პალატა 349, ანუ პოლიტიკოსის ოჯახის კოვიდისტორია - გზაპრესი

პალატა 349, ანუ პოლიტიკოსის ოჯახის კოვიდისტორია

"კოვიდმა" მთელი სამყარო დააფიქრა სიცოცხლის ფასეულობაზე. თურმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ. სიცოცხლე და ადამიანი მხოლოდ ერთადაა ფასეული, ცალ-ცალკე არც არსებობენ. ვირუსით არეული სამყარო უფრო წესრიგშია, ვიდრე ჩანს. ადამიანებმა მეტი ფიქრი მიუძღვნეს სულიერებას, ერთმანეთსა და წითელფეხება მტრედებსაც კი... გთავაზობთ ბელა ალანიას მონოლოგს:

"გრძელი დერეფნის ბოლოს ფანჯარაა. იქ მწვანედ აყვავებულა ხე, რომელიც პეიზაჟს მიქმნის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი იმით იძენს, როცა ქარისგან ირწევა და იბრძვის, მეც მასწავლის, რომ არ უნდა დავმორჩილდე "კოვიდს". მასწავლის, რომ ის უბრალოდ სახადია და არა დაავადება!

აქ სულ ორი ფერია. და კიდევ: არც არაფერს აქვს სუნი და გემო, მაგრამ არც არავინ ჩივის ასეთ წვრილმანებზე... დღე ნელა მიიზლაზნება. არავის ეჩქარება დაღამება. ღამე ბევრად უტყვია და თანაც იმდენ ფიქრს აჩქარებს... ჰო, ფიქრებს, მიძინებულს გონების სიღრმეში... ახლა დრო გაქვს, ყველაფერს ჩამოუარო, შეეხო. საათის წიკწიკსა და გულისცემას წვეთოვანიდან ჩამოწურული წამალი გიცვლის, განუზომელ უდროობაშიც რომ გინდა, რაც შეიძლება მალე დაიცალოს.

ფანჯარასთან დროდადრო მტრედები მოფრინავენ, ნამცეცებს ეძებენ. მოფრინავენ სარკმელს გაღმა ხმაურიდან, სადაც მტრედებისთვის აღარავის სცხელა. განსაკუთრებით ორი მტრედი შემომეჩვია. "კოვიდიანთან" ნებართვის გარეშე სხდებიან რაფაზე. ვეჩურჩულები სათითაოდ და მგონია, ვაგონებ.

შალვას პალატაში მომათავსეს (აქაც გვერდით მყავდა). მიკვირს, როგორ გაძლო ის 5-6 დღე. ვარჯიში არ შეუწყვეტია. არც ავადმყოფურად ჩაწოლილა. მეტიც, ახლა ჩემზე ზრუნავს:

- რატომ დააცემინე?

- "კოვიდი" მაქვს!

- რატომ გახველებს?

- "კოვიდი" მაქვს!

- შენ რა, სიცხე გაქვს?

- "კოვიდი" მაქვს!

ასეთ რიტორიკულ შეკითხვებს მისვამდა და მეც ასე, "ერთფეროვნად" ვპასუხობდი... მგონი, სასტუმროში ვართ მე და შენ, მე კი ვერ ვხვდები-მეთქი, უხალისოდ ვუღიმოდი...

შარშან, აღდგომას, წმინდა ცეცხლი მოვიტანე შინ. მთელი გზა ხელისგულებს ვაფარებდი, რომ არ ჩამქრალიყო. ვნერვიულობდი. არადა, დამხვდა შინ ბექას მოტანილი ანთებული სანთელი, იმედად დანთებული მომავალი! წლეულს, აღდგომას კი პალატაში ვწევართ. დილით პასქა და კვერცხი დავულაგე შალვას ლანგარზე. - მოდი, მივაჭახუნოთ წითელი კვერცხი! აი, გაგიტეხე, მოდი, კიდევ, ესეც...

