ლაგოდეხის ქართული სიძველეები, "რუსული" სოფლები და ჩამოსახლებული ამერიკელის თვალით დანახული ტურისტული პოტენციალი - გზაპრესი

ლაგოდეხის ქართული სიძველეები, "რუსული" სოფლები და ჩამოსახლებული ამერიკელის თვალით დანახული ტურისტული პოტენციალი

გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი წლებია, აქტიურად მუშაობს საქართველოს ღირსშესანიშნავი და ტურისტულად საინტერესო ადგილების აღმოჩენა-პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამ ექსპედიციების შედეგია არაერთი მღვიმის, ტბის, გეოგრაფიული ფენომენის, ეთნოგრაფიული ძეგლისა თუ ისტორიული ფაქტის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ამჯერად ბატონი გიორგი ლაგოდეხში გვამოგზაურებს.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით უკვე წლებია ხორციელდება სტუდენტური პროექტები. ამ ცოტა ხნის წინ, საკვლევად, გეოგრაფ სტუდენტებთან ერთად (თამარ ტეფნაძე, მარიამ ბაინდურაშვილი, გვანცა მიქელაშვილი და ლაშა ქარქუსაშვილი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მივადექით. ცხადია, ლაგოდეხის შესახებ ზოგადი ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ადგილზე გაცილებთ საინტერესო სურათი დაგვხვდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სხვებისგან უპირველესად განსხვავდება, რომ სასაზღვრო ზონაში მდებარეობს: ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე მდებარეობს ყველაზე ძველი ეროვნული პარკი საქართველოში - ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც 109 წლის წინ შეიქმნა და დღემდე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია. ლაგოდეხშიც ძირითადად ამ ულამაზესი ნაკრძალის სანახავად ჩადიან, თუმცა აქ კიდევ ბევრი რამაა ისეთი, რაც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ და რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ, თუნდაც ანტიკური ხანისა თუ სხვა პერიოდის უძველესი ეპოქის უტყვ მატიანედ შემორჩენილი ძველი ნასახლარები. მსგავსი ადგილი მრავლად გვხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. არქეოლოგიური მასალების სიმრავლე მოწმობს, რომ ეს მიდამოები უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. დღემდეა შემორჩენილი, ციხესიმაგრეების ფრაგმენტებიც. შედარებით კარგადაა შემონახული ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული მაჭის ციხე, რადგან, მდებარეობის გამო, გაცილებით უკეთ იყო დაცული. სამწუხაროდ, განუწყვეტელი შემოსევების გამო, დაბლობ ადგილებში არსებული ისტორიული ძეგლების უმეტესობა განადგურდა. ამას ისიც დაემატა, რომ დაპყრობითი ომების შემდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა ქვეყანაში და მოხდა ისე, რომ დიდი ისტორიული წარსულის მქონე ტერიტორიაზე განსახლებისთვის საუკეთესო ადგილები მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში თითქმის ერთიანად გაუკაცრიელდა. ეს პერიოდი ემთხვევა მეფის რუსეთის პერიოდს. სწორედ ამ დროს, ამ ტერიტორიების ათვისების მიზნით, იმპერიის მმართველობამ დაიწყო რუსეთიდან გამოსახლებული ადამიანების ჩასახლება.

GzaPress

ლაგოდეხში დღესაც ჩანს, რუსული დასახლებებისა და გავლენის კვალი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ოთხი სოფელი, რომლებიც რუსი თავადის და გენერალ-მარშლის, გრაფი ილარიონ დაშკოვის მცდელობით განსახლდა და ამ დასახლებებს მის პატივსაცემად, დაერქვა - გრაფოვკა, ილარიონოვკა, ვორონცოვკა და დაშკოვკა. ეს ის პეროდია, როდესაც მეფის რუსეთის იურისდიქცია ვრცელდებოდა საქართველოში. მართალია, ეს იყო გარუსების დიდი პოლიტიკა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია და ვერ ავარიდებთ თვალს. აზერბაიჯანის თანამედროვე სასაზღვრო ზოლის შემდეგ ეს დასახლებები ერთმანეთს ებმის. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება გრაფოვკაზე, რომელსაც დღეს დავითიანი ეწოდება. ამ დასახლებაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თავი მოიყარა რუსეთის ფედერაციიდან გამოძევებულმა მოსახლეობამ - მალაკნებმა, რომლებიც დღემდე ამ ტერიტორიაზე სახლობენ. სოფლის გარემო და ცხოვრების სტილი, მალაკნებისთვის დამახასიათებელი არქიტექტურითა და ყოფა-ცხოვრებით, მართლაც საინტერესო და მიმზიდველ გარემოს ქმნის, სანახაობრივი თვალსაზრისითაც შთამბეჭდავია და განვითარების შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო ტურისტულ მიმართულებად შეიძლება იქცეს. რაც ყველაზე საინტერესოა, რუსული არქიტექტურული სტილის ხის შენობებში დღემდეა შემორჩენილი რუსული ღუმელები და აბანოები.

