ნინა ექიმის მონატრებული TIME-ები - გზაპრესი

ნინა ექიმის მონატრებული TIME-ები

"წელს გადავიფიქრე ჩამოსვლა, არადა, ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარხართ და მენატრებით!" - ამბობს ნიუ-იორკში მყოფი ნინა გაბუნია. პროფესიით ექიმი სოციალურ სივრცეში ატარებს ფსიქოთერაპიულ კურსებს. თიმე-ები მისი ახირებაა და ფიქრობს, რომ ეს რაღაცნაირად უხდება იმ პატარა ისტორიებს, ამერიკულ მეგაპოლისში რომ იწერება მონატრებული სითბოთი.

ბრინჯის მარცვლისოდენა სიკეთე

"ჩემი ძმა როცა დაიბადა, დედა სტუდენტი იყო. მეც დედას სტუდენტობისას გავჩნდი, ოღონდ როცა ასპირანტურას ამთავრებდა. "დოხტურ" შვილს სწავლაში ხელი რომ არ შეშლოდა, ექვსი თვისა ბებიამ თავისთან წამიყვანა და ასე ორ სახლად გავიზარდეთ დედმამიშვილები. ალბათ ამიტომ, ერთმანეთიც განსაკუთრებულად გვიყვარდა. იმას უმცროსი და ესათუთებოდა, მე - უფროსი ძმა. შაბათობით, დათქმულ დროს კარის გასაღებად გავრბოდი. სანამ თავს ძალიან ზემოთ არ ავწევდი, ჩემი ძმისა და მისი მეგობრების სახეებს ვერ ვხედავდი. ბიჭები ვერის პარკში კალათბურთზე დადიოდნენ და ვარჯიშის შემდეგ გვსტუმრობდნენ. სახლი სიყვარულით ივსებოდა. ბროლის ჭაღი კედლებზე უზარმაზარ ჩრდილებს დაატარებდა. მაგიდაზე, გაბერილ ფუჟერებში ლიმონათის ბუშტები ბანაობდნენ, ხაჭაპურიდან ყველი იღვენთებოდა, ღრმა თასები კატლეტებს ვერ იტევდა. "ფრიალო" თეფშებზე მოშუშული ხმელი ხილით სავსე ქუდის ქვეშ, ფანტია ფლავში ბრინჯი იმალებოდა. ბოლო მარცვალს სანამ არ გადასანსლავდნენ, დევები სუფრას არ ტოვებდნენ. სიცილი, რომელსაც ბიჭები სუფრაში იხდიდნენ, მომავალ შაბათამდე მყოფნიდა... მოგვიანებით, როცა ავიწოწე და ბიჭების სიმაღლე ადრინდელივით აღარ მაოცებდა, მივხვდი, რომ მიზეზს, რომელსაც ბებიას დახვედრა ბიჭებს სიცილისა და სიხარულის განწყობას უქმნიდა, სიკეთე ერქვა. ამიტომ, როგორც შემიძლია, ვცდილობ, ბრინჯის მარცვლისოდენა სიკეთე მეც გავცე..."

გაოგნების Time...

"გუშინ "ფეისბუკზე" გაფრთხილება მომხვდა თვალში: "ქათმებს ნუ აკოცებთ!" ვიდრე გავარკვევდი, ქათმებში ვის გულისხმობდნენ, ერთმა ინფორმაციამ გამაოგნა: "ერთი ლიტრი თაგვის რძე 50 ათასი ლარი ღირს!" ნეტა რამდენი თაგვი უნდა მოწველო, ერთი ლიტრა რძე რომ მიიღო? - დავინტერესდი. მართალი გითხრათ, თაგვის წველასაც სიამოვნებით ვნახავდი, რძე რისთვის გამოიყენება იმასაც დავაზუსტებდი და ბოლოს, მყიდველსაც გავიცნობდი... მესამე ინფორმაცია "ფრენდს" ეკუთვნოდა. იგი ქალბატონის შესახებ იუწყებოდა, რომელმაც ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალი ჩაიდგა, ამავდროულად ქმარმა 5G-ზე გადაიყვანა მობილური და ვინაიდან სპირალი დამიწებული არ იყო, ქალი გარდაიცვალა... მეოთხე ინფორმაცია მრავალრიცხოვან მიტინგსა და ულტიმატუმს ეკუთვნოდა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ახალგაზრდა ვარლამი თბილისის "გადაკეტვით" იმუქრებოდა. თუ ამაზე მნიშვნელოვანი რამე გამომრჩა, ნუ დამინდობთ, მომწერეთ!"

