"უცხოელებმაც გამოთქვეს სურვილი, ისწავლონ ქართული" - გზაპრესი

"უცხოელებმაც გამოთქვეს სურვილი, ისწავლონ ქართული"

ია ღვინიაშვილი მუსიკოსი, საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაცია WAPA-ს ავსტრიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი და "საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურული ურთიერთობის ხელშეწყობის ორგანიზაციის" დამფუძნებელი გახლავთ. 28 წლის იყო, როდესაც ავსტრიაში საცხოვრებლად ჩავიდა, მალე წარმატებასაც მიაღწია და ამ დროის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორიც გახდა.

- პროფესიით ეკონომისტი, ბიზნესისა და მენეჯმენტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ვარ, მაგრამ ბავშვობიდანვე ჩართული ვიყავი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. 6 წლისა დედამ მიმიყვანა პიონერთა სასახლეში, გავხდი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის - "ახალი თაობა" სოლისტი. ვსწავლობდი ხალხურ საკრავებზე დაკვრას და ფოლკლორულ სიმღერებს. პარალელურად ვცეკვავდი ქართულ და თანამედროვე ცეკვებს. სკოლის პერიოდში არაერთი ღონისძიების ორგანიზატორიც ვიყავი. მრავალ კონკურსსა და ფესტივალში გამარჯვებამ მომიტანა დიდი გამოცდილება, გავხდი პრეზიდენტის ლაურეატი, კალიგრაფიის კონკურსის განათლების სამინისტროს რჩეული და "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" აქტიური მოთამაშე. დავამთავრე სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო შვიდწლედიც, ფორტეპიანოს სპეციალობით. მალევე მოვხვდი სატელევიზიო-მუსიკალურ პროექტში "ნუცას სკოლა". 2001 წელს კი ანსამბლ "ივერიიის" სოლისტიც გავხდი.

- რატომ მაინცდამაინც ავსტრია და რამდენად რთული აღმოჩნდა თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში?

