ყველას ერთი დიდი უბედურება - უსიყვარულობა გვჭირს - გზაპრესი

ყველას ერთი დიდი უბედურება - უსიყვარულობა გვჭირს

იატაკი დაფარულია ნარჩენებით სავსე ფუთებით, ძველი ავეჯის დამტვრეული ნაწილებით, ცარიელი ბოთლებით, მაკულატურით, პოლიეთილენის პარკებით. სპექტაკლის მოქმედებაც სწორედ აქ ვითარდება. ფოიეში მაყურებელი ფეხზე დგას ან სურვილისამებრ, კიბეზე ჯდება. წარმოდგენის არატრადიციული სივრცე მაყურებელს მსახიობებთან აახლოებს და ამ ფორმით თეატრის სტუმარიც თავადაც იმ გარემოს ნაწილი ხდება, რაც ზევით უკვე აღვწერე. ეს კი იმას "ნიშნავს", რომ არავინ დგას პიედესტალზე და ყველას ერთი დიდი უბედურება - უსიყვარულობა გვჭირს...

იმერეთის ერთი სოფლის ამბავი რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა საკუთარ სპექტაკლში განაზოგადა და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კაცობრიობის პრობლემაც წარმოაჩინა. დეპრესიისკენ მიდრეკილი, უხალისო გმირები ცივები, გამოფიტულები, ინფანტილურები და ერთმანეთის თანაგრძნობის უნარს მოკლებულნი არიან. ამავდროულად, დავით კლდიაშვილის სოციალური დრამის "უბედურების" ახლებური ვერსია ადამიანებში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის დაკარგვისა და არარსებობის უბედურებადაა წარმოჩენილი და ეს სიტყვა "სიყვარულია".

სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი თეო კუხიანიძეა, ხოლო სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარიამ ჩუხრუკიძე, ხათუნა ბერძენიშვილი, ზურაბ არუსია, ნიკოლოზ ფაიქრიძე და ნიკოლოზ ნანიტაშვილი.

"უბედურება" საუკუნის შემდეგაც აქტუალური და თანამედროვეობის შესატყვისია. სპექტაკლი თეატრის რეპერტუარშია და დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ აფიშა იხილოთ.

- საბა, პანდემიის გამო ეს სპექტაკლი პირველად ღია ცის ქვეშ, ციფრული თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბერში წარმოადგინეთ და ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადმოინაცვლა. მოთმინება, იმედი და სიყვარული - ის აუცილებელი თვისებებია, რომლებიც ყველა დროში გვჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე რა იყო ის მთავარი, რატომაც ამ პიესაზე შეაჩერეთ არჩევანი?

GzaPress

საბა ასლამაზიშვილი:

- ალბათ ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება დღეს კაცობრიობა იხსნას, სიყვარულია. აქედან გამომდინარე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ამ მხრივ რამხელა უბედურებაში ვართ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი კრიზისია. ხანდახან სიყვარულიც ვერ მძლავრობს და ვერ ამარცხებს იმ მოცემულობას, რაც არსებობს ჩვენ გარშემო, თუმცა ხსნა მაინც ერთადერთია და ეს - სიყვარულია.

- პირველად იმუშავეთ ამ დასთან. ამ თეატრის მაყურებელი იყავით თუ როგორ შეარჩიეთ თქვენი სპექტაკლისთვის ეს კონკრეტული მსახიობები?

- ალბათ ჩემი სირცხვილია, ამ თეატრის ხშირი სტუმარი რომ არ ვყოფილვარ და მხოლოდ 1-2 სპექტაკლი მაქვს ნანახი. რაღაცნაირად, შემთხვევითობის პრინციპით მოხდა მსახიობების შერჩევა ჩემი სპექტაკლისთვის და შემიძლია ვთქვა - გამიმართლა, რადგან ძალიან კარგი ჯგუფი შემხვდა, მათი მადლიერი ვარ.