სიბერისთვის გაუმეტებელი თიმე...

"ღია გაკვეთილებს მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეებისთვის რჩეული პედაგოგები ატარებდნენ. მათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ქალბატონი ირინა ორეხოვსკაია ითვლებოდა - მსახიობ სანდრო ჟორჟოლიანის ყოფილი მეუღლე და დინარა ჟორჟოლიანის დედა, დახვეწილი მანერების მქონე მანდილოსანი, სევდიანი ღიმილითა და განუმეორებელი შარმით. რატომღაც მეგონა, რომ ერთხელაც გაკვეთილზე დედას ქალიშვილი მოაკითხავდა. "ოთარაანთ ქვრივში" შესრულებული კესოს როლის შემდეგ, ძალიან მომწონდა დინარა ჟორჟოლიანი. თან მიკვირდა, სანდრო ჟორჟოლიანის ცხვირის პატრონის ქალიშვილს პაჭუა ცხვირი რომ ჰქონდა დასკუპებული, ცისფერი თვალებით გამოდარებულ მშვენიერ სახეზე. ალბათ დედის პოლონურმა გენმა იმძლავრა! უკვე სტუდენტობისას რამდენიმე ოჯახში წვეულებაზე შევხვდი, კიდევ უფრო დამშვენებულიყო. ბებიობის არაფერი ეტყობოდა. მერე გავიგე, რომ საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლებულა. დარდისგან თბილისის ცაზე დაბნეული ვარსკვლავი გაფერმკრთალებულიყო. რამდენჯერმე დავაპირე, შევხმიანებოდი ქალბატონ დინარასა და მის ნიჭიერ, მშვენიერ ქალიშვილებს, თუმცა ბოლოს მაინც თავი შევიკავე. არ მინდოდა ოჯახის შეწუხება. ალბათ ოთხმოც წელს გადაცილებული ქალბატონი ჩემი ბავშვობის კერპს აღარ ჰგავს, მე კი სიბერისათვის არც კესო და არც ჩემი ბავშვობა არ მემეტება".

შვილების სიხარულში გაზრდის Time...

"ბლინებს გამოგიცხობთ! - ორი დღით ადრე ვაცხადებ, მერე სიამოვნებისთვის ვემზადები. შვილები ჩიტებივით ჩამოსხდებიან სკამებზე, შუაში მამას ჩაისვამენ და გაფაციცებით მადევნებენ თვალს. საუკეთესო თეფშებზე ვაწყობ: თაფლს, არაჟანს, ხაჭოს, გახეხილ შოკოლადს, "მალინას", მარწყვს. რამდენიმე ტაფას ერთდროულად ვაცხელებ და დედის რეცეპტით გაკეთებული ცომის გამოცხობას ვიწყებ. სიფრიფანა ბლინებს მოხერხებულად ვუცვლი გვერდს, თეფშებზე გადამაქვს. ბავშვები ცხელ ბლინებზე უცბად გამდნარ შოკოლადს ენით ლოკავენ. საყვარელი ხილით ალამაზებენ. ახალ პარტიას ვასხამ, ვჩქარობ, ცქმუტავს საზოგადოება. მესამე ბლინის შემდეგ ჭამის ტემპი იკლებს და ჩემი ცარიელი თეფში იქცევს ბავშვების ყურადღებას. მეოთხე წყება ბლინს სუყველა ჩემთვის ახვევს. უარს ვერ ვეუბნები, იძულებული ვარ ყველა შევჭამო. ბოლოს ლოყაზე გაწეპილ მადლობას კოცნით მაკრავენ და სათამაშოდ გარბიან. სამზარეულოში ჩემი ბავშვობის ვანილგარეული, მოტკბო სურნელი ტრიალებს. მე რახანია დიდი ქალი ვარ. უზომოდ მადლიერი ჩემი მშვენიერი ბებიისა და დედის, რომლებმაც წასვლამდე შვილების სიხარულში გაზრდის საიდუმლო მასწავლეს..."

