გიგა ლაბარტყავას პასუხი გალაკტიონს - გზაპრესი

გიგა ლაბარტყავას პასუხი გალაკტიონს

"გენიოსო, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,/ იმ წუთშივე მისი ჩრდილი/ ყველა ჩვენგანს ავიწყდება!/ მე მაოცებს, რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,/ რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს..." - ლექსი ძალიან ვრცელი და კრიტიკულია. ავტორი ამბობს, რომ "მესაფლავეს" "ტრფიალების უკვდავება" და "სიყვარულის სიკამკამე" აკლია, თუმცა აქვე დასძენს, რომ გალაკტიონთან ლექსით გატოლება ძნელია.

წლებია, გალაკტიონის "მესაფლავის" პასუხი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მკითხველთა ინტერესი გამოიწვია. ავტორის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მან ეს ლექსი ციხეში დაწერა. ვინაობა და მისი სხვა ლექსები მხოლოდ ერთეულებმა - მისთვის ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ. ლექსის ავტორი გიგა ლაბარტყავა გახლავთ. სოციალურ ქსელში არსებობს ძალიან კარგი ჯგუფი - "რჩეული", სადაც ეს ლექსი აიტვირთა და ამ გვერდის ადმინის, გიგი ბიწაძის დახმარებით, გიგა ლაბარტყავასთან დაკავშირება შევძელი.

- აბაშის რაიონის სოფელ მარანში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავასრულე. ეს ლექსი 2007 წელს დავწერე.

- ცნობილია, რომ ამ დროს პატიმარი იყავით.

- დიახ, იმ დროს რუსთავის კოლონიაში ვიყავი. გალაკტიონმა თავისი "მესაფლავე" 80-ჯერ გადაწერა და კორექტირება შეიტანა. ეს ლექსი 2-3-ჯერ თუ მექნება შესწორებული. სიმართლე გითხრათ, ლექსის ასეთი, პირველადი ფორმით გამოქვეყნებას არც ვაპირებდი. თანასაკნელებმა რომ წაიკითხეს, მოეწონათ, ზოგიერთმა ზეპირად ისწავლა, ზონიდან ზონაში გზავნიდნენ, მერე ვიღაც ჩემზე ადრე გათავისუფლდა და 2012 წელს, როცა ციხიდან თავად გამოვედი, ეს ლექსი უკვე "გარეთ" დამხვდა. მაშინ ქვეყანაში რთული მდგომარეობა იყო, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ სააკაშვილის მთავრობა გახლდათ. შესაძლო უსიამოვნებებისგან თავი რომ ამერიდებინა, მალე მოსკოვში წავედი, შემდეგ თურქეთში, ევროპის ქვეყნებში ვიყავი. პანდემიის დროს საქართველოში ჩავრჩი.

- ამ ლექსის ავტორებად სულ სხვადასხვა ადამიანს ასახელებდნენ...

- ავტორობას ძალიან ბევრი იბრალებდა. ზოგიერთს მივწერე, ტელეფონის ნომერიც დავუტოვე, მაგრამ არავინ მეხმაურებოდა. იმ ადამიანის "ჰაბიტუსი" მაინტერესებდა, ვინც ასე "ნაგლად" იტყუებოდა, ამას ზოგი შეგნებულად აკეთებდა, ალბათ ზოგი შეუგნებლადაც იბრალებდა.

- მიამბეთ, ეს ლექსი როგორ დაიწერა.

- პოეზია მიყვარს, ბავშვობიდან მიზიდავდა. ბევრი ლექსი ვიცი ზეპირად, მათ შორისაა "მესაფლავე". ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, მაგრამ ლექსის წერა უცნაურად დავიწყე. მე და ერთი გოგო ერთმანეთს ვეტრფოდით, მესიჯებს ხშირად ვწერდი. მაშინ პატიმარი ვიყავი, ის პაემანზე მოდიოდა. ხშირად სხვადასხვა ავტორის იმ ლექსებს ვუგზავნიდი, რომლებიც მომწონდა. იყო მომენტები, როცა ლექსს ჩვენს ურთიერთობას ვარგებდი და ეს გადაკეთებას მოითხოვდა. ზოგჯერ სტროფსაც ვამატებდი და... დასკვნა გამოვიტანე, რომ ლექსების წერა გამომდიოდა. განცდების ფურცელზე გადატანა ასე დავიწყე.

