საქმე, რომელსაც დამატებითი შემოსავალიც მოაქვს და დიდი სიხარულიც - გზაპრესი

საქმე, რომელსაც დამატებითი შემოსავალიც მოაქვს და დიდი სიხარულიც

თამო ტყეშელაშვილი პროფესიით დიპლომატია, თუმცა ეს ხელს არ უშლის შექმნას ულამაზესი ჭურჭელი და სამკაულები. მან შეძლო და თავისი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია. ამბობს, რომ ეს არის საქმე, რომელიც თან დამატებითი შემოსავლის წყაროა მისთვის და თან, დიდ სიამოვნებას ანიჭებს, საოცარი ენერგიით ავსებს.

- ძერწვა და ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერანაირ წრეზე ვერ ვიარე და ეს გატაცება ჰობად დამრჩა. რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე მოხატული, გაფორმებული ჭიქები და ისე მომეწონა, გადავწყვიტე, ამის გაკეთება ოდესმე აუცილებლად მეცადა მეც. შარშან კარანტინის გამო რაჭაში წავედით და პირველად იქ გამოვძერწე პირველი ნივთი, ოღონდ - პლასტილინისგან, მაინტერესებდა, ფორმას თუ მივცემდი. როგორც კი ჩამოვედი რუსთავში, მასალები ვიყიდე და ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა პოლიმერულ თიხასთან. თავდაპირველად შვილებთან ერთად ვერთობოდი, თან დრო გამყავდა, თან მსიამოვნებდა და მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. მეგობრებსა და ახლობლებში დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნაკეთობებმა. მათი რჩევით, "ფეისბუკ"-გვერდიც გავაკეთე და ახლა სამსახურთან ერთად მაქვს საქმე, რომელსაც დამატებითი შემოსავალიც მოაქვს ჩემთვის და დიდი სიხარულიც.

GzaPress

- პროფესიით ვინ ხართ?

- პროფესიით დიპლომატი ვარ. სხვათა შორის, წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, სტიპედიატიც გახლდით, მაგრამ დიპლომატიის მიმართულებით არ წავედი. ამჟამად რუსთავის მომსახურების სააგენტოში ვმუშაობ. ნახევარ განაკვეთზე ვარ და სამსახურისა და ოჯახის პარალელურად, ჩემთვის საყვარელი საქმის კეთებასაც ვასწრებ. მყავს მეუღლე და 8, 5, 2 წლის გოგონები. ბავშვებს რომ ვაძინებ, მერე ვიწყებ მუშაობას. ძალიან მეხმარება მეუღლე და გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა ჩემი წარმატება. საკუთარი თავის რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილები გყავს და გიწევს, დიდი დრო დაუთმო ოჯახს. იმხელა სიამოვნებას მანიჭებს ძერწვის პროცესი, თავზეც რომ დამათენდეს, დაღლას ვერ ვგრძნობ. ვაფორმებ ჭურჭელს, ვამზადებ საყურეებს, თმის სამაგრებს, ბროშებს. სხვათა შორის, დაინტერესება დიდია, ძალიან ბევრი შეკვეთა მაქვს და დრო აღარ მრჩება, რაღაც ჩემი სურვილითა და გემოვნებითაც რომ გავაკეთო.

GzaPress

- რა მასალას იყენებთ და სამუშაო პროცესი რამდენად რთული და შრომატევადია?

- პოლიმერული ფერადი თიხით ვმუშაობ. თავდაპირველად ხელში კარგად ვამუშავებ, რომ დარბილდეს, შემდეგ ვიწყებ ფოთლების, ყვავილის ფურცლების ხელით ძერწვას. ამისთვის არის სპეციალური ფორმებიც, მაგრამ ძირითადად, ხელით ვმუშაობ - როდესაც ამბობ, რომ ხელნაკეთია, ამ დროს კი უბრალოდ ჭრი და აწებებ ჭიქას, არასწორად მიმაჩნია. შემდეგ ღუმელში ვდებ გარკვეული დროით, გამოსაწვავად. მომხმარებლებს რომ მოსწონთ ნამუშევრები და აღფრთოვანებას გამოხატავენ, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.

ნინო ჯავახიშვილი