ქალბატონი, რომელმაც შეძლო და თავისი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია
საყვარელი საქმიანობა მათ შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევთ, განიტვირთებიან კიდეც, შემოსავლის წყაროც აქვთ და ბედნიერებიც არიან.
დღეს გაგაცნობთ ნინო ბზვანელს. ის 12 შვილის დედაა, მე-12 შვილიშვილს ელოდება. რამდენიმე წელია, ნატურალური ქვებისგან ულამაზეს სკვნილებს ამზადებს. ორგანიზაცია "მრავალშვილიანი დედებიც" დააფუძნა და ლექსებსაც წერს.
ნინო ბზვანელი:
- მიყვარს ნატურალური ქვები. ხელში რომ მიჭირავს, ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მაქვს. 2 წელი ვთხოვდი ჩემს მეგობარს და ინდოეთიდან ჩამოჰქონდა ჩემთვის აქატი, ამეთვისტო, ლაზურიტი, მარგალიტი, მარჯანი... გარდა ამისა, შინ ძველი მძივები, ბისერები გვქონდა, რომლისგანაც არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მთავარია, ფანტაზია გქონდეს ადამიანს. ხელსაქმე ყოველთვის მეხერხებოდა, კარგად ვხატავდი, ვქარგავდი და ადრე მოწაფეებიც მყავდა. თავიდან სკვნილების კეთება დავიწყე და ახლობლებს ვჩუქნიდი, ერთი უწმინდესსაც ვაჩუქე...
- რითია გამორჩეული თქვენი ხელნაკეთი სკვნილები?
- სკვნილებს ფოჩები გავუკეთე, რაც ადრე არავის უცდია. ისინი ძველებური სამკაულებისა და ნივთების ასლებით ბოლოვდება, რაც განსაკუთრებულობას ანიჭებს. იმდენად ლამაზები გამოდიოდა, რომ შვილებმა მითხრეს, ამათ მხოლოდ რელიგიური დატვირთვა აღარ აქვს, შეიძლება ქალბატონებმა სამკაულადაც გამოიყენონო. არც მიფიქრია, ჰობი საქმედ და ბრენდად მექცია. ჩემმა გოგონამ, მარიამ ბოლქვაძემ გადაწყვიტა, სულ სხვა სახე მიეცა ჩემი გატაცებისთვის. მისი მეგობრებიც ჩაერთვნენ საქმეში, ორგანიზება გაუკეთეს ფოტოსესიას და აქსესუარებიც "მოარგეს" მოდელებს. ძალიან ლამაზი ლოგოც შექმნეს, რაც ჩემი რძლის დამსახურებაა.
- რამდენად შრომატევადია თქვენი საქმიანობა?
- ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ნამუშევრები დახვეწილი იყოს. დილა რომ თენდება, ჯერ საოჯახო საქმეებს ვაგვარებ - პროდუქტის მოტანა, სადილის მომზადება... როგორც იცით, მრავალშვილიანი ოჯახი მყავს - 12 შვილი და 11 შვილიშვილი. მთელი დღე ისეთი ალიაქოთია ჩვენს სახლში, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ იმუშავებ. საღამოს რომ დავჯდები და სამუშაო მასალას მაგიდაზე გავშლი, დაღლა მაშინვე მავიწყდება. რამდენიმე ღამეც კი შემიძლია გავათენო სკვნილების კეთებაში. ვუყურებ ქვებს და უცებ იბადება იდეა, რას გავაკეთებ. დიდი მიზიდულობა აქვს ამ საქმეს, ანტიდეპრესანტია. თითოეული სკვნილის კეთებას ლოცვით ვიწყებ, ყველა მათგანში ვაყოლებ ჯვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს ბოროტისგან დაიცავს.
ნინო ჯავახიშვილი