ნიკოლოზ ფაიქრიძე:

- ის ხერხები, რომლებიც კლდიაშვილის პიესისთვის რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა შემოგვთავაზა, ჩვენთვის აბსოლუტურად შოკის მომგვრელი იყო. ავხსნი, რატომ: მეორე კურსზე სწავლისას "უბედურებიდან" ნაწყვეტებში ვმონაწილეობდი. მაშინ, როცა ამირანა ვითამაშე, ვიცოდი, ეს პერსონაჟი 80 წლისაა და ამისთვის ჩემი პედაგოგი გოგი თოდაძე "მაბერებდა". არ მიყვარდა ის მუშაობის პროცესი, რადგან ვფიქრობდი, რომ საქმეს სათანადოდ ვერ ვაკეთებდი. ახლა განაწილება რომ წავიკითხე და გავიგე, კვლავ ამირანა უნდა მეთამაშა, მომენტალური გაუცხოება დამემართა და სანამ საბას შევხვდებოდი, ვფიქრობდი, როლზე უარი მეთქვა. მაგრამ როცა რეჟისორს შევხვდით, პირველ რეპეტიციაზევე გვითხრა, რომ დაგვევიწყებინა პიესა, რათა მოგვაწვდიდა ვერსიას, რომელიც არის "უბედურება" და არც არის, დავფიქრდი და დაველოდე. მეორე რეპეტიციაზე შევიტყვე, რომ ამირანა არა ხანდაზმული, არამედ ახალგაზრდა ბიჭია, ნერვიული გადახრებით. მაშინვე იმხელა აზარტი წამოვიდა, რომ ნერვიულობა გაქრა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც მაყურებელს ვთავაზობთ. მომწონს ისიც, რომ ორიოდე გამონაკლისის გარდა, სპექტაკლში პიესისთვის კლდიაშვილის დამახასიათებელი იმერული კილოკავით, აქცენტებითა და წამღერებით არ ვთამაშობთ. ის პრობლემა, რომელიც პიესაშია, "ჩვეულებრივი" ლიტერატურული ენითაც შესაძლებელია გადმოსცე და ალბათ - მეტად ემოციურადაც. დიდი მადლობა რეჟისორს, რომ ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო როგორც ამ პერსონაჟის თამაში, ისე მთლიანად სამუშაო პროცესიც.

- ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს მეორე ნაწილიდან უერთდები, შენი პერსონაჟი ქმედებებითაც და ემოციურადაც ძალზე დატვირთულია...

ნიკოლოზ ნანიტაშვილი:

- საბა ასლამაზიშვილს განსხვავებული ხედვა აქვს და ნებისმიერი მსახიობისთვის ეს სიახლის მცდელობა-ძიება საინტერესო და მისაღებია. დასაწყისიდან დღემდე, ანუ კაჭრეთის ღია სივრციდან შენობაში გადმოსვლამდე, საინტერესო სამუშაო პროცესი გვქონდა და კიდევ ვაგრძელებთ. დიახ, სპექტაკლის პირველ ნახევარს, როგორც მაყურებელი, ვადევნებ თვალს და ჩემთვის ორმაგად რთულია უკვე "ანთებულ" სპექტაკლთან შეერთება. თანაც ეს ისე საინტერესოდ უნდა მოხდეს, მუხტი არ დავწიო, ისე წავიყვანო ფინალისკენ. მაყურებლის ემოციიდან გამომდინარე, მგონი, ეს მოხდა და იმის წარმოჩენაც შევძელით, რომ ის რეალობა, რაც 1914 წელს დაიწერა, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. კარგია, თუ სიყვარულის დეფიციტს ვხედავთ. მთავარია, გამოსწორების სურვილი გვქონდეს.

- და ხსნა სიყვარულშია...

- დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა.

GzaPress

მარიამ ჩუხრუკიძე:

- პირველად ეს სპექტაკლი "ციფრული თეატრის" ფარგლებში, ღია ცის ქვეშ გათამაშდა და ახლა უკვე თეატრის შენობაში - ჩვენთვის, როგორც მსახიობებისთვის, მორიგი ექსპერიმენტი იყო. მაყურებელი ახლოს რომ გყავს, ეს სხვა განცდაა. დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ემოციურად მძიმეა და თან - ამხელა პაუზის შემდეგ, რამაც პანდემიის გამო თეატრებს მოუწიათ. გულწრფელად ვამბობ, რაღაც მომენტში მეგონა, ცუდადაც გავხდებოდი, მაგრამ თავს მოვერიე და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. საოცრად სავსე ვიყავით ყველა და იმედი მაქვს, ეს მაყურებელმაც იგრძნო.

ანა კალანდაძე