კახა კახაბრიშვილის ცხოვრების გზა და ტელესპექტაკლი, რომელმაც დროს გაუძლო
20 მაისს 74 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა. 35 წლის განმავლობაში ის საქართველოს პირველ არხზე მუშაობდა. 1975-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა წლებში ეკავა სატელერადიო კორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება "თეატრონის" ხელმძღვანელის პოსტი. გიორგი (კახა) კახაბრიშვილმა სატელევიზიო თეატრში მუშაობა მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და მისი ბევრი სატელევიზიო სპექტაკლის ტელერეჟისორი გახლდათ. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში კი მან საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში არაერთი ისტორიული დადგმა განახორციელა, რომელიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის "ოქროს ფონდის" უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს. ესაა სპექტაკლები: "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "უჩინმაჩინის ქუდი", "გვადი ბიგვა", "ხორუმი ქართული ცეკვაა", "მტრედის მოტანილი ბარათები" და სხვა.
გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუებიდან:
"სამსახურიდან რომ გამომიშვეს, არავის არაფერი უთქვამს. ბევრი გულისტკივილი მაქვს, მაგრამ უსაქმოდ ვერ გავჩერდი. დღეს ტელე-რადიოინსტიტუტის რექტორი ვარ. ჩვენი ინსტიტუტი ერთადერთი პროფესიული უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სატელევიზიო და რადიოსივრცისთვის ვამზადებთ პროფესიონალ რეჟისორებს, ტელეოპერატორებს, ტელერადიოჟურნალისტებს, წამყვანებს და ა.შ. მათი პედაგოგები თავისი საქმის პროფესიონალები არიან და გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებენ".
ანჩისხატის ეზოდან - თეატრალურამდე
კახა კახაბრიშვილის ბავშვობამ ანჩისხატის ეკლესიის ეზოში გაიარა. დედამისი ხალხური შემოქმედების მუზეუმში ყოველ საღამოს მიდიოდა და იქაურობას აწესრიგებდა. მუდამ თან ჰყავდა შვილიც, რომელიც ქვეყანას 1946 წლის 15 დეკემბერს მოევლინა. დედა სოფელ ტაბახმელადან იყო, სადაც მისი მშობლების დაქორწინებისას კომუნისტებმა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და სიწმინდეები ხევში გადაყარეს. ბებია-ბაბუა ღამღამობით ეზიდებოდა ამ ნივთებს სახლში, წმენდნენ და ბანზე ინახავდნენ. ბატონ კახას სწამდა, რომ ამგვარი ღვთის მადლისთვის წყვილს 9 შვილი მიეცა. წლების შემდეგ, როცა კახაბრიშვილების გვარი კიდევ უფრო გამრავლდა, სოფელ ტაბახმელაში ძველი ტაძრის საძირკველზე, წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია აღადგინეს. ეს საქმე მისმა ბიძებმა ითავეს. მშენებლობის დასრულებისას ეკლესიის კეთილმოწყობაში თავისი პატარა წვლილი ბატონ კახასაც შეუტანია, ტაძარს ძველი, საქართველოში დამზადებული ღვთისმშობლის ხატი შესწირა, რომელიც მეგობარს იერუსალიმიდან ჩამოატანინა.
"რწმენისა და სიყვარულის გარემოში გაზრდისთვის ღვთის მადლობელი ვარ, - ამბობდა მოგვიანებით, - ბავშვობაში მოვინათლე. მერე მთელი ჩემი ცხოვრება და ბედი ისე წარიმართა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად ღმერთი ისეთ ადამიანებს მომივლენდა, რომლებიც გვერდში მიდგებოდნენ. წარმოიდგინეთ, თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე მოვინდომე ჩაბარება, მოვაგროვე საბუთები და მივედი. თურმე იმ წელს სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება არ იყო. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, სპორტსმენიც გახლდით: კალათბურთს, ხელბურთს ვთამაშობდი და პარაშუტიდან ვხტებოდი. ოღონდ არა მუშთაიდის ბაღში, არამედ ბოლნისის აეროდრომზე თვითმფრინავიდან. მოკლედ, გამოცდაზე ნახეს, რომ კარგი ნიშნები მქონდა, გამესაუბრნენ, შესახედავადაც არ ვიყავი ცუდი და რომ მითხრეს, სარეჟისოროზე წელს ჩაბარება არ არისო, ამოვიიღლიავე ჩემი საბუთები და გავბრუნდი. კიბეზე ერთი სტუდენტი, ცნობილი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილი დამაწიეს, რომელმაც მითხრა, - დაბრუნდი, გიბარებენო. რა თქმა უნდა, გავყევი. გამომცდელებმა სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი. ამ დროს კაცის ბუხუნი შემომესმა. ვიცანი, აკაკი ხორავა იყო: კი, მაგრამ რა დაგიშავეთ მსახიობებმაო?! დავიბენი, ამხელა ბუმბერაზი კაცის სიტყვებზე, მოვუბოდიშე და ვუთხარი, უბრალოდ მსახიობობაზე არ მიფიქრია და არც საამისო მონაცემები მაქვს-მეთქი. იქნებ სცადოო, - მითხრა. არ ვიყავი მზად, მაგრამ ლექსი მაინც წავიკითხე. ახლა აკაკი ხორავას ვბაძავდი: "ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა!" დაიხოცნენ სიცილით ჩემს გულუბრყვილობასა და უნიჭობაზე...
გამოცდებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პარაშუტიდან ერთ-ერთი გადმოხტომისას ქარმა უსწორმასწორი ადგილისკენ წამიღო, ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი, მიწაზე კარგად ვერ დავეშვი და მარჯვენა ფეხის კოჭი ვიღრძე. თუ დიდხანს მიწევდა ფეხზე დგომა, ვიღლებოდი, მტკიოდა და ცოტას ვკოჭლობდი. დიდმა დოდო ალექსიძემ ეს რომ დაინახა, წამოიძახა, ახლა კოჭლებიღა გვაკლდა თეატრალურ ინსტიტუტშიო. მეწყინა, როგორ გეკადრებათ, კოჭლი კი არა, პარაშუტისტი ვარ-მეთქი. მითხრეს, აბა, მაშინ ეტიუდი გაგვიკეთე, ვითომ თვითმფრინავიდან ხტებიო. რა მექნა, გავაკეთე და იატაკზე ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადავხტი, კიდევ უფრო მეტი იცინეს. მოკლედ, მაინც მიმიღეს და მერე იმ დიდებულ ადამიანებს მიზეზი რომ ვკითხე, მითხრეს, თეატრს მარტო ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები არ სჭირდება, არამედ მისი მოყვარული ადამიანები, რომელიც სამეურვეო საქმიანობას განაგებენ. შენი ქცევა, საუბრის მანერა მოგვეწონა, ნიშნებს ჩავხედეთ და ჩავთვალეთ, რომ თუ კარგი მსახიობი არა, თეატრის კარგი თანამშრომელი მაინც გახდებოდიო".
თუმანიშვილი
"მესამე კურსიდან სამსახიობოდან სარეჟისორო ფაკულტეტზე გადავინაცვლე. დიდი ბედნიერებაა, რომ იმ წელს ჯგუფს ბუმბერაზი კაცი, მიხეილ თუმანიშვილი იყვანდა და მეც მასთან მოვხვდი. ის მომთხოვნი იყო ჯერ საკუთარი თავის და მერე სხვების მიმართაც. ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო სტუდენტობიდან. ძალიან პუნქტუალური კაცი ვარ, არ მიყვარს დაგვიანება. ერთხელაც ბატონ მიშასთან 10-15 წუთი დამაგვიანდა, თავი ვიმართლე: ბატონო მიშა, რა ვქნა, დედაჩემს ხელზე ინდაურმა უკბინა-მეთქი. აუტყდა ხარხარი. სინამდვილე კი ასეთი იყო, ბებიამ საახალწლოდ ინდაური ჩამოგვიყვანა. ახალ წლამდე არ ვკლავდით და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, დედა საჭმელს ძალით აჭმევდა და ფრინველმა მართლაც უკბინა. მართალია, ეს იმ დღეს არ მომხდარა როცა დავიგვიანე, მაგრამ ხომ მოხდა?! ბატონმა მიშამ იცინა და ბოლოს მითხრა, შემოდი, შემოდი, კარგი რაღაც მოგიფიქრებიაო.
ტელევიზია და ტელე-რადიოინსტიტუტი
"ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ფრონტზე მოხალისედ წავიდა და იქიდან ხეიბარი დაბრუნდა. ჩვენი უბნიდან მხოლოდ მამა დაბრუნდა და 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისე, რომ სწავლას არ მოვცდენოდი, მე და ჩემი ორი მეგობარი ღამღამობით ვმუშაობდით, გაზეთებს ვტვირთავდით მანქანებში, რომლებიც მერე რაიონებში იგზავნებოდა. ეს თანხა და პლუს სტიპენდია საკმარისი იყო, რომ დედაჩემს ზედმეტ ტვირთად არ დავწოლოდი. ინსტიტუტის შემდეგ ტელევიზიაში ახალგაზრდულ რედაქციაში რეჟისორის ადგილას დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში ტელევიზიას ივლიტა მესხიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბევრს შეუწყო ხელი, ისევე, როგორც მე. მისგან დიდი მადლი მახსოვს. ტელევიზიაში სულ 35 წელი გავატარე. მუშაობა რომ დავიწყე, ბატონი მიშა რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა და ტელევიზიაში კარლო გარდაფხაძემ მას ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი შესთავაზა. თუმცა ბატონმა მიშამ ამაზე უარი თქვა და ფერად გადაცემათა რედაქციაში ავთო გაჩეჩილაძესთან დასაქმდა. იქ ვმუშაობდი მეც. იმავე პერიოდში დაიწყო პატარ-პატარა დადგმების გაკეთება. ასე წერდნენ: დადგმა მიხეილ თუმანიშვილისა, რეჟისორი კახა კახაბრიშვილი. ეს იმას გულისხმობდა, რომ მე იმ ტექნიკურ მხარეს ვაგვარებდი, რაშიც ბატონი მიშა ვერ ერკვეოდა, არც აინტერესებდა, რადგან სულით ხორცამდე თეატრალი იყო. ერთად ვიმუშავეთ "გზაჯვარედინზე", "ძალად ექიმზე" და სხვა დადგმებზე. მერე ამას მოჰყვა "მე შენ მიყვარხარ", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "უჩინმაჩინის ქუდი", გაკეთდა გადაცემა "ფორტუნა"... ტელევიზიაში ბევრი რამ მაქვს გაკეთებული და მეამაყება. როცა კინომსახიობთა თეატრი დაარსდა, ბატონი მიშა იქ წავიდა და მე თავის ადგილას, ანუ სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დამტოვა". სატელევიზიო თეატრი 2005 წელს ზაზა შენგელიამ გააუქმა.
