"700-ზე მეტი კანონპროექტი დავაკანონეთ და მათ შორის 14-ის ინიციატორი გახლდით"
ხარაგაულს საინტერესო წარსული აქვს. საინტერესოა მისი დღევანდელობა და მომავალიც. "გზა" გთავაზობთ ინტერვიუს ხარაგაულის მერთან, ბატონ კობა ლურსმანაშვილთან.
- ბატონო კობა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მერე, თქვენ უკვე მეორედ ხელმძღვანელობთ იმ მუნიციპალიტეტს, რომელიც ფართობისა და პრობლემების სიდიდით გამორჩეულია. გვითხარით ერთ რომელიმე განსაკუთრებულ პრობლემაზე, რომელიც მოაგვარეთ და ასევე, რა არის თქვენი გრძელვადიანი მიზანი?
- ხარაგაული დიდი წარსულისა და ტრადიციების მქონე მუნიციპალიტეტია, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, სტუმართმოყვარეობითა და ღირსშესანიშნაობებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად არც ისე ძლიერი მუნიციპალიტეტია, ვერ დაგეთანხმებით, რომ პრობლემებით გამორჩეულია. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს და ეტაპობრივად მივყვებით აქტუალური საკითხების მოგვარებას. რაც შეეხება პრობლემას, რომელიც მუნიციპალიტეტში დამხვდა და მოგვარდა, გამოვყოფდი დაბის 24-საათიან წყალმომარაგებას. აღნიშნულ პროექტზე სამუშაოები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დაბისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. არ შეიძლება არ ვთქვა ხარაგაულში კანალიზაციის პროექტირება-მშენებლობის შესახებ, რომელიც რვა თვეში დასრულდება. საერთო ჯამში, ამ ორ პროექტზე რვა მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
გრძელვადიან გეგმაზე გეტყვით, რომ მაქვს ამბიცია, ხარაგაული ვაქციო წარმატებულ მუნიციპალიტეტად და ჩემს გუნდთან ერთად ვუპასუხო იმ გამოწვევებს, რომელთა შესრულება ჩვენს მოსახლეობას ძალიან სჭირდება. მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო იმ კუთხეს, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
- ხარაგაულის მაჟორიტარობის პოზიციიდან, ყველაზე მეტად, რა არ მოგწონდათ თქვენს მშობლიურ რაიონში?
- სამი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდით. არასდროს მომწონებია თანამდებობის პირების მხრიდან უპასუხისმგებლობა. ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს იმ პრობლემებთან გამკლავების უნარი, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ელოდება. პარლამენტში საქმიანობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, იმ კანონპროექტებზე მემუშავა, რომლებიც მორგებული იქნებოდა მოსახლეობის ინტერესებზე. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ყველას დასახელება შორს წაგვიყვანს, თუმცა მოგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში 700-ზე მეტი კანონპროექტი დავაკანონეთ და მათ შორის 14-ის ინიციატორი პირადად გახლდით. პრობლემების გადაჭრის გზების სწორად შერჩევა არის მნიშვნელოვანი, რაზეც სისტემატურად უნდა მუშაობდეს ხელმძღვანელი პირი და მაქსიმალურად ცდილობდეს ინოვაციების დანერგვას. ზოგადად, რეგიონებს დიდი ყურადღება ექცევა და თუ ადგილზე გამართული მენეჯმენტი არაა, იმ გამოწვევებს, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის, მოსახლეობამდე ვერ მიიტან.
- საუბრობენ იმაზე, რომ ხარაგაულის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ბიუროკრატიული მიზნებით. როგორია ბიუჯეტის ხარჯვითი სეგმენტი სინამდვილეში?
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი ძირითადად ორიენტირებულია სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ეს არის კანონის საფუძველზე განსაზღვრული და ჩვენ არასდროს ავცდენილვართ 25%-იან ზღვარს. მაქსიმალურად ვცდილობ, ხარაგაულის მერია დაკომპლექტდეს ახალგაზრდა კადრებით და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. ვიცე-მერის თანამდებობა უკავია საკმაოდ პერსპექტიულ ახალგაზრდას, ვარლამ ჭიპაშვილს. მას დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ მართოს მუნიციპალიტეტი და გარკვეული წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში.
მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა-ცხოვრება. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ხარაგაულის მერია აქტიურ პოლიტიკას ატარებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, გაიცემა სხვადასხვა ტიპის დახმარება. მართალია, კიდევ უფრო მეტია საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქებს აქვთ, ვაკმაყოფილებთ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხარაგაულში...
- გამოვყოფდი საუკუნის პროექტად წოდებულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს, რომელსაც ხარაგაულის მოსახლეობა ათწლეულებია ელოდებოდა. ამ ეტაპზე გზის მოასფალტება ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე თითქმის დასრულებულია და სამუშაოები აქტიურად ხორციელდება ხარაგაული-მოლითი-ფონას მიმართულებით. ამ პროექტზე დაახლოებით 100 მილიონი იხარჯება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ხარაგაულს ნამდვილად გააძლიერებს და მოსახლეობას დამატებით შემოსავლებს გაუჩენს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 50-კილომეტრიან მონაკვეთზე იგეგმება ასფალტის დაგება.
- კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან, რომელს დაასახელებდით წარმატებულად?
- ამ მიმართულებით ბევრი მასშტაბური პროექტი გვაქვს განხორციელებული. ხარაგაულში რვა სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებდა და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმეს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ოცდაერთი სკოლამდელი დაწესებულებაა. ბევრი სკოლა გვქონდა ამორტიზებული, რომელთა უმრავლესობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ხიდარში აშენდა ახალი სკოლა, უახლოეს მომავალში დასრულდება კიცხის სკოლის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია წყალაფორეთის სკოლის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლებში. გვაქვს ბიბლიოთეკის ახალი შენობა, ინოვაციების ცენტრი; განახლებული, თანამედროვე ტიპის კინოთეატრისა და სპორტდარბაზის შენობები. სისტემატურად ვახორციელებთ სკვერების რეაბილიტაციას და ა.შ. გაწეულია საჭირო ხარჯები, რომ თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მხარეთმცოდენობის მუზეუმის შენობა გვქონდეს...
ხარაგაულში რამდენიმე თეატრი ფუნქციონირებს: ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი (რეჟისორი ირინე ჩხეიძე), რომელიც გასული საუკუნიდან იღებს სათავეს და წელს 120 წელი შეუსრულდა. არსებობის განმავლობაში თეატრმა არაერთ წარმატებას მიაღწია და მოპოვებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო; რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი 1995 წელს შეიქმნა, თეატრის დამაარსებელი გახლავთ იზა ვეფხვაძე, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას, მეცნიერებას და დიდ მამულიშვილთა ღვაწლის წარმოჩენას. გვაქვს ასევე თოჯინების თეატრი, რომელიც რეჟისორ ირინე ჩხეიძის ძალისხმევითაა შექმნილი და ემსახურება მომავალი თაობის ესტეთიკურ აღზრდას...
- ხარაგაულის ბევრი სოფელი კომუნისტურ პერიოდშივე დაცლის პირას იყო. როგორია ტენდენცია ამჟამად?
- ისეთ სოფლებში, სადაც კომუნისტების დროს არც გზა, არც გარე განათება და არც გაზი იყო, ჩვენ შევძელით ამ პრობლემების გადაჭრა. ხარაგაულს 79 სოფელი აქვს და უმეტესობაში გზები მოასფალტებულია. იქ, სადაც გზები კეთდება, გარე განათების სისტემაც ეწყობა... ბევრი ოჯახი ჩაერთო პროგრამაში - "აწარმოე საქართველოში"... რაც შეეხებათ მაღალმთიან ადგილებში დასახლებულებს, იქ მცხოვრები ადამიანები არაერთი შეღავათით სარგებლობენ. მთის კანონის ამოქმედების შემდეგ, ბევრი დაბრუნდა ქალაქიდან და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავდა. ვცდილობთ, დავამაგროთ ადამიანები სოფლად. ხარაგაულში ნამდვილად შეინიშნება ის ტენდენცია, რომ მოსახლეობა უბრუნდება მამაპაპისეულ მიწებს.
მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს და მოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისი. ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ სერვისცენტრი აშენდეს სოფელ მოლითში, რომელიც ამ ხეობაში მცხოვრებთათვის საჭირო და აუცილებელია.
- რამდენი სამედიცინო დაწესებულება გაქვთ?
- ხარაგაულს აქვს ორო ახალი კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება. ერთი სოფელ ბორითშია განთავსებული, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფინანსებით ააშენა და შემდგომ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. ბორითის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. ასევე მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც 2016 წელს აშენდა. თავდაპირველად ამ ადგილას ამბულატორია გაიხსნა, შემდეგ 14 საწოლზე გათვლილი სტაციონალური განყოფილება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ სასოფლო ამბულატორიებს, რამდენიმე მათგანის რეაბილიტირება მოხდა, ზოგან კი ახალი აშენდა. ვფიქრობ, ხარაგაულის მოსახლეობას ადგილზე შეუძლია მიიღოს სამედიცინო კონსულტაციები წამყვან სპეციალისტებთან.
- ხარაგაულისა და ბორჯომის სიახლოვეზე, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის შესახებ რა გვეტყოდით?
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ჩნდება საოჯახო სასტუმროები. პარკში ტურისტი ძირითადად, ბორჯომის მხრიდან მიდის, მაგრამ როდესაც აქ ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ხარაგაულიც მაქსიმალურად დაიტვირთება. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმ სოფლებს, საიდანაც შეიძლება მოვხვდეთ აღნიშნულ ნაკრძალში. ხარაგაულის საკურორტო ზონა, რომელიც ეროვნულ პარკს ესაზღვრება, გახლავთ ზვარე, ჩრდილი და ნუნისი, სადაც მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ნუნისი ბალნეოლოგიური კურორტია, წარმატებით ფუნქციონირებს და აქ არაერთი ხარაგაულელია დასაქმებული. ასევე არის წინადადება, რომ ზვარეში გაჩნდეს ახალი ტურისტული ობიექტები, ამ კუთხით ინვესტორები არიან დაინტერესებული.
- მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, ბევრი კარი საქმე გააკეთეთ თქვენი რაიონისთვის, ცილისწამების მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
- თანამდებობის პირების მიმართ ცილისწამებას რა გამოლევს. ხშირად შეიძლება აბსურდული რამ მოისმინო, მაგრამ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიწვეული ვიყავი საჯარო ლექციის წასაკითხად და რამდენიმე ადამიანმა ატეხა ამბავი, უმაღლესი განათლება თუ აქვს, დიპლომი გვაჩვენოსო. ეს ყველაფერი ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ზედმეტი არაფერი მითქვამს. სხვა ბევრი ჭორიც გამიგია, მაგრამ ხარაგაულმა კარგად იცის კობა ლურსმანაშვილის განათლების შესახებ.
ვამაყობ, რომ ამ რაიონში დავიბადე, გავიზარდე და ხარაგულის წარმატებისათვის ბევრ კარგს ვაკეთებ. ჩემთვის დღის განმავლობაში დაწესებული სამუშაო განრიგი არ არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად, დღე და ღამე ვშრომობ. ხშირად ასეთი ჭორიც გამიგია: მერს კაბინეტში შუქი ანთებული რჩება ხოლმეო. თუმცა, როდესაც დაბაში მცხოვრებ არაერთ ადამიანს უნახავს, რომ სინამდვილეში, ღამის 2 საათზე ვმუშაობდი და ეს ჭორიც ღიმილის მომგვრელი გამხდარა.
- დაბოლოს, ოჯახზეც გვიამბეთ რამე...
- მეუღლე პროფესიით იურისტია, ჩვენ უკვე 30-წლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს. ვართ საუკეთესო მეგობრები და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. გვყავს ერთი შვილი, ანი ლურსმანაშვილი, რომელიც იურისტია და ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მუშაობს. ოჯახში ყველას გვაქვს ჩვენი საქმე და მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს ყოველი დღე გავულამაზოთ.
როლანდ ხოჯანაშვილი