GzaPress

ხალისით ამყვა... რამდენჯერ ვცადე, ყველა გავუტეხე. უხერხულად ვიგრძენი თავი. არ ვიცი, ასე რატომ გამოდიოდა... საავადმყოფოს პალატაში შარშანდელივით მეწვოდა ხელისგულები... ჰო, მეწვოდა ხელისგულები, რადგან მთელი ღამე სიცხიანმა ჩემს დაღლილ სიზმარში ვატარე წმინდა ცეცხლი, რომ ისევ სახლამდე მომეტანა...

წარსულიდან თვალწინ მედგა პალატა ვენის საავადმყოფოში, სადაც გულის (ჰო, გულის!) მძიმე ოპერაციის შემდეგ შალვა იწვა. დათქმულ საათებში მივდიოდი, კარის უკან ცოტა ხანს სულს ვითქვამდი, რომ ხმაში კანკალი არ გამპაროდა; უნდა ომახიანად შემეღო კარი და ასევე შემართულად მომეკითხა. ვითომ არც არაფერი მომხდარა, გულის ოპერაცია ჩავლილია, ყველაფერი კარგადაა! სინამდვილეში კი მეშინოდა. მეშინოდა კედელზე დაკიდებული კარდიოგრამის აპარატის. მეშინოდა შალვას სიფერმკრთალის და მთელი სამყარო იყო ჩემთვის ორი სიტყვა: კარგად ვარ!

ეს ორი სიტყვა მილიონჯერ გადაწონიდა სხვა დანარჩენ სიკეთეებს, სიხარულებს, აღტაცებებს. ახლა როცა ვეკითხებოდი შალვას, შენ მაინც როგორ ხარ? მისი პასუხია, - კარგად ვარ! ისევ მივსებდა სიცოცხლის მდინარე სულს მშფოთვარე ტალღებით. ტალღები ისევ მილეწავდნენ საგულეს; ისევ, ისევ რომ შემეგრძნო ჩემი არსებობის აზრი. სიყვარულის აზრი, რომელიც მართლა ღვთისმსახურებას ჰგავს.

მერე მოვიდა ექიმი, გამოაცხადა, - ბატონო შალვა, "ს ვეშჩამიო"! ანუ დღეს უნდა გაგწეროთო (თითქმის ისე, როგორც ნოდარ დუმბაძის "თეთრ ბაირაღებში"). ერთ წამში წამოხტა და გაემზადა.

- ეეჰ, შალვა, ესაა შენი ერთგულების ფიცი?! როგორ გარბიხარ და მტოვებ! - ამ სიტყვებზე შეცბუნდა... მერე მიმიხვდა ხუმრობას.

- რა იყო ბიჭო, მარტო შენ კი არ გაქვს "ჯანმრთელი" იუმორი-მეთქი.

შალვა კლინიკიდან გაეწერა. კარი გაიხურა და... სევდამ მაინც მოახერხა შემოძრომა ჩემს პალატაში. წავიდა და მაინც მიცავდა, ვედარდებოდი იმ ჩიტებივით, ბაზალეთში გახსნილ ფარდებზე ბრმად რომ მინებს ელეწებიან.

- ფარდა არ გახსნა! ხომ ხედავ, როგორ იბნევიან ჩიტები... - ასე მიბარებდა თბილისში წამოსვლისას.

დღეს მითხრა:

- შემოუშვი მზე ფანჯარაში და შენთან იქნება!..

- მართალია, მზესთან ყველაფერი უძლურია. მზე ერთადერთი ნუგეშია, რომ ასე ადვილად არ გაფრინდები!.. და რომ სული, რომელიც აქაურ კედლებს აწყდება, ბრმა როდია. მან იცის, რომ ეს ომი უნდა მოიგოს!

მეგობრები მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მოგიტანოთო? ერთს ვუთხარი, 5 ცალი საჰაერო ბურთი მომიტანე-მეთქი. მეორე დღესვე მოარბენინა დაბერილი საჰაერო ბურთების დიდი ასხმა. მათ დასაბერად "არ შემაწუხა".

ერთი მორწმუნე ქალბატონი დილაადრიან პალატებში შემოდიოდა. ლოცულობდა, სანთელს ანთებდა, საკმეველს აკმევდა. დილის ხუთ საათზე, როცა ძილბურანში ხარ, ძნელი იყო გაგერჩია, სააქაოში იყავი თუ საიქიოში... ერთი პაციენტი ევედრებოდა თურმე, ღვთისმშობელო, ცოტა ხანს დამტოვე, ჩემი შვილები მენატრებიანო...

