"ისრაელის სამხედრო ფორმა 18 წლისამ მოვირგე" - გზაპრესი

"ისრაელის სამხედრო ფორმა 18 წლისამ მოვირგე"

21 წლის ირენ იოსებაშვილი (ბენ იოსეფი) ისრაელში, ბათ-იამში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როცა ვესაუბრეთ, საქმროსთან ერთად თელ-ავივში იმყოფებოდა. გვითხრა, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო, ჩანთა აეღო და ისრაელის დასახმარებლად სახლიდან გასულიყო იქ, სადაც გამოიძახებდნენ... დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, განგაშის სირენების ფონზე, ირენმა ჩვენთან საუბარი მოახერხა.

- ამჟამად ისრაელში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, თუმცა მოქალაქეები მაქსიმალურად ცდილობენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ, პოლიციასა და ჯარს მხარში ამოუდგნენ. მთელი დღე სხვადასხვა ქალაქში სირენების ხმა ისმის. აშდოდი, აშკელონი და შდეროტი მასობრივად იბომბება... გულდასაწყვეტი ის არის, რომ ხალხი განგაშის სირენის ხმებს მიჩვეულია, რადგან "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ტერორისტული დაჯგუფებიდან პრობლემა ყოველთვის იყო...

- რამდენი ხანია, რაც ისრაელში ცხოვრობთ?

- უკვე თითქმის 12 წელია. მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩემთვის საქართველო ბევრს ნიშნავს - საუკეთესო წლებიც მანდ მაქვს გატარებული. ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია და ისევე უზომოდ მიყვარს, როგორც ქართველი ხალხი.

GzaPress

- ისრაელში ჯარში სამსახური სავალდებულო რომ არ ყოფილიყო, ამ საქმით მაინც დაინტერესდებოდით?

- ვფიქრობ, აუცილებლად დავინტერესდებოდი. ვინც მიცნობს, იცის, როგორი მტკიცე ხასიათი და ქვეყნის მიმართ როგორი ძლიერი სიყვარული მაქვს. როგორც ისრაელისთვის, ასევე საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ჩემთვის ორივე სამშობლოა... ძნელია, ისე ვიფიქრო, თითქოს სამხედრო სამსახური სავალდებულო არ ყოფილიყო, რადგან რაც ისრაელში ჩამოვედი, ვხედავდი, ყოველთვის როგორი დაძაბული სიტუაცია იყო. ისიც მახსოვს, პირველად ყველაფერი რომ გაჩერდა, პოლიციელები მოცვივდნენ და ავტობუსის გაჩერებიდან ყველა გაიყვანეს. შემდეგ "რაღაც რობოტი" მოიტანეს, რომელმაც დაგდებული ჩანთა ააფეთქა, მერე კი ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარა... ნელ-ნელა კი ვხედავდი და ვისმენდი, რამდენჯერ აფეთქდა ტერორისტი, დანით რამდენჯერ დაჭრეს ჯარისკაცები ან მოქალაქეები, ღამით ტერორისტებმა როგორ ამოხოცეს ოჯახები და კიდევ ბევრი ისტორია, რომლის მოყოლა და გახსენება არცთუ ისე ადვილია... ასე რომ, ისრაელში ჩასვლის დღიდანვე ვიცოდი, ჯარში აუცილებლად წავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ და ჯარში ქალის წასვლას ბევრი არ ეთანხმდებოდა. ისრაელს ჯარი ისე სჭირდება, როგორც თევზს - წყალი. ამიტომაც მიჭირს წარმოდგენა, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო არ ყოფილიყო...

- ისრაელის სამხედრო ფორმა როდის მოირგეთ?

- 18 წლისამ მოვირგე, ანუ სკოლის დამთავრებიდან მალევე - 2017 წელს... დიახ, ისრაელში ახალგაზრდები სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში მიდიან და არა - უნივერსიტეტში, დასასვენებლად ან სხვა ქვეყნების დასათვალიერებლად. ხელში იარაღს იჭერენ, წვრთნას გადიან, წვრთნის დასრულების შემდეგ კი - ბავშვები მამაკაცებად, ქალებად იქცევიან, რადგან აანალიზებენ, რამდენი რამ არის მათ ხელში.

- გვიამბეთ სამხედრო სამსახურში თქვენი გამოცდილების შესახებ.