მალაკნების გვერდით, სოფელში იეზიდები და ჰერეთიდან გადმოსახლებული ქართველების ოჯახებიც ცხოვრობენ. ასეთი მრავალეროვანი დასახლება საქართველოში იშვიათად თუ შეგვხვდება. რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, ყველანი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

გრაფოვკა სამი საუკუნის სოფელია, თუმცა ამ სახელით მხოლოდ მე-19 საუკუნეში იყო ცნობილი. მეოცე საუკუნეში სვაბოდნოე ერქვა, 21-ე საუკუნეში კიდევ ერთხელ შეუცვალეს სახელი და დავითიანი დაარქვეს.

ერთი საუკუნის წინ, ლაგოდეხის საზღვრისპირა სოფლებში, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, განხორციელდა საქართველოს მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან ოჯახების ჩამოსახლება. ძირითადად იმერლები და რაჭველები ჩამოასახლეს. ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩაბმული ვაჟა-ფშაველაც. ისინი ძირითადად, ეკომიგრაციასთან იყო დაკავშირებული და მოსახლეობა მისი საცხოვრებელი ადგილებიდან მცირემიწიანობის გამო გადმოსახლდა, რადგან გაცილებით კომფორტული გარემო შესთავაზეს საცხოვრებლად. ლაგოდეხის ნიადაგი სხვადასხვა კულტურის მოსაყვანადაც ხელსაყრელია, მაგრამ ეს დასახლებები დღესაც საქართველოს იურისდიქციაში რომ შედის, ეს სწორედ ილია ჭავჭავაძის დამსახურებაა, რადგან იქ რომ იმ დროს ქართველი მუდმივი მოსახლეობა არ ყოფილიყო, ეს ტერიტორიებიც აზერბაიჯანს გადაეცემოდა, როგორც კახი და ძირძველი საქართველოს - ჰერეთის ტერიტორიის სხვა სოფლები.

ყურადღების გავამახვილება ღირს აქაურ არაქართველ მოსახლეობაზეც, რომლის შესახებაც ბევრმა თითქმის არაფერი არ იცის: სოფელი დავითიანი ძირითადად მალაკნებითაა დასახლებული. მალაკნები რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. ეს მიმდინარეობა მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთში ჩამოყალიბდა და ვინმე სემიონ უკლეინის სახელს უკავშირდება. მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში მალაკნობის მიმდევრები მწვალებლებად, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საშიშ და მავნე ერეტიკოსებად გამოაცხადეს. მათ დევნიდნენ და სამშობლოდან ასახლებდნენ. ასე აღმოჩნდნენ დევნილი მალაკნები საქართველოშიც და ძირითადად კახეთის მხარეში დასახლდნენ. ერთ-ერთ სამოსახლოდ სწორედ სოფელ დავითიანის ტერიტორია შეარჩიეს. ტყე გაკაფეს, ფერად-ფერადი ხის სახლებიც გამართეს და მალაკნურ ყოფა-ცხოვრებას მოჰყვნენ...