ჩემს სახელზე ტოვებდნენ სუვენირებს, ათას რამეს დაბლა, დაცვასთან. მიტოვებდნენ ისინიც, ვისაც პირადად არც კი ვიცნობდი. მიტოვებდნენ სიყვარულით სავსე ბარათებს, ლექსებს, გულ-პეპლებდაკრულებს... მიუხედავად სიშორისა, გვერდიდან არ მშორდებოდნენ... ყველა წვრილმანი ამ დროს უდიდეს დატვირთვას იძენს. ოთო (აფხაზავა) ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა, აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ: ბიძამისს ჰყოლია ძაღლი, სახელად პალმა. დაჰყავს თურმე სანადიროდ. ჩამოაგდებს მწყერს, პალმა მიირბენს, დაყნოსავს, გამობრუნდება! არადა, როგორც ყველა მონადირეს სჩვევია, ბაქიბუქობს ბიძია: მაგარი მონადირე ძაღლია ჩემი პალმა, მწყერს ხელიდან არ უშვებსო. ესტუმრნენ ერთხელ სხვა მონადირეები, "ჩაზმანული" ძაღლებით. დაიწყო ნადირობა მწყერზე! რამდენიმემ ერთად გაისროლა. ჩამოვარდა მხოლოდ ერთი, გაიქცა პალმა, დაყნოსა! გურული რაის გურულია, რამეს რომ არ მოიფიქრებდა, ჰოდა... - პალმააა! არაა მაი მწყერი ჩვენი! - გასძახა და ქე შემოტრიალდა პალმა უკან. ეს რა ძაღლი გყოლია, სხვის მწყერს პირი არ დაადო, მომეცი, მანქანაში გაგიცვლიო!.. - ჰკვირობდნენ მრავლის მნახველი მონადირეებიო. ჰოო, ასე იყო თურმე...

იმ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები... შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი ნიშნულის მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა. იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო. იმ "დაშვებაში" მთელი გავლილი ცხოვრება ეტევა, თავისი აბსურდით და უსაზღვრო სევდით...

აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა. ჩვენ "კოვიდი" გვაერთიანებს. დიახ, ჩვენ კოვიდიანები ვართ! ფუსფუსა მედდები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, "ჩვენიანი" ექიმები ჰყავს კლინიკას: გიორგი ბარაბაძე, დათო ქერდიყოშვილი, ივლიტა ხვედელიძე, ქეთი გიუნაშვილი. თამილა (გზირიშვილი) ექიმი იმედს არიგებს! შემიყვარდა, ის გამორჩეულია... კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს, იგი უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!

თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით, სახლში ვარ! იქ კი, "კოვიდით" დასევდიანებული პალატის ფანჯარასთან ალბათ დღეს დილითაც ისევ ისე მიფრინდა ჩემი ორი მეგობარი... მშვიდობა თქვენდა, ჩემო წითელფეხება, თეთრგულა მტრედებო!"

P.S. დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიხუმრე, ცოლ-ქმარს ფიზიოლოგიური მოთხოვნების გამო ახალგაზრდობაში უფრო უყვართ ერთმანეთი-მეთქი. 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა მომწერა, დამიჯერე, უფრო მიყვარს ამ ასაკში ჩემი მეუღლე, ვიდრე მაშინ, მაისის ვარდივით რომ ყვაოდა და ახლა, როცა ის ჭაღარაა, მე კი მელოტი, მეტად ვაფასებთ ერთმანეთს და ამაზე მეტი სიყვარულიც არ შეიძლებაო. სიყვარული ატრიალებს დედამიწას? ეგებ ატრიალებს და კიდეც აცოცხლებს... ბელა ალანიას მონათხრობის მიხედვით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დრო ერთადერთს, რასაც ვერაფერს აკლებს, სიყვარულია!

როლანდ ხოჯანაშვილი