- ისრაელის ჯარში ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება არ არის: ერთნაირ წვრთნას ერთსა და იმავე პირობებში გადიან, ერთნაირად ჭამენ, სვამენ, სძინავთ, ისჯებიან, აწინაურებენ... საერთოდ, ისრაელში ძნელია წარმოიდგინო, რომ ქალს რამის გაკეთება არ შეუძლია, როცა 18 წლის ახალგაზრდები - ქალები და კაცები - ჯარის პერიოდს ერთად გადიან. ადვილი არ არის, იარაღით ხელში იდგე და იცოდე, რომ შეიძლება, ნებისმიერი ვინმეს საქციელი საეჭვო იყოს, ტერორისტი აღმოჩნდეს და შენი მოკვლა ან თუნდაც მხოლოდ რამის კითხვა უნდოდეს, შენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა იყო... აი, ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღე ასეთ წვრთნას გადიან...

- სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსი ვნახე: წერდით, თითქოს ზოგიერთი ქართველისგან აგრესია მიიღეთ, როცა ისრაელის სამხედრო ფორმა მოირგეთ. რას გწერდნენ? როგორ ფიქრობთ, თქვენ მიმართ აგრესია რატომ გაუჩნდათ?

- სოციალურ ქსელში ფოტო გამოვაქვეყნე, სადაც ფორმა მაცვია. ზოგიერთებმა ყველა ზღვარს გადააბიჯეს და ამ სამხედრო ფორმის გამო შეურაცხყოფა მომაყენეს, რადგან მათი აზრით, ყველა, ვინც ამ ფორმას ატარებს, პალესტინელ ბავშვებს ხოცავს და კიდევ ათასი სისულელე... ბოლო წვეთი იყო, როდესაც ვიღაც მართლა გაუნათლებელმა, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ იესო ებრაელი იყო და ის ებრაელებს არ უცვამთ ჯვარზე, "ფორმიანი ებრაელი ღორი" და "საქართველოს და ქართული ენის უღირსი" მიწოდა. ვეღარ მოვითმინე, ქართველისგან მსგავსმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა... კი, ებრაელი ვარ და ჩემი ქვეყანა - საქართველო არც ერთ ქართველზე ნაკლებად არ მიყვარს. შეიძლება, ბევრზე მეტადაც მიყვარდეს. ის ფოტო ამიტომაც გამოვაქვეყნე, რომ მსგავს უარყოფით ადამიანებს მოკლე პასუხი ჰქონოდათ. ფოტოს დიდი გამოხმაურება, უამრავი "ლაიქი", "გაზიარება" და ძალიან თბილი კომენტარებიც (რამდენიმე უარყოფითი და ძალიან უარყოფითიც) მოჰყვა. უამრავი მესიჯი მივიღე: ქართველები მწერდნენ, რომ ჩვენ გვერდით იყვნენ და მამხნევებდნენ. ძალიან გაკვირვებული და აღფრთოვანებული დავრჩი ამდენი უარყოფითი კომენტარის, მესიჯის და ლანძღვის შემდეგ ამხელა სითბოს მიღებით... აგრესიის მიზეზს რაც შეეხება, ჩემი აზრით, აგრესია გაუჩნდათ იმ კომენტარების გამო, რომლებსაც სხვადასხვა პოსტზე ვწერდი, - ისრაელისა და პალესტინის თაობაზე, ისრაელის პოზიციას ვიცავდი და ხალხს ვაცნობდი, რა იყო სინამდვილეში "ჰამასი" (ტერორისტული დაჯგუფება).

- რას ნიშნავს თქვენთვის ისრაელის სამხედრო ფორმა?

- ისრაელის ჯარისკაცობა არის პატივი ჩემთვისაც და იმ ათასობით დაღუპული სამხედროს ოჯახებისთვისაც, რომლებსაც უსაფრთხოებისთვის ბრძოლა სისხლის ფასად დაუჯდათ.