მზით დანაყრებული ოჯახი

"მზე მენატრება. გამომცხვარი. თხილის ფოთლებში შეფუთული. გავარვარებულ კეცზე წყლის წვეთების წრიპინი, უეცრად ფერშეცვლილი ფოთლებისგან. მოზელილი სიმინდის ფქვილის ზლაზვნით გაწოლა გავარვარებულ კეცზე. ისევ თხილის საფენი და ზედ დაყრილი დევის თვალებივით ავად მობრიალე ნაკვერჩხალი. მაგიდაზე უნაოჭოდ დაუთოებული ქათქათა სუფრა. ტუჩისფერი პომიდორი, დანის ქვეშ აჭრიჭინებული ჭყინტი ყველი. მძიმესაზურგიან სკამზე მჯდომი ოჯახის უფროსი. მაგიდასთან არმიმდგარი, ღრიჭოდ დატოვებული პატარა სივრცით. ეს ჩემი ადგილია, ბაბუს მუხლებზე. ჩაის ტილოში შეხვეულ მზეს მაგიდის შუაში დგამს დედა. ხარბად ვისუნთქავ ყვითელი ოხშივრიდან ამოსულ სურნელს. ალი ოხრავს მგონია. ჭადს დამწვარი ფოთლების ამძვრალი კანი უცხო ასოებივით ეტყობა აქა-იქ. მზეს ნატეხებად ბაბუ არიგებს ცხოვრებისგან მოკალული თითებით. არ ეწვება. სკამი და თეფშიც საერთო გვაქვს ორივეს. მზეც უფრო მეტი გვხვდება. ყველის ნაჭრებთან ერთად შეზელილ ცომს მუჭში მოჭმუჭნის ბაბუ და რადგან დიდი ხელები აქვს, ამიტომ ჩემი კოკუა გრძელი გამოდის. "ადრე ჩვენ გვიკეთებდი!" - სიცილით საყვედურობენ შვილები. ეჰ! შვილების ბავშვობას უღიმის ბაბუ. მაგიდის სიახლოვეს მდგომი ხიდან პირდაფჩენილი, საღამოსფერი ლეღვი მოგვჩერებია. იცით, როგორი თბილია მზით დანაყრებული ოჯახი?.."

ქალის სითბო

"დილით, ბაბუს სამსახურში წასვლის წინ, ბებია აღმოაჩენდა, რომ პერანგზე ღილი უყანყალებდა. არ აგწყდეს, სირცხვილიაო, - ეტყოდა. ზარდახშას გახსნიდა. ძაფში ნემს გამაყრევინებდა, სათითეს წამოიცვამდა და ღილის გამაგრებას იწყებდა. მეც დროს ვიხელთებდი. სათითეებს ამოვალაგებდი, სათითაოდ ყველა თითზე წამოვიცვამდი და პიანინოსთან დასაკრავად გავრბოდი. ვერცხლი უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მელოდიას ამახინჯებდა, თითებიდან სათითეები მცვიოდა, ბებია ცალყბად მსაყვედურობდა, ვის დაემსგავსე ასეთი გადარეულიო. ბაბუაჩემს ულვაშებში ეცინებოდა, - არ იცი ვითამ, შენ რომ გგავსო! ბებიას სულაც არ სწყინდა, მე რომ მამსგავსებდნენ. პირიქით, ვგონებ, მოწონდა კიდეც. ღილს გაამაგრებდა, ფეხისწვერებზე აიწეოდა და ძაფს კბილებით გაწყვეტდა, თუმცა მაკრატელი მაგიდაზე იდო. რას აკეთებ, არ მოგტყდეს კბილიო, - წუხდა ბაბუ. ბებიაჩემს სახეზე ღიმილისფერი სიხარული ეფინებოდა. მოხვევდა ბაბუ მკლავებს, თმაზე აკოცებდა და მიდიოდა. ოთახში და ბებოს ხელებზე მისი ოდეკოლონის სუნი რჩებოდა. ამასობაში სკოლაში მაგვიანდებოდა. ბებიაჩემს ეს არ ანაღვლებდა. ნარნარად ჩამოდიოდა კიბეებზე. საღამომდე არ მოწყდებოდა ის ღილი, ერთ კვირასაც გაძლებდა, მაგრამ კაცს ქალის სითბო უნდა გაჰყვეს ოჯახიდანო, - მარიგებდა.