- "მესაფლავე" თქვენთვის "ყველა ტრფობის მლანძღავი ზღაპარია". ეს თქვენი პროტესტია, "ტრფიალების უკვდავების შელახვით" გამოწვეული?

- ეს ლექსი ჩემი ამბოხია. ჩემი სული ვერასდროს იღებდა იმას, რომ შესაძლებელია, დედამიწაზე არავის ჰქონდეს ნიჭი მარადიული სიყვარულისა. ამიტომ სიტყვები "მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება" და "სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა" ჩემში დიდ ამბოხს იწვევდა, გონებაში სულ ეს ფრაზები მიტრიალებდა.

- ამ ლექსში ამბავი გაქვთ მოთხრობილი, თანაკლასელი გოგოსა და ბიჭის მარადიული სიყვარულის შესახებ: "სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,/ და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი./ უბოძა და გაიხარა, ორმა ნორჩმა, წრფელმა გულმა/ და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა./ ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი,/ ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი,/ მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცადა./ მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,/ სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი./ ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი./ დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული./ მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული./ დაიტირა შავი ძაძით, მოუსველა გულზე მიწა,/ უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა./ ვაჟის დედას ეახლა და უთხრა, თქვენი ვარო რძალი/ და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!/ გენიოსო, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,/ იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!/ და მას მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო-ქალი,/ მიწიერი მწუხარების, მგლოვიარე დედოფალი..." ეს თქვენი ფანტაზიის ნაყოფია თუ რეალური ამბავი?

- რეალური ამბავია, ორთაჭალის ციხეში ყოფნის დროს ერთმა ადამიანმა მიამბო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი, არადა, ძალიან მაინტერესებს, შემდეგ მათი ოჯახის ბედი როგორ წარიმართა. კარგი იქნება, ვინმე თუ გამოგვეხმაურება. საქართველოდან მოსკოვში რომ წავედი, პერიოდულად ინტერნეტში იმ გვერდზე შევდიოდი, სადაც ჩემი ლექსი იყო გამოქვეყნებული და კომენტარებს ვეცნობოდი, მაინტერესებდა. ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა, ზოგს კერპად ჰყავს გალაკტიონი. მეც მისი ბევრი ლექსი მიყვარს, ვერაფერს შევადარებ "მე და ღამეს", "უსიყვარულოდ".

- "მესაფლავის" გარდა, თქვენში ამბოხს გალაკტიონის კიდევ რომელი ლექსი იწვევს?

- "ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა/ ჭაღარა გულის ზმანება ავი, -/ ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,/ ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი..." - ეს რამ აფიქრებინა?

- თუ შეიძლება გკითხავთ, ციხეში რის გამო მოხვდით?

- სიჭაბუკეში რაღაც შემემთხვა. ზოგიერთ ამბავში დამნაშავე ვიყავი, ზოგიერთ სიტუაციაში - მართალი. იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ალბათ ლექსებსაც არ დავწერდი. ციხეში 15 წელი გავატარე, იქ გავიზარდე. ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა, დრო ნამდვილად არ დამიკარგავს, არ გამიცდენია.

- ციხიდან გაქცევაც სცადეთ, არა?

- ერთხელ ზუგდიდის ციხიდან ვცადე, ერთხელ - სასამართლოდან.

- ორივე მცდელობა უშედეგო იყო?

