ქართველ ქალბატონს ესპანელი ოჯახი "ტიკტოკზე" ატვირთული ვიდეოს გამო უჩივის - გზაპრესი

ქართველ ქალბატონს ესპანელი ოჯახი "ტიკტოკზე" ატვირთული ვიდეოს გამო უჩივის

ბარსელონასთან ახლოს, პატარა ქალაქ რუბში მომხდარმა ამბავმა ესპანელების შეშფოთება გამოიწვია. "ტიკტოკზე" შემთხვევით აღმოჩენილმა დედის ვიდეოებმა ანნა როდრიგესი იძულებული გახადა, სასამართლოსთვის მიემართა. დედამისისთვის პირადი სივრცის დარღვევის გამო, მან ქართველ მომვლელს უჩივლა. ესპანელები ამბობენ, რომ ახლა უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ დამხმარე ქალბატონების შერჩევისას.

გადავხედეთ "ტიკტოკზე" ატვირთულ ემიგრანტების ვიდეოებს და აღმოვაჩინეთ, რომ საქმე ნამდვილად რთულად არის: ემიგრანტებს ატვირთული აქვთ მათი სენიორას, მოხუცის ვიდეოები - ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის... ქართველი ემიგრანტების ნაწილს ეს არ მოსწონს. სოციალურ ქსელში არსებობს ვიდეომიმართვებიც, რომელთა საშუალებითაც ურჩევენ თანამემამულეებს, საქვეყნოდ ნუ გამოიტანენ მოხუცების პირად ცხოვრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოხუცების უმეტესობა ალცჰაიმერით არის დაავადებული და რამდენიმე წუთის შემდეგ აღარაფერი ახსოვთ ან სავარაუდოდ, ვერც იმ დროს იაზრებენ, რაზე თანხმდებიან მომვლელს. მათი პასუხი კი ისაა, რომ მოხუცებთან ერთად გადაღებული ვიდეოებით არაფერი შავდება, რომ ამით მათ გართობასა და გამხიარულებას ცდილობენ, ამ ვიდეოების საშუალებით თვითონაც კონტაქტს უამრავ ადამიანთან ამყარებენ და აღარ განიცდიან ურთიერთობების დეფიციტს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ თვლის, რომ ეს დანაშაულია.

ალბათ ბევრს ვერც წარმოუდგენია, რომ შესაძლებელია, ქალბატონი მარიამის ბედი გაიზიაროს - ეს ის ქართველი ქალბატონია, რომლის საქმეც დღეს ესპანეთის სასამართლოშია და იმის გარჩევის საგნად ქცეულა, თუ რამდენი ათასით შეიძლება აანაზღაუროს მოხუცის შეურაცხყოფა. ერთი შეხედვით უწყინარი ვიდეოები როდრიგესების ოჯახმა მათი უხუცესის შეურაცხყოფად მიიჩნია და მარიამისგან კომპენსაციას ითხოვს.

- ქალბატონო ანნა, როგორ აღმოაჩინეთ ვიდეო და რა სახის ჩანაწერებზეა საუბარი?

- ვიდეო შემთხვევით, "ტიკტოკის" სქროლვის დროს ნახა ჩემმა შვილმა და სასწრაფოდ გამოგვიგზავნა მე და ჩემს და-ძმას. ამ ვიდეოში დედა ჩვენთვის გაუგებარ მუსიკაზე, დამხმარე ქალბატონთან, მარიამთან ერთად ცეკვავდა. ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა. იმწუთშივე მოვახდინეთ რეაგირება, მისი გვერდი გადავამოწმეთ და კიდევ ერთი ვიდეო იყო ატვირთული დედასი, რამაც ძალიან გაგვაბრაზა.

- თუ უბრალოდ ცეკვავდნენ, რა გახდა თქვენი სიბრაზის მიზეზი?

- როდესაც შენს 85 წლის დედას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აბარებ ქალს და მშვიდად ხარ, ფიქრობ - ის საიმედო ხელშია და ამ დროს აღმოაჩენ, რომ გართობის ობიექტია, ძალიან გასაბრაზებელია. ჩვენ ამ ქალბატონების დაქირავებაში დიდ თანხას ვიხდით, ოღონდ არა იმისთვის, რომ მათ ვიდეოები გადაიღონ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი მშობლები იყვნენ უსაფრთხოდ. მათ ევალებათ მოხუცებზე, სახლზე ზრუნვა და არა მათი დაცინვა, ვიდეოების გადაღება.

- ამბობთ, რომ ეს საფრთხეებთან არის დაკავშირებული. რა საფრთხეებზე საუბრობთ?

- როდესაც ვიდეოს იღებ, იქ ჩანს საცხოვრებელი სახლი, ასევე ნივთები, რაც სახლში გვაქვს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ძვირად ღირებულია თუ - არა. შესაძლებელია, ვინმემ ცუდად გამოიყენოს და სახლი გაგვიქურდონ. ხშირად მსმენია, რომ ქალბატონები, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ, ქურდებს აწვდიან ინფორმაციას და ხდება სახლების ძარცვა. როდესაც ამ ვიდეოებში აჩენ მთელ ქონებას და ამას მსოფლიო ნახულობს, დამეთანხმებით, ნამდვილად საფრთხის წინაშე ვართ.

- როგორც ვიცი, სასამართლოს მიმართეთ. რას ითხოვთ და რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- დიახ, სასამართლოს ვთხოვ დააკისროს ფინანსური ვალდებულება მორალური ზიანის მოყენებისთვის: დედას მან ზიანი მიაყენა, დაარღვია მისი პირადი სივრცე. დედა ალცჰაიმერით არის დაავადებული და მასთან დიდი სიფრთხილით მოპყრობაა საჭირო. მინდა ეს ფაქტი გახდეს მაგალითი და სხვებმა ვეღარ გაბედონ ასე მოქცევა. რომ გენდობიან და ოჯახში გიშვებენ ისე, რომ ენაც არ იცი, ეს ჩვენთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თვალს ვხუჭავთ. ვიცით, იმიტომ ჩამოდიან აქ, რომ თავიანთ ოჯახებს დაეხმარონ. ხშირ შემთხვევაში არალეგალების დასაქმება გვიწევს, ამით საკუთარ თავსაც საფრთხეს ვუქმნით. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ გვჭირდება დამხმარე, ამაში ვიხდით თანხას. თუ ფოტო და ვიდეოგრაფი დაგვჭირდება, ისიც ვიცით, ვის მივმართოთ.

- ამ ფაქტის შემდეგ შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ქართველების მიმართ?

- არა, რა თქმა უნდა, ყველგან არის კარგი და ცუდი, როგორც ოჯახში, ასევე ეროვნებაშიც. ის, რომ მარიამი დედას ცუდად მოექცა, არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ასეთია. ზნეობრივი აღზრდა და შინაგანი კულტურა უნდა გქონდეს, რომ დააფასო ის, რასაც სრულიად უცხო ადამიანები აკეთებენ შენთვის, კარს გიღებენ და ოჯახის წევრად გთვლიან "არსაიდან" მოსულს. გაცხოვრებენ, გაჭმევენ, უზრუნველყოფილი ხარ ყველაფრით და ამას დამატებული, სოლიდურ ხელფასსაც გიხდიან - ეს ნდობა ცუდად არ უნდა გამოიყენო...

ფიქრია რობაქიძე