რა მეთოდებს იყენებს ლოგოპედი ბავშვებში მეტყველების ხარვეზების აღმოსაფხვრელად
ნორმალური სმენის პირობებში, ამუშავებს სპეციალურ პედაგოგიურ ხერხებსა და მეთოდებს, მისი გამოსწორებისა და ნორმალური მეტყველების აღდგენისათვის. ლოგოპედია მჭიდროდაა დაკავშირებული პედაგოგიკასთან, ფსიქოლოგიასთან, ფსიქიატრიასთან, ოტორინოლარინგოლოგიასთან, ანატომია-ფიზიოლოგიასთან და სხვა.
ნორმალური სმენის დროს განვითარებული მეტყველების ნაკლისა და შეფერხებების შემთხვევაში (მაგალითად - სისინა და შიშინა ბგერების, პასიური ლექსიკონის, აუტიზმის სპექტრისა და სხვა), მეტყველების აღდგენა სპეციალური პედაგოგიური მეთოდებითა და ხერხებით ხდება. დაახლოებით ოთხი ათეული წლის წინ, დედაქალაქში არსებობდა ერთადერთი სადღეღამისო ლოგოპედიური ბაგა-ბაღი, სადაც მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ ფონეტიკური მეტყველების დარღვევების, ლოგოპედიური პრობლემების მქონე ბავშვები. ბოლო წლებში შემუშავებულ განათლების სტრატეგიაში, ადრეული და სკოლამდელი განათლების ახალი სტანდარტის შესაბამისად, მიდგომა შეიცვალა. ბავშვთა მეტყველების, კომუნიკაციისა და მოტორიკის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, სოციუმში მათ ჩართვაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადრეული ასაკიდანვე იწყებენ მუშაობას. ბავშვთა ჰოლისტური განვითარებისა და "სწორი მეტყველების" სასწავლებლად, პროცესში ჩართულები არიან ლოგოპედები, ფსიქოლოგები და სპეცპედაგოგები. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი ბაგა-ბაღის ლოგოპედს ქალბატონ ნიალი ხანიაშვილს.
- როგორც ვიცი, საბავშვო ბაღში 40 წელია მუშაობთ. გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ აირჩიეთ ეს სპეციალობა და რა გზა განვლეთ დღემდე?
- პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. იმ დროისთვის არსებობდა კურსები, რომლებიც ლოგოპედიას გვასწავლიდა. კვალიფიკაცია ავიმაღლე და ასე თანდათან გავხდი პირველი კატეგორიის ლოგოპედი. წლების განმავლობაში კრწანისის რაიონის მთავარი ლოგოპედი ვიყავი და ჩემთან გზავნიდნენ სხვა ლოგოპედებს ამა თუ იმ საკითხზე რჩევის მისაღებად. იმ დროისთვის, ვისაც ბავშვთა სახლებიდან უნდოდათ შვილის აყვანა, ასევე მე მივყავდი შესამოწმებლად. იყო წლები, როცა ლოგოპედიით აღარავინ ინტერესდებოდა. ბოლო წლებში დამოკიდებულება და საზოგადოების ინტერესი შეიცვალა. მეც ჩავაბარე გამოცდა აუტიზმის სპექტრის, შშმ ბავშვებთან მუშაობის შესახებ.
- რა ახდენს გავლენას მეტყველების სწორად ან არასწორად ჩამოყალიბებაზე? მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის კბილების თანწყობა?
- შეიძლება ბავშვს ბგერა ჰქონდეს კარგი, მაგრამ არასწორი თანკბილვა - ღია პროგრენია ან კბილების არქონა - პროგნეტია. ეს ყველაფერი მოქმედებს მეტყველებაზე. შეიძლება ბავშვს წინა კბილები არ ჰქონდეს, მაგრამ ბგერას სწორად წარმოთქვამდეს. არიან ბავშვები კბილთაშუა ს-ს სტიგმატიზმით, როტაციზმით - რ-ს ლ-თი ცვლიან, სისინა და შიშინა ბგერების აღრევით, გამაციზმით - გ, ქ, კ ბგერების, დ, ტ, თ ბგერებით შეცვლა; არიან სონორული დარღვევებით - მ, ნ, რ, ლ ბგერების ცხვირში წარმოთქმით. ასევე, სიტყვების გაგრძელებული ან შემოკლებული წარმოთქმა, რომლის მიზეზიც სამეტყველო სუნთქვის დარღვევაა. ჩვეულებრივი სუნთქვა ერთია და სამეტყველო სუნთქვა - სხვა. სამეტყველო სუნთქვა ვარჯიშის დროს უნდა დადგეს ისე, რომ ბავშვმა არ გადაყლაპოს ბგერა, არ დააგრძელოს ან დაამოკლოს. არის ენაბლუობაც, რომელიც სპაზმური, ორგანულია.
- როგორ ხდება პრობლემის მოგვარება?
- ჩვენ არ გვაქვს პროგრამები, მითითებები, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ. მე ვმუშაობ სარკესთან საარტიკულაციო ვარჯიშებით: ენა, კბილები, ყბების მოძრაობა, სუნთქვის დაყენება; შემდეგ გადავდივართ ბგერებზე. შეიძლება თვალსაჩინოებითაც ისწავლოს, თუ არადა - შპადელებით (ენას ვათავსებთ ისე, საიდანაც ეს ბგერა უნდა წარმოთქვას) და ხანგრძლივი ვარჯიშით. ხდება ასევე, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ანდაზებით, გამოცანებით, ენის გასატეხებით, მცირე ზომის მოთხრობებით.