- ერთხელ 3 საათი ვიყავი გარეთ და მეორედ საერთოდ ვერ გამოვედი. მე მქონდა დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ბევრ რამეში, რასაც მედავებოდნენ, დამნაშავე არ ვიყავი. 15 წელი როგორი გასაჩერებელი იყო?!. ციხიდან კი არა, ხალხი საკუთარი ოჯახიდან გარბის. რომ გამოვედი, 2012 წლის 1-ლი ივლისი იყო, არ ვიყავი დარწმუნებული, ხელისუფლება თუ შეიცვლებოდა. ციხის ცნობილი კადრებიც მალე გავრცელდა. 3 წელზე მეტხანს ვიყავი მოსკოვში, შემდეგ ბიძაშვილი გარდამეცვალა და დაკრძალვაზე ჩამოვედი. მერე თურქეთში წავედი.

GzaPress

- ახლა რას აპირებთ?

- ახლა მონასტერში ვაპირებ წასვლას, ცოტა ხანი დავრჩები. ჩემთან მხოლოდ ღმერთი, სიყვარული და ლექსები იქნება.

- კრებულის გამოცემაზე არ გიფიქრიათ?

- ჩემი ნატვრაა, ერთ ადგილზე გამაჩერა და მაწერინა. რომ ამბობენ, მუზა როცა მოვა, მაშინ ვწერო, მუზა სულ ჩემთანაა, არასდროს მტოვებს, ზოგჯერ ყურმოკრული წინადადება, თემა აღძრავს ემოციას. წიგნზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. არასდროს დამითვლია, მაგრამ 500-ზე მეტი ლექსი მექნება დაწერილი.

- უმეტესად რაზე წერთ?

- მარადიულ თემაზე - სიყვარულზე. ის, რაც ადამიანს შიგნით გღრღნის და გამოტანა შეგიძლია, ამის უნარი თუ შეგწევს, არც გაქვს უფლება, არ გამოიტანო. ერთი ლექსი მახსენდება, რომელიც ერთ პიროვნებას დავუწერე. სიყვარულში თამაში არ შემიძლია. ეს ლექსი ერთი ადამიანის მოგერიებაა, რომელიც სულში და გულში ხელებს მიფათურებდა:

"მე შენთან შეხვედრა მეშინია,/ უკუნი მაყვლისთვალა დედოფალო,/

ჩემში ტრფიალება შეშლილია,/ და რომ მომახალო, მიყვარხარო!/

ვიცი, ვერ დაიჭერს გული ვნებას,/ ვიცი შეგასკდები, სულზე სულით/ და შენს ცხელ ბაგეზე აფეთქდება,/ ჩემი შლეგი ბაგის გაზაფხული./ ეს კი ზღვისფერ თვალებს გაახელებს,/ და მე მოღალატეს დამარქმევენ".

- დაოჯახებული ხართ?

- არა.

- იმ გოგოზე რას მეტყვით, ციხეში პაემნებზე რომ მოდიოდა?

- (პაუზის შემდეგ) გამითხოვდა.

- ...

- არ მინდა მასზე ვილაპარაკო, ავაფორიაქო და ახალი ტკივილი მივაყენო.

- მაინც უფრთხილდებით.

- ისეთი ვითარება იყო... ადამიანი არც დაიჯერებს ან ის პიროვნება შეძულდება, ეს მართლა არ მინდა. უფალმა შეუნდოს!

- მონასტერში ხშირად დადიხართ?

- საკმაოდ.

- ეკლესიურად ცხოვრობთ?

- ვცდილობ. მონასტერში ხან ერთი კვირა ვრჩები, ხან - 3 თვე.

- იმ პერიოდში, როდესაც თქვენ სასჯელს იხდიდით, ციხეებიდან საშინელი ამბები გამოდიოდა, რეჟიმის სისასტიკე თქვენს თავზეც გამოცადეთ?