- ჩემი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მოცარტის ქვეყანაში - ავსტრიაში გამოვეგზავრე. ეს ქვეყანა უძველესი არქიტექტურული ძეგლებით, მდიდარი ისტორიითა და ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა. 12 წელია ვცხოვრობ ვენაში, ე.წ. ქალაქ-მუზეუმში და რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ჩემი ქვეყანაა. რადგან არ მყავდა დიდი სანაცნობო წრე, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ჩემი პროფესიის წყალობით, მალევე მოვერგე აქაური ცხოვრების რეჟიმს. ამჟამად ვმღერი ავსტრიულ-ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ "ჰარალოში", რომელიც უცხოელებითაა დაკომპლექტებული. ისინი დიდ პატივს სცემენ ქართულ კულტურას, აღფრთოვანებულები არიან ქართული სიმღერებით, ასრულებენ კახურ, მეგრულ, სვანურ, აფხაზურ, ლაზურ სიმღერებს. კარგად იციან ჩვენი ადათ-წესები, ისტორია, შეისწავლიან ქართულ ენას და ხშირად სტუმრობენ საქართველოს. ავსტრიელები პუნქტუალურები, მიზანდასახულები, მშრომელები და პასუხისმგებლიანები არიან. მათგან ისწავლი დროის, შრომისა და თავისუფლების ფასს. ამიტომაც არის ავსტრია ჩემთვის სამაგალითო და პატივსაცემი ქვეყანა. აქ ჩამოსვლისთანავე მივედი ქალაქ ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში წირვაზე. მოძღვარმა მთხოვა, მეგალობა. სიხარულით დავთანხმდი და დღემდე ამ ტაძარში ვგალობ. ტაძარში ბევრი ადამიანი გავიცანი და სოლო კონცერტისთვის მზადება დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, უამრავი ადამიანი მოვიდა. ამის შემდეგ 3 თვეში ერთხელ ვატარებდი კონცერტს და უფრო მრავალფეროვანი რომ გამეხადა, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც ჩავრთე - პიანისტები, მხატვრები, ქორეოგრაფები, პოეტები. ამ პერიოდში ფოლკლორული ტრიო "იბერიაც" ჩამოვაყალიბე, არაერთ დიდ ქალაქში გვქონდა კონცერტი, მათ შორის საქველმოქმედოც. ჩემთვის ქართული საქმის კეთება უმთავრესია და ამიტომაც, უკვე მეხუთე წელია, სათვისტომოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში უანგაროდ ვასწავლი მუსიკას. სიმღერების შესწავლასთან ერთად, გაკვეთილზე ქართულად ვესაუბრები ბავშვებს, დაფაზე ტესტებს ვუწერ და ყველა სიტყვას ერთად განვიხილავთ, ქართულ ანბანს სიმღერით ვასწავლი. ვიგონებ სცენებს, თეატრალურად ვაფორმებ, ვატარებ სხვადასხვა ღონისძიებას. ჩემი სამშობლოს სიყვარულმა კიდევ არაერთი ორგანიზაციისა და პროექტის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. დაგეგმილია ქართული და გერმანული ენების ონლაინშესწავლა. სხვათა შორის, უცხოელებმაც გამოთქვეს სურვილი, ისწავლონ ქართული. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იქნება უფასო და ნებისმიერ მსურველს შეეძლება, შემოგვიერთდეს. იგეგმება საბრძოლო ხელოვნების და ასევე, ქართული ცეკვის ონლაინშესწავლაც. ვფიქრობ, ამ ყველაფრით დაინტერესდებიან როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც. მინდა გავაღრმავო ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები და სწორედ ამიტომ დავაფუძნე "ავსტრიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის ორგანიზაცია", რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოსა და ავსტრიის საგარეო და კულტურის სამინისტროებთან, საელჩოებთან, მედიასთან, არასამთავრობო, საქველმოქმედო და ავსტრიაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან. აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო კონფერენციების, გამოფენების, პრეზენტაციების, საქველმოქმედო საღამოებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება. ჩემი გუნდის წევრები არიან: თეონა ამაღლობელი, სალომე ცაბაძე, შორენა კვიჟინაძე, ლილი ვუკომანოვიჩი-ჯიშიაშვილი, მარიანა ბიჰოუნეკ-ქებაძე.

- 2021 წელს თქვენ მიერ დაარსებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის შესახებაც გვითხარით, რა იყო მისი დაარსების მიზანი?

- ეს ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და მათ წარმოჩენას, რეალიზებასა და კულტურულ ინტეგრირებას მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობას. ჩემი ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, პროფესორი გოჩა ოჩიგავა და კომპოზიტორი, ვოკალური სტუდია "ნანას" ხელმძღვანელი ნანა დაუშვილი. სახელწოდებასთან დაკავშირებით გამოვაცხადეთ კონკურსი სკოლის მოსწავლეებში და ყველაზე სასურველად და კრეატიულად მივიჩნიეთ MozArt (მოც-არტი). პირველ რიგში, იმიტომ, რომ ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერითაც იფუნქციონირებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, დარეგისტრირებულია ავსტრიაში, რომლის კულტურის მნიშვნელოვან, განუყოფელ ნაწილად ითვლება მოცარტი, "არტ" კი ხელოვნებაზე ორიენტირებას უსვამს ხაზს. ჩვენი დევიზია: "დედამიწის მომავალი ხარისხიან განათლებასა და ხელოვნების სიყვარულშია!" ფესტივალის ამოცანაა ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა, მათი მხატვრული შემოქმედების პოპულარიზაცია, ხელოვნების სხვადასხვა დარგში თვითშემოქმედების პროპაგანდა, ახალგაზრდების კულტურისა და ცოდნის დონის ამაღლება და უწყვეტი განათლების ფერხულში მათი ჩაბმა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ბავშვების/ახალგაზრდების ნიჭიერების წარმოჩენას და მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებაში ჩაბმას. კონკურსში მონაწილეობა მათთვის უფასო იქნება. უკვე მოვიპოვეთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა, შევქმენით ოფიციალური ვებგვერდი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ჩვენს გუნდში გავაერთიანეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალებით ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური გავხადოთ. ჟიურის შემადგენლობაში მოვიწვიეთ სახელგანთქმული მუსიკოსები, მომღერლები, საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულენი. გამარჯვებულ ბავშვებს მიეცემა შესაძლებლობა (თანადაფინანსებით), გაემგზავრონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მიიღონ მონაწილეობა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში, ასევე, ჩაწერონ მუსიკალური დუეტი ცნობილ ქართველ მომღერლებთან და ა.შ.

