"ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ!"
ნელი ბერია-ხიტალიშვილის ემოციურ წერილს, რომელიც მის ბავშვობასა და ომის წლებზე მოგვითხრობს, უცვლელად გთავაზობთ:
"თუ მტერმა დაგცეს ხმალგაბასრულმა,/ დარდს ნუ მოიხვევ ღრუბლის გუნდებად,/ რა ვუყოთ ომში ბევრი წასულა,/ მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება" (ს. ისინია).
გაიარა მაისმა და კიდევ ერთხელ შეტოკდნენ შინმოუსვლელთა საფლავები. გვამცნეს, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული. ამ წერილს ერთი ხანდაზმული ქალბატონი გწერთ. ძნელია იმის აღწერა, რაც თანამემამულეებს და ჩვენს ახლობლებს გამოუვლიათ თუ გადახდენიათ თავს. ორგზის გმირია ის, ვინც იომა და მშვიდობით დაბრუნდა შინ, ამბავი რომ მოეტანათ...
ჩემი ოჯახი მაშინ სენაკში ცხოვრობდა. მამა სამხედრო მოსამსახურე იყო, ოფიცერი. ჩვენ ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს, დედა, მამა, მე, ჩემი ტყუპისცალი და ჩემი უმცროსი ძმა.
1941 წლის მაისში, როცა ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ჩვენ პატარები ვიყავით. მამა "შინსახკომში" გამოიძახეს, როგორც სამხედრო მოსამსახურე. მამასთან ერთად ჯარში გაიწვიეს მისი ძმაც, რიგითი ჯარისკაცი. დედას მონათხრობიდან ვიცით, რომ დარჩა სამ მცირეწლოვანთან ერთად. ცოტა ხანში მამასგან დეპეშა მიიღო, სადაც ეწერა, რომ იბრძოდა ქერჩის ნახევარკუნძულზე და ითხოვდა, დედას შვილები ზესტაფონში, თავის მშობლებთან წაეყვანა. სხვა გზა არ იყო... ლახუნდარა პატარა სოფელია იმერეთში, სადაც ბებია თავის ორ დასა და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.
დედას დაენიშნა მამის ხელფასი, რითიც გვარჩენდა. გადიოდა დღეები, თვეები, მაგრამ მამისგან არაფერი ისმოდა. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ჩაგვკიდა ხელი და სამივე სოფელში წაგვიყვანა. წავედით მატარებლით, რომელიც ისე იყო გადატვირთული, რომ ფეხზე დასადგომიც ძლივს ვიშოვეთ. დედას ერთ ხელში ჩემი პატარა ძმა ჰყავდა აყვანილი, მეორეში კი ბარგი ეჭირა. ხალხს შევეცოდეთ, ვიღაცამ კალთაში ჩაგვისვა, ვიღაცამ ადგილი დაგვითმო. ძლივს ჩავედით ზესტაფონამდე, სადაც ბაბუა დაგვხვდა და პირველი, რაც გვითხრა, იყო სიტყვები: "ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ!"
ბაბუა თავის დროზე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ახლა კი იგი ოჯახსაც არჩენდა და გაუთხოვარ ცოლისდებსაც ეხმარებოდა. რამ გადაგვარჩინა? შრომამ, ერთმანეთისადმი სიყვარულმა და გამძლეობამ.
სოფელში ბაბუას დიდი ეზო ჰქონდა, უამრავი ხილი, ვენახი, ბოსტანი, რომელსაც ქალები უვლიდნენ. ბოსტანში თესავდნენ კიტრს, პომიდორს, მწვანილს, გოგრას, ნესვს. მოჰყავდათ სიმინდი. ბაბუას ისეთი ვენახი ჰქონდა, რომ ძირზე 5-6 ჭიგოს სვამდა. იმდენი ყურძენი მოდიოდა, ღვინო მასაც ჰყოფნიდა და სხვასაც. მახსოვს, ბაბუა შეგვიყვანდა ვენახში და გვამორჩინებდა. დილიდან საღამომდე ბაბუას არ ვცილდებოდით. საღამოს ბებიას მოჰქონდა ცხელი მჭადები, ჭყინტი ყველი. მერე ბაბუა ღვინიან დოქში გამოავლებდა ცივ წყალს, რომელსაც ღვინის გემო ისევ შერჩენოდა და გვასმევდა.
ჩვენი მოხუცი ბებიები ბაღში მუშაობდნენ, რწყავდნენ მწვანილს, გარშემო უვლიდნენ, რომ სარეველა არ შერეოდა. ვკრეფდით მაყვალს. ბებია აკეთებდა საწებელს; მაყვლის წვენს და მკვახე ყურძნის წვენს ურევდა ერთმანეთში და ზამთრისთვის ინახავდა. ვკრეფდით კაკალს, რომლის ხეც იმდენ ნაყოფს ისხამდა, რომ ჩვენც გვყოფნიდა და ღორებსაც. ღორებს ვაჭმევდით იმიტომ, რომ ზამთარში მისი ხორცი გემრიელი ყოფილიყო.
