ამღერებული ანბანი თოჯინების თეატრის სცენაზე - სპექტაკლად ქცეული სახელმძღვანელო - გზაპრესი

ამღერებული ანბანი თოჯინების თეატრის სცენაზე - სპექტაკლად ქცეული სახელმძღვანელო

1876 წელს "დედა ენა" გამოიცა - ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი განათლების მსურველთათვის. იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში ის 33-ჯერ დაიბეჭდა და მას შემდეგ დღემდე, კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენჯერ. გამოცემისთანავე წიგნს "ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდეს, რომელიც ძალიან მალე საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო გახდა - თავისი შინაარსითა და შემეცნებითი დატვირთვით.

თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ საბაშვილის წარმოდგენა "დედა ენა" იაკობ გოგებაშვილის ცნობილი ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციაა. სპექტაკლი ბავშვებში ანბანის შესწავლის სურვილისა და წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღვივებაზეა ორიენტირებული.

ნიკოლოზ საბაშვილი:

- ჩვენს თეატრში რამდენიმე სპექტაკლია, რომლის რეპეტიციებიც პანდემიიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებული იყო ან პრემიერის თარიღის შეცვლამ მოგვიწია. მათ შორისაა "დედა ენაც". ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერა 5 და 6 ივლისს გაიმართება და სპექტაკლი თოჯინების თეატრის რეპერტუარში ჩაჯდება. წარმოდგენა 3 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებისთვისაა რეკომენდებული. ეს არის ერთგვარი თავგადასავალი "დედა ენის" სამყაროში, რომელიც ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ანბანის სწავლის ინტერესს გაუღვივებს, ხოლო იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლაში პროგრამულად გადის "დედა ენას", მათ ნასწავლის უკეთესად აღქმაში დაეხმარება.

- როგორც რეჟისურა, ისე ინსცენირებაც თქვენ გეკუთვნით. რა ფორმით გადაწყვიტეთ ბავშვებისათვის "დედა ენა" გაგეცნოთ?

- სიუჟეტი პატარა ბიჭუნას გარშემო ვითარდება, რომელიც სკოლაში პირველად წასასვლელად ემზადება. ემოციები არ აძინებს, ღელავს. დედის გამზადებულ წიგნს, "დედა ენას" გადაშლის და ჯადოსნურ სამყაროში ხვდება. აქ იწყება მისთვის ძალიან საინტერესო ამბავი, ეცნობიან ასოები და მათთან მეგობრობას იწყებს. სცენაზე "ცოცხლდებიან" თოჯინები, საგნები, წიგნი, ასო-ბგერები და თეატრის მუღამიც ხომ სწორედ ეს არის, - აქ ყველაფერი ცოცხალია. თან, ეს სპექტაკლი ორმაგად მიყვარს ჩემი შვილის გამოც (იღიმის). ჩემი მეორე შვილი დანიელი ახლა 3 წლისაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სპექტაკლი შარშან უკვე მზად გვქონდა წარმოსადგენად. დანიელი სპექტაკლს დაესწრო. მას შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა და ყოველდღე მეკითხება: "დედა ენაზე" არ წამიყვან"? ახლა რომ გაიგო, საპრემიერო სამზადისი გვქონდა, კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა. ამ სპექტაკლის მხატვარი ბარბარა ასლამაზიშვილია, მუსიკა კომპოზიტორმა დავით თავაძემ შექმნა. ძალიან კარგი ჰანგები ჟღერს და ჩანაწერი დანიელსაც აქვს. სულ მღერის, ერთი პერიოდი ძილის წინ ყოველდღე უსმენდა და შემდეგ ანბანიც ზეპირად ისწავლა.

GzaPress

- შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლები რა რეპერტუარით გაგრძელდება?

- რეპერტუარში უკვე გვაქვს მარიამ გაგლოშვილის შემეცნებითი სპექტაკლი "საგზაო ნიშნები". ამას დაემატა "დედა ენაც", რომელიც წერა-კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ასევე აღსადგენი გვაქვს მათემატიკური სპექტაკლი "ორჯერ ორი", რომელშიც ციფრული სამყარო ცოცხლდება. სამომავლოდ იდეაში გვაქვს ბავშვებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის აღმოჩენა-გაცნობისთვის გეოგრაფიული სპექტაკლის დადგმაც. აქ იქნება დიდი, განსხვავებული თოჯინები, რომელიც ასე ვთქვათ, ფუფუნების საგანია, თუმცა ჩვენ მოვახერხებთ ისინი მაყურებელს წარმოვუდგინოთ. ინტელექტუალური შინაარსის დადგმა იქნება სრულიად განსხვავებული ფორმატის. აქ მაყურებელს არ მოუწევს პარტერიდან ადევნოს თვალი წარმოდგენას, ბავშვები თავადაც ჩართულები და მონაწილეები იქნებიან სპექტაკლის მსვლელობაში და მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებენ.

ანა კალანდაძე