GzaPress

- როდესაც პანდემია დასრულდება, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად შეუდგებით საქმეს. მანამდე კი მაინტერესებს, როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თქვენთან, რა შეზღუდვები მოქმედებს ავსტრიაში?

- ავსტრიაში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ამიტომ 19 მაისიდან ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებსა თუ ნათესავებს საქართველოდან ისევ შეეძლებათ გვესტუმრონ, რადგან იხსნება აკრძალვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების ავსტრიაში შემოშვებასთან დაკავშირებით. ქვეყნები დაიყოფიან რისკის მიხედვით - მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი ზონიდან ტურისტები უპრობლემოდ შემოვლენ, წითელი ზონიდან შემოსვლისას კი დასჭირდებათ კოვიდ-ტესტი ან დოკუმენტი, რომ გადატანილი აქვთ კოვიდი ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ბოლო კატეგორია მუქი წითელია, ასეთი ზონიდანაც უშვებენ ტურისტს, მაგრამ ამ დროს დამატებით საჭიროა ავსტრიაში კარანტინის გავლა. 17 მაისიდან განახლდა ყოველდღიური სწავლა სკოლებში, ყველა კლასისთვის. პასპორტისა და ტესტის გარეშე შეგიძლიათ, შინ მიიღოთ სტუმრები, მაქსიმუმ 10 ადამიანი, ბავშვებთან ერთად; სავაჭრო ცენტრებშიც დაიშვებით მწვანე პასპორტის გარეშე. მდგომარეობა სწრაფად იცვლება და იმედი მაქვს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დავუბრუნდებით.

- საუბრის დასასრულს, თქვენი ოჯახის შესახებაც მითხარით.

- მაქვს ქართული ტრადიციული ოჯახი. ჩემი მეუღლე, ომარ ნუკრაძე ვენაში, ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი. ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა და მალევე მივხვდით, რომ ცხოვრება ერთმანეთისთვის უნდა დაგვეკავშირებინა. აგერ უკვე 11 წელს ითვლის ჩვენი სიყვარულის ისტორია. გვყავს 7 წლის ქალიშვილი ელიზაბეტი, რომელიც მრავალი ნიჭითაა დაჯილდოებული. სკოლაში ფრიადოსანია, სრულყოფილად ფლობს ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებს, ინგლისურსაც ნელ-ნელა ითვისებს. ეტყობა, ამაში მამის ნიჭი გამოჰყვა: ჩემი მეუღლე 4 ენაზე საუბრობს. ლიზიკო ბრწყინვალედ მღერის, ცეკვავს, ხატავს. სულ ახლახან გადაიღეს ეპიზოდურ როლში ცნობილი ავსტრიელი რეჟისორის დრამატულ ფილმში, სადაც მოქმედება ხდება 60-იან წლებში და გადაღებები მიმდინარეობს ნიუ-იორკში, ავსტრიასა და გერმანიაში (სამწუხაროდ, სხვა ინფორმაციის გამხელის უფლება არ გვაქვს). ლიზიკო პატარაობიდანვე სცენაზეა ჩემთან ერთად, პანდემიის პერიოდში კი ხშირად ვიღებდით იუმორისტულ ვიდეოს, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია სოციალურ ქსელებში.

ნინო ჯავახიშვილი