ეროსი
"ერთხელაც ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, თუ სპექტაკლი და რეპეტიციები არ მაქვს, ჩემი მეგობრებისთვის სულ სახლში ვარო, ანუ ამით მეგობრობის ხელი გამომიწოდა. თან დაამატა, პაროლი - ორი მოკლე და ერთი გრძელი ზარი დარეკეო. ასე თუ არ დარეკავდი, კარს არ გააღებდა. ტელეფონზე დარეკვის დროსაც იყო პაროლი: ჯერ ორჯერ, თითო-თითო ზარი უნდა გაგეშვა, გაგეთიშა და მერე თავიდან დაგერეკა. ორი ბოთლი შამპანური, "ბანბანერკა" ვიყიდე და ბატონ ეროსისთან მივედი. იქ მისი ბავშვობის მეგობრები, რეზო ტაბიძე და ვიქტორ ნინიძე დამხვდნენ. მასპინძელმა თქვა, სტუმარი გვყავს და პატივი უნდა ვცეთო. სამივე სამზარეულოში გავიდნენ და სადილის მომზადება დაიწყეს. დახმარება შევთავაზე, მაგრამ იუარეს. სამზარეულოდან ჯერ ვიქტორი გამოვიდა და ტელევიზორის წინ, სკამზე მჯდომი რომ დამინახა, თვალები შუბლზე აუვიდა. ჩუმად მანიშნა, ადექიო. მეც დავემორჩილე და წამოვდექი. ამ დროს ეროსი შემოვიდა, რას დგახარ, დაჯექიო. ორივე სამზარეულოში რომ დაბრუნა, რეზოც გამოვიდა. რომ დამინახა, იმანაც მითხრა, მანდედან ადექიო. სამჯერ-თუ ოთხჯერ წამოვდექი დაბნეული და ვერ გამეგო, რაში იყო საქმე. ვიფიქრე, დამცინიან-მეთქი. იმ საღამოს საუკეთესო სასმელი დავლიეთ. ვიქეიფეთ: ტარანზე, სალათზე, ყველზე, ღომ-მჭადზე, რომელიც ეროსის ძალიან უყვარდა და თავად აცხობდა და ა.შ. საღამო რომ დასრულდა, ბატონმა ეროსიმ მითხრა, კახუნა, მეორედ მანდ აღარ დაჯდე, რა. თურმე, მის ადგილას ვიჯექი და მისი მეგობრები ამას მანიშნებდნენ. მერე ბატონმა ვიქტორმა მითხრა, - ეტყობა შენ ძალიან უყვარხარ, თორემ ფანჯრიდან გისროდაო..."
"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"
"ტელევიზიაში მუშაობისას მქონდა ბედნიერება ვასო გოძიაშვილთან მემუშავა. ვგულისხმობ ვოდევილს "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". არ მეგონა, ეს ბუმბერაზი არტისტი თუ დამწყებ რეჟისორს დამთანხმდებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა. მასთან რომ მივედი, იქით შემარცხვინა, რატომ დამივიწყეთ, გგონიათ თამაში აღარ შემიძლიაო? მთელი სარეპეტიციო პერიოდის სამი თვე იყო კონცერტი. ბევრს დღესაც უკვირს, ახალგაზრდა კაცმა როგორ მოვახერხე ამდენი ცნობილი ადამიანის ერთად შეკრება. ლექსები პეტრე გრუზინსკიმ დამიწერა, გიორგი ცაბაძემ მუსიკა. დადგმაში მონაწილეობდნენ: ვასო გოძიაშვილი, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, დარინა ვეფხვაძე, დარეჯან ჯოჯუა და ბადრი კაკაბაძე. ორი თაობა - დამწყები და უკვე ცნობილი მსახიობები. მიმაჩნია, რომ ეს იყო ბედნიერი დამთხვევა და ეს სპექტაკლი არაერთი წელია გადის ეთერში. ვთვლი, რომ თაობათა შორის კავშირის გაწყვეტა დანაშაულია ერისა და ქვეყნის წინაშე"...
P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს კახა კახაბრიშვილის ოჯახს, მეგობრებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
ანა კალანდაძე