- როგორც ამბობენ, ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს, რადგან უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. თქვენ გაგჩენიათ პროტესტის განცდა? გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- ჩემი თაობის ახალგაზრდებს გვჯერა, რომ მშვიდობისთვის სისხლის ღვრა სწორი საქციელი არაა და მშვიდობა გვსურს. სამწუხაროდ, ღაზის სექტორს ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია აკონტროლებს, როგორიც "ჰამასია". ის ტერორისტულ აქტებს აწყობს ისრაელის წინააღმდეგ. ყოველთვის კონფლიქტის ინიციატორები ისინი არიან. გამოდის, რომ ღაზის სექტორი არა ისრაელის, არამედ "ჰამასისგანაა" ოკუპირებული. ამიტომ, პირველ რიგში, ამ ორგანიზაციის (და არა მხოლოდ) სრულ ლიკვიდირებას ვუჭერ მხარს. მხოლოდ ამის შემდეგ ვნახავთ ღაზის სექტორის მოსახლეობას ბედნიერს. ვიმედოვნებ, "ჰამასის" ლიკვიდირებას ისრაელი მოკლე ხანში მოახერხებს, შემდეგ კი იმედია, ღაზის სექტორის მოსახლეობა სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ნორმალურ ცხოვრებას შეძლებს...

- კიდევ რას საქმიანობთ?

- ჯარში სამსახურის დასრულების შემდეგ, "დაცვაში" ვმუშაობდი, კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პერიოდში კი - მამაჩემს და ჩემს დას ჩვენს პატარა ბიზნესში ვეხმარები.

- საქართველოში ხშირად ხართ ხოლმე?

- ძალიან. საქართველოში წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ ორჯერაც მოვემგზავრები...

GzaPress

- შეიძლება, ახლა ისრაელის საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამოგიძახონ? ამისთვის მზად ხართ?

- კი, შეიძლება და ჩანთაც გამზადებული მაქვს, რადგან ისრაელში არავინ იცის, როდის რა მოხდება. ყოველ წამს მზად ვარ, ეს ჩანთა ავიღო და გავიდე სახლიდან... მხოლოდ მე კი არა, მთელი ქვეყანა ასეა, ვინც ჯარში სამსახური გაიარა. ვისაც არ გაუვლია, ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს - გამოდიან და შიშველი ხელებით ცდილობენ, ჯარსა და პოლიციას დაეხმარონ იმ შემთხვევების წინააღმდეგ, სადაც არაბები თავს ესხმიან ებრაელებს, დანებით დასდევენ, წვავენ ისრაელის დროშებს, მანქანებს (ისეთ მანქანებს, სადაც ებრაელები სხედან, თავს ესხმიან)... ვცდილობ, რეალობის ამსახველი რაც შეიძლება მეტი ვიდეო გავავრცელო, რომ ხალხმა ნახოს, სინამდვილეში როგორი ჰუმანურია ჩვენი ჯარი. მინდა გაიგონ, სინამდვილეში რა არის "ჰამასი" და ის, რომ ღაზა ტერორისტებმა დაიპყრეს და არა - ისრაელმა. ღაზაში ხალხი "ჰამასის" გამო იღუპება და არა - ჩვენ გამო. ჯარისკაცს არა აქვს უფლება ესროლოს ბავშვს ან ქალს, თუ არ არის ზუსტი საშიშროება, რომ წამებში მოკლავენ... ჩვენი ჯარი ყველაფერს აკეთებს, რათა უდანაშაულო ხალხი არ დაშავდეს. ისრაელი ღაზას უამრავ გაფრთხილებას უგზავნის და სანამ იქაური წარმომადგენლები არ დაუდასტურებენ, რომ ადგილი ადამიანებისგან თავისუფალია, უმეტეს შემთხვევაში, არ ბომბავენ. მსურს, ხალხმა მოიძიოს "ჰამასის", "ჰეზბოლასა" და "ისლამური ჯიჰადის" შესახებ ინფორმაცია და შეწყვიტონ ცხვრებივით უკან მიყოლა პოპულარული ფრაზებისთვის - Fრეე Pალესტინე და ა.შ. მინდა გაიგონ, რომ ადამიანს ვერ ეტყვიან, ისრაელის სამხედრო ფორმიანები ბავშვებს ხოცავენო, როდესაც ამ ფორმაში გამოწყობილს ბავშვები ქვებს გესვრიან, მოზარდები - აალებულ ბოთლებს, შენ კი პასუხად არაფერს აკეთებ... ბავშვებს ვეთამაშებით, საჭმელს ვუწილადებთ და ა.შ. ხალხი ამას განა ვერ ხედავს? არ ხედავს. შეძლებისდაგვარად, ბევრ ვიდეოს ვაქვეყნებ, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს. ხალხისთვის თვალის ახელას მხოლოდ მედია შეძლებს. პრესა ძლიერი საშუალებაა, რომ ადამიანს სწორი მხარე დაანახვო...

ეთო ყორღანაშვილი