ხელით მოხატული სარკეები
რამდენიმე თვის წინ, 8 დედმამიშვილიდან ორს - ანა და ნინო ჟღენტებს ფერადი, ორიგინალური სარკეების დამზადების იდეა გაუჩნდათ. მათი მამა ბიოლოგია, პედაგოგი, დედა - დიასახლისი, და-ძმას შორის არიან არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეც. ანასა და ნინოს ამ კუთხით განათლება არ მიუღიათ. ჰქონდათ მხოლოდ სურვილი, ორიგინალური ნივთები შეექმნათ და იდეა პანდემიის დროს სისრულეში მოიყვანეს. ანა უშუალოდ ნივთის დიზაინზე მუშაობს და სარკეებს ხელით ხატავს, ნინოს კი რეალიზება და სამენეჯმენტო საქმე აქვს შეთავსებული.
ანა ჟღენტი:
- მრავალშვილიანი ოჯახიდან ვართ - 6 და და 2 ძმა. დედმამიშვილებს შორის ნინო მეორე, ხოლო მე მეოთხე "ნომერი" ვარ. ნინო 38 წლის გახდა, მე 35-ის. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ კულინარიის აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. ორ წელზე მეტხანს ვიმუშავე ამ განხრით. პარალელურად, სპორტსკოლაში ბავშვებს თხილამურებზე სრიალს ვასწავლი. უკვე ათი წელია, სეზონურად, ზამთარსა და ზაფხულში პატარებთან მიწევს ურთიერთობა. თხილამურებზე დგომის გარდა, ერთად ვხატავთ, სპექტაკლებისთვის დეკორაციებს ვამზადებთ. ხატვა არასდროს მისწავლია, მხოლოდ დიდი ინტერესი მქონდა ამ სფეროს მიმართ. პერიოდულად რაღაცებს ვღებავდი, ჩანახატებს ვაკეთებდი, ჩემი ოთახისთვის ძველი ფარდებიც მოვხატე. ერთხელაც ორიგინალური სარკე მომინდა. ჩვენს ქვეყანაში ეს საკმაოდ დეფიციტური აღმოჩნდა, ხელმისაწვდომ ფასად განსხვავებული ნივთის პოვნა, თითქმის შეუძლებელია, ამიტომ გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა. სწორედ აქედან დაიბადა სარკეების მოხატვის იდეა. პანდემია რომ დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, მეტი დრო გაჩნდა ამ თემაზე სამუშაოდ და პირველად სახლის დეკორის დამზადება დავიწყეთ. ამ ეტაპზე მრგვალ და მართკუთხა ფორმის სარკეებს ვაკეთებთ, ზომების მიხედვით. წრის ფორმის - ფანერაა, ხოლო დანარჩენი - წიფელი. რაც შეეხება მოხატვას, აკრილის საღებავით ვხატავ, ძირითადად - ყვავილებსა და მცენარეებს. პეიზაჟების ხატვაც ვცადე. ერთ-ერთზე მთებია, რომელიც საჩუქრად მინდოდა მეგობრისთვის. ვფიქრობ, სარკე ყველას სჭირდება, იდეალურად გამოსაყენებელი ნივთია. თან, მაღალი ხარისხის ლაქით ვფარავ და მისი დაკიდება შეიძლება როგორც მისაღებში, სამზარეულოსა თუ სხვა ოთახში, ისე სააბაზანოში. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, თითო ნამუშევრის დამზადებას საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, ამიტომ აუცილებელია მასალის მოწოდებაზე, რეალიზებასა თუ სხვა დეტალებზე სხვა ზრუნავდეს. ნინო ესპანური ენის სპეციალისტია. სწავლის დამთავრების შემდეგ, ოჯახი შექმნა და შვილს ზრდის. ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამიტომ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, იდეალური იქნებოდა, თუკი საქმეს გავინაწილებდით - მე დამეხატა, მას კი სამენეჯმენტო საქმეზე ეზრუნა.
- დაინტერესება თუ არის?
- სხვათა შორის, ინტერესი დიდია, თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 6 თვეა, რაც ბაზარზე გამოვჩნდით. სამომავლოდ გვინდა სახლის დეკორის კიდევ რამდენიმე ნივთი დავამატოთ. ძველი დიზაინი ძალიან მომწონს - ის, რაც უკვე ანტიკვარად ითვლება. იდეაში მაქვს, სწორედ ასეთი ნივთების განახლება მოვახდინო ვინტაჟის სტილში. ასეთი ნივთები ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება და არა - სერიული წარმოების.
ანა კალანდაძე