GzaPress

სერგეი სერიხი, სოფელ დავითიანის მკვიდრი, დავითიანის სკოლის დირექტორი:

- სიტყვა "მალაკანს" სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ერთი ვერსიით, ამ რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები თავიანთ მოძღვრებას "სუფთა სულიერ რძეს" (რუს. "მოლოკო" - რძე) ადარებენ და თვლიან, რომ ეს სახელწოდება მომდინარეობს პეტრე მოციქულის სიტყვებიდან: "როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისთვის" (1 კორინთ. 3;2); კიდევ ერთი მოსაზრებით, სახელწოდება მართლმადიდებლებმა შეურჩიეს, რადგან უარს ისინი არ ამბობდნენ მარხვის დროს რძის ნაწარმის მიღებაზე. სხვა ვერსიით, ეს სახელწოდება აღებულია ტავრიის გუბერნიის მდინარე მოლოჩნიე ვოლიდან, სადაც მალაკანთა თემი სახლობდა. კიდევ ერთი ვერსიით, ამ რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები სარატოვის გუბერნიაში, მდინარის მახლობლად სახლობდნენ. როდესაც მეფის რუსეთმა მათი დევნა დაიწყო, პირობა წაუყენეს, სიცოცხლის სანაცვლოდ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი. თავის გადასარჩენად მდინარე უნდა გადაეცურათ. ვინც ნაპირამდე მიაღწია, ცოცხალი გადარჩა და თავს უშველა, მაგრამ წყალში ძალიან ცოტა დაიხრჩო და მალაკნებიც ("მალო" - ცოტა) ამიტომ ეწოდათ. მიუხედავად იმისა, რომ სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებით ბევრი ვერსიაა გავრცელებული, ეს უკანასკნელი უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია.

მალაკნები თავს "სულიერ ქრისტიანებსაც" უწოდებენ. ეს ადამიანები დღემდე თავიანთ რწმენას იცავენ. არც ეკლესია სწამთ, არც ხატი, არც სანთელი. არ ცნობენ მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებს, წმინდანებს, მონაზვნობას, საღმთო გადმოცემებს და ა.შ. მხოლოდ წმინდა სამებას აღიარებენ. კვირა დღეს სამლოცველო სახლში - "სობრანიაში" (კრება, თავყრილობა) იკრიბებიან და აღავლენენ მსახურებას, რომელიც ბიბლიის კითხვითა და რუსულ მოტივებზე შესრულებული საგალობლებით გამოიხატება. საგალობლები ფსალმუნებზეა აგებული. საკმაოდ მშვიდობიანი და მეგობრული ხალხია და სოფელში მცხოვრებ ქართველებთან და იეზიდებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

სოფელი გრაფოვკა 1905 წელს დაარსდა. 1911 წელს პოლონელებმა აქ ოთხწლიანი სკოლაც გახსნეს. სოფლის დაარსება გრაფი ვორონცოვ-დაშკოვის სახელთანაა დაკავშირებული. გრაფი მართლმადიდებელი იყო და სოფელში ეკლესიაც გაუხსნია. სწორედ ამ ეკლესიის შენობაში დაარსდა ოთხწლედი, რომელიც 1936 წელს შვიდწლედად გადაკეთდა. იმ პერიოდში შვიდწლედის დამთავრება სერიოზული განათლების მიღებად ითვლებოდა. 1946 წელს სოფლის სკოლა რვაწლედად გადაკეთდა და ახალი შენობაც აშენდა. მეც ამ სკოლაში ვსწავლობდი. დღეს კი მისი დირექტორიც ვარ. მრავალეროვანი სოფელია და საკმაოდ ბევრი თავისებურება ახასიათებს.

- თუმცა, მოსახლეობის ძირითად ნაწილს მაინც მალაკნები წარმოადგენენ. თვალის ერთი შევლებითაც შესამჩნევია მათი ყოფისთვის დამახასიათებელი გარემო - თუნდაც ფერადი კოპწია ხის სახლები. ჩაცმულობისა და ცხოვრების განსხვავებული სტილითაც გამოირჩევიან. სპეციფიკურია მათი კვების კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებებიც. ეს ყველაფერი კი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველ გარემოსაც ქმნის.

- არის თუ არა მცდელობა, რომ სოფელი ტურისტული მიმართულებითაც განვითარდეს და კიდევ ერთ გამორჩეულ სანახაობად იქცეს მოგზაურობის მოყვარულებისთვის?

- ცოტა ხნის წინ აქ ამერიკის მოქალაქემ შეიძინა სახლი და დასახლდა. ამბობს, რომ სოფელში ძალიან საინტერესო და ხელსაყრელი პირობებია ტურიზმის განვითარებისთვის და ცდილობს აქაურობა ტურისტულად საინტერესო გახადოს. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

შორენა მერკვილაძე