- ხანგრძლივი ვარჯიშისას რა თვალსაჩინოებებს იყენებთ?
- ყველა პრობლემის შესაბამისი მასალა მაქვს. ესენია - წარმოთქმის ადგილის მიხედვით: ხმოვნები, სისინა და შიშინა ბგერები, სონორები, ბაგისმიერი, კბილბაგისმიერი და უკანა ენისმიერი. ყველა ბგერაზე მაქვს თვალსაჩინოება. მიწევს მუშაობა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ ჩაკეტილობა, ყურადღების დეფიციტი, თავიანთი სამყარო აქვთ; უჭირთ სოციუმთან ურთიერთობა, თვითმომსახურება - ხელის დაბანა, ტუალეტი; ეშინიათ ხმაურის, ძლიერი განათების. ასეთ ბავშვებთან მუშაობა მიწევს იმ კუთხით, რომ ისინი ავალაპარაკო და დავამყარო კონტაქტი - არავერბალური (სურათები, ჟესტები, მხედველობითი) და ვერბალური (როცა აღიქვამს, გადაამუშავებს და რაღაც პასუხს გაგცემს). ეს რთული პროცესია. აღქმა აქვს, იმპრესია აქვს, მაგრამ მისი გამომჟღავნება - ექსპრესია - უკვე აღარ აქვს. მისი ტვინი ვეღარ ამუშავებს იმ ინფორმაციას, რომელიც მიიღო, რომ პასუხი გაგცეთ. მაგრამ ასეთი ბავშვები საოცრად კარგად აღიქვამენ ფერებს, ცნობენ ცხოველებს ფოტოებზე, იციან თვლა, ოღონდ ვერ გეუბნებიან, რა და როგორ გააკეთეს. ჩემთვის ახალია ასეთ ბავშვებთან მუშაობა. სირთულეების მიუხედავად, წლის ბოლოს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. გლობალურმა პანდემიამ ამ მხრივ ძალიან დაგვაზარალა.
- როგორ მონაწილეობენ მშობლები ამ პროცესში?
- სასწავლო წლის დასაწყისში ვიბარებ მშობლებს და ვადგენ ანამნეზს - როგორ მიმდინარეობდა ორსულობის პროცესი, როგორ ვითარდებოდა ბავშვი, როდის დაჯდა, როდის აიდგა ფეხი, პირველი სიტყვა როდის თქვა, ლაპარაკი როდის დაიწყო, რას უჩივის. მუშაობის საწყის ეტაპზე არ მჭირდება მშობელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგთან გადამისამართება. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით დგება ინტელექტის ტესტი, ხდება ბავშვის გამოკვლევა. ამ საბუთების მიხედვით წარვმართავ მეცადინეობას. თითოეული ბავშვის მეცადინეობის ჩანაწერს ვაკეთებ. შეიძლება ერთსა და იმავე თემას 10 მეცადინეობაც კი დასჭირდეს, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
- რამდენად ბევრი დრო სჭირდება, რომ ბავშვმა მეტყველება გამოასწოროს?
- მთელი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა მივყვებით საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს. ბავშვებს კარგი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი აქვთ, ზოგჯერ გასაოცარ კითხვას დაგისვამენ და პასუხიც გამჭრიახი აქვთ. თანდათან შედეგსაც ვაღწევთ. ბავშვთან, რომელსაც მხოლოდ საარტიკულაციო მუშაობა სჭირდება, შედეგი უფრო მალე დგება. მაგალითად, ფონემატური სმენა თუ დარღვეულია, სისინა ბგერებს თუ შიშინათი ცვლის ან - პირიქით, მას ეს ასე ესმის - ს ბგერის ნაცვლად, შ ესმის, სკოლაში კი ეს წერისას მჟღავნდება. სანთლის ნაცვლად თუ შანთელს ამბობს, ის ასეც დაწერს. ამიტომ, ყველაზე ეფექტურად ამ პრობლემის გამოსწორება ხდება სკოლამდელ ასაკში. ეს მისთვის ჩვეულებრივი მეტყველებაა, ანუ ეს უნდა გავუუქმოთ და ახლებურად მეტყველება დაიწყოს, რასაც მთელ წელს ვანდომებთ.
ყველაზე რთული გამოსასწორებელი როტაციზმია, რადგან ენის ვიბრაცია არა აქვთ და ლ ბგერას წარმოთქვამენ რ-ს ნაცვლად. ვიბრაცია ითხოვს თვეებს, რომ ენა ამოძრავდეს.
- ქალბატონო ნიალი, მიუხედავად ასეთი დატვირთული და შრომატევადი სამუშაო გრაფიკისა, როგორც ვიცი, სიმღერებსაც წერთ, რომლებსაც აღსაზრდელებთან მუშაობის დროსაც აქტიურად იყენებთ.
- მუსიკალური განათლება არ მიმიღია. ჩემი სიმღერების ტექსტის ავტორიც ყოველთვის მე ვარ. 30-მდე სიმღერა მაქვს - ანბანზე, დედაზე, წელიწადის ყველა დროზე; "მშობელო მიწავ" - და ბევრი სხვა, რომლებსაც საბავშვო ბაგა-ბაღში აქტივობებსა და ღონისძიებებზე ჩვენი აღსაზრდელები პედაგოგებთან ერთად ასრულებენ.
ნათია გურგენიძე