მარიგებდა სულ ტყუილად. არ მახსოვს, ქმარი სამსახურში გამეცილებინოს, ან პერანგზე ღილი მოყანყალებოდეს..."

მამის მეგობრები...

"პირველი დიდი გაოცება მახსოვს: დედამ ბაღის შესასვლელში მდგომ მამას მეგობრებს უცნობებივით ჩაურა, ოდნავ თავის დაკვრით მიესალმა. იმათ ქუდები მოიშვლიპეს, სალამი მოგვაგებეს, ნათლიაჩემმა ხელიც დამიქნია, ოღონდ შორიდან. სიხარულით ჩავეხუტებოდი, როგორც სახლში მოსულს ვეგებებოდი, მაგრამ დედას ჩემი ხელი მაგრად ეჭირა. ბებიას შევჩივლე დედაჩემის გულცივობა. ქუჩაში კაცების ჩახუტება და ხვევნა-კოცნა რა საკადრისიაო? - წარბები შეყარა შუბლზე თანამ. ეს გაკვეთილი სამუდამოდ დავიმახსოვრე. ახლოს არ მივდიოდი, მაგრამ სულ იმედად მყავდნენ მამის მეგობრები. უბანში შუაღამეც რომ ყოფილიყო, სიტყვას ვინ გვაკადრებდა ან ჩვენ ოჯახს როგორ ვაკადრებდით შუაღამეში ქუჩაში ხეტიალს. თანა უჩვენოდ არ წვებოდა და აივანზე ხომ არ ვაყურყუტებდით ოთხმოცი წლის ბებიას?! ხშირად უთქვამს ჩემს ძმას: რესტორანში, თუ მამის მეგობრები ქეიფობენ, ჩვენი სუფრის საფასური გადახდილია, უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებენ ბიჭებს, არადა, გადახდა რომ დავასწროთ, ეწყინებათო. თურმე, მაშინაც შორით სალამს კმარობდნენ. როცა მამა დავკრძალეთ, ოჯახში სტუმრად აღარ მოსულან. თუმცა, ჩემი ძმის სამსახურსა და კარიერაზე მათ იზრუნეს. ყველა ჭირისა და ლხინის მოზიარენიც ისინი გვყავდნენ. ასე, შორიდან ვესიყვარულებოდით ერთმანეთს. ჩვენც უმთავრესი რამ, ჩვენი მეგობრების შვილებისა და ოჯახების დაფასება ვისწავლეთ..."