- გლდანის ციხე რომ სისასტიკით ცნობილი იყო, ყველამ იცოდა, მე იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კადრები, რაც გავრცელდა, ჩემთვისაც გამაოგნებელი იყო. ვინც ზონაზე უკვე გასამართლებულები ვიყავით, უფრო ნაკლებად, მაგრამ იმ წლებში ვინც დაიჭირეს, მათ უფრო დიდი სისასტიკე გადაიტანეს. პატიმრებს არც შევარდნაძის პერიოდში ეფერებოდნენ, ეს მიდგომა ფუნდამეტურად ალბათ არც არასდროს ამოიძირკვება. სააკაშვილის დროს სისუფთავისა და საკვების საკითხი გამოსწორდა, მაგრამ ციხე გახდა უფრო სასტიკი და დახვეწილი, არამზადული ქმედებები დამკვიდრდა. ამ ზურგს ყველაფერი გადატანილი აქვს.

- საზღვარგარეთ რას საქმიანობდით?

- ვმუშაობდი, ევრორემონტებს ვაკეთებდი, ეს ხელოვნება (მე ასე ვუწოდებ) კარგად შევისწავლე და დღეს ყველაფერი ვიცი.

- ცხოვრებაში თქვენთვის მთავარი რა არის?

- სიყვარული და ერთგულება.

- თქვენი ლექსების კორექტირებას ხშირად ახდენთ?

- დიახ.

- განწყობა გეცვლებათ თუ უკეთეს სიტყვას პოულობთ?

- ჰო, შეიძლება სულ 2 სიტყვა შევცვალო. ლექსი თავად თუ არ მოგწონს, სხვასაც არ მოეწონება. თვითკრიტიკული ვარ.

- გამორჩეულად რომელი ავტორი გიყვართ?

- შოთა რუსთაველი. როცა პრეტენზია "პოეზიის მეფობაზე" გაქვს, მინიმუმ, ამ ქვეყანაში რუსთაველი დაბადებული არ უნდა იყოს. უფლისწული კიდევ მესმის, საკუთარ თავს უწოდო. დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია" ძალიან ბევრს მოსწონს, თან კონსტანტინე გამსახურდიამ თარგმნა, მაგრამ "ვეფხისტყაოსანზე" დიდი არ არის. რაც შეეხება გოეთეს "ფაუსტს", ეს ძალიან მაღალი კლასია. შექსპირის სონეტები მომწონს, რეზო თაბუკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში თარგმნიდა. სულ მაინტერესებს, ორიგინალში როგორია. ლექსი რომ თარგმნო, პოეტი უნდა იყო და არა - რიგითი მთარგმნელი.

ვაჟა ოთარაშვილის მადლიერი ვარ: "მესაფლავის" პასუხი" და კიდევ 10-მდე ლექსი კონვერტში ჩავდე და გავუგზავნე. იმ პერიოდში ანთოლოგიაზე მუშაობდა. თითქმის აკინძული წიგნი დაშალა და 2 გვერდი დამითმო, პოეზიის ანთოლოგიაში შემიყვანა, ეს ძალიან დიდი პატივია. შემომითვალა, მისთვის სხვა ლექსებიც მიმეტანა. მამაჩემს ვთხოვე. მივიდა. გამოხატული ყურადღებითა და პატივისცემით ნასიამოვნები დაბრუნდა.

მინდა სოციალურ ქსელში გვერდი ჩემი სახელითა და გვარით გავაკეთო, სადაც საკუთარ ლექსებს გამოვაქვეყნებ. ციხეში ლექსებს რომ ვწერდი, სახლში ჩემებს წერილის სახით ვუგზავნიდი, რათა შეენახათ და არ დამკარგოდა. ხანდახან ზონა იშლებოდა, ადგილის ცვლა გვიწევდა და ამ დროს ლექსის კი არა, პირადი ნივთების წაღება ვერ ხერხდებოდა.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!

- მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით!

თამუნა კვინიკაძე