მედეა ჩახავა მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს თესავდა.

GzaPress

"ქალბატონი დედა"

მსახიობ ელენე საყვარელიძის მოგონება (1991 წელი):

"1943 წლის 17 მაისს, მედეა ჩახავას სცენური ნათლობის დღეს, წარმოდგენაზე მყოფ დიდ რუს მსახიობ ვ. კაჩალოვს აღფრთოვანება გამოუხატავს მედეას მიერ ბრწყინვალედ განსახიერებული ებრაელი გოგონას ბლიუმას გამო (ალ. ბრუნშტეინის "ცისფერი და ვარდისფერი"). თეატრალური ინსტიტუტის სცენიდან პირველად გაისმა მისი ალერსიანი და წკრიალა ხმა. მედეა ჩახავას ერთნაირად ხელეწიფება ტრაგიკული, ლირიკულ-დრამატული თუ კომიკური სახეების შექმნა... იმპროვიზაციის ნიჭი და იუმორის გრძნობა იფრქვეოდა ფეფელას ("პეპო") და მეეზოვე სარეს ("ეზოში ავი ძაღლია") სახეებში. კისკისა და ლაღი მეეზოვე ათასგვარი ანცობით გვატკბობდა და გვხიბლავდა. ამიტომ იყო, კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" ეს სახე თეატრიდან "ისესხა" და გადაიტანა კინოფილმ "მანანაში". იმდენად დამაჯერებელი და მართალი იყო მსახიობის მოქმედება, რომ გადაღების დროს იეზიდები თავიანთ ენაზე ესაუბრებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ის "იეზიდი" ჩვენი თეატრისა და კინოს მშვენება მედეა ჩახავა იყო... დედოფალ მარგარეტის როლმა "რიჩარდ მესამეში" მისი თავისებური და ორიგინალური გადაწყვეტითა და განსახიერებით, საზღვარგარეთის პრესის აღიარება დაიმსახურა. გავიდა მრავალი წელი... საყვარელ მსახიობს ბევრი საალერსო, საქმიანი და საპატიო წოდება მისცა ერმა და ქვეყანამ, მაგრამ ყველაზე ლამაზად მისმა უფროსმა ვაჟმა თემურ ჩხეიძემ "მონათლა" იგი, როცა რეპეტიციაზე "ქალბატონი დედა" უწოდა. დედა-შვილის შემოქმედებითმა კავშირმა ორი საუკეთესო ნამუშევარი შესძინა თეატრს: კნეინა ჩიტუნია - დადიანის "გუშინდელნი", და მარია ხოსეფა - "ბერნარდა ალბას სახლი"...

რამდენიმე წლის წინ მედეა ჩახავამ ამერიკაში იმოგზაურა, ლოს-ანჯელესში საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობის 40 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე, ამერიკა-საბჭოთა კავშირის მეგობრობის საზოგადოებაში მიიწვიეს. მაყურებელთა დარბაზში მყოფ ქართველ მსახიობს საგანგებოდ მიესალმნენ და სთხოვეს, მონაწილეობა მიეღო კონცერტში. აღელვებულმა მედეამ თარჯიმანზე უარი თქვა, თუ კარგად წავიკითხავ, მიხვდებით, რასაც ვიტყვიო, და დაიწყო იავნანა: "გეტყვი ახოს ნანასა,/ ჩემსა ლიზღუტანასა,/ ჩვილსა პაწაწინასა..." მართლაც, წარმტაცად კითხულობს ამ ლექსს მსახიობი, თვალწინ დაუდგება შვილიშვილები, მათ მიეალერსება და სულსა და გულს ჩააქსოვს. ცხადია, არც უცხოელები დარჩენილან გულგრილნი. ასეთია "ქალბატონი დედა", მსახიობი და მოქალაქე, ჩვენი მედეა ჩახავა".

ნანული ზოტიკიშვილი