ბაბუას დიდი საწნახელი ჰქონდა. შემოდგომაზე, როცა ყურძენს დაკრეფდა, ჩაყრიდა მასში და წურავდა. წვენი პირდაპირ ჭურში ჩადიოდა, შემდეგ თავს დაახურავდა, მიწით ამოლესავდა და ზამთრამდე არ ხსნიდა.
ეს იმდენ შრომას მოითხოვდა, საღამოს დაღლილ-დაქანცული მოდიოდა სახლში...
გადიოდა დღეები, თვეები, დედას ცრემლი არ შეშრობია. ჩვენც გვენატრებოდა მამა და ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით. მისგან კარგა ხანს არაფერი ისმოდა. ხშირად მეზობლების სახლებიდან გვესმოდა შემზარავი ტირილი: ზოგს დაჭრილი შვილი დაუბრუნდა, ზოგიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ერთადერთი მაცნე - რადიო იყო, რომელიც ხან მუშაობდა და ხან - არა.
ბაბუას ხარები ჰყავდა. შეაბამდა ურემში, ჩააწყობდა სოფლის ნობათს და ზესტაფონში მიჰქონდა. ხან ტანსაცმელზე გადაცვლიდა, ხან ყიდულობდა პურის ფქვილს, მაკარონს, შაქარს, საპონს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. არც ჩვენ ვრჩებოდით უსაქმურად. დაგვიყრიდნენ სიმინდს და უნდა დაგვეფშვნა, რომ ბაბუას წისქვილში წაეღო დასაფქვავად. წყაროდან ცივი წყალი მოგვქონდა. რამდენჯერ ძროხა მოგვიწველია, ქათმებსაც ვუყრიდით საკენკს.
ერთხელ დედამ დეპეშა მიიღო მამასგან. იწერებოდა: ჩვენი ნაწილი სოხუმში ჩამოვიდა და თუ შეგიძლია, მნახეო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედამ შეწვა გოჭი, ბაბუამ ტიკჭორაში ღვინო ჩაუსახა და გაამგზავრა დედა, რომელმაც თან ერთ-ერთი ბებია წაიყოლა. საქართველოში, როგორც დედა გვიყვებოდა, ბომბი არ ჩამოვარდნილა. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა დედა და ბებია სოხუმში ჩავიდნენ, ჩამოვარდა და ისეთი ხმა ჰქონია, რომ დედას ტიკჭორა ხელიდან გავარდნია და ღვინო დაღვრილა. მერე ჰყვებოდა, რუსი ჯარისკაცები ისე დაეწაფნენ ღვინოს, გაკვირვებულები ვუყურებდითო.
იმ დღეს დედამ მამა ნახა. ისეთი სანახავი ყოფილა მათი შეხვედრა, ჯარისკაცებიც კი ვერ იკავებდნენ თურმე ცრემლებს. ომის დამთავრებამდე დედას მამა აღარ უნახავს და აი, დადგა 1944 წელი, მამა ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებული დაგვიბრუნდა სახლში. ომიდან ჩამოიტანა ჩვენი სურათები, რომელიც თურმე მას დედამ გაუგზავნა. მამას ისინი მისი დაჭრილი ძმის ჯიბიდან ამოუღია, რომელიც სამწუხაროდ, ბრძოლის ველზე დაიღუპა. მამას მისთვის საფლავი საკუთარი ხელით გაუთხრია.
იცით, რამ დამაწერინა ეს წერილი? ამდენი გაუტანლობა, ამდენი სიძულვილი ერთმანეთის მიმართ იმ დროს არ ყოფილა და მიკვირს, რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი? სხვა თუ არაფერი, ჩვენ ხომ ასეთი ლამაზი სამშობლო გვაქვს!..
ომიდან დაბრუნებულ მამას ბათუმში ბინა მისცეს, სადაც ჩვენც გადაგვიყვანა. ზღვის სანაპიროზე იდგა დივიზია. მამას მოუმატეს წოდება და განსაკუთრებულ საქმეთა უფროსად დაინიშნა. მას არც ბაბუა დავიწყებია და როცა ავად გახდა, ჩვენც ვეხმარებოდით. ბათუმიდან მამამ გაუგზავნა ექიმი, რომელმაც კაცი ფეხზე დააყენა. კიდევ კარგა ხანს გვეხმარებოდა ბაბუა მატერიალურად და როცა გარდაიცვალა, დიდი პატივით დაკრძალეს სოფელში. მას თან გაჰყვა ჩვენი ცხარე ცრემლები.
ზესტაფონში ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფომ აგვიშენა სახლი. დღესაც დგას იგი ლამაზ ეზოში, გარშემო კი მოსიყვარულე მეზობლებია..."