"ეს სპექტაკლი პატარებს საგზაო ნიშნების შესწავლაში დაეხმარება"
22 და 23 მაისს, თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ გაგლოშვილის სპექტაკლის - "საგზაო ნიშნები" პრემიერა გაიმართა. მოქმედი პერსონაჟები ავტომობილებისა და საგზაო ნიშნების სახით არიან წარმოდგენილნი, სიუჟეტი მაყურებლის ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. შემეცნებით-გასართობი ხასიათის სპექტაკლი რეკომენდებულია 4 წლის ასაკიდან ზევით პატარებზე. პიესის ავტორი, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი მარიამია. როგორც საუბრისას აღმოჩნდა, პიესაზე მუშაობის დროს თავადაც მოუხდა საგზაო ნიშნების საფუძვლიანი შესწავლა.
- პიესა პირველად დავწერე. საგზაო ნიშნებიც ჩემივე პიესის წერისას შევისწავლე. ბევრს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ამბავი თან საინტერესო, სახალისო და თან - შემეცნებითიც. ბოლოს გადავწყვიტე, პიესა ყოფილიყო ბიჭუნა-მანქანაზე, რომელიც მიდის მამის საძებნელად. მას ქალაქიდან საგზაო ნიშნების მოპარვას აბრალებენ. ძალიან მინდოდა სპექტაკლი ანიმაციურ ფილმს დამსგავსებოდა და მგონი, ეს შეძლებისდაგვარად შევძელით. შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლით ბავშვებს საშუალება აქვთ ლექსისა და სიმღერების საშუალებით გაეცნონ საგზაო ნიშნებს, დაუმეგობრდნენ და უსაფრთხოდ იმოგზაურონ მათთან ერთად გრძელ გზაზე. საბავშვო სპექტაკლზე პირველად ვიმუშავე და საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. ბევრი რამ ვისწავლე. მხარში ამომიდგნენ მსახიობები, მხატვარი ნათია კანკია, რომლისთვისაც თეატრში სპექტაკლის მხატვრული გაფორმება ასევე პირველი იყო. ბავშვები ძალიან მიყვარს და მინდა ეს სპექტაკლი მათთვის დღესასწაული იყოს. მსურს ისწავლონ მეგობრობის, მშობლის ფასი, სითბო, სიყვარული და იმედი მაქვს, ასე იქნება.
- პირველად დაახლოებით 3 წლის წინ შევხვდით, როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრში "კურდღელი" დადგით. თქვენს სარეჟისორო გამოცდილებაზეც გვიამბეთ...
- მეორე კურსზე სწავლისას დავდგი სომერსეტ მოემის "ბარათი", შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრში "კურდღელი". თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე ჩემი სადიპლომი ნამუშევარი იყო - "ტრამვაი სახელად სურვილი". "საგზაო ნიშნები" ჩემი რიგით მეოთხე სპექტაკლია.
- პარალელურად რეჟისურისა, მღერით და კონსერვატორიაში სწავლობთ, ხომ?
- დიახ, სოლო აკადემიური სიმღერის განხრით, თამარ ივერის კლასში. ზოგადად ბავშვობიდან ვმღერი. დედა და მისი ოჯახი არაჩვეულებრივად მღერიან, მუსიკალურში მეც დავდიოდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მაგრამ შემდეგ სიზარმაცემ მძლია და 9 წლის შემდეგ სწავლა აღარ გამიგრძელებია. კონსერვატორიაში კლასიკური ვოკალის განხრით ჩაბარებაზე არ ვფიქრობდი, თუმცა, გულის სიღრმეში ეს ოცნებად სულ მქონდა. ზრდასრულ ასაკში გადავწყვიტე მეცადა და 1 წელი მოვემზადე გულიკო კარიაულთან და იმავე წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში სოლო აკადემიური სიმღერის განხრით. ქალბატონ თამარ ივერთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც მოწვეული პროფესორის სტატუსითაა ჩვენს უნივერსიტეტში და 25 აპრილს პირველი კონცერტი გვქონდა. მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, ის სრული ანშლაგით ჩატარდა.
- დედათქვენი ნინო პაპიაშვილი მსახიობია და ის "საგზაო ნიშნებში" მონაწილეობს. უფრო ხშირად პირიქით ხდება, მშობლის დადგმულში შვილები თამაშობენ...
- დიახ, პირიქით არის ხოლმე (იღიმის). სხვათა შორის, თავიდან ვფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა მასთან რეჟისორის სტატუსის მორგება და მითითებები, მაგრამ ამ მხრივ დედაჩემი მორჩილი აღმოჩნდა და მუშაობა გამიადვილდა (იცინის).
- დაბოლოს, მომღერლის კარიერა რეჟისურას ხომ არ გადაწონის, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ორივე იქნება?
- ვოკალის განხრით ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს, რთული პროფესიაა; ოპერა ისეთი შრომატევადი სფეროა, სადაც საკუთარ თავზე გამუდმებით უნდა იმუშაო. ტელეფონში გაკვეთილების ჩანაწერებს ვაკეთებ, მერე ვისმენ, 2 გაკვეთილის შემდეგაც კი, ზრდის მხრივ, დიდი სხვაობა შეიმჩნევა. ჯერჯერობით ეს ორი პროფესია ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, კონსერვატორიაში სარეჟისორო განათლება როგორც თეორიული და აზროვნების კუთხით, ისე პერსონაჟის ხასიათის შესწავლაში მეხმარება.
ანა კალანდაძე