ბანტიანი გიტარა

"დეიდაჩემის გათხოვების დრომ რომ მოაწია, ამოიჩემა, გიტარაზე დაკვრა უნდა ვისწავლოო. გაგვიკვირდა, ფორტეპიანოს აკვნესებდა კარგად და მზითვადაც უნდა წაეღო. გიტარისტად ოჯახში ბებიაჩემი "მუშაობდა" და დაიწყო გაკვეთილები. ბაბუამ უცებ გაშიფრა, ალბათ პატარა ბინა აქვს, ვისაც მიყობა და როიალის ადგილი არ აქვენ, გიტარას ქე ჩამოკიდებს კედელზეო! წარმოიდგინეთ, მართალი გამოდგა. თუმცა დეიდას ორი ბიჭი მოსწონდა ერთდროულად: ბინიანი და უბინაო. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ბებიამ დაამღერა: "გიტარა მაქვს ბანტიანი, ტარი აჭრელებულიო, ორი შეყვარებული მყავს, ქე ვარ გაშტერებულიო..." მართლა დაბნეული იყო დეიდაჩემი. "ბუკეტებიც" ნაირ-ნაირი მოჰქონდა: ზოგი პაწე და ზოგიც უზარმაზარი. ბოლოს ბინიანმა სასიძომ იყოჩაღა, დეიდაჩემი და როიალი ერთად, ერთ დღეს წაიყვანა სახლიდან. ეს ამბავი სულ სხვა ისტორიამ გამახსენა. ბებია ხშირად მღეროდა. განსაკუთრებით სიმღერა "შალვა ჩემო სიყვარულო, სიცოცხლეზე მეტად ტკბილო" უყვარდა. დააძრობდნენ სტუმრად მოსული მისი "პადრუგები" ცხვირსახოცებს და უხმოდ იცრემლებოდნენ. ამ დროს მე სირცხვილისგან ბაბუაჩემს თვალებში ვერ ვუყურებდი. ბაბუს შალვა არ ერქვა და იმიტომ!"

ბებიას Time...

"სახლი, რომელიც ფილარმონიის ადგილას იდგა, მხოლოდ ფოტოებზე მინახავს. თუმცა მასზე ყველაფერი ვიცი. სახლის ცალი მხარე მელიქიშვილის გამზირზე იდგა, მეორე მხარეს ფანჯრები კიროვის პარკს უყურებდნენ. ქუჩაზე ტრამვაის ხაზი გადიოდა, რომელიც ქამარივით გარს ერტყა სახლს. ქუჩის კუთხეში, წვრილ ბოძზე მდგომი თავგასიებული საათი ყელყელაობდა. საათს მოახლოებული ტრამვაის მგზავრები მაჯის საათებზე დროს აუცილებლად ქუჩის საათთან ამოწმებდნენ. ტრამვაი მოსახვევში ზარს რეკავდა და ეს გაბზარული, ხლიჩინა ხმა ქუჩასა და ადამიანებს ერთნაირად ახალისებდა. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ამ სახლში მამაჩემი ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს ტრამვაის საფეხურიდან ჩამომხტარი დედაჩემს დაეჯახა. დედას ხელიდან ჩანთა გავარდნია, მამაჩემი ჩანთიდან გადმოყრილი ნივთების აკრეფაში დახმარებია. ამასობაში ბებიაჩემი ისე გაბრაზებულა, მამაჩემისთვის სულ ხულიგანი უძახებია. მერე იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩამსხდარან და წასულან. მამაჩემს დიდხანს არ უფიქრია, კისრისტეხით დასდევნებია მანქანას. გრძელი, ყველა ღილზე შეკრული ორბორტიანი პალტო სირბილში ხელს უშლიდა, ქუდიც დაკარგვია, მაგრამ როგორც ბაბუა იხსენებდა, მანქანაზე დამაგრებულ ვერცხლისფერ ირემზე სწრაფად გარბოდა, კინაღამ გადაგვისწროო... ასე უბრალოდ დაწყებულა და გაზაფხულივით ლამაზად გაგრძელებულა ერთი სიყვარულის ისტორია, ვინაიდან ოფლში გახვითქული მორბენალი ახალგაზრდა კაცი დედაჩემსაც ძალიან მოსწონებია. იმ დროს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბებიას კატეგორიული მოთხოვნის გამო ორ ახალგაზრდა კომკავშირელს ჯვარი ქაშუეთში უფსკვნია. ეს ამბავი ჩემს პროკურორ ბაბუას სამსახურს დააკარგვინებდა, ამიტომ მისთვის არაფერი უთქვამთ. არ ვიცი, რა "განსაკუთრებულ საქმეებს" კურირებდა ბაბუაჩემი პროკურატურაში, მაგრამ საკუთარ ოჯახში რა ხდებოდა რომ არ იცოდა, ზუსტად ვიცი! ოჯახში ბებია იყო "ნაჩალნიკი", თავადიშვილობით ეკუთვნოდა!"

როლანდ ხოჯანაშვილი